Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალური სოლიდარობა

ლელა ლომია
კატეგორია: ეს საინტერესოა 
2015-05-04

საბავშვო ბაღში ერთადერთი ახალი სიტყვა - „დეგენერატო“ ვისწავლე. ქართულ სკოლაში როცა გადამიყვანეს, ქართულად სულ პირველად უცენზურო გამოთქმა დავიმახსოვრე. ამერიკაში უნივერსიტეტში, როცა რუს გოგოებს დავუმეგობრდი, საერთოდ უსასწაულესი გინებები გავიგე; ერთხელ დედაჩემთან წამომცდა, ძალიან შემრცხვა, ვიტირე  და მან დამამშვიდა, ახალგაზრდობაში მეც სულ ასე ვლაპარაკობდიო (!)

 

 

ახლა, როცა დასაქმებული (მეტნაკლებად) პროფესიონალი ვარ, ჩემი ლექსიკის მახინჯურ ნაწილში მთავარი ტერმინია „მამაკაცის-ორგანოს-აღმნიშვნელი-სამასოიანი-სიტყვაა  . ***/ქალა“ (ნეტა ვისგან ვისწავლე.) ერთია, რომ ერთდროულად ბევრ ემოციას მოცავს - აგრესიას, ზიზღს, დაცინვას, თან - რაც მთავარია - ჩემს უპირატესობას ადრესატთან შედარებით; მეორეა, რომ უნივერსალურია: შემიძლია მინისტრებ-პარლამენტარებზეც გავიფიქრო, მანქანის წინ რომ გადამირბენს, იმ ქალსაც გადავძახო, და ჩემთვის გაუგებარი ენთუზიაზმით აღსავსე რამე სფეროს აქტივისტზეც ვთქვა. მარტო მაშინ ვერ ვიყენებ ამ სიტყვას, როცა საქმე მაქვს უსუსურ შტერთან, როგორც, მაგალითად, ჩემი მანიკიურის გამკეთებელი გოგოა, რომელსაც ქმარი ცემდა, ეს ითმენდა - პატრულს არ იძახებდა, ახლა ქმარმა ბავშვი წაართვა (თან არა მამობრივი გრძნობების გამო - ჯინაზე, რა თქმა უნდა) და ქალი ან მოიგებს სასამართლო პროცესს ,  ან -  არა. (გუშინ მომიყვა).

 

 

მანქანის წინ რომ გადმომირბენს ქალი და „ფუ, შე ***ქალა, რას შვები“ რომ ვუყვირებ, ნორმალურია. ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი ეს სიტყვა უფრო მეტს ჩემზე ამბობს, ვიდრე მის ობიექტზე: აშკარაა, რომ მე უბრალოდ მშურს. თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს ინტერნალიზებული ჰომოფობიის მსგავსი რაღაცაა, ინტერნალიზებული მიზოგინია? - მაგრამ არა, მე მაღიზიანებს არა მისი სქესი, არამედ მისი წარმატება. (თუმცა - კი, ამასაც ვაღიარებ - არც ერთი კაცის წარმატება საერთოდ არ მაღელვებს.)

 

 

13 წლის ვიყავი, პირველად „ქალთაშორის“ შურს რომ შევესწარი: მეზობელი სოფიკო მართლა ისტერიკაში ჩავარდნილი უყვებოდა დედაჩემს, რომ მეზობელი ეკა (სექს-მუშაკი - ახლა ვფიქრობ, რომ ელიტარული; ჩემი თანდასწრებით ჩემები „эта прст“-ს ეძახდნენ - მე რომ რამეს არ მიმვხდარიყავი)  გათხოვდა და ახლა კვიპროსზე ისვენებს!! (1992 წელია. რა კვიპროსი.) ჩემი პატივისცემა სოფიკოს: არც მალავდა, რომ ამ ამბის გამო ძალიან ცუდად იყო.

 

 

მე არ მახსოვს, როდის აღვიქვი, რომ ეს შურია - თავის ქალაში, სახის უკან როცა ფეთქავს: ისევ ვიღაცას გამოუვიდა, და არა მე! გააზრებულად, მგონი, მაშინ შემშურდა პირველად, როდესაც ჩემმა დაქალმა  ქალიშვილობის დაკარგვაში დამასწრო (მე იმის მერე კიდე ორი-სამი წელი ვიწვალე.) ნელ-ნელა ჩემი სოციალური წრე იზრდება - და შურის მიზეზებიც: ჭკვიანმა გოგოებმა სტიპენდია-ფელოუშიპები მოიგეს [ჩემი ათი განაცხადიდან კი მარტო ერთხელ დამიძახეს „მასკის“ გასაუბრებაზე; არ მოვეწონე], ლამაზი გოგოების დედებს ყვავილებს ჩუქნიან ამ გოგოების შეყვარებულები [მე რატომღაც იქით მიწევდა ჩემი ბიჭებისთვის ხან არყის ყიდვა, ხან -  სიგარეტის, და ხან სახინკლეში ფულის გადახდა]; ზოგ თანამშრომელს (თითქმის სულ ქალები ვართ) ჩემზე მაღალი ხელფასი აქვს [რატომ?!]; რამდენი დადის მანქანით, რომელიც ჩემსას  სჯობია (არ მჯეროდა ჩემი უმანქანო მეგობარი გოგოების, რომლებიც გახარებულები ახალი „ნისანის“ ყიდვას მილოცავდნენ - კიდევ კარგი, 5 წლის ნახმარისას; მაინც რაღაცნაირად ჩემნაირი მგონია ყველა); გემოვნებიან-ელეგანტური ჩაცმა [არც ეკუჭებათ და თეთრსაც როგორ რეცხავენ ისე, რომ ნაცრისფერ-მოყვითალოში არ გადადის], საჯარო გამოსვლა აუკანკალებელი ხმა-ხელებით - ყოველდღე შურის იმდენი საბაბია. შვილი რომ მყოლოდა, სულ გადავირეოდი - თორემ სხვისი ბავშვი უფრო ლამაზი, ნიჭიერი და ხუთოსანი რო აღმოჩნდება, რა მძიმეა, ალბათ. (მაგრამ მაშინაც ძველ გამოსავალს გამოვიყენებდი - დავიჯერებდი, რომ დედამისი მაინც „***ქალაა“.)

 

 

ამის ერთადერთი საპირწონეა წარმატებულ ქალში ნაკლი ნახო - „გაკეთებული“ ცხვირი, პუნქტუაციაში მიუღებელი შეცდომები (ფეისბუკიდან რომ ჩანს), მოღალატე პარტნიორი (იმედია, პოლიგამიაზე შეთანხმება არ აქვთ), ვაკე-საბურთალოზე თუ არ დაამთავრა სკოლა, ფეხებზე უფრო გრძელი ზურგი და ა.შ.. აი როგორი ინტენსიურია ის მოკლე სიამოვნება, როცა სატელევიზიო წამყვანს - როგორც წესი ლამაზ ქალს - ახალი ამბების კითხვისას  ენა დაებმება, ან ლიტვის მაგივრად ლატვიას იტყვის!  მსგავსი სიამოვნება ახლახანს განვიცადე, როცა წავიკითხე სტატია გულნარა კარიმოვაზე - უზბეკეთის პრეზიდენტის ქალიშვილია, რომელიც, ასეულობით მილიონების „ტრიალის“ მერე, ახლა შინაპატიმრობაშია  (მამამვე გაუკეთა)... იმდენად ქვემოთ ჩამოვარდა გულნარა კარიმოვა, რომ ჩემში კითილშობილური ემოცია - თანაგრძნობა გამოიწვია („ნუ კი, კი იყო წარმოუდგენილი აფერისტი, მაგრამ როგორი ცოდოა მაინც, ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი სახლიდან რომ ვეღარ გამოდის “ ვფიქრობ ახლა კმაყოფილი.) მაინც ზოგჯერ კარგია, როცა მამა ყოფილი ტაქსისტი  გყავს (როგორც  - მე)  და არა მოქმედი პრეზიდენტი (როგორც - გულნარა კარიმოვას).

 

 

ასეთი შურიანი დამოკიდებულებით ხომ წარმოუდგენელია, მე რომ, ვთქვათ, ქალთა კვოტირებას ვუჭერდე მხარს. იმ ოცდაორნახევარი ქალიდან (75-ის 30% = 22,5), რომელიც პარლამენტში კვოტით მოხვდება (თუ), მე ერთ-ერთი მაინც არასდროს არ ვიქნები. და ისიც ხომ წარმოუდგენელია, რომ მე ფემინისტი დავუძახო ჩემს თავს: ფემინისტი ხომ პირველ რიგში თვითონ წარმატებულია და მიღწევები აქვს (ვინც ქალია და წარმატებულია და მიღწევები აქვს და ამბობს, რომ ფემინისტი არ არის - არ მჯერა მე მათი; ქართულ სკოლაში ნასწავლი პირველ აბზაცში ნახსენები გამოთქმა ამ შემთხვევის ასაღწერი ერთადერთი ზუსტი ფრაზაა), ამიტომაც იბრძვის მერე სხვა თანა-მოსქესეებისთვის. მე სადღაც შუაში გავიჭედე - არც იმდენი შემიძლია, რომ სხვისთვის რამე გავაკეთო (და, ეტყობა, გამკეთებლების იდეალიზმი და გულმოდგინება მაღიზიანებს), მაგრამ თვითონაც არ ვარ ისეთ მდგომარეობაში, რომ სხვისი მხარდაჭერა მჭირდებოდეს - ასეთები მეცოდებიან, და არ მშურს, და იყონ, რა. კომფორტულია მათ ფონზე.

 

 

არ ვიცი, მარტო მე ვარ ასეთი მონსტრი, თუ სხვა ქალებიც - ოღონდ მალავენ. მაგრამ ცუდია ქალური სოლიდარობის გარეშე.  და უკვე რამდენიმე ხანია ვცდილობ, რომ „***ქალას“ მაგივრად ჩემთვის გამაღიზიანებელ ქალებს „ძროხა“ დავუძახო - უფრო რბილია და ზრდილობიანი (თან უფრო ეწყინებათ - ფიგურის ამბავში.)

 

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker