Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

უფლისა და ხალხის სამსახურში

ეკატერინე სხილაძე
კატეგორია: ექსკლუზივი 
2010-04-15

ქეთევან ხაჟომია – ხატმწერი
დაბადების დღე - 25 აგვისტო

რაც უფრო გემატება ასაკი, მით უფრო გიყვარდება,  მით უფრო უახლოვდები ბავშვობის წლებს. მიუხედავად იმისა, რომ უზრუნველი ბავშვობა მქონდა, მაინც ტკივილიანად მახსენდება, თითქოს ვგრძნობდი, რომ რაღაც მაკლდა. ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა გარემომ: სამოქალაქო ომმა, სამხედრო გადატრიალებამ, ჩემს თაობაში დაბნეულობისა და რეალიზების გარეშე დარჩენის გრძნობა დატოვა. ნაადრევად მოგვიწია პოლიტიკის გათვითცნობიერება. ნიჭიც გვქონდა, სურვილიც და ძალაც, მაგრამ არ იყო ასპარეზი, სადაც ჩვენს შესაძლებლობებს გამოვავლენდით, ამიტომ მუდმივად ,,რაღაცის” ძიებაში ვიყავით...

სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ხატვით სულ ვხატავდი, მაგრამ ჩემი პროფესიაც ძალიან მიყვარდა. მსურდა ღვთისგან ბოძებული ნიჭისათვის ისეთი გზა მიმეცა, რომ შემძლებოდა ჩემს პროფესიასთან შერწყმა. ეკლესიაში სიარულმა ხატწერამდე მიმიყვანა. ვფიქრობ, საუკეთესო პროფესია ავირჩიე, რომლითაც შემიძლია ხალხსაც ვემსახურო, უფალსაც და საკუთარ თავსაც.

უფალი ყველას თავის ადგილს მიუჩენს ხოლმე, მთავარია მისგან ბოძებული ნიჭი უქმად არ დაკარგო და გამოიყენო. ვამაყობ, რომ რუსეთში იმ სასულიერო სასწავლებელში ვსწავლობდი, რომელიც უწმინდესმა დაამთავრა. როდესაც რუსეთში ვსწავლობდი, აღდგომის კვირაში ხის კვერცხებს ლამაზად მოვხატავდით და სასულიერო პირებს ვჩუქნიდით ხოლმე. მე და ჩემმა მოსწავლეებმაც მოვხატეთ ხის კვერცხები, რომლის გამოფენა-გაყიდვასაც ვაპირებთ ხანდაზმულთა დასახმარებლად.

ცხოვრებაში ყველაზე დიდი წარმატება სწორი გზის არჩევაა. მთავარი სწორი არჩევანის გაკეთებაა, თორემ არჩეულ გზაზე წარუმატებლობაც და წარმატებაც ბევრია.

ამჟამად სასულიერო სემინარიაში  ხატწერას ვასწავლი და   ქეთევან წამებულის სახელობის ხატწერის სკოლა–სტუდიას  ვხელმძღვანელობ. სკოლაში მხოლოდ ხატწერასა და გალობას ვასწავლით და ერთგვარი ქრისტიანული ,,ერთობა” გვაქვს. გვიხარია ერთად ყოფნა. ჩემთან სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები სწავლობენ. ხატის წერისთვის არ არის აუცილებელი გამოცდილი მხატვარი იყო, მთავარი რწმენაა. მყოლია მოსწავლეები, რომლებმაც ხელში ფანქრის დაჭერაც არ იცოდნენ, მაგრამ შესძლეს ხატი დაეწერათ. 

ქრისტიანმა იცის, რომ სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ, თავის სახლში არ იმყოფება და შინაგანად მუდმივად ამ სახლის ძიების პროცესშია. ხშირად ნეტარი მდგომარეობის ძიებისას არასწორ გზას ვირჩევთ, რასაც შემდგომ ზნეობრივ გაუკუღმართებამდე მივყავართ. ჩემი თაობა მოკლებული იყო ქრისტიანულ აღზრდას და შემდგომ მოგვიწია იმის სწავლა, რაც თავისთავად უნდა გვცოდნოდა.

გონიერი ქალი აუცილებლად შესძლებს დიდი როლი შეასრულოს ქვეყნის გაძლიერების პროცესში, რადგან მას უფრო მეტად აქვს მშვიდობის სიყვარული, ვიდრე მამაკაცს. სწორედ ამ თვისებების, და არა ფემინისტური მიდგომების გამო, ქალი პოლიტიკაშიც უნდა იყოს. დღეს მე მეცოდება ქართველი მამაკაცი, რომელიც მოკლებულია ოჯახის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ დაცვას. ქმრისადმი თანაგრძნობით ისევ ქალმა უნდა ითავოს ქართული ოჯახის გადარჩენა.

ქალისა და მამაკაცის ფუნქციები ქრისტიანული სარწმუნოების მიხედვით განსხვავებულია ოჯახსა და საზოგადოებაში. მსმენია, რომ ძველ დროშიც ყოფილან ხატმწერი ქალები, მაგრამ ხატწერა  მაინც ,,კაცურ” პროფესიად მიმაჩნია. მართალია ამ პროფესიას მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი, მაგრამ არის მასში ისეთი ელემენტები, რომელთა შესრულებაც ქალისათვის რთულია. ძნელია ქალმა თავი გაარიდოს ამქვეყნიურ ცხოვრებას, თუ მონასტერში არ ცხოვრობს. ვიცოდი, რომ დედა, რომელიც იურისტი იყო, საღამოს 6 საათის შემდეგ სახლში მოვიდოდა და მთლიანად ოჯახს დაუთმობდა დროს. მე კი ავირჩიე პროფესია, რომელსაც თავისუფალი დრო არ აქვს. ხატწერა იმდენად შემოქმედებითი პროცესია, 6 საათზე ვერ გადადებ ფუნჯებს – მორჩა ჩემი სამუშაო დროო – და ვერ დაიწყებ საოჯახო საქმეს. დავკვირვებივარ, როდესაც სტუმრად ვარ მონასტერში ან სადმე სოფელში და არ ვარ დაკავებული საოჯახო საქმეებით, ორ დღეში შემიქმნია ისეთი ხატი, რომელსაც თბილისში ერთ თვეს მოვანდომებდი. ამიტომ ვცდილობ ხატზე მუშაობისას განვიტვირთო-ხოლმე ყოფითი პრობლემებისაგან.

მაკვირვებს ფრაზა: ,ქართველები ნიჭიერები ვართ, მაგრამ ზარმაცებიო. როგორ შეიძლება ზარმაც ადამიანს შეექმნა ის ღირსენიშნავი ძეგლები, რომლებითაც თავს ვიწონებთ? შეუძლებელია ადამიანი ნიჭიერიც იყო და ზარმაციც. ნიჭი ისეთი რამაა, რომ არ მოგასვენებს. როდესაც ადამიანი საქართველოში იღებს  განათლებას, ნაკლებად კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა აქვს სამუშაოს მიმართ. უცხოეთში კი, ჩემს გვერდით სწავლობდნენ ადამიანები, რომელთაც 24 საათის განმავლობაში შეეძლოთ არაფერზე ეფიქრათ პროფესიის გარდა, რადგან იქ იციან, რომ თუ არ ისწავლიან, ცუდი სპეციალისტები იქნება, და უბრალოდ დაიკარგებიან.

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker