Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სიყვარულსა და ძალადობას შორის

კარინე ასატრიანი
კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2013-07-04

სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის მონაცემებით, 2012 წელს ოჯახური ძალადობის 766 შემთხვევა მოხდა, ამათგან 621 შემთხვევაში მსხვერპლი ქალი იყო, 145-ში - მამაკაცი. თუმცა, სომხეთში დღემდე არ არსებობს კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, რომლის მიღებასაც აუცილებლად თვლიან გენდერულ თემებზე მომუშავე ორგანიზაციები.

ბიჭს, რომელსაც საკმაოდ დიდხანს ვხდებოდი, მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ერთხელ, როცა სასიამოვნო მუსიკის ფონზე ფრანგულ ღვინოს ვწრუპავდით, შარვლიდან ქამარი გამოიძრო და ისეთი გამეტებით დამიწყო ცემა, მოულოდნელობისგან დავმუნჯდი.
 
მიზეზი კი ის იყო, რომ ღვინომოკიდებულმა ვუამბე, ამერიკიდან ერთი ბიჭი ჩამოვიდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ცოლობას მთხოვდა-მეთქი.
 
-ესე იგი, მასაც ხვდებოდი, არა? - ღრიალებდა ჩემი მეგობარი. რაღაცას ვუხსნიდი, მაგრამ არც მისმენდა.
 
ფიზიკური ტკივილი იარების მოშუშებასთან ერთად გადის. მაგრამ სულის იარა კიდევ დიდხანს რჩება ტკივილად. ჩემს მეგობარ ბიჭს ჭკუა ეყო და ამ შემთხვევის მერე აღარც უცდია ჩემი დარწმუნება, რომ ვუყვარდი და ჩვენი ერთად ცხოვრება შესაძლებელი იყო.
 
ფიზიკურმა ძალადობამ ჩაკლა სიყვარული, რომელიც გაღვივებას მხოლოდ იწყებდა. მე იმ ქალებს არ მივეკუთვნები, რომლებსაც ქმრისთვის ან საყვარელი ადამიანისთვის ძალადობის პატიება შეუძლიათ.
 
საზოგადოებრივი ორგანიზაციის ,,საზოგადოება ძალადობის გარეშე“ ხელმძღვანელს ლიდა მინასიანს ჩემს ნაამბობზე გაეღიმა და ღიმილითვე მითხრა, გამორიცხული არ არის, შევრიგებოდი კიდეც, ყვავილების თაიგულით და არაჩვეულებრივი საჩქურით კარზე რომ მოგდგომოდა და პატიება ეთხოვა. ლიდა თვლის, რომ მე, ათასობით სხვა ქალის მსგავსად, შემეძლო მისთვის მეპატიებინა. თუმცა, იმასაც დასძენს, რომ ამის მერე ძალადობის სცენები არაერთხელ გამეორდებოდა.
 
,,ოჯახში ძალადობის ციკლი სწორედ ასე იწყება,“ - მიხსნის ლიდა მინასიანი, რომელსაც, როგორც სოციალურ მუშაკს, ათობით ისეთ ქალთან უსაუბრია ამ თემაზე, ვინც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ლიდა ყვება, რომ ამ ქალებიდან ძალიან ცოტა ადანაშაულებს საკუთარ ქმრებს, მათ გამართლებასაც კი ცდილობენ, რადგან ,,თუ ამის მერე შეუძლია ძალიან თბილი და ყურადღებიანიც იყოს, ესე იგი, საქმე არც ისე ცუდადაა.“ ასეთ დროს ქალები ბოდიშის ხდის და სინანულის იმ სცენებს გულისხმობენ, რომლებიც ცემას მოსდევს.
 
,,ქალი ვერ აცნობიერებს, რომ ეს კარგი ქცევა საძაგელი საქციელის გამოსყიდვის სურვილითაა განპირობებული,“- ამბობს ლიდა. თავადაც ახალგაზრდა ქალია, და არ სჯერა, რომ მამაკაცს შეუძლია საყვარელ ქალზე ხელი აღმართოს თუ აფექტის მდგომარეობაში არ იმყოფება. ამნაირი საქციელის გამართლებად ვერც ეჭვიანობა, ვერც ნერვებაშლილობა ან ფინანსური შეჭირვება გამოდგება.
 
,,თუ თვლით, რომ თქვენი ცოლი ის ქალი არ გამოდგა, როგორადაც ქორწინებამდე წარმოგედგინათ, გაეყარეთ“, - ურჩევს ხოლმე ჩვეულებრივ ლიდა ქმრებს.
 
ძალიან ცოტა კაცი აღიარებს, რომ ქალზე ხელის აღმართვა შეუძლია. ორმოცდაათი წლის კაცმაც კი, რომელიც სისტემატურად უსწორდება ფიზიკურად თავის მეუღლეს, ჩემთან საუბარში აღნიშნა, საკუთარი თავის პატივისმცემელი არც ერთი კაცი არ იკადრებს,  ,,სუსტი სქესის წარმომადგენელს“ დაარტყასო. საკუთარი სიყვარულის გამორჩეულობის ნიშნად ის არგუმენტი მოაქვს, რომ ,,ცოლის“ მოთვინიერება უფრო ლმობიერი ხერხებითაც შეუძლია. ჰო, მართლა: ამგვარი აზროვნების მამაკაცები სილის გაწვნას ძალადობად კი არა, აღზრდის მეთოდად თვლიან. აღზრდის მეთოდად თვლიან ათასგვარ აკრძალვას (,,არ შეიძლება“), რომელთაც მამაკაცი საყვარელ ქალს პირობად უყენებს.
 
არ შეიძლება ძალიან გულმოღებული ან მოკლე ტანისამოსის ჩაცმა
 
არ შეიძლება უცნობი მამაკაცისთვის გაღიმება
 
არ შეიძლება სოციალურ ქსელებში უცნობებთან ურთიერთობა
 
არ შეიძლება ქმართან შეკამათება
 
არ შეიძლება ქმრის კითხვებით შეწუხება, თუ შინ მთელი ღამე არ გამოჩენილა და ა.შ.
 
25 წლის უცოლო, უმაღლესი განათლების მქონე არტური თვლის, რომ ქალს იმდენივე უფლება უნდა ჰქონდეს, რამდენიც მამაკაცს. მარწმუნებს, რომ ოჯახურ პრობლემებს ცივილიზებულად გადაჭრის, ძალადობის გარეშე. მოგვიანებით ჩვენი საუბრისას კი აღნიშნა, რომ არ ისურვებდა, თავისი რჩეულის საყვედურები ესმინა, თუკი ქალი მისი ,,წუთიერი გატაცებების“ შესახებ შეიტყობდა.  კითხვას, აპატიებდა თუ არა თავადაც ღალატს, არტური აშკარად არ მოელოდა. ,, იცით, მაინც ... კაცის ღალატი სხვაა, ქალის - სულ სხვა,“ შაბლონური პასუხი გამცა არტურმა, რომელსაც  პროფესიული კუთვნილების გამო კულტურის სფეროს ადამიანებთან აქვს ურთიერთობა, როგორც ითვლება, სხვებთან შედარებით თავისუფალი აზროვნების ადამიანებთან.
 
სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის მონაცემებით, 2012 წელს ოჯახური ძალადობის 766 შემთხვევა მოხდა, ამათგან 621 შემთხვევაში მსხვერპლი ქალი იყო, 145-ში - მამაკაცი.
 
ქალთა დახმარების ცენტრის დირექტორი მარო მატოსიანი თვლის, რომ ქალებზე ძალადობის შემთხვევები სინამდვილეში გაცილებით მეტი იქნება, მაგრამ მრავალწლიანი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოცდილების მქონე ქალებს ამაზე საუბრის, და მით უფრო, პოლიციაში განცხადების ეშინიათ.
 
,,ქალებს, რომლებიც ძალადობას საკუთარ თავზე განიცდიდნენ, გადაწყვეტილების მიღება უჭირთ, რადგან დროში გაწელილი ძალადობა მათ ,,ეგოს“ ძლიერ თრგუნავს,“ ამბობს მარო მატოსიანი და დასძენს, რომ წლების განმავლობაში მათ ტვინი ისე ,,ერეცხებათ“, რომ ტირანისგან გაქცევის მცდელობაც არ აქვთ.
 
სომხეთში არ არსებობს კანონი ოჯახური ძალადობის შესახებ, რომლის მიღებასაც აუცილებლად თვლიან გენდერულ თემებზე მომუშავე ორგანიზაციები. ,,კანონმა მსხვერპლი უნდა დაიცვას, მჩაგვრელი კი - დასაჯოს. სანამ ასეთი კანონი არ გვაქვს, სიტუაცია ვერ გამოსწორდება, დამძიმებით კი შეიძლება დამძიმდეს,“ - ამბობს  მატოსიანი.
 
ქალთა დახმარების ცენტრმა პრობლემურ ურთიერთობებში გასარკვევად ქალებისთვის სახელმძღვანელო გზამკვლევი გამოსცა.
 
სახელმძღვანელოს მიხედვით, მამაკაცს უყვარს ქალი, როცა ქალი მასთან თავს დაცულად და მყუდროდ გრძნობს, უსმენს მას, გულწრფელია მასთან, საკუთარი შეცდომების გაცნობიერება შეუძლია; თუ მამაკაცი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას არ უკრძალავს, ენდობა ქალს, მხარს უჭერს და ამხნევებს, ისეთად იღებს, როგორც არის.
 
ამავე ტექსტის მიხედვით, მამაკაცს არ უყვარს ქალი, თუკი ზედმეტად ეჭვიანია, ძალაუფლებისმოყვარე, ქალის გაკონტროლებას ცდილობს, მუდამ მას ადანაშაულებს, ქალის სურვილისგან დამოუკიდებლად ითხოვს მისგან ინტიმურ სიახლოვეს, თრგუნავს, ამცირებს, სხვების თანდასწრებით დასცინის, ურტყამს, ცემს, აშინებს, ართმევს ფულს, ატირებს, მიტოვებით ემუქრება, თუკი ქალი მის ნებას არ დაჰყვება და იმას არ გააკეთებს, რაც მას სურს.
 
შესაძლებელია კი ურთიერთობათა რთულ სამყაროში ამ სახელმძღვანელოთი გზის გაკვლევა?
 
ქალთა დახმარების ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ეს სახელმძღვანელო მას მერე მომზადდა, რაც გამოკითხვებმა უჩვენა, რომ ახალგაზრდებს შორის ძალიან ცოტას ესმის, რას ნიშნავს პატივისცემასა და თანასწორობის განცდაზე დაფუძნებული ჯანსაღი ურთიერთობა. ,,არა, თქმა უნდა, ტექსტი შეიძლება საკამათოც გახდეს. მასში მხოლოდ ჯანსაღი ურთიერთობის საფუძვლებია მომცემული,“ - ამბობს მატოსიანი.
 
ცენტრის ერთ-ერთი ბენეფიციარი, ანა (სახელი არ შეგვიცვლია), ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. ანა ძლივს მეტყველებს, ჯერ გადატანილი სტრესი არ დაუძლევია და ჩემთან საუბრისთვის მზად არ არის. თუმცა, ერთი რამ ზუსტად იცის - ძალადობა და სიყვარული ერთმანეთს ვერ ეთავსება.
 
 არც ისე დიდი ხნის წინ ერთი სამოცი წლის კაცის დაკრძალვაზე ვიყავი. განსვენებული მკაცრი, ჯიუტი ადამიანი იყო. ცოლი სამი წლის წინ, მოულოდნელად გარდაეცვალა. ცოლის სიკვდილის შემდეგ მის ცხოვრებას აზრი დაეკარგა, გარდაცვალების მიზეზიც გულის შეტევა იყო. სიკვდილამდე საზოგადოებას სრულიად ჩამოშორდა, კი არ ცხოვრობდა, არსებობდა. ცხოვრებით მხოლოდ ცოლზე მოგონებებით ცხოვრობდა. ცოლზე, რომელზეც მის სიცოცხლეში მუდამ  ძალადობდა. ,, შენ იყავი ჩემი ანგელოზი, რომელიც დავკარგე. მალე მოვალ შენთან,“ გარდაცვლილი ცოლისადმი მიძღვნილი ასეთი სიტყვები დაწერა სიკვდილის წინ დატოვებულ წერილში.
 
ნათესავები ამბობდნენ, რომ მან სიყვარულის ნაკლებობას ვეღარ გაუძლო.  სიცოცხლეში ტირანი იყო, მერე - ახალი კანდიდატურის ( მსურველებიც იყვნენ, თან არაერთი) რჩევას და მასთან ცხოვრებას ის არჩია, ამ ქვეყნიდან წასულ ცოლს მიწეოდა, იმ ფაქიზ არსებას, რომელიც შეეძლო დაემახინჯებინა კიდეც, ოღონდ მისთვის ქუჩაში სხვა მამაკაცებს არ ეყურებინათ.
 
გენდერული პრობლემებისადმი მიძღვნილ გზამკვლევში ასეთ შემთხვევაზე ერთი სტრიქონი არ მინახავს .
 
თუ ,,არსიყვარულის“ აღწერაში ერთი ან რამდენიმე მსგავსებას მაინც იპოვით თქვენს ურთიერთობებთან, მაშინ შეიძლება თქვენ ძალადობის პოტენციური მსხვერპლი გახდეთ.
 
და მაინც: ამ ქვეყნიდან ნაადრევად წასული ქალი ძალადობის მსხვერპლი იყო, მისი მოძალადე ქმარი კი, რომელმაც ცოლის დაკარგვა ვერ გადაიტანა - სიყვარულმა იმსხვერპლა.
 
სტატია მომზადებულია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, "ლიბერალისა“ და ხსენებული ფონდის ერთობლივი პროექტის, "სამხრეთ კავკასიის ხმების“ ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, მასში გამოყენებული ტერმინოლოგია, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ჟურნალის რედაქციისა და ბიოლის ფონდის პოზიციას.

 

წყარო 

ტეგები: კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ სომხეთი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker