Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ნანა ნერსეზაშვილი - ქალი,რომელიც შენს ცხოვრებასაც შეცვლის

სალომე მოდებაძე
კატეგორია: ექსკლუზივი 
2015-03-23

ნანა ნერსეზაშვილი  პროფესიით მეღვინე ინჟინერ-ტექნოლოგია. კახეთში, სოფელ ლელიანში ცხოვრობს და 2006 წლიდან ორგანიზაცია „ლელის“ ხელმძღვანელობს. როგორც თვითონ ამბობს, ერთი ჩვეულებრივი მოხალისეა, რომელსაც სიამოვნებას ანიჭებს ადამიანების დახმარება. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან ყოველდღიური ურთიერთობით კი ცდილობს მათი სირთულეებით სავსე ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.

 

„ძალიან ადვილია,იცხოვრო ისე როგორც გინდა და ძალიან რთულია იშოვნო ფული ამისთვის; ამავე დროს, ძალიან ადვილია იცხოვრო ისე როგორც გინდა იმით, რისი შოვნაც შეგიძლია.  მთავარია, როგორ ცხოვრებას აირჩევ: თუ პირველს, პრობლემურია, თუ მეორეს-პოზიტიური და საინტერესო“ - ამბობს ქალი, რომელმაც ბავშვობაში განცდილი ტრამვების მიუხედავად სიკეთის კეთება აირჩია ცხოვრებისეულ კრედოდ. კეთილი ადამიანების გარემოცვაში გაზრდილი ნანა ახლა თავად ზრუნავს სხვების უკეთეს მომავალზე.

 

თერთმეტი წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა. როცა გაიაზრა, რომ ზურგს უკან მამა და ოთხი უმცროსი და-ძმა ედგა, რომლებსაც მისი მზრუნველობა სჭირდებოდათ, ერთ ღამეში გაიზარდა.

 

იმის მიუხედავად, რომ, მისმა ბავშვობამ, ფაქტობრივად, უცხო ადამიანების გარემოცვაში ჩაიარა -  სახლიდან-სახლში გადაჰყავდათ და სკოლიდან-სკოლაში -თითოეულმა პრობლემამ თუ წარმატებამ, სწორმა იდეამ, თუ მცდარმა გადაწყვეტილებამ - დიდი გამოცდილება დაუგროვა.

 

დღესაც დიდი სიყვარულით იხსენებს იმ სკოლა-ინტერნატის დირექტორსა და მასწავლებლებს, სადაც 450 ბავშვთან ერთად იზრდებოდა. როგორც თავად ამბობს, ამ კეთილმა ადამიანებმა  ადამიანობა ასწავლეს, წიგნი შეაყვარეს, გზაზე დააყენეს...

 

„კარგად ვსწავლობდი და მამაჩემმა ფული არ მაქვს რომ ისწავლოო. ცხარე ცრემლით ვტიროდი რამდენიმე დღე, მერე მოვიდა და მითხრა: მოდი, დომინო ვითამაშოთ, თუ მომიგებ გაგიშვებ სასწავლებლადო. თითქმის პროფესიონალი იყო დომინოს თამაშში, მაგრამ მოვიგე თამაში და მოვიგე სტუდენტობა. ამის მერე დავრწმუნდი რომ იღბლიანი ადამიანი ვარ, მიუხედავად ბევრი ცხოვრებისეული ტრაგედიისაა. დღემდე ყველაფერი თავისთავად ხდება ჩემს ცხოვრებში; რატომღაც ყოველთვის იმ ადგილზე და იმსიტუაციაში ვხვდები, რაც ზუსტად იმ დროს და იმ წუთს მჭირდება. მერე ყველაფერი თავისთვად გამოდის.“

 

ნანა თვლის, რომ მნიშვნელოვანია დაინახო განსხვავება სიბრალულსა და თანაგრძნობას შორის და თუკი ცხოვრებაში ერთი მომღიმარი ადამიანი მაინც გიდგას გვერდით, არ ღირს ფარ-ხმლის დაყრა.

 

„ადამიანს აქვს გააზრებული ცხოვრების და გაუაზრებელი ცხოვრების პერიოდი. გაუაზრებელია, ალბათ, მაშინ როცა თავად ვერ წყვეტ, თავად ვერ ცვლი და დინებას მიყვები... ასეთი დინებები ყველას ცხოვრებაშია და ჩემთანაც უამრავი იყო, იმდენი საცხოვრებელი გამოვიცვალე ოჯახური პრობლემების გამო და იმდენ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა, ვერც კი აღვწერ. ვიღაც, ალბათ, იტყოდა ყველა პრობლემამ თავისი წილი ნერვი წაიღოო, მაგრამ ასე არაა თუ ამ ყველაფერს პოზიტიურად შევხედავთ; ეს გვაძლიერებს და სტიმულს გაძლევს პრობლემა გადალახო და თავიდან დაიწყო.“

 

ლელიანის ახალგაზრდებთან ერთად შექმნილი „ლელი“ სოფლის დიდი სახლია, სადაც მოსული ნებისმიერი ადამიანი  თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

 

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ზრდასრულთათვის პიროვნული განვითარებისა და სახელოვნებო კურსების მეშვეობით, ტრენინგ-სემინარები სოფლის მეურნებობის სიახლეებზე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ღონისძებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, სოფლად მცხოვრებ ქალთა გაძლიერებაზე მიმართული საგრანტო კონკურსები, ახალგაზრდების, მათ შორის ეროვნული უმცირესობების, ცნობიერების ამაღლება თუ ბავშვებისათვის გასართობ-შემეცნებითი აქტივობების მოწყობა ის ძირითადი მიმართულებებია რასაც „ლელი“ თემის 3000-მდე მაცხოვრებელს სთავაზობს, თუმცა, „ლელის“ მთელ რეგიონში იცნობენ და უყვართ.

 

ნანას ოცნებაა, კარდაკარ, შეხვედრიდან შეხვედრაზე, სოფლიდან სოფელში, თემიდან თემში, ქალაქიდან ქალაქში და, თუ შესაძლებელია, ქვეყნიდან ქვეყანაში იაროს და ადამიანებს ასწავლოს რა ადვილია სიკეთის კეთება მაშინ, როცა საქმეს პოზიტიურად უდგები და გჯერა საკუთარი ნებისმიერი წამოწყების. სურს, რომ იმ ქალებთან ერთად, ვინც შეძლო და დღეს საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა, საინტერესო ერთობლივი აქტივობა დაიწყოს სხვა ქალების საზოგადოებრივ საქმიანობააში ჩასართავად და გასააქტიურებლად.  


„თუ იმით მიიღებ კმაყოფილებას რაც გაქვს, ან რასაც უკვე  მიაღწიე შენი შესაძლებლობებით და ეცდები კიდევ მეტს მიაღწიო იმიტომ, რომ შენ ეს გჭირდება ან შეგიძლია, აუცილებლად მიაღწევ. მაგრამ თუ რაიმე შენ იმიტომ გინდა და გჭირდება რომ სხვას აქვს, მაშინ ცხოვრება დაგტანჯავს, რადგან მოცემულ მომენტში იმას ეჭიდები რაც უბრალოდ არ შეგიძლია, რაც შენი არაა.“

 

დღეს ნანა ძლიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქალია, რომელიც თავად წყვეტს, თუ რა გააკეთოს, ან ვისთან დაამყაროს ურთიერთობა; ეხმარება ადამიანებს საკუთარი უფლებების გაცნობაში. ქალების გაძლიერებით ცდილობს მათ იმის მაგალითი მისცეს, თუ როგორ შუთავსონ საოჯახო საქმეები საზოგადოებრივ ცხოვრებას.

 

„ოჯახურ სივრცეში, საქმით ქალია, ძირითადად, ლიდერი,  უმეტესად ის ანაწილებს სითბოს, სიყვარულს, ზრუნვას, საერთო ბიუჯეტს, იღებს და ისტუმრებს სტუმარს და ა.შ. სოფელშიც, ძირითად, საოჯახო საქმეს ქალია შეჭიდებული, სწორედ ამიტომ, ქალს არ აქვს დრო გაარღვიოს საოჯახო სივრცე და გარეთაც აქტიური იყოს. ჯერჯერობით, ეს ერთეულებს გამოსდით, მათ შორის გამომივიდა მეც.“

 

ნანას ტიპური დღე არაფრით განსხვავდება ლელიანში მცხოვრები სხვა ქალებისგან. ისიც სხვებივით ეწევა შინამეურნეობას, უვლის პირუტყვს, მოჰყავს მოსავალი. მის წარმატებასა და წარუმატებლობას მისი მეუღლეც იზიარებს. მოუცლელობის მიუხედავად, ყოველთვის აქვს დრო თერთმეტი წლის შვილთან სასაუბროდ. ლელიანიდან არსად წასვლას არ აპირებს. თვლის, რომ არასწორია, როცა სოფელს იმ მიზეზით ტოვებენ, რომ იქ არაა შესაბამისი პირობები.თვლის, რომ თავად შეუძლია სოფლად შექმნას უკეთესი პირობები ბავშვების განვითარებისათვის. ამის მაგალითია ქართული ცეკვის სტუდია და ხალხური სიმღერის წრე.

 

თავს ლიდერად არ თვლის. ამბობს, რომ უბრალოდ ისე ცხოვრობს, როგორც უნდა და იმას აკეთებს, რაც მოსწონს, უყვარს, სიამოვნებს. მისი საქმიანობა არაა შემოსავალზე ორიენტირებული. ჰყოფნის ის, რასაც გამოიმუშავებს. ხშირადაა მოხალისე და მართლაც ხალისობს იმით, რასაც სხვებთან ერთად აკეთებს.

 

„მათთვის კი,ვინც ვერ შეძლეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და  ისე არ ცხოვრობენ როგორც უნდათ,  ალბათ, ლიდერები არიან ჩემნაირი ადამიანები, მე კი ვთვლი, რომ ჩვენ,უბრალოდ, კარგად მოვინდომეთ.“

ტეგები: ნანა ნერსეზაშვილი კახეთი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საკონსულტაციო შეხვედრა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობაში - გამოწვევები და შესაძლებლობები

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლების გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

არასამთავრობო სექტორმა მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს რეკომენდაციები წარუდგინა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს

ელისონ მეკი სექსუალური მონობისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს

პროსტიტუციასთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე კანონმდებლობა მკაცრდება

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker