Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

აქ ისევ ომისა და შიშის სუნია - საზღვრისპირა სოფლების გასაჭირი

თორნიკე ყაჯრიშვილი
Category: IDP Georgia 
2015-03-16

თუ სოფელი დაიცალა, ოკუპანტები უბრძოლველად გადმოიწევენ ჩვენკენ და მავთულხლართებიც აღარ დასჭირდებათ"

"ცხინვალი ხელისგულივით მოჩანს. მრავალსართულიანი სახლის აივნები ისე ახლოსაა, მგონია­, რომ ხელით მივწვდები... თოკებზე  სარეცხი ფრიალებს, ფანჯრებში აქა-იქ სინათლე მოჩანს, კორპუსებს იქით კი ჩამონგრეული შენობებია"

 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შვიდი წელი გავიდა, თუმცა,  საზღვრისპირა სოფლებში, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებს ესაზღვრება, ისევ ჩუმი ომია და გაურკვეველი მომავალი. რამდენიმე დღის წინ საღოლაშენში, ბრეთსა და მეღ­ვრეკისში სიწმინდეების მოსალოცად ჩასული მრევლი ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფლებში - ერგნეთსა და ქვემო ნიქოზში აღმოვჩნდით.


ერგნეთი-ცხინვალი

 

ცენტრალური გზიდან მიკროავტობუსი ორღობეში უხვევს და რამდენიმე წუთში ერგნეთის ღვთისმშობლის ეკლესიასთან ვართ. ტაძრიდან ცხინვალის ხედი მოჩანს. მე და ჩემი მეგობარი ლექსო ეკლესიიდან გამოვ­დ­ივართ და სწრაფი, მაგრამ ფრთხილი ნაბიჯებით და ჩართული ვიდეოკამერით ბილიკს მივუყვებით. ვცდილობთ, რაც გზად გვხვდ­ება, ყველაფერი გადავიღოთ...

 

ეს ცხინვალია, ბოლოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რომ დავიბრუნეთ რამდენიმე საათით...  წინ მივდივართ, მაგრამ ისიც კი არ ვიცით, სად არის პირობითი საზღვარი. ყოველ ჩქამზე ვჩერდებით, იქაურობას საგულდაგულოდ ვათვალიერებთ და გზას ვაგრძელებთ. წყლის პირას ვჩერ­დებით. დაახლოებით 300-400 მეტრის იქით რუსული­ სამხედრო ბაზაა, თხრილსა და მავთულხლა­რთსაც ვხედავთ. აქედან ცხინვალი ხელისგულივით მოჩანს. მრავალსართულიანი სახლის აივნები ისე ახლოსაა, მგონია­, რომ ხელით მივწვდები... თოკებზე  სარეცხი ფრიალებს, ფანჯრებში აქა-იქ სინათლე მოჩანს, კორპუსებს იქით კი ჩამონგრეული შენობებია. ომის კვალი ცხინვალს ახლაც ეტყობა. ვჩერდები, ტელეფონზე საათს  მინდა დავხედო, მაგრამ­ მობილური კავშირი  გათ­იშულია. ტაძარ­თან მრევლი გველოდება,­ ალბათ, ვერ გვირეკავენ და ნერვიულობენ.

 

- უკან უნდა დავბრუნდეთ, ყოველ წუთს შეიძლება, რუსები დაგვადგნენ თავზე, ან სულაც გვესროლონ, - ვეუბნები ლექსოს, მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძვრი. ვცდილობ, ყველაფერი, რასაც ვხედავ, კარგად დავიმახსოვრო... უკან გამობრუნებულებს გზაში სამხედროფორმიანი ქართველი ახალგაზრდა გვხდება და გვეუბნება, რომ ამ ტერიტორიაზე ყოფნა სახიფათოა. გული მწყდება, რომ მასთან გასაუბრებას ვერ ვახერხებ და სწრაფი ნაბიჯით ტაძართან ვბრუნდებით.

 

ლევან ჯოხაძე, ერგნეთის მკვიდრი: - ცხინვალიდან სროლის ხმა ყოველდღე ისმის.  ამბობენ, ვარჯიშობენო. ჭურვებს რომ აფეთქებენ, სახლებს ზანზარი გაუდის.­ გვეშ­ინია, რა იქნება, ღმერთმა იცის... დიდი გაჭირვებაა სოფელში.  პატრონი არ გვყავს! როდემდე გავუძლებთ, არ ვიცი. ერთი ეს ბაზრობა გვქონდა და მთელი სოფელი ასე თუ ისე დასაქმებული ვიყავით. ახლა ისიც აღარ გვაქვს.

 

- არ გიცდიათ სოფლიდან წასვლა?
- სად წავიდე?! აქედან ფეხს არ მოვი­ცვლი, სანამ ცოცხალი ვარ.

 

- სახელმწიფოსგან დახმარებას არ იღებთ?
- სოციალურ დახმარებას ვიღებდი და ისიც მომიხსნეს. დაპირება ბევრია, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. უკვე აღარავისი მჯერა.
50 წლის ვარ, სანამ კიდევ რამე შემიძლია, მინდა ჩემს ოჯახს გამოვადგე, მაგრამ... ადრე ცხინვალში, "დოსააფში" ვმუშაობდი. ომი რომ დაიწყო, ჩემი საბუთები იქ დარჩა და განადგურდა.

 

- ომის მერე არაფერი გაკეთებულა სოფელში?­
- სახლები, რომლებიც აქაურებს ომის დროს რუსებმა გადაუწვეს, აღადგინეს. იმ ოჯახებმა კი, რომლებსაც სახლები არ გადაუწვეს, მაგრამ ერთი ჩანგალიც არ დაუტოვეს, ხელახლა დავიწყეთ ცხოვრება.

 

ლია ჩლაჩიძე ცხინვალელია. მეუღლე აფხაზეთის ომში დაკარგა. ხუთსულიანი ოჯახის დიასახლისი რამდენიმე თვის წინ გორის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად დანიშნეს.

 

- ერგნეთში ამჟამად 187 კომლი ცხოვრობს. 160 გადამწვარი სახლი აღდგა, აშენდა ამბულატორია, რამაც ბევრი პრობლემა გადაუჭრა აქაურებს. ამჟამად სოფელში გაზი შემოჰყავთ, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა სასმელი წყალია.  საბჭოთა კავშირის დროინდელი მილების ნაწილი შეკეთდა, მაგრამ ზოგიერთ უბანში წყალი ბინძურდება. სარწყავი სისტემაც მოშლილია, პრობლემაა ნაგავსაყრელიც. რაიონის მუნიციპალიტეტმა 12 სოფელში დადგა ნაგვის ურნები, მაგრამ მოიპარეს. ახლა მოსახლეობა ნაგავს არხში ყრის.

 

ერგნეთში არ არსებობს ერთი ინფრასტრუქტურული ობიექტიც კი. ერთი სკოლაა, რომელიც დევნილი და ადგილობრივი პედაგოგებით­ არის დაკომ­პლექტებული. დაუსაქმებლობის გამო ბევრმა­ მიატოვა სოფელი. აქაურები ძირითადად გაყიდული ხილით, პენსიით და სოციალური დახმარებით ცხოვ­რობენ. თუ სოფელი დაიცალა, ოკუპანტები უბრძოლველად გადმოიწევენ ჩვენკენ და მავთულხლართებიც აღარ დასჭირდებათ.

 

- გაქვთ ცხინვალში მცხოვრებ ახლობლებთან ურთიერთობა?
- მხოლოდ სოციალური ქსელით. მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერება ხელშეკრულებას რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლ­იკას შორის, ოსების მთელი ძალოვანი სისტემა რუსეთის ფედერაციის მთელი ძალოვანი სტრუქტურების შემადგენლობაში­ გადავა, ეს კი ცხინვალელებისთვის სამსახურის­ დაკარგვას ნიშნავს. ეს პროცესი უკვე დაწყ ებულია...

 

ქვემო ნიქოზი - აქ ყველაფერს ომის კვალი ეტყობა

 

ჩვენი მიკროავტობუსი ერგნეთიდან ქვემო ნიქოზისკენ მიემართება. ვიდეოკამერას ვიღებ და რამდენიმე წუთის წინ გადაღებულ ცხინ­ვალის ხედებს ვათვალიერებ. გული მწყდება, რომ ადგილობრივებთან ნორმალურად გასაუბრება ვერ მოვახერხე. ქვემო ნიზოქის გზას კითხვა-კითხვით ვადგებით... ქვემო ნიქოზში მრევლი მოსალოცად ტაძარში შედის, მე კი ვიდეოკამერით იქაურობას ვიღებ - გადამწვარი და დაცხრილული სახლები, ქუჩები, ღობეები... აქ ისევ ომისა და შიშის სუნია...

 

ერთ-ერთ გადამწვარ სახლთან ვჩერდები და ეზოში მოფუსფუსე ქალბატონთან გასაუბრებას ვცდილობ, მაგრამ უარს ვიღებ - ჩემი მეუღლე მუშაობს და ვინმემ რომ ნახოს ჩვენი ინტერვიუ, შეიძლება სამსახურიდან გამოუშვანო...
ისევ სოფლის მთავარ გზაზე გავდივარ. კიდევ ერთი გადამწვარი და მიტოვებული სახლი, დაცხრილული კედლები... 

 

მიშა ლომსაძე, ქვემო ნიქოზის მკვიდრი: - აქაურებს ძირითადად ხილი მოგვყავს, მაგრამ ამასაც ფასი დაეკარგა. ყველას შენახული აქვს გასაყიდად­, მაგრამ ვერ ყიდიან. მთავრობამ თუ არ ჩაიბარა, როგორ ვიარსებოთ? 

 

გზას ვაგრძელებ. ორღობიდან გამოსულ ჭაღარა ქალბატონს ვესალმები. 60 წლის მანანა ლომსაძე 2008 წელს ჯარში მსახურ­ობდა. ომის დროს ბევრი ქართველი დაჭრილი ჯარისკაცი შეიფარა, მაგრამ ბოლოს თვითო­ნაც ძლივს გამოსტაცეს სიკვდილს ხელიდან.

 

- სამხედრო ნაწილში დამლაგებლად ვმუშაობდი. 7 აგვისტოს რომ მივედი სამსახ­ურში, ერთი ჯარისკაციც აღარ დამხვდა, ორი კვირის წინ მიღებული ახალი სამხედრო ფორმები ხელუხლებლად ელაგა ნაწილში....  უკვე რუსული ავიაცია ბომბა­ვდა სოფელს. მეზობლის ეზოში შევვარდი. ამ დროს ჩამოაგდეს ჭურვი­ და ანასხლეტი თავში მომხვდა... ღვთის წყალობით გადავრჩი.

- ახლა როგორ ცხოვრობთ?
-  ნახევარი სოფლის მიწები ირწყ­ვება და ნახევარი - არა. პირველი ომის შემდეგ, რაც წყალი გადაგვიკეტეს, მიწა გაღარიბდა და ყველაფერი გადახმა. სულ ამოვყარეთ გამხმარი ხეხილი. ხომ შეუძლია მთავრობას დაგვეხმაროს და ათ-ათი ნერგი დაგვირიგოს, რომ ისევ გავახაროთ ხილი?! მართალია, მიწას სახელმწიფო გვიხნავს, მაგრამ­ იმის საშუალებაც არ გვაქვს, რამე დავთესოთ. ხომ შეიძლება, სათესლე მაინც მოგვცენ?! შეშის ვაუჩერი კი მოგვცეს ზამთარში და ამისთვის დიდი მადლობა.

 

- როგორ გესახებათ მომავალი?
- მთავარია, გარეთ მოაგვაროს მთავრ­ობამ პრობლემა, თორემ გლეხები ჩვენი შრომით მაინც რაღაცას ვიზამთ.  

 


უკვე შებინდებულზე დავტოვეთ სოფელი.­ ძნელია, უყურო იმას, რაც შენია, მაგრამ მიახლოების უფლება არ გაქვს. ერთმანეთს­ პირობითი საზღვარი და მავთულხლართები გვაშორებს...       

 


"ქართველების მეშინოდა"

 

ინგა ვალიევა, 17 წლის: "პირველად თბილისში სამკურნალოდ შარშან ჩამოვედი. კუჭის ოპერაცია მქონდა გასაკეთებელი. არადა, მშობლებს წინააღმდეგობას ვუწევდი. მეშინოდა, ქართველების, მეგონა, გაიგებდნენ, რომ ოსი ვარ და, სულ მცირე, შეურაცხყოფას მომაყენებდნენ. თუმცა, გამაოცა თბილმა დახვედრამ და იმან, რომ პირიქით, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ ჩვენ მიმართ. მას შემდეგ თბილისის ხშირი სტუმარი ვარ.

 

რატომ ურჩევნიათ ვლადიკავკაზს თბილისი

 

ცხინვალელთა დიდი ნაწილი სამკურნალოდ თბილისში ჩამოდის. მათ ვლადიკავკაზშიც შეუძლიათ წასვლა, თუმცა, თბილისს ორი მიზეზის გამო არჩევენ: ჯერ ერთი, თბილისში უფრო კვალიფიციური სამედიცინო დახმარების იმედი აქვთ, და მეორე - ისინი, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებნი, შეღავათებით სარგებლობენ. 2014 წელს ცხინვალიდან თბილისში სამკურნალოდ დაახლოებით 400 კაცი ჩამოვიდა.

Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

Britain elects record number of female lawmakers in 2019 election

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker