Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალები ტექნოლოგიებში

ნინო ნატროშვილი
კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2014-04-01

"ბიჭებს მეტი ტექნიკური უნარები აქვთ..."

"მათემატიკა ბიჭებს უფრო შეეფერებათ, ვიდრე გოგოებს.. მაშინაც კი, როდესაც მათ კარგი აკადემიური შედეგები აქვთ..."

"ბიჭებს მეტად უადვილდებათ STEM, იმიტომ რომ ისინი უფრო სხარტად აზროვნებენ, უფრო პრაქტიკულები, გონებაგახსნილები, ტექნიკურები და უნარიანები არიან"...

ეს მხოლოდ ნაწილია იმ სტერეოტიპების, რომლებსაც საქართველოში მშობლები და მასწავლებლები გოგონების მიმართ  ავლენენ.
 
შესაბამისი შედეგები ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის (STEM) საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროფესიებში მონაწილეობის ბარიერებისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნების კვლევამ“ აჩვენა.

იმავე კვლევის მიხედვით, ამ სტერეოტიპების მიუხედავად, გოგონების აკადემიური მოსწრება და მიღწევები STEM-ის საგნებში მინიმუმს უტოლდება, ან უსწრებს ბიჭების აკადემიურ მოსწრებას და მიღწევებს, თუმცა საბოლოო ჯამში იმავე სტერეოტიპების გავლენით, ბიჭებთან შედარებით, კარიერას შესაბამის პროფესიებში უფრო ნაკლები გოგონა აგრძელებს. მშობლები და მასწავლებლები გოგონებს STEM სფეროებში მხარს ნაკლებად უჭერენ, „ცივი და მკაცრია“ მათ მიმართ დასაქმების კლიმატიც.

 „სამწუხაროდ, სულ უფრო ნაკლები ქალია დასაქმებული ამ პროფესიებით, რაშიც სკოლა, ოჯახები და საზოგადოება საკმაოდ ნეგატიურ როლს თამაშობს. შესაბამისად, ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ქალი საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნიკურ სპეციალობებში ნაკლებად წარმატებული შეიძლება იყოს“, - აღნიშნა პრეზენტაციაზე "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

როგორ უნდა დაინგრეს ნეგატიური სტრეოტიპები გოგონათა შესაძლებლობების შესახებ? ერთ-ერთი გზა, ალბათ, როლური მოდელების შექმნაა. ქალები, რომლებზეც ამ სტატიაში წაიკითხავთ, ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობენ, თან საკმაოდ წარმატებით. ისინი თავიანთი საქმიანობით აჩვენებენ, რომ პროფესიას სქესი არ აქვს და რომ ტექნოლოგიები თანაბრად შეიძლება იყოს როგორც კაცის,  ისე  ქალის საქმე.

 

თამუნა

ჯერ კიდევ 80-იანებში, როცა კომპიუტერი ახალ ხილს წარმოადგენდა და მის გამოყენებას მომავალი მათემატიკოსები და კიბერნეტიკოსები სწავლობდნენ, სტუდენტებს შორის 30% ქალი იყო, მათ შორის, ერთ-ერთი - თამუნა ლომინაძე. თსუ-ს მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, მათემატიკური ანალიზის სპეციალისტი, რომელსაც სამეცნიერო კვლევების ჩატარება სურდა, ტრანსპორტის სამინისტროს გამოთვლით ცენტრში, პროგრამირების განყოფილებაში მოხვდა და მთლიანად ტექნოლოგიებზე გადაერთო.

„დღეს თუ პროგრამა მხოლოდ ბრძანებების გამოყენებით იწერება, ჩემი სტუდენტობის დროს ერთ კვადრატულ განტოლებას სქელტანიანი წიგნის ზომის პერფოკარტები სჭირდებოდა. ახლანდელი მობილური აპლიკაციები მაშინ ალბათ ზღაპრად მოგვეჩვენებოდა“, - იხსენებს თამუნა ლომინაძე.

გამოთვლითი ცენტრის შემდეგ ტექნოლოგიების განვითარებას აჰყვა: ანალიტიკოსიც იყო, IT აუდიტორიც, პროგრამირებაზეც მუშაობდა და მენეჯმენტზეც. „ბებიას უნდოდა ექიმი ვყოფილიყავი და როცა ტექნოლოგიები ავირჩიე, სულ ამბობდა - ამას რას ხედავს ჩემი თვალები, ჯანმრთელობას დასხივების ქვეშ იფუჭებსო“, - ხუმრობს თამუნა. თუმცა ბებიას იმედგაცრუება ჯანდაცვის სისტემაში გატარებულმა მრავალმა წელმა დააბალანსა. დღეს ყველაზე ნაყოფიერ საქმიანობასაც სწორედ იმ პერიოდს უკავშირებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში ხუთმოდულიანი სისტემის „ჰესპერუსის“ დანერგვას უკავშირდებოდა. „ამაყი ვარ, რომ დღესაც სამინისტრო ამ პროგრამით მუშაობს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემს კარიერაში, რომელმაც პროფესიულადაც ძალიან გამზარდა“, - აღნიშნავს თამუნა.

ჯანდაცვიდან განათლების სისტემაში გადაინაცვლა, ბაზების განახლებისა და პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის პროექტებში ჩაერთო. ამბობს, რომ სქესის გამო საქართველოში თავი დისკრიმინირებულად არასდროს უგრძვნია. თუმცა კიევში, Micropoft-ის სერტიფიცირების კურსის გავლის დროს ასეთი შემთხვევა ახსენდება: „7 კურსი გავიარე და ჩემ გარდა არც ერთ მათგანზე ქალი არ იყო. აი, იქ კი აშკარად ვხედავდი კურსელი კაცებისგან ასეთ დამოკიდებულებას. გამიგია კიდეც, ამ გოგოს აქ რა უნდა, ეს ხომ ქალის საქმე არ არისო. ამის გამო დასკვნითი ტესტები როცა გვქონდა, სახლში საღამოს 7 საათზე დაბრუნებული ცოტას წავუძინებდი და მერე ზუსტად 12 საათზე ვიღვიძებდი. დილამდე ყველაფრის სწავლას ვასწრებდი. მინდოდა, კითხვებზე პასუხი ყველასთვის დამესწრო და დამემტკიცებინა, რომ ეს ქალის საქმეცაა“, - ჰყვება თამუნა.


ამჟამად ის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დასაქმების, პრაქტიკისა და სტაჟირების ხელმძღვანელია. სასწავლო პროცესში თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და ნიჭიერი სტუდენტების დასაქმებაზე ზრუნავს. პარალელურად, ლექციებსაც ატარებს. ახლა ძირითადად საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების სურვილი აქვს: „მინდა, გაიზარდონ თაობები, რომლებსაც კარგი განათლება ექნებათ,  რომ ჩვენც ვიყოთ ამ სფეროში მოწინავეები, რომ არ გვჭირდებოდეს უცხოელი ექსპერტების ჩამოსვლა, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ სწორი ხედვა და ამაში გენდერული ბალანსი აუცილებელია“, - ამბობს  ის.

მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიებს კიდევ უფრო მეტი ქალი სჭირდება, თუმცა ამისთვის მათ მოტივაციაც უნდა გააჩნდეთ: „ბევრჯერ მინახავს, ტექნოლოგიების სფეროში გამოცხადებულ ვაკანსიაში, დამსაქმებელს მითითებული აქვს - "ასურველია მამაკაცი" და აი, ქოლცენტრში კი - მხოლოდ ქალი. რატომღაც ასეთი სტერეოტიპია: ქალზე მეტად კაცები აჰყავთ ასეთ პოზიციებზე“, - მეუბნება თამუნა.

IT აკადემიაში, სადაც ის ასწავლის, სტუდენტი გოგონების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ამბობს, რომ მათი მონდომება და სწავლის სურვილი საკმაოდ მაღალია: „ინტერნეტმა ტექნოლოგიების პოპულარიზაციას ხელი ძალიან შეუწყო. თუ გოგონებს სურთ ამ სფეროს შესწავლა, აუცილებლად უნდა სცადონ. ამ სურვილის გამო ისინი კიდევ უფრო წარმატებულები იქნებიან“.

 

ია


სახვითი ხელოვნებით იყო გატაცებული და ერთი წელი სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლადაც ემზადებოდა, მერე არქიტექტურის ფაკულტეტი ხიბლავდა, თუმცა საბოლოოდ ავტომატიკა და გამოთვლითი ტექნიკა აირჩია. იმ დროს მიიჩნეოდა, რომ ეს მომავლის სპეციალობა იყო, მისი კურსდამთავრებული კი აუცილებლად დასაქმდებოდა. „ოჯახი ყველანაირად მიწყობდა ხელს. პროფესიის არჩევის დროს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილების წინააღმდეგი არ ყოფილა. ავტომატიკა-ტელემექანიკის კურსზე 100 სტუდენტი ვიყავით, ჩემდა გასაოცრად, უმეტესობა - გოგო. 100-დან  მხოლოდ 3 სტუდენტი იყო ვაჟი. თავად ლექტორებიც აღნიშნავდნენ, რომ წლების წინ ამ სპეციალობაზე მხოლოდ ბიჭები სწავლობდნენო და, სხვათა შორის, „გულდაწყვეტილებიც“ იყვნენ: გოგონები გათხოვდებიან, სახლებში დასხდებიან და ინსტიტუტში მიღებულ ცოდნას ვერ გამოიყენებენო“, - იხსენებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ია გორგიშელი.

სახლში არ დამჯდარა: ტექნიკური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობა საჯარო ბიბლიოთეკის ავტომატიზაციის განყოფილებაში უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე დაიწყო. ეს ერთადერთი განყოფილება იყო, სადაც კაცები ქალებს სჭარბობდნენ, თუმცა ერთმანეთთან ყოველთვის კარგად თანამშრომლობდნენ.


1999 წელს საკუთარი პროექტიც სწორედ კოლეგა მამაკაცებთან ერთად შექმნა: ქართული ინტერნეტგვერდების საძიებო სისტემამ geres.ge ეროვნული საიტების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა. „სხვათა შორის, პირველები ვიყავით, ვინც ელექტრონულ პროდუქტზე საავტორო უფლება ავიღეთ“, - ამბობს ია.


ახლა შეზღუდული შესაძლებლობების პირების დასაქმების პროექტს კურირებს. პროექტის ფარგლებში შშმ პირები დისტანციურად იმუშავებენ ქართველი ავტორების მონაცემთა ბაზის შევსებაზე. პარალელურად, ბიბლიოთეკის ვებპორტალი, ელექტრონული რესურსებისა და აუდიო-ვიზუალური განყოფილებები აბარია.


ამბობს, რომ ქალების სიმცირით ტექნოლოგიების ინდუსტრია ბევრს კარგავს. „არსებული სტერეოტიპების გამო გოგონებს, შეიძლება სურთ კიდეც ამ სფეროში წასვლა, მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნით, ჰგონიათ, რომ არ გამოუვათ. არადა, პირველი პროგრამისტი ხომ ქალი იყო და იქნებ სწორედ იმ გოგოს, რომელიც სტერეოტიპის გამო არ წავიდა ამ სფეროში, შეეძლო აქამდე არარსებული ტექნოლოგიური გამოგონების შექმნა“, - ამბობს ია გორგიშელი.

იცის, რომ დროს არ უნდა ჩამორჩეს, მით უმეტეს, ტექნოლოგიებში. ახლახან მედიაინჟინერიის სასერტიფიკატო კურსი დაასრულა და მობილური აპლიკაციების შექმნა შეისწავლა. ფიქრობს, რომ ეს მიმართულება  ტექნოლოგიების ინდუსტრიაში ყველაზე სწრაფად მზარდია და თუ ავანგარდში ყოფნა გინდა, მობილური აპლიკაციების დეველოპმენტში აუცილებლად უნდა ერკვეოდე. „შევისწავლე ის ტექნოლოგიები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია მარტივი  მობილური აპლიკაციების შექმნა, დაპროექტება ან იმ გუნდის მართვა, რომელიც მსგავს პროდუქტებზე მუშაობს. პირველ რიგში, ცხადია დამატებითი ცოდნის შეძენა მინდოდა: ტექნოლოგიებს ფეხდაფეხ თუ არ მისდიე, არაფერი გამოგივა“, - ამბობს ია.


საფინალო პროექტის პრეზენტაციაც უკვე ჰქონდა. აპლიკაციის პირობითი სახელი „განწყობის სტრიქონები“ შემთხვევით არ შეურჩევია: თამაში, რომელიც ლექტორთან ერთად შექმნა, ადამიანებს საშუალებას აძლევს, ქართული კლასიკური შედევრებიდან ამოკრეფილი სტრიქონები განწყობის მიხედვით წაიკითხონ და სურვილის შემთხვევაში, ამ ნაწარმოების სრულ ტექსტზეც გადავიდნენ: „მოთამაშე რეალურ დროში თავად ირჩევს განწყობას და ამინდს. შემდეგ კი შესაბამისი სტრიქონები და ფრაზები ჩნდება. როდესაც „გარეთ ცივა, ქრის ქარი“, მოწყენილი ხარ და არ იცი რა აკეთო, ჩამოტვირთე და არჩევანი შენზეა, იკითხე „ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!“...

სამომავლოდ „განწყობის სტრიქონები“  Google Play-შიც განთავსდება.


თეა

developey by თეა ხარიტონაშვილი, ამ ფრაზას დღეს ბევრ ქართულ საიტზე შეხვდებით. თეა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ვებბაზისა და მონაცემთა ბაზის სპეციალისტია, თუმცა მას ვებგვერდების შექმნით უფრო იცნობენ.

15 წლის იყო, როცა დედამ საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურში“ პროგრამირების კურსებზე მიიყვანა. კომპიუტერიც პირველად მაშინ ნახა. მათემატიკაში ტესტირება წარმატებით გაიარა და კურსებზე სიარულიც დაიწყო. გამოუვიდა... მერე ოლიმპიადაზე გავიდა და მოიგო, ერთ მოგებას მეორე მოჰყვა და მალე ინფორმატიკაში  ეროვნული ნაკრების წევრიც გახდა.

თეა იყო პირველი ქართველი გოგო, რომელიც მსოფლიო ოლიმპიადაზე გაემგზავრა: „1997 წელს ოთხი ბავშვი მწვრთნელებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში წავედით. გოგოები იქაც ცოტანი ვიყავით: 229 მონაწილიდან მხოლოდ - 8.  ინტერვიუები იქაურმა გაზეთებმა, როგორც  მონაწილე გოგოს, მაშინაც ჩამომართვეს“, - იხსენებს თეა.

კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სპეციალობა ტექნიკურ უნივერსიტეტში შეისწავლა. პარალელურად „მზიურიში“ მასწავლებელი იყო და ოლიმპიადების ჯგუფებთან მუშაობდა. მერე კი საქმიანობა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ინიციატივით  შექმნილ ინტერნეტცენტრში განაგრძო. მაშინ, როცა ინტერნეტი იშვიათობას წარმოადგენდა და ძალიან ძვირი იყო, იქ ადამიანებს სერვისს უფასოდ სთავაზობდნენ. თეა ინსტრუქტორი იყო: ცენტრში მისულებს ელექტრონული ფოსტის გახსნაში, გამოყენებაში, ძიებასა და სხვა უნარების გამომუშავებაში ეხმარებოდა. მთავარი გარდატეხაც მის ცხოვრებაში სწორედ იმ დროს მოხდა: „ჩემი უფროსი სანდრო ქარუმიძე ქართული საიტების კონკურსს ატარებდა. ჰოდა, მოდიოდა ხოლმე ჩვენთან და გვეუბნებოდა _ „გააკეთეთ საიტები და კონკურსზე წარადგინეთო“. სწორედ მაშინ გავაკეთე პირველი საიტი http://WWWosf.ge/taya, წარვადგინე და გავიმარჯვე. იგივე განმეორდა მეორე წელსაც. შევყევი, შევყევი და მას მერე საიტებს ვაკეთებ...“, - ყვება თეა.

ასობით ვებგვერდი აქვს გაკეთებული. ზუსტი რიცხვი არ ახსოვს. დათვლას თავი რამდენიმე წლის წინ დაანება. ყველაზე მეტად მაინც სასარგებლო ინტერნეტრესურსის, convert.ge-ს შექმნით ამაყობს: „ძალიან ძველია, ისევე როგორც dieta.ge... სამწუხაროდ, ყურადღებას ვეღარ ვაქცევ. ძალიან მერიდება, რომ დრო არ მაქვს დიზაინის განახლებისა და ფუნქციონალის დამატებისთვის“, - ამბობს თეა.

ახლა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შიდა სისტემის განვითარებასა და ახალი ფუნქციონალის დამატებაზე ზრუნავს. სისტემის შექმნა 5 წლის წინ ჯერ კადრების მოდულით დაიწყო, მერე კი ფინანსები, ლოჯისტიკა და შესყიდვებიც დაამატა. ამ სისტემის დახმარებით თეას თანამშრომლების სამუშაო პროცესი თავიდან ბოლომდე ელექტრონულია. ცოტა ხნის წინ სადამკვირვებლო მისიებმა სპეციალურ შეხვედრაზე საკუთარი შიდა სისტემები წარადგინეს. მიზანი ერთი იყო – იმ საუკეთესოს შერჩევა, რომელსაც ყველა ახალი მისია მზა სახით აიღებდა და დანერგავდა. ასეთად სწორედ თეა ხარიტონაშვილის სისტემა დასახელდა. „მე მიყვარს  ჩემი საქმე და ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ... ეს შემოქმედებითი პროცესია და ძალიან მომწონს, ჩემი საქმე ჩემი ჰობია“, – მეუბნება თეა.

მიჩვეულია იმას, რომ ტექნოლოგიებში ძირითადად კაცები მუშაობენ. კონკურენტებიც ყოველთვის კაცები ჰყავს: „ჩემთვის ეს ერთგვარად გამოწვევაცაა. როცა გასაუბრებაზე მიდიხარ და ამდენ კაც კანდიდატში შენ გირჩევენ, ძალიან  სასიამოვნოა. მგონი, საერთოდ, ტექნოლოგიებში სქესს მნიშვნელობა არ აქვს, მე კაბელებიც გამიყვანია. ახლა სამსახურში ორი ვაკანსია გვქონდა – ერთ პოზიციაზე ბიჭი ავიყვანეთ, მეორეზე – გოგო. ცოტა გამიკვირდა კიდეც იმდენად  ბევრი გოგო იყო კანდიდატი, სხვათა შორის, ბიჭებზე მეტად მოტივირებულებიც.. ალბათ, სწორედ იმის გამო, რომ იციან ამ სტერეოტიპის არსებობის შესახებ. ვფიქრობ, ყველა გოგომ, რომელსაც ტექნოლოგიები აინტერესებს, ამ სტერეოტიპის მიუხედავად, ის უნდა გააკეთოს, რაც სურს. რთული არაფერი არ არის, ყველაფერი შესაძლებელია“, – აღნიშნავს თეა.

მარიამი

მარიამ კობიაშვილიც მზიურელია. 10 წლის იყო, როცა „მზიურში“ მივიდა და ალგორითმებისა და ლოგიკური მათემატიკის შესწავლა დაიწყო. მაშინ პროგრამისტობაზე არ უფიქრია, უბრალოდ ამოცანების ამოხსნა მოსწონდა და კარგადაც გამოსდიოდა. მეათე კლასში ინფორმატიკის ეროვნულ ნაკრებში მოხვდა, საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრა და პირველი გოგო იყო, ვინც ოლიმპიადიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა: „90-მდე ქვეყნიდან სულ 350-მდე ბავშვი ვმონაწილეობდით, აქედან – 10-მდე გოგო და ამის გამო ჩვენ ყველას უფრო ვამახსოვრდებოდით. ნაკრებში სულ სამჯერ ვიყავი და ორი ბრინჯაოს მედალი ავიღე. იმის გამო, რომ გოგო ვიყავი, აღფრთოვანებას ყოველთვის განსაკუთრებით გამოხატავდნენ ხოლმე“, – ჰყვება მარიამი.

ახლა ბოსტონშია. მასაჩუსეტის ტექნოლოგიების ინსტიტუტში სწავლობს, მესამე კურსზეა და კომპიუტრულ მეცნიერებებს ეუფლება. ამბობს, რომ სწავლა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით მის ფაკულტეტზე. დავალებების შესრულება ყოველდღე უწევს და შუალედური გამოცდებიც საკმაოდ ხშირად აქვს. სტუდენტურ კამპუსში ცხოვრობს, ხანდახან კვირები ისე გადის, საცხოვრებელს ვერც კი ტოვებს.

„ძალიან მომწონს ის, რომ უნივერსიტეტი სწავლისთვის ყველა პირობას გვიქმნის. თუ რამეს ვერ ვიგებთ, ყველა ლექტორთან სპეციალური დამატებითი საათები გვაქვს, სერიოზულად ჩამორჩენის შემთხვევაში კი კერძო მასწავლებლის აყვანაც შეგვიძლია. ამ პოზიციებზე მაღალკურსელები მუშაობენ, ხელფასს კი უნივერსიტეტი უხდით“, – ამბობს მარიამი.

ახალ გარემოსთან შეგუება არ გასჭირვებია. მრჩევლებიც ჰყავს, რომლებიც საგნების შერჩევასა და სემესტრის დაგეგმვაში ეხმარებიან. „აქ ყველაფერი გაწერილი უნდა გქონდეს: როდის იმეცადინო, როდის დაისვენო. ცოტა თუ აურიე, ჩამორჩები და ღამეების თენება მოგიწევს. გართობისთვის პარასკევი საღამო გვაქვს: ხან ბარში მივდივართ, ხან – ბალეტზე, ხან – კონცერტზე. შაბათს თავს ძილის უფლებას ვაძლევ, მერე კი ისევ მეცადინეობა იწყება. სემესტრის შუაში ერთი კვირა გვაქვს დასვენება და ძირითადად ქალაქიდან ამ დროს გავდივართ, ვმოგზაურობთ და ა.შ.“, – ჰყვება მარიამი.

ზაფხულის არდადეგებზე სხვა სტუდენტების მსგავსად თავადაც მუშაობს. დასაქმების კვირეული, როგორც წესი, სექტემბერში ტარდება ხოლმე. ამ დროს უნივერსიტეტს მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები სტუმრობენ. „2-3-ტურიანი გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სამსახურში გვიყვანენ... თუ შეთავაზებას რამდენიმე კარგი კომპანიისგან ვიღებ, იწყება ჩემი „წამება“ და იმაზე ფიქრი, რომელი ავირჩიო“, - ამბობს მარიამი.

გასულ ზაფხულს 3 თვის განმავლობაში Facebook-ის ლონდონის ოფისში იმუშავა: ანდროიდის გუნდში იყო და Facebook-ის აპლიკაციაზე მუშაობდა. ჰქონდა დამოუკიდებელი პროექტი, რომელიც მობილურის აპლიკაციაში ფოტოების ჩამოტვირთვის აჩქარებაზე იყო ორიენტირებული.

მარიამის კურსელების 30-35% გოგონაა, მათ შორის ბევრი ძალიან ჭკვიანია: „არ ვფიქრობ, რომ აზროვნებით ბიჭებისგან განვსხვავდებით, სწავლა ყველასთვის  თანაბრად რთულია. აქ ბევრ საგანში ჯგუფური პროექტები გვაქვს

ბიჭებს არ მიაჩნიათ, რომ ჩვენ ნაკლები შეგვიძლია. ამ მხრივ თანასწორობაა, მნიშვნელობა არა აქვს გოგო ხარ თუ ბიჭი. მთავარია, ზარმაცი არ იყო“, - ამბობს მარიამი და დასძენს: „მთავარია, გოგონებს არ შეეშინდეთ ამ პროფესიის არჩევა, მათ არც ნაკლები აზროვნების უნარი აქვთ და არც ნაკლებად შრომისმოყვარეები არიან“.

ზაფხულში მარიამი სან-ფრანცისკოში, Dropbox-ში წავა სამუშაოდ, კონკრეტულად რა მიმართულებით იმუშავებს, ჯერ არ იცის... მაგისტრატურის დასრულების შემდეგ კი რომელიმე დიდ კომპანიაში პროგრამისტობას გეგმავს.

***

სტერეოტიპების საწინააღმდეგოდ კიდევ ერთი კარგი მაგალითი ადა ლავლეისია, ჯორჯ ბაირონის ქალიშვილი. სწორედ ადა ითვლება მსოფლიოში პირველი გამოთვლითი პროგრამის ავტორად, რომელიც მან ბებიჯის მანქანისთვის შექმნა. ადა 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოგვიანებით მის პატისაცემად კომპიუტერული ენა ADA შეიქმნა, რომელიც ჯერ აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს, შემდეგ კი ნატოს პროგრამირების უნივერსალურ ენად იქცა.

 


წყარო 

ტეგები: სტერეოტიპები საქართველო ათასწლეულის გამოწვევის ფონდი კვლევა ტექნოლოგიები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ეყოლება

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker