Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ისტორიული რევერსი საპნის არომატით

ნათია გულიაშვილი
კატეგორია: ქალი და კულტურა 
2010-07-09

რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ივნისამდე პროექტ "ახალი ტალღის" პიესები იქნება წარმოდგენილი. თეატრის მაგისტრანტ სტუდენტებს "ღია საზოგადოება - საქართველოს" კონკურსში გასული ამ პროექტის ფარგლებში 10 ახალგაზრდა ქართველი დრამატურგის პიესა სცენაზე გადააქვთ.

"საპნის ოპუსი" 10 პიესიდან ერთ-ერთია, რომელიც დრამატურგ დათო გაბუნიას ეკუთვნის, რეჟისორი კი მაკა ნაცვლიშვილია. დრამატურგისთვის ეს რიგით მესამე ნამუშევარია.

ერთმოქმედებიანი დრამა-კომედიის უვერტიურა თეატრის გვერდითა შესასვლელიდან იწყება, სადაც გერმანელი ოფიცრის ფორმაში გამოწყობილი ქალი მკაცრად გაფრთხილებთ, რომ ტელეფონები გამორთოთ და გახსოვდეთ, საათისა და 10 წუთის განმავლობაში შენობას ვერ დატოვებთ. მერე კი ბნელი გვირაბის გავლით, რომელიც თანდათან ლაბირინთის სახეს იღებს და სულ უფრო ღრმად, სარდაფისკენ ჩაჰყავხართ, ფარნით ხელში მიგიძღვებათ. ლამის 5-წუთიანი მოგზაურობის შემდეგ, სარეპეტიციო ოთახს მიადგებით, სპექტაკლის სცენად რომ გარდაუქმნიათ. ოთახის კართან კი კონტროლიორი ყველას სათითაოდ გკითხავთ "ქართველი ხარ?" და დადებითი პასუხის შემთხვევაში წითელ ბეჭედს გასვამთ მტევანზე. ამგვარად, მაყურებელიც ამ ჯურღმულის ერთ-ერთი ტუსაღი ხდება, რომელსაც არც ფანჯარა აქვს, არც განათება, მხოლოდ სცენის სიღრმეში, უკანა კედელს წითელი შუქი ანათებს და მის ფონზე თანდათან არჩევთ 3 სხეულს. ქალები ოთახში აუჩქარებლად და უმისამართოთ დაბორიალებენ.

მოქმედება 1953 წელს ვითარდება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 7 წელია გასული, თუმცა აქ ისტორიული რეალობა თავდაყირა დგას. 1945 წლის გამარჯვებული ნაცისტური გერმანიაა, სტალინი ტყვეობაში ჰყავთ. ცისფერთვალა, ქერათმიანი გერმანელები თავიანთი ჯანმრთელი, არიული რასის გასამრავლებლად აბასთუმნის საკონცენტრაციო ბანაკად გადაკეთებულ ობსერვატორიაში დატუსაღებულ ქართველ ქალებს აუპატიურებენ და ექსპერიმენტებს ატარებენ.

ამ აბზაცის შემდეგ უთუოდ გაგახსენდებოდათ კვენტინ ტარანტინოს სწორედ მეორე მსოფლიო ომის თემაზე პაროდირება ფილმში "უსახელო ნაბიჭვრები".

საკონცენტრაციო ბანაკის ერთ ოთახში 4 მთავარი გმირი ქალი ცხოვრობს. ნესტანი, მედეა, ქეთევანი და სალომე. სახელებს ლიტერატურული პერსონაჟებიდან იღებენ, ალბათ იმიტომ, რომ მაყურებელმა მათი საქართველოსთან იდენტიფიკაციის შეგრძნება არ დაკარგოს. სცენის მთელი დეკორაცია 4 ლოგინი და მათ თავზე დაკიდებული ნათურებია. ქალებს საკონცენტრაციო ბანაკის სტანდარტული ფორმა - მოშხამული იისფერი და დანომრილი კაბები აცვიათ. ამგვარი გაფორმება გაბუნიას სპექტაკლებისთვის უჩვეულო არაა და კარნავალურ კოსტიუმებით, დეკორაციებით და პათეტიკური ყვირილ-შეძახილებით გაჯერებულ ქართულ თეატრალურ სივრცეში, ეს ნამდვილად მინიმალისტური არჩევანია. სამაგიეროდ, აქ მთელი დატვირთვა ტექსტზე მოდის, რაც ავტორისთვის მნიშვნელოვანია, დრამატურგიას დიალოგებითა და მონოლოგებით ავითარებს და ზოგჯერ სხვა ლიტერატურული ტექსტების გადათამაშებასაც მიმართავს.

ოთხივე გმირი საკუთარი "სოლო" მონოლოგით იხსენებს არცთუ შორეულ წარსულს, გერმანიასთან დამარცხებამდელ საქართველოს, მშობლებს, საყვარელ ადამიანს, რომელიც გერმანელებმა დახვრიტეს, ან რომელმაც იმ მიზეზით მიატოვა, რომ ცოლად მაშინდელი კულტურის მინისტრის გრიგოლ რობაქიძის ქალიშვილი ფალესტრა შეერთო. ისტორიულ სინამდვილეში "ფალესტრას" ავტორს და ფაშიზმით გატაცებულ რობაქიძეს სპექტაკლში გერმანიის იმპერია ამ თანამდებობით ასაჩუქრებს.

იმპერიას არც იმ ქართველი დედების გმირობის წოდებით დაჯილდოება ენანება, რომელთა საშოც ერთგულად ემსახურება არიელების გამრავლების საქმეს. თუმცა ჩვენი ოთხეულისთვის ეს გმირობა სასჯელი და ტანჯვაა, რადგან ამის გამო ქართველები მათ მოღალატეებად თვლიან და იციან, მტრის მსახურებას აღარასოდეს აპატიებენ. ქალებს დანაშაულის გამოსყიდვა არც იმ პროტესტის გამოხატვით შეუძლიათ, რომელსაც მთელი საქართველო მოუცავს. საქმე ისაა, რომ გერმანელები საკონცენტრაციო ბანაკებში ქართველების მუცლის ქონისგან საპონს ამზადებენ და ხალხს ურიგებენ. ტყვეები კი ორმაგ წინააღმდეგობაში ვარდებიან, ერთი მხრივ, მათ მტრის ბინძური თესლის ჩამოშორება და ამით დაორსულების თავიდან აცილება სურთ, მეორე მხრივ კი, კარგად იციან საპნის შემადგენელი ინგრედიენტები და დაბანაზე უარის თქმით ცდილობენ შეინარჩუნონ ქართველობა. ეს პასაჟი რამდენადაც დრამატულია სცენის რეალობაში, იმდენადვე კომიკურია ქართულ კულტურულ და სოციალურ კონტექსტში და "ქართული ღირსების შენარჩუნების" რიტორიკის პაროდიას წარმოადგენს.

ქალების მდგომარეობა თანდათან გაუსაძლისი ხდება, ყველა მათგანი ფიქრობს თვითმკვლელობაზე, მაგრამ ბანაკში ოთახებს ფანჯრები არ აქვს, ჭერი კი მიუწვდომლად მაღალია და არც რაიმე ნივთი მოეპოვებათ, რომ სხეული დაიზიანონ. კულმინაციურ მომენტში მათი მხსნელი საპონი აღმოჩნდება, როცა აფექტში მყოფი ერთ-ერთი ტუსაღი მამების, ძმების და ქმრების ქონისგან დამზადებულ საპნის დიდ მარაგში გაშმაგებით ეძებს საკუთარ გულისსწორს და "პოულობს", მერე წყლის კასრში დგება და ესიყვარულება. კვანძის გახსნა მისი ბოლო მოქმედებაა - ქალი პატარა ჭურჭელს ნაბანი საპნიანი წყლით ავსებს და სულმოუთქმელად გამოცლის. სხვებიც მას ბაძავენ.

მაშინ, როცა ომის და ქალის თემაზე ქართული ხელოვნება ქალის, როგორც გმირის და ნამდვილი ვაჟკაცების აღმზრდელი დედის სახის შექმნით შემოიფარგლება, "საპნის ოპუსი" ისტორიის ერთი ნაწილის გაყალბებით, იმ გაცილებით მტკივნეულ მაგრამ უხილავ მხარეს ეძებს და გვაჩვენებს, რომელიც შეიძლება სულაც არ დგას რეალობისგან ძალიან შორს.

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker