Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ემიგრაციაში მყოფი ქალები ცხოვრობენ მუდმივი დანაშაულის გრძნობით

ეკა კუხალაშვილი
კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2014-07-17

საქართველოში არის, შეიძლება ითქვას, მთელი თაობა რომლებიც მშობლებისა და კონკრეტულად, დედების გარეშე იზრდებიან. დედები საზღვარგარეთ ემიგრაციაში არიან და იქიდან არჩენენ ოჯახებს წლების განმავლობაში. მშობლები შვილებთან არ არიან ხშირად სწორედ ისეთ დროს, როდესაც ბავშვებს ყველაზე მეტად ჭირდებათ მათი გვერდში ყოფნა. რამდენად შეიძლება განვსაზღვროთ უდედობის ფასი?  შეიძლება თუ არა განჭვრეტა და მომავლის წანასწარმეტყველება თუ როგორ თაობას, რა ადამიანებს ვიღებთ ამ სიტუაციაში ?

 

newpress.ge-ს აღნიშნულ კითხვებს პასუხობს უფლებადამცველი,"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" პროექტის მენეჯერი ანა არგანაშვილი.

 

-ეს არის ძალიან კომპლექსური პრობლემა,  სადაც არა მარტო ბავშვის უფლებები   იკვეთება, არამედ ამ ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზეც უნდა ვიფიქროთ, რადგან ეს გასვლა არ არის მათი არჩევანი ხშირად. მათ ამას უკიდურესი აუცილებლობა აიძულებთ და მე მესმის,  რომ ეს არის  სოციალური პრობლემა. მაგრამ, ძალიან ძნელია, რომ ჩვენ ამის ფასი განვსაზღვროთ. შეიძლება ამ ბავშვების ყოველდღიური საჭიროებები - საკვებით და ტანსაცმლით უზრუნველყოფა -  კმაყოფილდება, მაგრამ არის მეორე კუთხე,  ეს არის  ბავშვის აღზრდა-განათლებაში ამ ქალის, დედის მონაწილეობა, რაც ძალიან ზარალდება. ჩემთვისაც არაერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც უდედობამ ძალიან დააზარალა ბავშვი, ზოგადად ოჯახის მთლიანობა იყო დარღვეული, ამ ქალისთვის იყო ძალიან რთული პირობები  და ბავშვისთვისაც ძალიან რთული მომავლი დადგა. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც განათლების პრობლემა შეექმნათ მზრუნველობის გარეშე დატოვებულ ბავშვებს. იყო შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო იძულებული გახდა ზრუნვაში გადაეყვანა ბავშვი.  გასაგებია, რომ ვიღაცის იმედზე დატოვეს ეს ბავშვი, მაგრამ როგორც ჩანს მან  ვერ შეძლო მოვლა. მე მინახავს  ბავშვები, რომელთაც ქცევის აშლილობა ჰქონდათ ამ ყველაფერთან  დაკავშირებით. ჩვენ არ უნდა შევაშინოთ საზოგადოება და არ უნდა ვთქვათ, რომ   ეს ყოველთვის ამას გამოიწვევს. მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ  შესაძლო ალბათობებზე, რა შეიძლება  ამ დროს განვითარდეს, როდესაც ბავშვს მზრუნველობა აკლდება. ეს ქცევის აშლილობა  საკმაოდ მძიმე  ფორმებით იყო, რაც მე მინახავს, ანტისოციალურ ქცევად გადაიქცა და ეს ბავშვი კინაღამ მოხვდა იმ სისტემაში, რასაც სასჯელაღსრულების სისტემა ქვია. ძალიან მძიმეა ეს კვალი და შედეგი  ბავშვზე. მაგრამ არ შეიძლება სრული პასუხისმგებლობა დავაკისროთ იმ ქალებს, რომლებიც აიძულეს ასე მოქცეულიყო და  დაეტოვებინათ შვილები. მე მომისმენია მათთვის, ისინი ამბობენ, რომ არჩევანი იყო ან აბსოლუტურად რესურსების გარეშე  ცხოვრება ან ამ გზით თავისი ოჯახისთვის მხარდაჭერის განოხატვა. რადგან ისინი უმძიმეს სიტუაციაში  მიდიან და ძალიან რთულ სამუშაოს ასრულებენ, თანაც  მორალური წნეხია მათზე საკმაოდ დიდი როგორც  მათი ოჯახიდან, ასევე საზოგადოებიდან.  ჩვენ მათ მიმართ გამოვხატავთ უკმაყოფილებას, გასაგებია, მაგრამ გავიხსენოთ რამ  აიძულა ისინი რომ ასე მომხდარიყო?! ამ საკითხში სახელმწიფოს  როლს ვხედავ ძალიან სერიოზულს.  ერთი ის, რომ ეს პრობლემა დასაქმების შესაძლებლობებთნ არის კავშირში -  აქ ვერ იპოვა  დასაქმების შესაძლებლობა და იძულებული გახდა ქვეყნის გარეთ ეძებნა, და  მეორე  - სახელმწიფო  არ ერევა ამ ოჯახების გაღარიბების ფაქტორებში, პრევენციას არ ახდენს  და მერე ბუნებრივია ჩვენ  გვხვდება რეზულტატური პრობლემები, რომელთან ბრძოლა ორჯერ  უფრო ძვირი უჯდება.  ამას ვერ ჭვრეტს სამწუხაროდ სახელმწიფო, რომ წინასწარ გაცილებით იაფად მოახდინოს ინტერვენცია, როდესაც ეს რისკები დაიბადება  და ამით აიცილოს გაცილებით მძიმე შედეგები გვიან. სახელმწიფოს ფაქტორსაც ვხედავ და ვერ დავაკისრებ პასუხისმგებლობას ამ მძიმე შედეგებზე  მხოლოდ ქალს.

 

-სახელმწიფოს მხრიდან რა ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით? არსებობს რაიმე პროგრამები?

 

- ახლა დაიწყო ჯანდაცვამ პრევენციული პროგრამები, მაგალითად კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის, რომელთაც ყავთ  ბავშვები  და ამ ბავშვების მიტოვების რისკი  არსებობს უკიდურესი გაღარიბების გამო. სულ ერთი თვის წინ  მოხდა ამ პროგრამის გამოცხადება, თუმცა ასევე ვიცი, რომ ბიუჯეტი ზღვრულია. პროგრამის არსებობა  ძალიან დადებითია, მაგრამ არასაკმარისი. როგორც სოციალური სააგენტოს ვებგვერდზე წერია, ერთი ოჯახისთვის დახმარება არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, თან არ ვიცით მომავალ წელს იქნება ეს თუ არა. იმიტომ, რომ  მახსოვს  რამდენიმე წლის წინ იყო ეს პრევენციული პროგრამები, მაგრამ  მერე გააუქმეს.  ანუ ზოგადად სახელმწიფო ფრაგმენტულად რეაგირებს და მდგრადად არ ხედავს გადაწყვეტას,  მარტო  ჯანდაცვის  სამინისტრო ამ პრობლემას ვერ უშველის სხვა სამინისტროები უნდა ჩაერთოს.  რომლებიც შრომის ბაზარზე ქალების დასაქმების  უზრუნველყოფაზე იმუშავებენ. თუ ქალების დასაქმება  მათი რეალიზაცია არ მოხდა ქვეყნის შიგნით, ამის შემდეგ გასაგებია რატომაც ხდება ქვეყნის გარეთ  მათი გასვლა. აშკარაა, რომ აქ არის გენდერული თანასწორობის პრობლემაც. ეს ქალები შრომისუნარიანები არიან, მაგრამ გამოდის, რომ  ჩვენ მათ არ ვაძლევთ საშუალებას ქვეყნის შიგნით  დასაქმდნენ და ამით თავადაც  და საკუთარი ოჯახიც ფაქტობრივად  ამ მძიმე შედეგებს გადაარჩინონ.

 

-სოციალურ-ეკონომიკურმა ვითარებამ გამოიწვია ის რომ დედები, ქალები გახდნენ ოჯახის  (ოჯახების) მარჩენლები. მარჩენლის როლის მორგება, რამდენად ურყევს „ქართულ-ეროვნულ“ პატრიარქატს საყრდენებს და რამდენად უცვლის ქალს მდგომარეობას (სტატუსს) ოჯახში?

 

- ჩვენთან არ განვითარდა ისე როგორც ლოგიკური იქნებოდა.  ანუ როდესაც ქალი ხდება ოჯახის მარჩენალი, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ტვირთი, რაც მას ჰქონდა მანამდე (მაგალითად,  შინ სახლის საქმეები) უნდა გადანაწილებულიყო. მაგრამ ეს ასე არ მოხდა საქართველოში. ქალმა  რეალურად, ის ტვირთი შეინარჩუნა რაც ჰქონდა.  ამას დაემატა ოჯახის მარჩენალის სტატუსიც, ამიტომაც ძალიან დამძიმდა ქალის  ცხოვრება. მაშინაც კი, როდესაც  ქალი აქტიურ როლს იძენს და არჩენს ოჯახს, ოჯახის სხვა წევრები, თუნდაც სწორედ კაცები არ ინაწილებენ იმ ტვირთს, რომ შეუმსუბუქონ  ქალს როლი.  რომ შევაჯამო ქალისთვის დამატებითი ტვირთის აღებამ  მას არ ჩამოაცილა ადრინდელი დატვირთვა და ორმაგ, სამმაგ სტრესშია ქალი და ხშირად ვერ  უძლებს ამას და მერე უკვე ჩვენთვის  ძალიან ლოგიკურია, როდესაც ვხედავთ განქორწინებების  მაღალ პროცენტს საქართველოში.

 

- დედის გარშემო არსებობს სხვადასხვა წარმოდგენა და მათ შორის ბევრი სტერეოტიპი. ამ წარმოდგენებს დღეს შეიძლება მიემატოს დედის, როგორც მხოლოდ ვირტუალური  და არა რეალური პერსონაჟის სახე. დედის რა ხატს აყალიბებს  დღევანდელი ვითარება  ათასობით ბავშვის ცნობიერებაში?

 

- ეს არის რთული მოვლენა. ეს რა თქმა უნდა არ ანაცვლებს რეალურ მშობელს.  არამედ ხდება მისგან დისტანცირება. არ ვიცი ეს საბოლოო ჯამში ბავშვის მდგომარეობაზე როგორ გავლენას ახდენს. ამის შედეგს მომავალში დავინახავთ. ეს ვირტუალური  ურთიერთობა ერთის მხრივ კარგია, რადგან საერთოდ უკონტაქტობას  ჯობია, მაგრამ  ეს არც ერთ შემთხვევაში არ  შეუვსებს იმას, რაც რეალური ურთიერთობიდან იღებს ბავშვი.  მე  ვწუხდები, როდესაც საქართველოში ლაპარაკობენ  გენოფონდზე და მოსახლეობის ზრდაზე  და ფიქრობენ, რომ  ამას  ერთჯერადი დახმარება უშველის. გული მწყდება,  როდესაც მოწოდებები არის იმაზე, რომ ქალებმა თურმე უნდა გააჩინონ ბევრი  ბავშვი. გასაგებია, მაგრამ  მერე რა ხდება, როდესაც ბავშვებს აჩენენ?! მერე უკვე ყველა ზურგით დგება ამ საკითხთან და ისევ მარტო დედა არის პასუხისმგებელი, რომ  ბავშვს ქონდეს საჭმელი და ზრუნვა  არ მოაკლდეს. დამნაშავედ ვის მიიჩნევენ, როდესაც ბავშვი ასოციალური ხდება ან სკოლიდან  შეიძლება გარიცხონ, ან კრიმინალურ  წრეში მოექცეს? ისევ დედას ადანაშაულებენ მაშინ, როდესაც  ამ ქალმა გაიორმაგა, გაისამმაგა ტვირთი. ვიცი, რომ ეს ქალები ცხოვრობენ მუდმივი დანაშაულის გრძნობით. არადა  რეალურად ჩვენ, საზოგადოება  ვუკეთებთ  ამას ქალს -  თან ვუმატებთ შრომას და თან მერე  პასუხისმგებლობას ვაკისრებთ იმაზეც, რომ მან ამხელა დისტანციიდან ბავშვზე სათანადოდ ვერ იზრუნა. ეს არის სრულიად  მიუღებელი  და უსამართლო ამ ქალებთან და ამ ბავშვებთან მიმართებაში. ზოგადად სოციალური  სამართლიანობის  სერიოზული დეფიციტია ამ ქვეყანაში.

 

- ქართლის დედის ქანდაკებას, როგორც ქართული ცნობიერების სიმბოლოს, ან უბრალოდ ქართველი ქალის სახეს, კიდევ რა დეტალს მიუმატებდით, ან გამოაკლებდით?

 

- საქართველოში დიხოტომია გვაქვს, როდესაც წარმოიდგენენ ქალს, შეამკობენ მას საოცარი თვისებებით, ამ დროს გვერდით  ოთახში უნდა შეხედონ საკუთარი ოჯახის წევრს რა მდგომრეობაშია. ჩვენი საზოგდოების აზროვნებასა და წარმოდგენებში  არის ორი კონტრასტული სურათი ქალისა, რომელსაც იდეალისტურად ხატავენ.  რა დროს გენდერული თანასწორობაა თურმე მაშინ,  როდესაც „ლეკვი ლომისა სწორია“, მაგრამ შეხედეთ თქვენს ოჯახს! ლეკვი ლომისა სწორია თუ რეალურად ქალი არის დისკრიმინირებული? ეს არის  საზოგადოების მხრიდან  ფარსი და თავის მოტყუება იმის თაობაზე, რომ საზოგადოება  არ არის მოძალადე. დროა, ამ სიტუაციის გამოსწორება დაიწყოს იმის აღიარებით, რომ ქალს ძალიან მძიმე  მდგომარეობაში ვაყენებთ და ამას საერთო არაფერი აქვს ქალის  იმ ხატთთან და  იმ წარმოდგენასთან, რაც ქართულ კულტურასა და  ხელოვნებაშია დამკვიდრებული. როდესაც ქალის იდეალიზაციას დაიწყებთ ლექსებსა და სადღეგრძელოებში, შეიხედეთ გვერდით ოთახში და დაინახეთ რა მდგომარეობაშია თქვენი ოჯახის წევრი ქალი, და დაფიქრდით რამდენად გულწრფელი ხართ თქვენს ემოციებში. იქნებ მთელი ეს წარმოსახვითი ქალის ცნება კონსენსუალური სიყალბეა ამ საზოგადოებაში, რომლის ნაწილიც თქვენ ხართ.


წყარო 

ტეგები: ემიგრაცია ქალები საქართველო

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker