Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

ქალწულობა და მასთან დაკავშირებული ტრადიციები აზერბაიჯანსა და სომხეთში

ლალა ალიევა ანი გრიგორიანი
Категория: Интересное 
2016-07-05

სამხრეთ კავკასიაში გოგონა გათხოვებისას ქალიშვილი უნდა იყოს. თუმცა ამ ტრადიციის შესანარჩუნებლად ზოგიერთ პატარძალს ექიმთან მისვლა უწევს. საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაცია ბოლო წლებში პოპულარული გახდა.


ცხვირის პლასტიკური ოპერაცია სომხეთში დაახლოებით $1250 ღირს, მკერდის გადიდება - $1500, ქალწულობის აღდგენა კი ბევრად უფრო ნაკლები. საქალწულე აპკის აღდგენის “გრძელვადიანი” პლასტიკური ოპერაცია მხოლოდ $420 ღირს. ეს ის ფასია, რასაც ქალები ხშირად იხდიან იმისათვის, რომ აღიდგინონ ქალწულობა ქორწინებამდე, რადგან “წითელი ვაშლის” ტრადიცია ჯერ ისევ აქტუალურია ქვეყანაში.

 

ეს ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. ქალი ქორწინების პირველი ღამისთვის აუცილებლად ქალწული უნდა იყოს და ქმართან დაკარგოს უბიწოება. ქალის პატიოსნების დასტურად, სისხლიანი ზეწარი მეზობლებმა და ნათესავებმა უნდა ნახონ. თუ ქალი ამ ტრადიციას არ დაიცავს, ამას ხშირ შემთხვევაში ცუდი შედეგები მოჰყვება. როდესაც ქალი გადაწყვეტს, რომ თავისი სექსუალური ცხოვრება თავად აკონტროლოს, მაგრამ მაინც ტრადიციული წესით ქორწინდება, საქალწულე აპკის აღდგენა ერთგვარი გამოსავალია.

 

გინეკოლოგი არმინე გევორქიანი (სახელი შეცვლილია) ერევნის ერთერთ კლინიკაში მუშაობს. უკვე 7 წელია, რაც ის საიდუმლოდ აკეთებს საქალწულე აპკის აღდგენის პლასტიკურ ოპერაციებს. ოპერაცია ძალიან ცოტა ხანს გრძელდება და ორი ტიპისაა: დროებითი და მუდმივი.

 

“დროებითი ტიპის შემთხვევაში საქალწულე აპკის ორი კიდე ისეთი ძაფით იკერება, რომელიც დროთა განმავლობაში გაიწოვება. ამის შემდეგ კიდეები ერთმანეთს შორდება. ამის გამო მსგავსი ოპერაცია ქორწილამდე 2-3 დღით ადრე კეთდება, “ - ამბობს ექიმი. სხვა შემთხვევაში ის არ იმუშავებს და ფულიც ფუჭად იქნება გადახდილი.

 

საქალწულე აპკის აღდგენის მუდმივი ტიპის შემთხვევაში, ვაგინის კედლები უახლოვდება და იკერება. ქალს შეუძლია სექსით 2 წლის შემდეგაც დაკავდეს, თუმცა ამ შემთხვევაში ძლიერი სისხლდენის დიდი საშიშროებაა.


ექიმი აღნიშნავს, რომ პაციენტები, ძირითადად ფასის გამო, უფრო ხშირად დროებით აღდგენას მიმართავენ.

 

დროებითი ჰიმენოპლასტიკა დაახლოებით 40-60 ათასი სომხური დრამი ღირს, ხოლო მუდმივი - 120-200 ათასი.

 

“ჩემი პაციენტები ძირითადად 18-25 წლის გოგონები არიან, მცირეშემოსავლიანი ფენიდან,” - ამბობს ექიმი.

 

საინტერესოა, რომ ექიმის მიხედვით, ის გოგონები, რომლებიც მისი მომსახურებით სარგებლობენ, მასთან აღარასოდეს ბრუნდებიან სხვა მიზეზებით. ისინი ცდილობენ, აერიდონ ექიმთან კონტაქტს, რათა მათი ყალბი “წითელი ვაშლის” საიდუმლო არ გამოაშკარავდეს.

 

რა არის “წითელი ვაშლი” და რა მოხდება, თუ პატარძალი ქალწული არ არის?

 

“წითელი ვაშლის” ტრადიცია სხვადასხვა ფორმით არსებობდა და საუკუნეების მანძილზე ტრანსფორმირდა. ძველად ვაშლი რეპროდუქციისა და სიყვარულის სიმბოლო იყო. ვაშლი ასევე აღნიშნავდა გოგონას პატიოსნებასა და უბიწოებას. ბოლო ათწლეულების მანძილზე, “წითელი ვაშლის” ამ ტრადიციას ძირითადად ერთი დანიშნულება აქვს: ქორწინების პირველი ღამის შემდეგ, სიძის დედა შედის ახალდაქორწინებულთა ოთახში და ზეწარს ამოწმებს, რათა დარწმუნდეს “წითელი ვაშლის” არსებობაში.

 

თუ ყველაფერი წესრიგშია, დედამთილი, სხვა ქალებთან ერთად, ამზადებს წითელი ვაშლებით სავსე ლანგარს და მიაქვს ქალის მშობლების სახლში, მადლიერების ნიშნად. პატარძლის მშობლები ასევე ჩუქნიან საჩუქრებს და ხანდახან იწვევენ მეზობლებსა და ნათესავებს, რათა მათ შვილის ქალწულობა და პატიოსნება აჩვენონ.

 

თუ პატარძალი ქალწული არ აღმოჩნდება, ამას უსიამოვნო მოვლენები მოჰყვება. ძველად სოფლებში პატარძალს ვირზე სვამდნენ და მშობლების სახლში აბრუნებდნენ, რადგან ყველას დაენახა მისი სირცხვილის მსვლელობა.

 

თუმცა ყველგან არის გამონაკლისები, მათ შორის, სოფლებშიც…

 

85 წლის ბებია როზა ლორის პროვინციის სოფლიდან, დსეგიდანაა. მან რამდენიმე თვის წინ დაკარგა მეუღლე, რომელთან ერთადაც თითქმის 65 წელი გაატარა. ის თავის ქმარს “ჩამორჩენილ” სოფელში შეხვდა. თუმცა როზას თქმით, მისი ქმარი ძალიან ლიბერალური კაცი იყო და არ მისცა საშუალება თავის ოჯახს განეხორციელებინა ეს ტრადიცია.

 

როზაც, მისი ქმრის მსგავსად, თვლის, რომ ქალწულობის საკითხი მხოლოდ წყვილის საქმეა. მან ასევე არ განახორციელა “წითელი ვაშლის” რიტუალი თავისი ვაჟის ოჯახის შექმნისას.

 

დროა, გადაიხედოს ეს ტრადიციები.


8 მარტს სომხეთის “ფემინისტთა პლატფორმამ” მსვლელობას გაუწია ორგანიზება. ერთერთი მოწოდება იყო:“წითელი ვაშლი მხოლოდ საჭმელადაა”.

 

“21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ იმ საზოგადოებაში, ისეთი ტრადიციებით, სადაც ქალის სქესობრივი ცხოვრება მას არ ეკუთვნის და საზოგადოების ზედამხედველობის ქვეშაა. წითელი ვაშლის ტრადიცია ამის განსხეულებაა,” - ამბობს “ფემინისტთა პლატფორმის” წევრი, ელმირა მელიქსეთიანი.

 

ელმირას თქმით, ამ ტრადიციის არსი ქალისთვის ქორწინებამდე სქესობრივი ცხოვრების აკრძალვაა, რაც თავის მხრივ ადამიანთა უფლებების შელახვაა.

 

მეტიც, ჰიმენოპლასტიკის არსებობა იმის ნიშანია, რო, უნდა გადავხედოთ ჩვენს ტრადიციებს, რადგან სომხეთში სქესობრივი ცხოვრება საკმაოდ აქტიურია, არასრულწლოვანებს შორისაც კი.

 

ხელოვანის, ანა მარტიროსიანის აზრით, ქალწულობა არ შეიძლება საჯარო განხილვის საგანი იყოს. მისი სერია “წითელი ვაშლი” სწორედ ამ კონცეფციით შეიქმნა.


 

 

 

თუმცა ექიმის, არმინე გევორქიანის თქმით, ბოლო წლებში ჰიმენოპლასტიკაზე მოთხოვნა შემცირდა და პაციენტების რაოდენობამ იკლო. მისი აზრით, ეს მენტალობის შეცვლის დამსახურებაა.

 

ტრადიციები აზერბაიჯანში ქორწინებამდე სექსს კრძალავენ. ზოგადად, სექსის თემა ტაბუირებულია.

 

უახლოეს წარსულამდე, თუ გოგონა პირველი ღამის დროს ქალწული არ აღმოჩნდებოდა, მას საჯაროდ შეარცხვენდნენ, თმას გადაპარსავდნენ, სცემდნენ და სიკვდილამდეც კი მიჰყავდათ. აზერბაიჯანის ღრმა სოფლებში მსგავსი ძალადობა ისევ არსებობს.

 

ქორწილის ღამეს პატარძალს მრჩეველი ჰყავს, რომელსაც “იენგე” ჰქვია. იგი გოგონას რჩევებს აძლევს და ასწავლის პირველ ღამეს მოქცევის წესებს. იენგე, როგორც წესი, პატარძლის ბიცოლაა. იენგე ასევე ნახულობს სისხლიან ზეწარს, რომელიც პატარძლის უმანკოების სიმბოლოა.

 

თუმცა ეს ყველაფერი არაა. იენგეს ასევე მოეთხოვება, რომ “გააკონტროლოს სიტუაცია” და არ მისცეს სიძეს საშუალება, მეორედ დაკავდეს სექსით. ამიტომ წყვილის ოთახში შესვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ იენგე კარზე კაკუნს იწყებს, რათა აქტი მალე დასრულდეს. ტრადიციის მიხედვით, ღამის დარჩენილ ნაწილს სიძე ცოლის გარეშე, მეგობრებთან ერთად ატარებს.

 

46 წლის ლეილა ტაჰიროვა (სახელი შეცვლილია), რომელიც აზერბაიჯანში, ხაჩმაზში ცხოვრობს, სამჯერ იყო იენგე.

 

“ერთხელ, ჩემი ერთერთი ძმისშვილის ქორწილის ღამეს გადავწყვიტე, არ ვმდგარიყავი კართან და მალევე დავტოვე იქაურობა. მეორე დილით სიძის ნათესავები ხმას არ მცემდნენ, სანამ არ ვაჩვენე სისხლიანი ზეწარი, მიუხედავად იმისა, რომ პატარძალი უკვე 30 წლის იყო,” - ამბობს ლეილა.

 

“მას შემდეგ, რაც სიძე თავის საქმეს ამთავრებს,” - ჰყვება ლეილა, “ის იენგეს ფულს აძლევს “სუფთა პატარძლისათვის” მადლობის გადასახდელად”.

 

ლაილა ამბობს, რომ ზოგიერთ სოფელში ქორწილის წარმატებული ღამის შემდეგ, სიძისა და პატარძლის ნათესავები ჰაერში ისვრიან, დაღესტანში კი ყველა ერთად მიდის საცეკვაოდ.

 

ლეილა გვიყვება, რომ ქორწილის ღამე აუცილებლად იატაკზე უნდა შედგეს, მატრასზე, რომელსაც იენგე დააგებს. მეორე დილას პატარძლისთვის მზადდება “გუიმაქი” (აზერბაიჯანული ფაფა), ხოლო ქორწილიდან მესამე დღეს პატარძლის დედა ფლავს ამზადებს და მიდის შვილის სახლში “იუზიაჩიჰდის” აღსანიშნავად, რომლის დროსაც ორივე მხარის ქალები ერთად იკრიბებიან.

 

დროთა განმავლობაში “მენტორის” იმიჯმა თავი ამოწურა, თუმცა ტრადიცია, რომელიც ქალაქელ ახალგაზრდებს აბნევს, რეგიონებისთვის ისევ სავალდებულოდ რჩება.

 

ლეილა აჰმედოვა იხსენებს შემთხვევას, როდესაც პატარძალმა სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო და ქმართან სამი წლის მანძილზე სქესობრივი ცხოვრება ვერ დაამყარა, რაც განქორწინებით დასრულდა.

 

ქალწულობის სიმბოლო ქორწილში წითელი ლენტია, რომელსაც სიძის ძმა პატარძალს წელზე აბამს, რომელიც მან ქორწილის ღამემდე არ უნდა მოიხსნას.

 


იმის გამო, რომ ქორწინების გარეშე სექსის თემა აკრძალულია და ისჯება საზოგადოების (ან ოჯახების) მიერ, გოგონები საქალწულე აპკის აღდგენას ირჩევენ.

 

სწორედ ამ მიზეზით გახდა ჰიმენოპლასტიკა, ანუ “რეკონსტრუქციული ქირურგია” აზერბაიჯანში ძალიან პოპულარული. ზოგიერთი ქალისათვის ეს ოჯახის შექმნის ერთადერთი შანსია.

 

პროცედურის ფასი 500-დან (₾750) 1000 (₾1500) აზერბაიჯანული მანათია. ფასში განსხვავება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მეთოდით აღადგენს გინეკოლოგი საქალწულე აპკს: მოკლევადიანი, 3-5 დღიანი პერიოდით თუ 2 თვემდე ვადით.

 

ტრადიციები და სტერეოტიპები აზერბაიჯანში იმდენად ძლიერია, რომ ხანდახან ყველაზე თანამედროვე და განათლებულ მამაკაცსაც კი არ შეუძლია დაქორწინდეს გოგოზე, ვისაც ქორწინების გარეშე ჰქონდა სექსი, რის გამოც ქალებს საქალწულე აპკის აღდგენა უწევთ.

 

 


ლალა ალიევა, ჟურნალისტი, ჩაი-ხანას ავტორი.

ანი გრიგორიანი, ჟურნალისტი, ჩაი-ხანას ავტორი.

 

 

Источник 

Тэги: სამხრეთ კავკასია გათხოვება ტრადიცია ქალწულობა

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Канцлером Австрии впервые станет женщина

Испания избрала самый гендерно-сбалансированный Парламент в Европе

Мэром Чикаго впервые стала чернокожая женщина

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

Монахинь ордена матери Терезы в Индии заподозрили в торговле детьми

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker