Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მათხოვარი ბავშვების ქალაქი

ლევან სებისკვერძე
კატეგორია: ეს საინტერესოა 
2013-08-14

ბოლო დროს თბილისში არნახულად მომრავლდნენ მათხოვრები. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, უმთავრესად - რუსთაველის გამზირზე, გამვლელები გვერდს ვეღარ უქცევენ მოწყალების მთხოვნელებს. მათი უმრავლესობა ათ წლამდე ასაკის მოზარდია. ბევრია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოხუცი, რომლებსაც მათხოვრობის სხვადასხვა ხერხი აურჩევიათ.


თბილისში მათხოვრების მომრავლებას ხალხი მტკივნეულად აღიქვამს. ბევრს მიაჩნია, რომ ეს სოციალური ფონის გაუარესებაზე მიანიშნებს.


ნინო ცერცვაძე, ფოტოატელიეს თანამშრომელი: „უკვე აუტანელია ეს ყველაფერი. მთელი რუსთაველი დაიპყრეს მათხოვრებმა, ხალხს აწუხებენ, ეკიდებიან და ათას თავხედობას სჩადიან. ესაა ბრენდი „საქართველო"?!"


ეკა რევაზიშვილი, სტუდენტი: „ერთხელ ჩემს მეგობარს მათხოვარმა ბავშვებმა რაღაც წაართვეს და სანამ ფული არ მისცა, არ დაუბრუნეს. ზოგი, შეგაფურთხებ, თუ ფულს არ მომცემო, გემუქრება. ტალახიანი ხელის წასმითაც დამმუქრებიან, თმის სამაგრიც წაურთმევიათ და თმაგაბურძგნილი დავუტოვებივარ უნივერსიტეტის ეზოში".


ქუჩაში წინასწარ შერჩეულ ადგილზე დგომა და ძახილი, „დამეხმარეთო", მათხოვრობის ერთ-ერთი უძველესი ხერხია. ახალი დროის მათხოვრები ფულის შოვნის ამ მეთოდს ხშირად იყენებენ, თუმცა, როგორც მათთან საუბრიდან ირკვევა, სამათხოვრო ადგილების „დაჯავშნა" იშვიათია, რუსთაველის გამზირზე ვინც დაასწრებს დილით დაჯდომას, ის ადგილი „მისად" ითვლება. 35 წლის ირენა ბამაევი ერთი მათგანია, ვინც მათხოვრობა სულ რაღაც ერთი წელია დაიწყო. ირენას ორი შვილი, 11 წლის ვაჟი და 6 წლის გოგონა ჰყავს, რომლებიც დადასთან ერთად ან ცალკე მათხოვრობენ. ირენა ამბობს, რომ ეს ნაბიჯი გაჭირვებამ გადაადგმევინა - მისი მეუღლე უკვე სამი წელიწადია ავადმყოფობის გამო ვეღარ მუშაობს.
 
ირენა ბამაევი: „ზოგს ჰგონია, რუსთაველზე მათხოვრობით მილიონებს ვშოულობთ. ნეტავი მართლა ასე იყოს. დღეში შეიძლება ერთი ლარიც კი არავინ მოგვცეს და მთელი დღე მშივრები ვრჩებით. შვილებისთვის მათხოვრობა არ დამიძალებია. აქ არიან დედები, რომლებიც შვილებს ძალით ამათხოვრებენ და მერე ფულს ართმევენ. ჩემებმა თვითონ მოინდომეს დამხმარებოდნენ და ხალხი მათ უფრო აძლევს ფულს, ვიდრე მე. ისანში ვცხოვრობთ, ჯერჯერობით ჩვენი ბინა გვაქვს, მაგრამ მომავალში რა მოხდება, არ ვიცი. ვიღაც კაცები ჩემს ქმართან ყოველდღე მიდიან და ეუბნებიან, ბინა მოგვყიდეო. რაკი ვმათხოვრობთ, ჰგონიათ, რომ აუცილებლად ქუჩაში უნდა ვცხოვრობდეთ. ბოლო დროს ჩვენსავით ბევრი გახდა იძულებული, ქუჩაში გამოსულიყო და ემათხოვრა. თბილისელები ძალიან ცოტანი ვართ. უფრო მეტნი რაიონებიდან არის ჩამოსული".


რუსთაველზე მართლაც ბევრი მათხოვართა ოჯახი შეგხვდებათ. არიან ისეთებიც, რომლებსაც თბილისში ნათესავიც არ ჰყავთ და ღამეს ქუჩაში ან ხიდქვეშ ათევენ. ცამეტი წლის გიგა ზუგდიდის რაიონიდან ჩამოვიდა. როგორც თავად ამბობს, მშობლები სულ პატარას გარდაეცვალა, მათხოვრობა კი ექვსი წლისამ დაიწყო ზუგდიდში. თბილისში სამი თვის წინ ჩამოვიდა, რადგან გაიგო, რომ დედაქალაქში ფულის შოვნის უფრო მეტი შანსი ჰქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, დიდი კონკურენციის გამო ხშირად უფულოდ რჩება.


გიგა: „თბილისში ყველა მათხოვარი ცდილობს, სხვას აჯობოს და ცოტა მაგრად თუ არ დადექი, გადაგივლიან. კაცს ნამდვილად ვერ ვეცემი ხელებში, გინდა თუ არა, ფული მომეცი-მეთქი. დავდგები სადმე და რასაც მომცემენ, მომცემენ. ხალხი უფრო მეტად პატარა ბავშვებს ეხმარება და არც კი იციან, რომ ეს ბავშვები ხანდახან 100 ლარზე მეტსაც კი შოულობენ, მათი მშობლები კი მერე იმ ფულით მაგრად ქეიფობენ. მე უკვე დიდი ვარ და ძალიან ცოტას მაძლევენ. რაიმე სამსახური თუ გამოჩნდა, მე აქ გამჩერებელი აღარა ვარ, წავალ და ვიმუშავებ".


არიან ისეთებიც, რესტორნებსა და კაფეებში რომ დადიან და მაგიდასთან მსხდომ ხალხს მოწყალებას სთხოვენ. პრესტიჟულ რესტორნებში მათხოვრებს არ უშვებენ, მაგრამ ისინი მაინც ახერხებენ მუშტრებთან მისვლას და, როგორც ირკვევა, ხშირად ბევრ ფულსაც შოულობენ. არსებობს ეჭვი, რომ რესტორნების თანამშრომლები შეკრულები არიან მათხოვრებთან და სტუმრებთან გარკვეული საზღაურის ფასად უშვებენ, თუმცა ჩვენთან საუბრისას ეს რესტორნის არც ერთმა თანამშრომელმა არ დაადასტურა.


რესტორნებში უმეტესად ბავშვები მათხოვრობენ, რომლებიც შეზარხოშებული ხალხის უფრო მეტ სიბრალულს იწვევენ.


ასია მანდაროვი 10 წლის გოგონაა. დედამისი მასავით მათხოვარია, თუმცა ასია სამათხოვროდ დედასთან ერთად არ დადის. მასთან საუბარი გაგვიჭირდა, რადგან გოგონა ძალიან აგრესიული აღმოჩნდა.
 
ასია მანდაროვი: „ფულს უფრო კაცები მაძლევენ. ქალები სულ მეჩხუბებიან. ზოგი მირტყამს. ზოგი ბევრ ფულს მაძლევს და მერე იმ ფულს სულ დედას ვაბარებ. ბევრი რესტორანი რომაა, სულ იმ უბანში დავდივარ ხოლმე (რიყეს გულისხმობს - ლ.ს.) მათხოვარი ბავშვი ბევრია, მაგრამ ერთმანეთს არ ველაპარაკებით. ყველა ცდილობს, ფული წაგართვას და გაიქცეს. ერთხელ დიდმა ბიჭებმა სულ წამართვეს ფული და მერე დედამ მცემა. სკოლაში არ მივლია, მაგრამ რუსული ასოების წერა დედაჩემმა თვითონ მასწავლა. ახლა ვაგონში ვცხოვრობთ".
 
თბილისში მათხოვრები ყოველთვის იყვნენ, დღესაც არიან და ალბათ მომავალშიც იქნებიან, მაგრამ მცირეწლოვანი მათხოვრების მომრავლება რომ კარგს არაფერს მოასწავებს, ფაქტია...

 
 

წყარო 

ტეგები: მათხოვრები საზოგადოება საქართველო

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker