Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანებული ახალგაზრდები

თამარ კორკოტაშვილი
კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2016-12-13

ქალთა მკვლელობების, ოჯახში ძალადობის, ჰარასმენტის (სექსუალური შევიწროვება) შემთხვევები, სამწუხაროდ, საქართველოში ხშირია. აქტუალურია ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმა, რომელიც ქალებს ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ტკივილის ობიექტად აქცევს, ხელს უშლის მათ რეალიზებას საზოგადოებაში და საფრთხეს უქმნის, ქალების როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობას.

 

"ხშირად ძალადობა, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევთ, მთავრდება ისეთი უკიდურესი ფორმებით, როგორიც არის გაუპატიურება ან მკვლელობა. რეაგირება, ძირითადად, საკითხის გამწვავების შემდეგ ხდება. ყველაფერი კი პატარა პრობლემებით იწყება. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი.


ადამიანები ხშირად არ ფიქრობენ იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ უშუალოდ არ ეხებათ.

 

ჩვენი ინსტალაციით გვინდა მათი ყურადღება ამ თემებს მივაპყროთ", - ამბობენ გამოფენა-ინსტალაცია "აჩრდილების" ავტორები, ახალგაზრდები, რომლებმაც გადაწყვიტეს თავისი წვლილი შეიტანონ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაში.

 

თუმცა, ვიდრე გამოფენის შესახებ მოგითხრობთ, ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე მცირედ ინფორმაციას გაგიზიარებთ. როგორც "ქალთა საინფორმაციო ცენტრში" აღნიშნავენ, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმაა აქტუალური:

 

ქალთა მიმართ ძალადობის ფორმები და საქართველო: "ბოლო პერიოდში ცნობილი გახდა სასქესო ორგანოების დასახიჩრება, რაც ძალადობის ერთ-ერთი მწვავე ფორმაა და მოულოდნელი იყო როგორც საზოგადოებისთვის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

 

შემაშფოთებელი მდგომარეობაა ფემიციდთან დაკავშირებითაც. ოჯახში ძალადობა რჩება ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად. სახალხო დამცველის განცხადებით, 10 თვის მონაცემებით, საქართველოში 13 ქალი მოკლეს ოჯახში ძალადობის პირობებში. ბოლოს ფაქტი წინანდალში მოხდა, როდესაც ქალი ყოფილი მეუღლის აგრესიას შეეწირა.


ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით მატულობს მიმართვიანობა, თუმცა რეაგირება ყველა ფაქტზე სათანადოდ ვერ ხერხდება.

 

სიძულვილით ჩადენილი დანაშაული ასევე ერთ-ერთი შემაშფოთებელი ფაქტორია. აქტუალურია სექსუალური ჰარასმენტიც. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა 2014 წელს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სექსუალური შევიწროვების ფაქტები გამოიკვლია და აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 45%–ს გამოცდილი აქვს მამაკაცების მხრიდან სექსუალური შევიწროვება".

 

პრობლემების დაძლევისა და შემცირებისთის ახალგაზრდების აქტიურობა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ფაქტს "ქალთა საინფრომაციო ცენტრშიც" ადასტურებენ. სწორედ ამიტომ ჩართეს ახალგაზრდები ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიაში.

 

"გვაინტერესებდა რას ფიქრობენ ახალგაზრდები ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემაზე და რა ხერხებითა და მეთოდებით ცდილობენ ამ პრობლემების მოგვარებას. 12 დეკემბერს, ერთ სივრცეში მოეწყო ორი შემოქმედებითი პროექტის "აჩრდილები" და "ის/She" პროეზენტაცია. ეს არის მცდელობა ახალგაზრდების ჩართულობითა და მათი შემოქმედებითი პროექტებით ხელი შევუწყოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდული პროექტები, რომლის იდეის ავტორები და განმახორციელებლები ახალგაზრდები არიან, არის შედეგი იმისა, რომ მათ დაიწყეს ფიქრი და მოგვარების გზების მოძებნა ამ საკითხებზე", - აღნიშნავენ "ქალთა საინფორმაციო ცენტრში".

 

სწორედ ერთ-ერთი შემოქმედებითი პროექტის, "აჩრდილების" ავტორები, ანი წიქორიძე და ელენე გუნდიშვილი ესაუბრებიან Allnews.ge - ს პროექტის კონცეფციისა და მიზნების შესახებ:

 

"აჩრდილები" და მისი კონცეფცია: "გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქალთა მიმართ ძალადობის ამსახველი ფიგურები. სტერეოტიპები ტაბუდადებულ თემებზე, რომლებიც ხელს უშლის ქალის რეალიზებას ცხოვრებაში. ინსტალაცია ოთხი დამოუკიდებელი ელემენტისგან შედგება, რომელიც თავისმხრივ ორი ნაწილით ერთიანდება: პირველი - ადამიანის რეალური მდგომარეობა და მეორე - საზოგადოების მოლოდინი და მოთხოვნა.

 

აღნიშნული გამოფენა-ინსტალაციით წარმოდგენილია პრობლემები, რომლებსაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან: დაწყებული მენსტრუალური ციკლის ტაბუირებით, დამთავრებული სექსუალური ძალადობის ყველაზე მძიმე ფორმით.

 

რიგი საკითხები, შესაძლოა, ერთი შეხედვით არ აღიქმებოდეს ძალადობად, მაგრამ ადამიანს თრგუნავს, უქვეითებს თვითშეფასებას, გავლენას ახდენს მის განვითარებასა და მომავალზე, იწვევს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტკივილს, რომელიც საფრთხეს უქმნის ქალის უსაფრთხოებას და სიცოცხლეს".

 

პროექტის მიზანი: "პროექტის მთავარი მიზანია არსებული სტერეოტიპების წარმოჩენა და საზოგადოების დაფიქრება ამ საკითხებზე , რომ თავიდან გაიაზრონ ეს თემები და შეიცვალონ დამოკიდებულება. სტერეოტიპები გვკარნახობენ რა შეგვიძლია, რას მოელიან ჩვენგან და რა როლი უნდა შევითავსოთ ცხოვრებაში.


როლების სტერეოტიპული გადანაწილება მრავალი უარყოფითი შედეგის მომტანია.

 

ჩვენ შევეცადეთ უხეშად და შეულამაზებლად გადმოგვეცა რეალობა, რომ რეზონანსი შეგვეტანა საზოგადოების აზროვნებაში და მის წარმოდგენებში. პრობლემები საჭიროებს წარმოჩენასა და გააზრებას, რაც დაგვეხმარება მას აღმოფხვრაში, რადგან რეალურად ის ჩვენს თავშია. "

 

შეძლებენ თუ არა პროექტის ავტორები, საზოგადოების დაფიქრებას აღნიშნულ საკითხებზე და მიაღწევს თუ არა მათი გამოფენა - ინსტალაცია მიზანს, ამის გარკვევა მსურველს 12 დეკემბერს, 19 საათზე, "ფაბრიკაში"(ნინოშვილის ქ. #8) გამართულ გამოფენა-ინსტალაციაზე შეუძლია (გამოფენა-ინსტალაცია მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით, "აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის" დაფინანსებული პროექტის "გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვის" ფარგლებში).

 

 

მკითხველს კი კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რამდენად კომპლექსურია ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა და როგორ უნდა მოხდეს მისი გადაჭრის გზების ძიება:

 

 

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ პრობლემატიკაზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცნობილია, რომ პრევენციისთვის დახარჯული თანხა დახმარება/რეაბილიტაციისთვის დახარჯულ თანხაზე 8–ჯერ უფრო ეფექტური და ეკონომიურია. აუცილებელია, ერთის მხრივ, საზოგადოება იყოს ინფორმირებული, შეწყვიტოს დუმილი და ამხილოს ძალადობის ყველა ფაქტი, მეორეს მხრივ, სახელმწიფომ უზრუნველყოს თითოეული ადამიანის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვა. ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სახელმწიფო სტრუქტურებში იმ ადამიანების გენდერული მგრძნობელობის გაზრდა, ვინც უშუალოდ არის ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაში. რასაკვირველია, ამ ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია ეფექტური კანონმდებლობა, რეაბილიტაციის მექანიზმები და უწყებათაშორისი თანამშრომლობა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებს, ისე ამ საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის" - აცხადებენ "ქალთა საინფორმაციო ცენტრში"  Allnews.ge - სთან საუბრისას.

 

 

 

წყარო 

ტეგები: ქალთა მიმართ ძალადობა ახალგაზრდები ქალთა საინფორმაციო ცენტრი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker