Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სამშვიდობო მოლაპარაკებები და ქალთა ჩართულობა

თამარ კარელიძე
კატეგორია: ექსკლუზივი 
2015-08-05

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოში არსებული კონფლიქტების კუთხით, რიგი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არსებული საოკუპაციო ხაზის მონიტორინგი EUMM-მა, 2008 წელს დადებული შეთანხმების შედეგად დაიწყო, ამავე პერიოდში შეიქმნა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატიც, რომელიც წელიწადში ოთხჯერ იმართება. მისი ძირითადი მიზანი ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაა, თუმცა მოლაპარაკების ექვსი წლის მანძილზე, ეს მიზანი მიღწეული არ არის.

 

„ჟენევის ფორმატი მისი ქართულ-რუსული განზომილებიდან არის საინტერესო. რუსეთი, როგორც კონფლიქტის მხარე, ასეა ჩართული, რაც მას არ მოსწონს და ცდილობს, განზე გადგეს. ასევე ცდილობს, მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს გაუთანაბრდეს და ეს ჭიდილი მიდის“, - ამბობს ქეთი ციხელაშვილი. ის ერთ-ერთია იმ სამი ქალიდან, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე ქართული დელეგაციის წევრები არიან. მისი თქმით, მშვიდობა, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისათვის მზაობა, ნაკლები რიტორიკა, პიარი და ურთიერთობის ნორმალიზება ხელისუფლების პილიტიკაა და კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ელემენტარული კეთილდღეობისათვის, რიგი კომპრომისები აუცილებელია.

 

ჟენევის მოლაპარაკების პროცესში ორი ჯგუფია ჩართული. ერთი უსაფრთხოების, მეორე კი - ჰუმანიტარულ საკითხებზე მუშაობს. დელეგატები ამბობენ, რომ  ჟენევის რაუნდი ზედმეტად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. ამის მიუხედავად, მაინც ხდება გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უსაფრთხო გადაადგილება, ქართული ენის სწავლება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახის შენარჩუნება და სხვა. 

 

კონფლიქტების მოგვარებისა და მოლაპარაკების პროცესში ქალის ჩართულობასა და მის მნიშვნელობაზე ხშირად საუბრობენ. მსოფლიოს მასშტაბით, ამგვარი სახის შეხვედრებში ქალების, დაახლოებით, 7% მონაწილეობს. სამი ქალია ჩართული ჟენევის მოლაპარაკების ფორმატშიც, თუმცა მიიჩნევა, რომ ქალების რაოდენობა მაინც მცირეა. გენდერის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები ამას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის დაბალი მაჩვენებლით ხსნიან, რაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საერთო პრობლემაა. 

 

ქალთა ცნობიერების ამაღლებასა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში მათი როლის გაზრდას ემსახურება გაეროს #1325 რეზოლუცია, რომელიც ორგანიზაციამ 2000 წელს მიიღო. აღნიშნული დოკუმენტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია მიღებული. სწორედ გაეროს #1325 სამოქმედო გეგმაა პრიორიტეტი გაეროს ქალთა ორგანიზაციისათვის, რომელიც საქართველოში რიგ აქტივობებს როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელ, ასევე უშუალოდ, ბენეფიციართა დონეზე.  

 

საქართველოში #1325 რეზოლუციის სამოქმედო გეგმის შესრულებასა და იმპლიმენტაციას კოორდინაციას ჯერ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო კურირებდა, ახლა კი ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014-2015 წლებისთვის) საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო.

გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონით გადაწყდა, რომელიც პარლამენტმა 2010 წელს მიიღო. გაეროს #1325 რეზოლუციაზე მუშაობა საბჭომ 2011 წლიდან, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით დაიწყო. ამავე წლის ბოლოს უკვე  მიიღეს სამოქმედო გეგმა. მას, რიგი ხარვეზების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დადებითად აფასებენ.

„1325-ის ერთი გეგმა გვაქვს, თუმცა არსებობდა 2011-2013 წლების გენდერის გეგმა, შემდეგ 2014-2016 წლების, თუმცა ყველას ერთი და იგივე ხარვეზი ჰქონდა: ბიუჯეტის არარსებობა და საბჭოში შტატის უქონლობა.“, - ამბობს „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ თანამშრომელი, მარიამ რობიტაშვილი, „1325 გეგმის მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მეტი ჩართულობა იყო, „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ რეგიონებში პარალელურ შეხვედრებს უზრუნველჰყოფდა დაინტერესებულ მხარეებთან.“

მარიამ რობიტაშვილის თქმით, წლების მანძილზე სამოქმედო გეგმის თვალსაზრისით თეორიული წინსვლა შეინიშნება, თუმცა აქტივობების შესასრულებლად ბიუჯეტის არარსებობა პრობლემებს ქმნის.

 

„რიგი აქტივობების განხორციელება უფასოდაც შეიძლება. ასევე შესაძლებელია ფონდების მოზიდვა, როგორც, მაგალითად, თავდაცვის სამინისტრო აკეთებს. სხვა სამინისტროები ამას ვერ ახერხებენ. ზოგადად, სამინისტროები თავად იყვნენ ჩართულები გეგმის შემუშავების პროცესში, შესაბამისად, თავად უნდა გაეწერათ აქტივობებისათვის ბიუჯეტი“, - აცხადებს რობიტაშვილი.

 

კონფლიქტების პრევენციისა და მისი მოგვარების პროცესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას ის გამოცდილებაც აჩვენებს, რომელიც მსოფლიოს ამ კუთხით აქვს. ისტორიულ ფაქტებს თუ დავეყრდნობით, როგორც პირველი, ასევე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მსოფლიოში ქალებმა საკუთარ თავზე აიღეს ის საქმეები, რომლებსაც ადრე კაცები აკეთებდნენ (მშენებლობა, წყლის ზიდვა და სხვა). ქალთა ჩართულობა ასევე მნიშვნელოვანია თანამედროვე კონფლიქტებშიც. მსგავსი გამოცდილება ქართულ სინამდვილეშიც არსებობს, თუმცა ჩართულობა, უმეტესად, მოხალისეობრივია. მოლაპარაკების პროცესში ჩართული ქალები კი ამბობენ, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების გარეშე, პროცესი ფერხდება.
პროექტს „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში“,ქალის როლის გაზრდის კუთხით, სხვადასხვა აქტივობა აქვს. ტრენინგების გარდა, პროექტის  არსებობის ხუთი წლის მანძილზე, პრობლემათა გადაჭრის რამდენიმე მნიშვნელოვანი სისტემა დაინერგა. მათ შორის არის „ერთი ფანჯრის პრინციპით“, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა პრობლემების გადასაჭრელად, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ერთ მაგიდასთან კრებს, სადაც პრობლემებზე მსჯელობა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ამ პრინციპით განხილულ პრობლემათა 60% დადებითად გადაწყდა.

 

„ამას გარდა, პროექტის ერთ-ერთი წარმატება თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობაა, სადაც ჩვენ მოხალისეობრივ საწყისებზე ჩავატარეთ პირველი ტრენინგი. მას შემდეგ მუდმივი თანამშრომლობა გვაქვს ამ უწყებასთან“, - აცხადებს რობიტაშვილი.

 

ცნობიერების ამაღლების კუთხით, პროექტის ფარგლებში დაიწყო გადაცემათა ციკლის, „გენდერი და საზოგადოება“ მომზადება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რეგიონული ტელევიზიების ეთერში გადაიცემოდა. ორგანიზაცია ასევე აქტიურად მუშაობს სახალხო დიპლომატიის კუთხით, პროექტის ფარგლებში, მისი ჟურნალისტი ესწრება და აქტიურად აშუქებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ოთხმხრივ შეხვედრებს და სხვა.

 

ქალებს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ასევე გაეროს 1325 რეზოლუციას ეხება „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ახალი პროექტი, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორიცელდება. მის ფარგლებში იგეგმება გენდერული აუდიტის ჩატარება სხვადასხვა სამინისტროში და #1325 რეზოლუციის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მონიტორინგის შემდეგ, 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმისათვის რეკომენდაციებიც შემუშავდება.

 

„პროექტის ფარგლებში გაგრძელდება გენდერული მეინსტრიმინგი სამინისტროებში, ჩატარდება მათი წარმომადგენლებისათვის ტრენინგები ცნობიერების ამაღლების მიზნით“, - ამბობს ნანუკა ავალიანი.

 

სამშვიდობო პროცესებში ქალთა დაბალი ჩართულობის მიუხედავად, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორი, მათ გავლენას აღიარებს. ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უახლოეს პერიოდში გაიმართება, თუმცა მანამდე მისი მონაწილეები არასამთავრობო, მათ შორის, ქალთა ორგანიზციებთან კონსულტაციებს გადიან.

 

ბოლო ასეთი შეხვედრა რამდენიმე დღის წინ შედგა. არასამთავრობო სექტორთან ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დელეგატებმა შენიშვნები და არსებული ვითარების შესახებ, კონფლიქტის რეგიონიდან ბოლო ინფორმაციებიც მოისმინეს. დელეგატები თანხმდებიან აზრზე, რომ ჟენევის ფორმატი უნდა გაძლიერდეს. მათივე ინიციატივით, სასურველია, რუსულ-ქართული ფორმატი დეოკუპაციას, ხოლო ქართულ-ოსურ-აფხაზური დიალოგი, სხვა ფორმატის საკითხების განხილვას დაეთმოს.

ტეგები: სამშვიდობო მოლაპარაკებები ქალთა ჩართულობა ჟენევის ფორმატი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker