Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

დალოცეთ პროლეტარი მგლები და წითელქუდა ფემინისტები!

დავით ბუხრიკიძე
კატეგორია: ქალი და კულტურა 
2011-08-01

იქნებ ლოგიკურია, რომ ბერლინის ცნობილი კინოფესტივალის მსგავსად, არანაკლებ პოპულარული „თეატრალური შეხვედრები" (გერმანულად „ტეატერტრეფენ") საგანგებოდ ინარჩუნებს და „უფრთხილდება" რევოლუციურ-მემარცხენე სივრცეს. გარდა სოციალური ან თეატრალური თამაშის ფორმისა, ეს გარკვეული ეგზისტენციური მდგომარეობაცაა; ერთგვარი ნიშანი, რომელიც გარეშე დამკვირვებლისათვის გერმანიის კულტურულ და სოციალურ იმიჯს წარმოაჩენს.

არც ისაა შემთხვევითი, რომ ფესტივალი (რომელიც დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან თეატრალურ ფორუმად რჩება გერმანიაში) ორად გაყოფილ ბერლინში 1963 წელს, დიდი რეჟისორის, რევოლუციონერისა და სცენის რეფორმატორის, ერვინ პისკატორის ძალისხმევით დაარსდა. თუმცა არც 60-70-იანი წლების ცნობილ პოლიტიკოსს, ვილი ბრანდტს დავუკარგავთ დამსახურებას, რომელსაც დასავლეთ გერმანიის კანლერობამდე ცოტაღა რჩებოდა...

გერმანული თეატრის მუდმივი სწრაფვა სიახლისკენ (დრამატურგია, სცენოგრაფია, რეჟისურა) მართლაც რომ თვალსაჩინოა. ეს წლევანდელმა, რიგით 47-ე ფესტივალმაც დაადასტურა. ხმაურიანი ჩანდა უკვე დასაწყისი: ავსტრიელი ნობელიანტი მწერლის, ელფრიდე იელინეკის პატარა პიესებისგან შემდგარი ტრილოგია „ნაწარმოები"/"ავტობუსში"/"დაცემა", კიოლნის „შაუშპილჰაუზმა" ისეთი მონდომებით წარმოადგინა, რომ კატასტროფათა ჟამთააღმწერლის მონათხრობი გეგონებოდათ. ქალბატონ იელინეკის პიესა სწორედ რეალურ ფაქტებს ეყრდნობა.

„ნაწარმოები" ალპებში მომხდარ კატასტროფას აღწერს, როცა სამძებრო სამუშაოებისას წყალმა გვირაბშიც გაჟონა და იქ მყოფი ადამიანები გარემოსგან მოწყვეტილნი აღმოჩნდნენ. მეორე ნაწილი „ავტობუსში", 1994 წელს მიუნჰენში მომხდარ უბედურ შემთხვევას აღწერს, როდესაც მეტროს ახალი სადგურის გაყვანისას მიწა ჩაინგრა და ავტობუსი მგზავრებიანად თან ჩაიტანა. ნოველა „დაცემა" კი ქალაქ კიოლნში 2003 წელს, არქივის ჩამონგრევის ფაქტს განზოგადებულ და აპოკალიფსურ მნიშვნელობას ანიჭებს.

სხვათა შორის, სპეტაკლის რეჟისორიც ქალია - გერმანიაში საკმაოდ პოპულარული კარინ ბაიერი. ეს თავად იელინეკის მოთხოვნა იყო, რომელიც საჯაროდ არასდროს ჩნდება და შესაბამისად, რეჟისორსაც და მხატვარსაც მხოლოდ ელექტრონული ფოსტით უკავშირდებოდა...

მეორე ნაწილში თეთრპერანგიანი მამაკაცების გუნდი ანტიკურ ქოროს ემსგავსება, ხოლო სპექტაკლის მთავარი პერსონაჟები - რეკვიემის სოლისტებს. ამ ყველაფერს კი დარბაზში მდგომი დირიჟორი ხელმძღვანელობს. ძალიან ეფექტურია თითქმის 30-წუთიანი პოლიფონიური ყვირილის მოსმენა და მისი ტექსტში „გადაყვანა", რაც სცენაზე არასდროს მომისმენია და მინახავს.

მესამე ნოველაში ჩამონგრეულ არქივს წყალი ავსებს და დასველებული ურიცხვი ფურცლები და წიგნები მართლაც აპოკალიფსს ჰგავს. რეჟისორი (და ცხადია, დრამატურგიც) პუბლიკას თითქოს საგანგაშო და უპასუხო, უფრო „დოკუმენტური დრამის" სივრცეში ამყოფებს, საიდანაც თავდახსნა შეუძლებელია...

კიდევ ერთი მეამბოხე ქალბატონი, ვინც მშვიდ, მუსიკალურ და მითიურ ვენას საბურველი ჩამოხსნა, ასევე ავსტრიელი დრამატურგი კატრინ როგლაა. მისი პიესა „თანამონაწილენი" წითელქუდას ზღაპარს ახალ, სასტიკ და ირონიულ განზომილებას სძენს. შტეფან ბახმანის სპექტაკლში, რომელიც ვენის „ბურგთეატრმა" წარმოადგინა, ვიდეოინსტალაცია, მსხვილი პლანები, ვრცელი მონოლოგები, კინგ-კონგის სიუჟეტი და „მუსიკის ჰანგების" ფრაგმენტები ერთმანეთს უწესრიგოდ ენაცვლება. არსებითი კი ისა, რომ პატარა და პროვინციელი გოგონა „წითელქუდა", რომელიც სასტიკ, ცინიკურ და კულტურულ ვენაში ყველამ მოატყუა, შურისმაძიებლად იქცევა... და ფინალში, ყველას, ვინც შეურაცხყო მისი ღირსება, სამურაის ხმლით უსწორდება.  საკმაოდ კარგი არტისტული „ინგრედიენტებით" მომზადებული, ფემინისტური სპექტაკლი სამშვიდობო მოწოდებით სრულდება - „ღმერთო, დალოცე პროლეტარი მგლებიც და შურისმაძიებელი წითელქუდებიც!"

ამგვარ ფონზე ვერ ვიტყოდით, რომ კლასიკოსები დაიჩაგრნენ. იბსენი, ჩეხოვი, შილერი და არტურ მილერი ისეთი რანგის დრამატურგები არიან, რომ მათთან გაპაექრება ყველა რეჟისორისათვის საპატიოა. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჰენრიკ იბსენის ცნობილი დრამის, „ნორა, ანუ თოჯინების სახლი" ინტერპრეტაციამ. ჰერბეტ ფრიტჩის რეჟისურა და სცენოგრაფია არა იმდენად კლასიკური ფემინისტური ტექსტის ახლებური ვერსიაა (დიდი ხანია დამკვიდრებულია აზრი, რომ იბსენმა ეს პიესა სწორედ ქალთა უფლებების დაცვას მიუძღვნა), რამდენადაც ამ კლიშესგან თავის დაღწევის სურვილი.

ალფრედ ჰიჩკოკის ფილმების ციტირება (როცა, მაგალითად, ფრაუ კრისტინა პირდაპირ იმეორებს „რებეკაში" შაოსანი „საბედისწერო ქალის" ხმასა და მანერებს), გოთიკური კოსტიუმები, საოცარი გრიმი, პლუს დრამატულ-პაროდიული მუსიკა, საოცარ განწყობას ქმნის. არტურ მილერის, ალბათ, ყველაზე ცნობილი პიესა „კომივოიაჟერის სიკვდილი", რომელმაც დასტინ ჰოფმანს თავის დროზე დიდი აღიარება მოუტანა, რეჟისორმა შტეფან პუხერმა 50-იანი წლების გიგანტურ ავტოგასამართ სადგურზე გადაიტანა. სპექტაკლი, ფაქტობრივად, ამერიკული კინოს ინსპირაციაა, რომელშიც ყველაზე მნიშვნელოვანი სცენები და მონოლოგები „ლაივ-ვიდეოს" დახმარებით ეკრანზე აღიბეჭდება.

დრეზდენის თეატრის მიერ წარმოდგენილი შილერის „დონ კარლოსი" თანამედროვე დრამატულ შარჟს უფრო ჰგავს პოლიტიკოსებზე. ჩვენთვის აღსანიშნავი ისაა, რომ ესპანეთის მეფის, ფილიპე II-ის როლს ბურგჰარტ კლაუსნერი ასრულებს, რომელიც ჩვენს კინომანებს, ალბათ, ახსოვთ დიტო ცინცაძის ფილმიდან „კაცი საელჩოდან". სხვათა შორის, ბატონი კლაუსნერი ფილმის პრემიერას თბილისშიც ესწრებოდა. გასულ წელს კი ის ცნობილმა ავსტრიელმა რეჟისორმა მიხაელ ჰანეკემ გადაიღო ფილმში „თეთრი ბაბთა".

ჩეხოვის „ალუბლის ბაღმა", რომელიც ასევე ქალმა-რეჟისორმა კარინ ჰენკელმა კიოლნის თეატრში დადგა, ერთგვარად შეაჯამა, ან შეაჯვარა თანამედროვე კაპიტალიზმისა და ფემინიზმის თემა - ცნობილ სცენაში, როცა ალუბლის ბაღი ლოპახინმა იყიდა, ძველი კარუსელი (ერთადერთი სცენოგრაფიული ნიშანი შავი მიწით მოყრილ სცენაზე) სადღაც ზემოთ უჩინარდება; ლოპახინი იღლიაში „ამოიჩრის" ოდესღაც ამაყ, მაგრამ უკვე განადგურებულ რანევსკაიას (შესანიშნავი მსახიობი ლენა შვარცი) და ამბობს: „არა უშავს, ყველაფერს ვიყიდი".

თუმცა წითელქუდები რომ არ „იყიდებიან" და მოგვიანებით შურისმაძიებლები ხდებიან, ახალმა მემამულემ ჯერ არ იცის. არც იმას აცნობიერებს, რომ ისინი სიმართლის სახელით მოქმედ ტერორისტებად იქცევიან.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker