Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

დაზღვეული მანდილი და ფემინისტური რვა მარტი

გიორგი ძნელაძე
კატეგორია: ეს საინტერესოა 
2012-03-14

8 მარტს, დილით, ფემინისტური მოძრაობის წევრები დამიკავშირდნენ და აქციაში მონაწილეობის მიღება შემომთავაზეს. მეც დიდი სიხარულით დავთანხმდი. აბა, მე, ფემინისტს, ამ დღეს სახლში რა მომასვენებდა?! დანიშნულების ადგილას მივედი. მართალია, არც ისე ბევრნი ვიყავით, მაგრამ პრობლემა მონაწილეთა სიმცირე კი არა, ხალხის რეაქცია იყო. როცა აქციაზე ვიდექით და ხელში გვეჭირა პლაკატები წარწერებით: ,,დედობა არჩევანია და არა-მოვალეობა’’, ,,რვა მარტი ქალთა უფლებების დაცვის დღეა!’’, ,,რვა მარტი ფემინისტური ბრძოლაა’’, ,,დაამსხვრიე პატრიარქატი’’, ,,ჩვენ ყვავილები კი არა, უფლებები გვინდა’’, ხალხი ისე გვიყურებდა, როგორც უცხოპლანეტელებს. არ ვიცი და ალბათ ვერც ვერასოდეს მივხვდები, რა თვალხილული საოცრება დაინახეს ჩვენს ფემინისტურ ლოზუნგებში, თუმცა რამდენიმე ჭარმაგი მამაკაცი ქირქილით მოგვიახლოვდა და გვკითხა: ,,აა, თქვენ ისა ხართ, რომ იძახით, ყველა ქალი უნდა იყოსო?’’ , ,,ქალმა ქმრისგან ცემა არ უნდა დაიმსახუროს და თუ დაიმსახურებს, უნდა აიტანოს’’, ,,თუ გათხოვება გინდათ, მაშინ პატრიარქატი უნდა აღიაროთ’’. ჩვენს შეკითხვაზე, იყო თუ არა ქალის მოვალეობა გათხოვება და შვილების გაჩენა, ასეთი პასუხი მივიღე: ,,აბა, რა, თქვენ გინდათ, რომ ყველა ქალი იყოს?’’... საქართველოში გენდერული განათლება აუცილებელია, რათა ხალხმა ფემინიზმი კაცთმოძულე, სისხლისმსმელ იდეოლოგიად არ აღიქვას და შეკითხვაზე, აუცილებელია თუ არა ქალისათვის გათხოვება და შვილების გაჩენა, აღარ მივიღოთ ასეთი პასუხი: ,,თქვენ გინდათ, რომ ყველა ქალი იყოს?’’. აქ განათლება რომ არსებობდეს, მაშინ ლოზუნგი: ,,ქალებო, დაამარცხეთ პატრიარქალური წყობა’’, ხალხს საქართველოს პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული კამპანია არ ეგონებოდა...  თუ ამგვარ მცირე ექსცესებს არ ჩავთვლით, აქცია მშვიდობიანად დასრულდა. ქუჩებში პლაკატებით ჩავიარეთ და კმაყოფილები, გახარებულები და ბედნიერები გამოვემართეთ უკან.

***

ჩემი ბინისაკენ მიმავალ გზას დავადექი. ქუჩებში მდგარი ქალები ყვავილებს ყიდდნენ და გაიძახოდნენ: ,,უყიდეთ ცოლებს ყვავილები...’’. ვარდებითა და იებით ხელდამშვენებული მამაკაცები შევნიშნე, მათკენ გავემართე და ვკითხე, წელიწადში რამდენჯერ ყიდულობთ ყვავილებს ცოლებისათვის-მეთქი? სულ ორჯერ, 8 მარტსა და დაბადების დღეზეო... თითქმის ყველამ იგივე პასუხი გამცა. ოცდახუთიოდე ბიჭსაც დავუსვი ეს შეკითხვა და ყველამ მიპასუხა: ,,იებს დედაჩემისთვის მხოლოდ 3 მარტს ვყიდულობ’’... სხვა დროს-მეთქი?... სხვა დროს, რავი, არა, ნუ, არა, არ მახსენდებაო...  ჰო, არ მახსენდებაო...

გზა განვაგრძე. ისევ შევნიშნე ქალები. მძიმე, პროდუქტებითა და სარეცხი საშუალებებით სავსე ჩანთებს მიათრევდნენ. მთელი ცხოვრება მონებივით შრომობენ და წელიწადში ერთი დღე ხომ მაინც უნდა იყოს ,,მათი’’? პატრიარქალური საზოგადოება ჩაგრულებისთვისაც ,,გამოჰყოფს’’ ერთ დღეს. (მაგრამ ქალს არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ამ დღეს მის უფლებებსა და ფემინიზმის ისტორიაზე ისაუბრებენ) ამგვარ ,,კომპენსაციას’’ ქალი მაშინაც იღებს, როცა სამზარეულოში ფუსფუსებს და ხაჭაპურს აცხობს, მაგრამ ბოლოს, სუფრაზე მის სადღეგრძელოს რომ შესვამენ... კომპენსაციაა, აბა, რა არის, როცა შენ, ქალო, ცოდვათდაცემის მიზეზო, ფქვილსა და მარგარინში ხელებამოსვრილი, მორცხვად, თავდახრილი დადგები ქმრის ძმაკაცების წინაშე და მოისმენ მანდილოსნების სადღეგრძელოს?!...აბა, რომელი თანამდებობა შეედრება ამას?! ,,შეენ, ქართველო ქალო, იასავით ნაზო, მორცხვო, მორჩილო, მანდილიანო’’... - ამგვარი ეპითეტებით ,,შეგამკობენ’’, სადღეგრძელოს შემდეგ ყვავილს მოგართმევენ და რვა მარტს, ღამის 00:00-დან, გაცვეთილი ყოველდღიურობა გაგრძელდება. ისევ ჩაებმები ხაჭაპურულ-ფქვილურ-მარგარინულ ფერხულში და კიდევ ერთი ვარდისა და იის მისაღებად, თუ მანდილოსნების სადღეგრძელოს მოსასმენად მომავალ რვა მარტს უნდა დაელოდო... მაინც, ქალო, რა ბედნიერება შეედრება იმას, როცა დგახარ და სხვები ჯანმრთელობასა და გამძლეობას გისურვებენ?! მაგრამ ნუ გექნება იმის იმედი, რომ ამ ჯანმრთელობას შენთვის მოიხმარ. ისევ მათ უნდა მოემსახურო და ეგ შენი სასიქადულო ჯანიც ხაჭაპურების ცხობაში გაგვარდება.

ამ ფიქრებში მივადექი ინტერნეტ-კაფეს და თვალი გადავავლე, რას თამაშობდნენ ბავშვები (ბიჭები). ბიჭი გოგოს ეთამაშება და თუ მოუგებს, ხდის. ზოგ თამაშში გოგონას დასდევს, აწვალებს, მახეებს უგებს, აბამს. მოკლედ, იმორჩილებს, იმონებს, ხდის. კაცი ,,ომში’’ გამარჯვებული, ჰეროიკული მანტიით შემოსილი, ქალის ტრივიალურ-მამა-პაპური მომხმარებელია, ქალი კი არაშემოსილი, გახდილ-ჩახდილი და ტრივიალურ-მამა-პაპურადვე ნახმარი, დაპყრობილი და ,,დაბინძურებული’’. ზოგ სურათზე გამოსახულია ქალი, რომლის ბიუსტჰალტერის შესაკრავსაც ზედ დააწერეს: ,,Open it and PLAY’’. სურათზე ყვითელი ისარი მიგვანიშნებს, თუ რა, სად, როდის, როგორ და რატომ უნდა გავხსნათ და, რაც მთავარია, გასხსნის შემდეგ როგორ უნდა მოვიხმაროთ პროდუქტი- ქალი.  ანუ შესაკრავი გაუხსენი და ითამაშეო... შეაჯექიო, გააჭენეო, მოახტიო, მოიხმარეო, დაიმონეო, დაამცირეო, დაამდაბლეო... ის ხომ ქალიაო, სახმარად შეიქმნაო...

მიზოგინიური თამაშების სამყაროს გამოვშორდი და გზა განვაგრძე. ამ ფიქრებში მივადექი ჩემი ბინის კარსაც. სავარძელში ჩავჯექი, ტელევიზორი ჩავრთე, ჭიქა შამპანური ავიღე, სიგარეტს მოვუკიდე და გადაცემებსა და რეკლამებს დავაკვირდი. ერთ არხზე ირანელი ქალების ცხოვრებაზე გადაღებული ფილმი გადიოდა. მეორეზე - ქალის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი თოქ-შოუს ანონსი. ,,ქალური ლოგიკა’’, ანუ ქართულად, მამაპაპურად რომ ვთქვათ, ქალის უტვინობა. ქალმა იმ გადაცემაში ძალიან დიდი სისულელე უნდა თქვას, მაქსიმალურად ,,ქალური’’ (ანუ ქართულად უტვინო ნეკნი) უნდა იყოს, რათა საკუთარი სქესის ,,დამღა’’ კარგად დაემჩნეს, სტუდიაში მსხდომი კაცებიც აახორხოც-აახითხითოს და კიდევ ერთხელ განამტკიცოს ის მოსაზრება, რომ ქალთა ,,ცოდვილი’’ და ,,ბინძური’’ სქესი სულელი და ჩლუნგია. რაც მთავარია, მამაკაცი ამ სიცილ-ხორხოცში ფულსაც იგებს... მესამე არხზე გადავრთე: ორი მოწიფული მამაკაცი მსჯელობდა, თუ რა სურდა ქალს. სიტუაცია ასეთია: ერთი ამბობს: -,,იქნებ, ქალი თავდარტყმული კაცია?!’’ -,,იქნებ, არარეალიზებული კაციც?!’’ - პასუხობს მეორე. გასაკვირია, რომ ქალების იმ ,,ექსპერტებს’’ ერთხელაც კი არ უხსენებიათ ჯუდით ბატლერი, ან სიმონ დე ბოვუარი.

"ჯი პი აი ჰოლდინგმა" სარვამარტო საჩუქარი გაუკეთა მანდილოსნებს. (ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მავანი მანდილოსანია, რადგან ყველა ქალი მანდილის ტარების ღირსი როდია?) მათ წამოიწყეს აქცია სახელწოდებით: ,,ფრთხილად, ავტომობილის სარკესთან ქალია!’’. სურათზე გამოსახულია ქალი, რომელსაც ტუჩზე პომადა ,,გაედღაბნა’’ და, რბილად რომ ვთქვათ, ფოტოს გადაღებისას დიდად აზრიანი გამომეტყველებაც არ ,,დააყენებინეს’’. იქვე დიდი შრიფტით წერია: ,,სარვამარტო საჩუქარი მანდილოსნებს!  (ისევ მანდილის ტარების დამსახურებაზე მინიშნება) დააზღვიეთ ავტომობილი ჩვენთან და მიიღეთ საჩუქრად 150 ლარი შოპინგისათვის.’’ აქციის ლოზუნგი გვაფრთხილებს, რომ ავტომობილის სარკესთან (საჭესთანაც) ქალია. ქალი, ანუ უტვინო არსება, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მამაკაცის ,,დანამატი’’. ყველა ქალი ცუდი მძღოლია, მუდმივად ავარიაში ხვდება, საცობებს ქმნის, მამაკაც მძღოლებს ნერვებს უშლის და მათ დიადმასკულინური მიზნების მიღწევაში ხელს უშლის. ქალი სულ სარკეში იხედება, გზას არ უყურებს, არც წითელ შუქს დაგიდევს და მუდამ თვალ-ტუჩს ,,იკრასკავს’’ და მამაკაცების გინების ,,აკომპანიმენტით’’ თმებს ისწორებს. საგინებელია კიდეც, იმიტომ, რომ ცუდი მძღოლია. ცუდი მძღოლი კი იმიტომაა, რომ ქალია. ტუჩზეც იმიტომ ,,გაედღაბნა’’ პომადა, რომ  წინ ვერ იხედებოდა. საერთოდ, ქალს ტვინი არა აქვს და გზაზე ყურადღების კონცენტრირებაც იმიტომ უჭირს. მაგრამ უნივერსალური ფალოკრატიის ინსტიტუციონალურ-იდეოლოგიური ფუნქციაც ხომ სწორედ ისაა, რომ ქალს - უსუსურ არსებას, ,,შეუნდოს’’? კომპანია მას ,,შეფარვით’’ ეუბნება: ,,მართალია, უტვინოები ხართ და მანქანის მართვა არ იცით, კაცსაც ვერასოდეს გაუთანასწორდებით, მაგრამ ჩვენ, მოწყალე პატრიარქები, მზად ვართ, ეგ თქვენი სისუსტე და ნაკლი გადავივიწყოთ, მანქანა დაგიზღვიოთ და 150 ლარიც გაჩუქოთ.’’ ქალმაც მორჩილად უნდა გადაუხადოს მადლობა და უპასუხოს: ,,კი, დებილი ვარ, დამაზღვიეთ’’. ხუმრობა ხომ არაა, მისი ,,ბინძური’’ სქესისათვის  ამხელა წყალობას რომ იღებენ: 150 ლარს. სინამდვილეში ქალმა მხოლოდ ,,ქალური’’ ელემენტი, მანდილი უნდა დააზღვიოს, რათა საჩუქრად მიღებული თანხა ისევ მანდილებში დახარჯოს.

,,ჯი პი აი ჰოლდინგს’’ ერთ-ერთმა არხმა აუბა მხარი: სარვამარტო სიუჟეტში წამყვანი არკვევდა, მართლა ცუდი მძღოლები იყვნენ თუ არა ქალები. მან ვიღაც ბიჭს ჰკითხა: არსებობს მითი, რომ ქალები მამაკაცებზე ცუდად მართავენ მანქანას და თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სიმართლეა, თუ არაო. მანაც პასუხი არ დააყოვნა და მიუგო, კი, მართალია, ჯობია, ქალები სახლებში იყვნენ და იქ იმუშაონო. რა თქმა უნდა, ქართველი ქალის მოვალეობაც ხომ სწორედ გათხოვება და შვილების გაჩენაა. ის მუდამ სამზარეულოში უნდა იყოს და მხოლოდ მაშინ უნდა გამოდიოდეს გარეთ, (ცხადია, უმანქანოდ) როცა ქმარსა და შვილებს რაღაც სჭირდებათ. იგი უნდა იყოს ოთარაანთ ქვრივი, ქართლის დედა, ალგეთის ლეკვების მშობელი, უსურვილო, ვნებებჩამკვდარი, უსქესო, უგრძნობი არსება. თუ საზღვარგარეთ წავიდა, (ცხადია, ისევ ოჯახის საჭიროების გამო) ქალმა აქტიურად უნდა განაგრძოს ქართული ეკლესიის დაფინანსება და მეოთხე ბავშვი 7759-ე საყოველთაო ნათლობაზე საჯაროდ მონათლოს. მოსანათლი, ცხადია, ბიჭი უნდა იყოს. (ღვთიური მადლი მხოლოდ ბიჭებზე არ გადმოდის, მაგრამ თუ საქმე არჩევანზე მიდგა (გოგონას ,,გაწირვა’’ უფრო ადვილია), ისედაც კარგა ხანია, ველით ბაზალეთის ტბის ძირას მწოლ მესიას, რომლის გამოჩენასაც საშველი არ დაადგა და იქნებ ქალმა შვას ანტიქალი, ნამდვილი გმირი, რომელიც საყოველთაო წესრიგს დაამყარებს? ქალები კი ამ ფალოცენტრულ წესრიგს ყველაზე ერთგულად დაიცავენ და კიდევ უფრო მეტად დაემორჩილებიან მჩაგვრელი პატრიარქალური კულტურის ,,ნორმებსა’’ და აკრძალვებს. საკურთხეველში მათი ბინძური, სისხლმდინარი მოდგმის ადგილი არაა, საკურთხეველს გარეთ კი, ილაპარაკოს რამდენიც უნდა და ეკლესიის მშენებლობა დააფინანსოს. დედის დღეს, სამ მარტს, ამავე არხმა დედათა ,,შეპირისპირებითი'' ანალიზი შემოგვთავაზა: პირველი კატეგორიის, ანუ ,,ნამდვილი’’ დედა, რომელიც სულ ზრუნავს შვილებზე, ოჯახი და შვილები კარიერაზე მნიშვნელოვანია VS მეორე კატეგორიის დედა, რომელმაც შვილები მიატოვა და ისინი საერთოდ არ ახსოვს. პირველი მიიღებს შვილისგან საჩუქარს. მეორე კი უნდა ,,გაგვამდეს’’ და დასამარდეს ისე, როგორც მრავალი ,,ჩაგვამებულა’’. ისინი დარჩებიან შვილების მიმტოვებლებად, მათი ბედის ანაბარა ,,დამგდებებად’’ და ჭაში, ზღვასა თუ ჭაობებში ჩახრჩობილ-ჩაგუდულებად. თითქმის ყოველ თვეში გვიჩვენებენ სიუჟეტს, რომელსაც რეფრენად გასდევს: ,,საზოგადოება და კანონი დედების მიმართ უფრო მკაცრი უნდა იყოს!’’. მედია არასოდეს ინტერესდება იმით, თუ რატომ იშორებს დედა შვილს. არასოდეს ამბობს იმას, რომ სწორედ ამ ფალოცენტრულ საზოგადოებას სულის შემხუთავი აკრძალვების ,,წყალობით’’ მიჰყავს ქალი ამ ზომამდე, რადგან მის უკანონო შვილს (ქართულად, მამაპაპურად - ნაბიჭვარს) არ იღებს? იქნებ ქალს არ სურს, რომ ეკლესიის, ამ უბერებელი მიზოგინიის მიერ დაკანონებული უღელი დაიდგას მხრებზე? როცა მიტოვებულ ჩვილს წყალში თუ სანაგვეზე აღმოაჩენენ, ძებნას არ განაგრძობენ. იქნებ დედაც იქვე, ან შორს, დამხრჩვალი, მოგუდული, ყელგამოღადრული, ვენებგადაჭრილი გდია ჭაში, ნაგვის ურნასა თუ ზღვაში?...

სარვამარტოდ თუ ანტისარვამარტოდ ბერაც რეპავს, (თუ აჰიპჰოპებს) ორმაგი ფასი დაადეთ ბერას ნახმარს, გინდ ტანსაცმელს და გინდ-ქალსო. რა მასკულინური ლექსიკა აქვს, რა ჩინებულად ჯდება იმ ბიძების ,,ჩარჩოში’’, რომლებიც 36 მანეთად რუსეთში დაფრინავდნენ და რუსის ,,ნაშებს’’ ხმარობდნენ, უკან დაბრუნების შემდეგ კი ფემინურობაზე მასკულინურობის წარმოსახვითი გამარჯვების ისტორიებით ყოყლოჩინობდნენ... არა, ბერა რუსეთში არ მიდის. მკვეთრად თუ არამკვეთრად ანტირუსული განწყობისაა, ევროპაშია. გივი სიხარულიძის პროტოტიპია, ოღონდ ,,ვესტერნიზებული’’. ბერამ გაგვაცდინა დიადი რუსეთის საზღვრებს და დაგვანახა, რომ მის იქითაც არსებობს რაღაც და ცხოვრება დუღს და გადადუღს. ის ევროპელ ნაშებს ,,ხმარობს’’. აი, ისეთ ბოზებს, ათასი მასწავლებლის სახით რომ ჩამოგვდის ივერიაში და შვილებს გვირყვნის ანტიქრისტეს ენით. ის ხმარობს ჩასაძირი ქვეყნის შვილებს, რადგან ქართველი კაცია. მართალია, ევროპის ქვეყნები მეორედ მოსვლისას ოკეანეში ჩაიძირება, მაგრამ ბერა ივერიაში დაგვიბრუნდება. მოვა და იამაყებს იმით, რომ ამერიკელ ,,ბოზებს’’ ჟიმავდა. მას შეუნდობენ, რადგან კაცია. ეგ ქალისთვის ,,ტეხავს’’ სექსი, თორემ მრუშ და სიძვის ჩამდენ კაცს თავისებური ,,იზიუმინკაც’’ კი აქვს. ნეტავ, უკვე ხომ არ იშვა ის ბაზალეთის ტბის ძირას მწოლი მესია, რომლისთვისაც მადლითცხებულძუძუიან მანდილიან ძუს ძუძუ უნდა მოეწოვებინა? ნუთუ  ბერაა ის გმირი, ახლა რომ შარვლისაკენ, "მამაკაცური ღირსებისაკენ" იშვერს ხელს და გვეუბნება, ორმაგი ფასი დაადეთ ბერას ნახმარ ქალსო? ნუ, ის თავიდანვეც კი ვიცოდით, რომ ქალსა და ტანსაცმელს ერთი ფასი ჰქონდა... ივერიაც გაბრწყინდა. ტაში.

,,ჯი პი აი ჰოლდინგი’’ პირველი დაწესებულება არაა, რომელიც სექსისტურ კამპანიას ატარებს. არც თუ ისე დიდი ხნის წინათ ,,საქართველოს ბანკმაც’’ შემოგვთავაზა მსგავსი რეკლამა: მამაკაცი ქალს, ანუ ნახმარ ნივთს, მანქანას აგდებს, იშორებს. მობეზრდა და ახალი უნდა. ერთ-ერთ რეკლამაში კი კაცი ქალს ,,ხმარობს’’, შემდეგ კი ლუდს აყოლებს და ამბობს: ,,ალუდა ლუდას ჯობია’’. ყოველივე ეს ერთი დიდი მაჩო იდეოლოგიაა, რომელიც თურმე უნდა ,,გავატაროთ’’ და ,,ბუნებრივად’’ მივიღოთ.

რამდენიმე დღის წინ ,,ჯი პი აი ჰოლდინგმა’’ სექსისტური კამპანიის გამო ,,ბოდიში’’ მოიხადა და განაცხადა: ,,ვწუხვართ, თუ ჩვენი რეკლამა ვინმემ გენდერული თანასწორობის პრინციპის დარღვევად აღიქვა.’’ იქვე დასძინა, ჩვენ ეს რეკლამა სექსისტურად არ მიგვაჩნიაო. უცნაურია: დანაშაულს აღიარებენ, მაგრამ თავს დამნაშავედ არ სცნობენ. ორგანიზაცია, რომელიც სექსისტურ კამპანიას ატარებს, უნდა შეწუხდეს, თუკი საზოგადოების ნაწილი მის რეკლამას დამამცირებლად მიიჩნევს. წუხილი მისი პერმანენტული მდგომარეობა და ,,პური არსობისა’’ უნდა იყოს, თორემ კლიენტ ქალებს დაკარგავს. (უამრავმა ქალმა აღნიშნა, რომ ამ კომპანიაში არაფერს დააზღვევდნენ, რადგან რეკლამა შეურაცხმყოფელი იყო) ეს ბოდიში ჰგავდა ოთხი წლის ბავშვის პატიების თხოვნას, რომელიც, მართალია, უგულოდ, მაგრამ მაინც იხდის ბოდიშს. თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ არაფერი ,,დაუშავებია’’, მაგრამ ისიც იცის, რომ მობოდიშება კარგი ,,ტონია’’. ამით ხალხსაც (ქალებს) მოთაფლავს და, ასე ვთქვათ, ხელსაც დაიბანს. თუმცა ,,საკომპენსაციოდ’’ იმასაც იტყვის, რომ რეკლამა სექსისტური არაა. ბოდიშის მოხდითაც კი იმ ადამიანებისაკენ იშვერენ ხელს, ვინც მათი დამამცირებელი რეკლამა სექსისტურად მიიჩნია. ,,გენდერული თანასწორობის პრინციპის დარღვევად აღიქვა’’... ანუ, პირდაპირ გვითხრეს, კი არ დაგვირღვევია, არამედ-თქვენ ასე აღიქვით, მოგეჩვენათო. ჯი პი აი ჰოლდინგი წუხს, მაგრამ აქციას მაინც განაგრძობს. ჩვენ ხელები დაგვიბანიაო, ამ გადარეულ და აღშფოთებულ ქალებს/კაცებს ბოდიში მოვუხადეთ და ჩვენს საქმეს ისევ ჩინებულად ვუძღვებითო. არ ვიცი, რომელ ლექსიკონში ან სად ნახეს მათ სექსიზმის განმარტება. ვფიქრობ, მათ წარმოსახვაში ტერმინი ,,სექსიზმი’’ სექსს უნდა ნიშნავდეს. სექსს, ანუ მამაპაპურად (ცხადია, არადედაბებიურად) რომ ვთქვათ, ტყუნას, ანუ კაცთაგან ქალის დამდაბლებას. (სულხან-საბამაც ეს დაგვიბარა) მამაკაცს კი შეუძლია, ამ ,,დამდაბლების’’ დროს ისე მოექცეს ქალს, როგორც სურს. ქალი დაბალი ღობეა და მარადდომინანტი კაცი ზედ გადაუვლის და გადმოუვლის. რა პრობლემაა. ქალის დამცირებას რა უნდა? ერთი ,,კვანტი’’ მამაკაცურად და ეგაა. ფემინურობა დამარცხებულია და მასკულინურობის ფერხთით წევს. პატრიარქატს ქალის ,,კაპიტულაცია’’ არ სჭირდება. მხოლოდ ძალმომრეობითი გამარჯვება/დამორჩილება ანიჭებს სადისტურ სიამოვნებას.

,,ჯი პი აი ჰოლდინგისა’’ და ფემინისტების დაპირისპირებაში ,,ბრძოლის ველზე’’ ახალი ,,ბუნტარული სულის’’ ანტიფემინისტიც გამოჩნდა: შალვა რამიშვილი. მან განაცხადა, რომ ქალები ცუდი მძღოლები არიან. ,,მებრალება ყველა ის ქალი, რომელსაც არ სურს რომ იყოს მამაკაცის მფარველობის ან ზრუნვის ქვეშ! მებრალება ყველა ის ქალი, რომელსაც არ მიაჩნია თავის ვალად მისი მამაკაცის მსახურება... და ნუ გამომეკიდებით ამ ზმნაზე. მე არ მომწონს ასეთი ქალები. არც ერთ მამაკაცს არ მოსწონს ასეთი ქალები!’’

რა თქმა უნდა. ქალი მამაკაცის ნეკნია, დანამატი, შემთხვევითი არსება და "მის გაჩენაში ღმერთის ხელი არ ურევია’’. აკრძალული ნაყოფი შეჭამა და მამაკაციც აცდუნა. სწორედ მის გამო ისჯება კაცობრიობა/ქალობრიობა. ამიტომ ცოდვათდაცემის მიზეზმა, ქალმა, მორჩილებითა და სიყრუე-სიმუნჯე-სიბრმავით უნდა ,,ზღოს’’, მშობიარობაგართულებულმა ტკივილში უნდა შობოს შვილები. ქალს აწევს ღვთიური წყევლა-რისხვის ნიაღვარიც: ,,ქმარი მეუფებდეს შენზე’’. ანუ, რამიშვილის არ იყოს, ქალი ბატონს უნდა ემსახუროს. კაცობრიობის/ქალობრიობის არსებობის მანძილზე ცისქვეშეთში ყველა დანაშაულს მოეძებნა გამართლება, ყველას უპოვეს რაღაც მიზეზი და ,,მსჯავრდებულიც’’ ,,შეიწყალეს’’. ქალს კი ვაშლის შეჭმა არ და ვერ ეპატია. ის მარადიული დამნაშავეა, რომლის ცოდვასაც ვერაფერი ,,გამოისყიდის’’ და ამიტომ კაცის მუშტში, მუშტის ქვეშ თუ მუშტთან ახლოს ყოფნა მიესაჯა. ანუ შალვა რამიშვილისეულად რომ ვთარგმნოთ, კაცის მსახურება. ჯი პი აი ჰოლდინგის ენაზე კი, საიმედო ხელში ყოფნა. მერე რა, რომ კაცის ძლიერი ფრთა-მუშტი ქალს გუდავს, ახრჩობს, თავისუფლებას უზღუდავს და იმონებს? ჩვენ, დედამიწელები, ,,შეცდენილი’’, საბრალო ადამის ,,ხათრით’’, მავანის ცოლის ჩალურჯებულ და ტირილით დასიებულ თვალებზეც დავხუჭავთ თვალს და არც იმ რკინის, მეტალის თუ ქვის ძლიერ ფრთებს ჩავაგდებთ რამედ, რომელიც ზარხუფად გადაჰფარებია ქალს. სამყარო სასტიკია, ქალო, დარჩი მამაკაცის ძლიერი ფრთის ქვეშ. შეიძლება, წამოგარტყას, მაგრამ შეუჩვეველ ლხინს - მოულოდნელობებით აღსავსე, მტრულ სამყაროსთან დაპირისპირებას ისევ შეჩვეული ჭირი - ძლიერი ფრთა-მუშტი გერჩივნოს. ჩვენ ადამს თანავუგრძნობთ, რადგან ქალის, ანუ გველის გამო სამოთხიდან გამოაძევეს. ახლა ადამის შურისძიების დროა: ევა უნდა ,,დააჩოქოს’’. ადამიანს ადამ-იანი ეწოდა და არა - ევ-იანი. ადამის მოდგმა ,,ვართ’’ და არა - ცოდვილი ევასი. კაცს ზოგადად ადამიანს უწოდებენ, ქალმა კი ეს ვერ ,,გაქაჩა’’, ადამიანის კატეგორიამდეც ძლივს ,,ამაღლდა’’. წმინდა მამები (და არა - დედები) იმაზეც კი დიდხანს ბჭობდნენ, ჰქონდა თუ არა  ქალს (და არა - კაცს) სული. 51-მა მამამ განაცხადა, აქვსო. 49 ისევ ამტკიცებდა, არაო. დიდი დავიდარაბის შემდეგ გადაწყდა, რომ ქალს სული აქვს. რამხელა წყალობაა ცოდვილი სქესისათვის! ხუმრობა ხომ არაა, ქალზე თქვან, სული აქვსო... მაგრამ დიდ წყალობას დიდი ,,მსხვერპლიც’’ მოსდევს: პავლე მოციქულმა ახალი სასჯელი ,,დაადო’’ ქალს: ქმრის მორჩილება. ამგვარად, ადამი განზოგადდა, გაიზარდა და მთელი კაცობრიობა (და არა ქალობრიობა) მოიცვა. ჯვარცმული მაცხოვრის სისხლიც მხოლოდ ადამის საფლავს დაეწვეთა და იგი შენდობილია. ევას ასეთი წყალობა არ ეღირსა. ამიტომაც ფრთა-მუშტის პერმანენტული საფრთხის წინაშე უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ლაგამი მაგრად ეკეთოს, რომ ,,დაუკრეფავში’’ არ გადავიდეს და კაცმა იქით მიუქციოს/მოუქციოს/მოუღრიცოს თავი/კისერი, საითაც უნდა. ანუ, რამიშვილისეულად, ემსახუროს.

ადრე ქალის ჩაგვრა და დამონება კანონის დონემდე იყო აყვანილი. მაგალითად, რომში ქალს არ ჰქონდა სასამართლოში მოწმედ გამოსვლის უფლება, რადგან სულელ, უგუნურ, უნებისყოფო, მატყუარა და მაცდურ არსებად მიიჩნეოდა. ქალის უფლებები ყველგან შეზღუდული იყო. სალიჩიურმა კანონმა ფრანგ ქალებს დედოფლობა აუკრძალა. ქალებს მუდამ ,,სწამებდნენ’’ სისულელესა და უგუნურებას. ქართულად, მამაპაპურად რომ ვთქვათ, ,,დედაკაცის გონება იწრო არს’’. დღეს ასეთი კანონები აღარ არსებობს, მაგრამ მარკეტინგმა, მედიამ, პრესამ და მასაზე ზემოქმედების სხვადასხვა ,,ინსტიტუტებმა’’ ჩინებულად აითვისეს ქალზე ძალადობის სხვადასხვაგვარი მეთოდები. ქალი არის სექსისტური მარკეტინგის, პუბლიკაციების, გადაცემების, კარიკატურული, დამამცირებელი ბანერების, პორნოვიდეოების, უხამსი ანეკდოტებისა თუ რეკლამების მთავარი ,,სამიზნე’’. ყველა მათგანი მიზანმიმართულად, ,,ნაბიჯ-ნაბიჯ’’, შეფარვით  თუ შეუფარავად, ნიღბით თუ უნიღბოდ ძალადობს ქალზე, დასცინის და აბუჩად იგდებს, ხაზს უსვამს, რომ ქალი ,,ბუნებით’’ სულელია. ამის მისაღწევად, რელიგიის/თეოლოგიის გარდა, გლამურულ-კიჩურ მეთოდებს იყენებენ. ქალის დაცინვა და აბუჩად აგდება მაგარი ტიპობის დასტურია. ქალი ბჭობდა, კაცი იცინოდა.

ერთ-ერთ საიტზე ისევ სექსისტურ მარკეტინგს წავაწყდი: მამაკაცის ტანსაცმელს იარლიყზე აწერია: ,,მიეცით ეს თქვენს ცოლს გასარეცხად. ეს მისი საქმეა.’’ ყოველი მხრიდან მოედინება რეკლამები: ,,უყიდეთ ცოლს ფასდაკლებით სარეცხი მანქანა, ჭურჭელი... გაუკეთეთ მას სარვამარტო საჩუქარი!’’  მხოლოოდ რვა მარტს კი იმიტომ უნდა უყიდოს, რომ ცოლი მთელი წელი ეწუწუნოს ქმარს. წუწუნი მისი ლეგიტიმური და სავალდებულო ,,ატრიბუტიც’’ კია. რატომღაც, ,,უყიდეთ ცოლს წიგნები და ენციკლოპედიები’’ არსად შემხვედრია. ცხადია, რაციონალიზმის, ინტელექტისა და წიგნების ,,სადავეებთან’’ ქალი, ირაციონალური და ნევროზიანი არსება არ დაიშვება. ნუ, რა ,,პონტია’’, ქალი და წიგნი? მან მხოლოდ ერთი წიგნი უნდა წაიკითხოს: დიასახლისების სახელმძღვანელო. იქ დეტალურადაა აღწერილი, როგორ უნდა მოამზადოს ქალმა კერძები, როგორ მოუაროს ბავშვს, როგორ გარეცხოს ქმრის ,,ნასკები’’ 2 წუთში და სხვა. ქალს სარვამარტო ჟურნალები დიდ საიდუმლოებებს უზიარებენ: ,,როგორ ვიყოთ დიასახლისები და როგორ დავრჩეთ მიმზიდველები’’ ქვეტექსტით: ,,სექსუალურები მარგარინიანი ხელებით’’, ,,სამზარეულოს გამოხვეტის საუკუნოვანი გამოცდილებები’’, ,,როგორ გამოვიყენოთ სადილის შემდეგ დარჩენილი მარგარინი და კიტრი სახის ნიღბებად’’. ზოგი რუბრიკა დაახლოებით ამ შინაარსისაა: ,,ქმარი უბრალოდ გირტყამთ, თუ მართლა უყვარხართ’’? , ,,გაგინებთ? ე.ი. მნიშვნელოვანი ხართ მისთვის.’’ სასარგებლო რჩევებში კი; ,,როგორ ვემსახუროთ მამაკაცს და ვიყოთ მისი ფრთის ქვეშ’’, ,,როგორ არ უნდა გავაღიზიანოთ მეორე ნახევარი’’, ,,მამაკაცისათვის ბოდიშის მოხდის ხელოვნება’’ და სხვა. ჟურნალები და ინტერნეტის ფორუმები გადავქექე, მაგრამ ,,მეორე სქესზე’’ ერთი სიტყვაც ვერ ვიპოვე. ფემინისტური მოძრაობა საერთოდ არავის უხსენებია. რატომღაც მარკეტინგის ,,მკეთებლებმა’’ ქალურ ,,ბედნიერებად’’ მხოლოდ სარეცხი მანქანა და ქმრის პიჯაკი მიიჩნიეს.

ინტერნეტში ვნახე ირანელი მხატვრისა და ფოტოგრაფის, Shadi Gadirian-ის ნამუშევრები, რომელიც აღწერს ირანელი ქალების ,,ცხოვრებას’’, მათ დამცირებულ მდგომარეობასა და გენდერულ როლებს: ქალი-ტაფა, ქალი-ცოცხი, ქალი-ქვაბი, ქალი-მტვერსასრუტი, ქალი-ჩაიდანი  და სხვა... ალბათ, არავინ იცის, რამდენი ,,ხმაჩაწყვეტილი’’, ,,დამუნჯებული’’ და ,,გაჩუმებული’’ რეალური ქალი დადის ამქვეყნად და რამდენს ვერ ამოუღია ხმა მხოლოდ იმიტომ, რომ ნათესავები და საზოგადოება გადაულახავ წინააღმდეგობად ეღობება.

ჩემი მეგობრის, სალომეს, ერთი რვა მარტი გამახსენდა. მომიყვა, შავი ჩანთა ვიყიდე, ძალიან მომწონდაო. სახლში მოვიტანე, მის ყიდვაზე იმდენ ხანს ვოცნებობდიო... მაინც ქალების დღე იყო და მინდოდა, საკუთარი თავისთვის მაინც გამეკეთებინა სიურპრიზიო. აბა, ისე არავის ვახსოვდიო... ქმარმა რომ დაინახა, ხელიდან გამომგლიჯა, ეზოში გაიტანა და ნაჯახით დამიჩეხაო... ჰო, ნახაჯითო. . . გაუთავებლად ურტყამდა,  წიხლით თელავდა, კბილებით წიწკნიდაო. ისეთი გამწარებული იყო, თითქოს შხამიან გველს სრესდა, მაგრამ მაინც ვერ წყნარდებოდა, კიდევ უფრო აფთრდებოდა და ნაკუწებად ფლეთდაო... ამბობდა, ოჯახის ქალმა ასეთ რამეებში ფული როგორ უნდა დახარჯოსო... სალომემ ამ ამბის მოყოლა ვეღარ განაგრძო, რადგან ცრემლები ახრჩობდა... ასეთი იყო მისი ერთ-ერთი (აბა, ასეთებს რა დალევდა) არარვამარტული რვა მარტი. . . ისე, მან ჩანთა საკუთარი ხელფასით იყიდა... ასეთივე ისტორია აქვს ჩემს მეგობარს, თათას, რომელსაც ქმარმა მოკლე კაბა ტანზევე შემოახია. უთხრა, მარცხვენ, ასე ქუჩაში როგორ უნდა გახვიდე, ვინმე რომ დაგინახავს, რას იფიქრებსო. ხალხიო, ოჯახიო, ნათესავებიო, მაზლიო, ქვისლიო, მამიდაშვილის მძახალიო... ყოველივე ეს ხდება დღეს, როდესაც გვარწმუნებენ, რომ გენდერული პრობლემატიკა, თურმე ,,თითიდან გამოწოვილი ყოფილა’’.

***

ჭიქა შამპანურს ვსვამ, სიგარეტს ვეწევი და ვუყურებ ფილმს ,,მზე შემოდგომისა’’. უკვე დასასრულია. მედეა ჯაფარიძეს ყვავილს ჩუქნიან (რვა მარტია) და ეკითხებიან, რას გვეტყვითო. ქალი პასუხობს, მე პირადად ძალიან უსიამოვნო შეგრძნება მეუფლება, რადგან მამაკაცების ქალების მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის სარვამარტო უნდა იყოსო. ჟურნალისტი მიკროფონზე ექაჩება, გმადლობთ ქალბატონოო. ანუ საკმარისიაო, გეყოფა შენი სქესის საყვედურების ფრქვევაო. ქალი მაინც განაგრძობს მამაკაცების აგდებული დამოკიდებულების დამუნათებას. ჟურნალისტი კიდევ უფრო ბრაზდება და ქალს მიკროფონს უთიშავს. . .

სარვამარტო აქციაზე რამდენიმე მამაკაცმა გვითხრა, გაჩუმდითო. როცა ,,ჯი პი აი ჰოლდინგის’’ სექსისტურ რეკლამას ვაპროტესტებდით, იგივე გაგვიმეორეს. ჩვენ კი, ფემინისტები, ვპაუხობთ: არ გავჩუმდებით!!! ჩვენ არ გვაკმაყოფილებს ,,ჯი პი აი ჰოლდინგის’’ ირონიული და ,,სამადლოდ’’ გადმოგდებული ბოდიში! სანამ სექსისტური და ქალის დამამცირებელი ,,ელემენტები’’ იარსებებს, თამამად ვილაპარაკებთ! ვილაპარაკებთ და მიკროფონს ვერავინ გაგვითიშავს! აქვე შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფემინისტებმა ჯი პი აი ჰოლდინგის სექსისტური რეკლამა ფოტოებით გააპროტესტეს.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker