Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქარიზმა, ჭკუა და იღბალი...

რუსუდან დარჩიაშვილი
კატეგორია: ქალი და კულტურა 
2010-04-08

საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ბაკალავრიატი დაამთავრა, მერე - მაგისტრატურა.

სადიპლომო ნაშრომი საქართველოს ვალებს ეხებოდა. ძალიან მოიწონეს. ამ ნაშრომის ავტორი პრეზიდენტის აპარატში უნდა მუშაობდესო, უთქვამს ერთ ცნობილ სპეციალისტს... მას აუხსნეს, რომ საქართველოში დიპლომის დასაცავად ჩამოვიდა. ყველა მომღერლისთვის საოცნებო ლა-სკალას სცენაზე უკვე ნამღერი ჰქონდა... და არჩევანიც საბოლოოდ გააკეთებული.

ქეთევან ქემოკლიძეს პირველად "ცოცხლად" ლადო ათანელის საქველმოქმედო ფონდის პრეზენტაციაზე მოვუსმინე. იმდენად დახვეწილია, არაჩვეულებრივად არტისტული, ცოცხალი, მის შესრულებაში ისე ნათლად იგრძნობა ინტელექტი, შინაგანი განცდების სიღრმე... გეჩვენება, რომ მისი ხმა მისი სულის გამოძახილია...

მაშინ ვერ შევხვდი. საქართველოში ჩამოსვლას გადატვირთული საგასტროლო გრაფიკის გამო ჯერჯერობით ვერ ახერხებდა, ამიტომ ეს ინტერვიუ ელექტრონული ფოსტით "ჩავწერე".

- პატარაობიდანვე მე და ჩემი და უკვე ხმებში ვმღეროდით. საფორტეპიანო სკოლაშიც ფოლკლორულ ანსამბლში ვმღეროდი, და ერთი კონცერტის შემდეგ ჩემს ოჯახს ურჩიეს, რომ ბედი ვოკალში მეცადა. ქ-ნ გულიკო კარიაულთან მიმიყვანეს და სრულიად შემთხვევით პირდაპირ ექსპერიმენტული სკოლის გამოცდაზე აღმოვჩნდი. ბ-ნი ნოდარ ანდღულაძის თანხმობით მიმიღეს. ამის მიუხედავად, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, ერთი წლის შემდეგ კი - კონსერვატორიაში, ვიგრძენი, რომ სიმღერის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო... ამას ოჯახიც ხვდებოდა და ყველანაირად ხელს მიწყობდა, იმის მიუხედავად, რომ ჩემი მშობლები მუსიკოსები არ არიან.

- ვის თვლით თქვენს მასწავლებლებად? რომელი მომღერლის შემოქმედებამ მოხდინა თქვენზე დიდი გავლენა?

- ჩემი პედაგოგია ქალბატონი გულიკო კარიაული - თავდადებული, საოცარი პროფესიონალი და შესანიშნავი ადამიანი. სიმღერა მან დამაწყებინა და დღემდე ჩემი საუკეთესო მრჩეველია. ასევე მსოფლიო სოპრანო ლეილა გენჯერი, რომელიც ლა სკალას აკადემიაში მასწავლიდა. ყველა დიდი მომღერალისგან შეიძლება სწავლა, გამოცდილების გაზიარება, ამიტომ ყოველთვის მიხარია ნიჭიერ მომღერლებთან ერთად სიმღერა, კონკრეტულად ვინმეს გამოყოფა გამიჭირდება...

გულიკო კარიაული: ქეთევანი კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სკოლიდანვე ჩემი მოსწავლე იყო. 14-15 წლის იქნებოდა, რომ ჩააბარა. თავიდან ბავშვები განსაკუთრებული მონაცემებით არ გამოირჩევიან (გარდატეხის ასაკი გოგონების უმეტესობისთვის ჩაგდებული წლებია). მერე მუშაობა, "აპარატის" შექმნა შინაგან მოთხოვნილებებს, მონაცემებს იმპულს აძლევს, იკვეთება, ხმა საით წავა... უკვე IX კლასში ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა ქეთევანი მეცო ყოფილიყო. მაშინ განსაკუთრებული ხმით შეიძლება არც გამოირჩეოდა, მაგრამ პიროვნულად ძალიან საინტერესო ჩანდა. თავიდანვე დიდი ინტერესი ჰქონდა, მონდომებული იყო, სწრაფად სწავლობდა... მუსიკალური სკოლა რომ დაამთავრა, კონსერვატორიის მცირე დარბაზში სოლო კონცერტი გავმართეთ, კონსერვატორიის პროგრამაც შეასრულა და ჩემთვის უკვე რეალურად გამოჩნდა: მისგან მომღერალი დადგება.

იმ პერიოდშივე კონსერვატორიაში ნიკა მემანიშვილმა და დათო საყვარელიძემ პერის "დაფნა" - პირველი ოპერა - დადგეს. რუსთაველის თეატრში ნაწყვეტი უნდა წარმოედგინათ. იქ ერთი პატარა როლია, მსახიობი მხოლოდ მოძრაობას აკეთებს. ქეთევანმა ვიღაც შეცვალა და იცით, რა მოძრაობები გააკეთა?! დრამატული მსახიობის ნიჭიც გამოავლინა. თუმცა შეიძლება ნიჭი გქონდეს, მაგრამ ტექნიკურად მოუხელთებელი, უხეში, არაელასტიკური იყო... რაც მთავარია, მისი მოქმედება მხატვრული სახის გახსნას ემსახურებოდა და ეს დამოუკიდებლად, რეჟისორის გარეშე შეძლო. მაშინ ვიფიქრე, რომ სცენაზე გარდასახვის პრობლემა არ ექნებოდა, რაც მერე დადასტურდა...

- ვოკალისტების სწავლების აქაურ და უცხოურ სისტემაში იგრძენით განსხვავება? ენის ბარიერიც გადასალახია... რა გასწავლათ დასავლეთმა?

- დასავლეთმა ალბათ უფრო დამოუკიდებელი გამხადა. რაც შეეხება პირველ კითხვას: ჩემი პედაგოგის დამსახურებაა, რომ უცხოეთში ვოკალურად გამართული ჩავედი, როგორც ჩემი კოლეგები. უდავოა, რომ ქართული ვოკალური სკოლა კარგ მომღერლებს ზრდის, რისი დადასტურებაცაა მსოფლიო სცენებზე ჩვენი მომღერლების დიდი წარმატება. უბრალოდ, უცხოეთში ენის, სტილისა და იმპროვიზაციისადმი უფრო მკაცრი მოთხოვნებია და ქართველი მომღერლები ამას იძენენ. ენის ბარიერი კი თავიდან ყველას აქვს, მაგრამ, ვფიქრობ, მუსიკალური ნიჭის მქონე ადამიანებისთვის ენის სწავლა საკმაოდ იოლია. ჩემდა სასიხარულოდ, საქართველოში ძალიან ხშირად გამოვდიოდი, რამაც ხელი შეუწყო ჩემს პროფესიულ ზრდას.

- მოკლედ მოგვიყევით თქვენი საკონკურსო წარმატებების შესახებ...

- ჩემს კარიერაში კონკურსებმა უდიდესი როლი შეასრულა: საქართველოში უკვე ვიყავი ახალგაზრდული და მუსიკოს-შემსრულებელთა რესპუბლიკური კონკურსების ლაურეატი და პრიზიორი. მერე ელენე ობრაზცოვას კონკურსზე მოვიგე პრიზი ფრანგული ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის, ამას მოჰყვა ძალიან პრესტიჟული ბელვედერის (ავსტრია) კონკურსი. 2004 წელს საქართველოში ამ კონკურსისთვის შერჩევა პირველად ჩატარდა. სხვა ქართველ მომღერლებთან ერთად მეც გავიმარჯვე და ვენაში გავემგზავრე, სადაც გავხდი ფინალისტი, ასევე ბარსელონასა და ლაიფციგის თეატრების პრიზიორი, და სკალას სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლუკა ტარჯეტიმ სკალას აკადემიაში სწავლა შემომთავაზა. იქ მოხვედრა ძალიან ძნელია. უგამოცდოდ ჩავირიცხე და ორი წელი ვისწავლე; მერე ტულუზაში (საფრანგეთი) გრანპრის მფლობელი გავხდი. ამ კონკურსიდან დღემდე ვიღებ მოწვევებს, მომავალ წელს ტულუზის კაპიტოლის ოპერაში "სევილიელ დალაქსა" და "ასე იქცევა ყველა ქალში" ვიმღერებ. სოლო კონცერტიც მექნება. ბარსელონაში ვინიასის სახელობის კონკურსში გავიმარჯვე.

გულიკო კარიაული: უცხოეთში წასვლამდე აქ სერიოზული კონცერტები ჰქონდა, ძალიან რთულ არიებს ასრულებდა. ისე უბრალოდ ხომ არ ხდება... ასეთი პრესტიჟული კონკურსები მოიგო.

ელენე ობრაზცოვას სცენაზე მოღვაწეობის 40 და დაბადების 70 წლისთავი იყო. მსოფლიოს წამყვანი, სოლიდური ბიოგრაფიის მქონე მუსიკოსები ჩამოვიდნენ. ჟიურიში 20-ზე მეტი ძალიან ცნობილი მუსიკოსი იყო... იუბილარის მოწაფეც მეცოსოპრანო იყო და აქცენტი მასზე კეთდებოდა. ისიც და ქეთიც დალილას პარტიას ასრულებდნენ. კარგი გოგონა იყო, მაგრამ არ ჰქონდა კიდურა მაღლები. მესამე ტურში უბრალოდ გაჩერდა... ქეთიმ ფრანგული სიმღერა "ციცინათელები" შეასრულა - პიანოზე იწყება, მერე სანპიანოზე, კიდევ უფრო პიანოზე და ა.შ. 3-4-ჯერ ჩასულია პიანოზე... დარბაზი გაინაბა, ეშინოდა, რომ ხმა გაუწყდებოდა. ის კი ნახულობდა რეგისტრს... არაჩვეულებრივად გაართვა თავი...

იუბილარის საპატივსაცემოდ სულ პეტერბურგის აკადემიის მომღერლებმა დაიმსახურეს დიპლომები. მაგრამ ხომ არსებობს პროფესიული სინდისი... გალაკონცერტზე ქეთევანი ამღერეს და გამარჯვებულების დაჯილდოებისას (არც ერთი მესამე ადგილი რომ არ ყოფილა) გამოაცხადეს I, II პრიზიორი და... ქეთევან ქემოკლიძე. ეს მისი პირველი განაცხადი იყო...

ლა სკალაშიც რომ ჩავიდა, ბევრი მასტერკლასები ტარდებოდა, და ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ სხვებზე მთელი თავით მაღლა იდგა. აკადემია ხომ ორწლიანია, და ვერ წარმოედგინათ, რომ სწავლა დაწყებული არ ჰქონდა.

ბევრი რამ მახსენდება... ბელვედერის კონკურსზე პირველ ტურში ძალიან კარგად იმღერა. კონკურსი ვენის კამეროპერაში მიმდინარეობდა. ის პატარა ჩიხშია, ვერც შეამჩნევთ, რომ თეატრია. აქეთ-იქით კაფეებია განლაგებული. ჟიურის წევრები შესვენებაზე გამოდიოდნენ, საუბრობდნენ. კაფეში ვზივარ, ქეთევანი ჩემკენ მოდის. ამ დროს კომისიის წევრებთან ერთად ზის ჰენრი მაიერი - ლაიფციგის თეატრის დირექტორი. ქეთევანი რომ შენიშნა, მხარზე ხელი დაადო და აღტაცებული კოლეგებს თითით აჩვენებდა - ეს არის ის გოგონააო.

ამ კონკურზე წასვლამდე ქეთიმ პირველად დაბეჭდა სავიზიტო ბარათები. სახლში აკეთებდა და ერმილი, ქეთის მამა ეუბნებოდა თურმე - შენც უცბად არ დაგჭირდესო... II ტურის შემდეგ შემოეხვივნენ კომისიის წევრები, აგენტები... აღფრთოვანებულები ულოცავდნენ. - გულიკო "მას", ერთი ახლა ერმილი მიყურებდეს, 30 "ვიზიტკა" უცებ რომ დავარიგეო... - მითხრა. ბევრი ვიცინეთ...

ქეთის ძალიან სერიოზული წარმატებები აქვს, არაჩვეულებრივი პრესა... სააგენტო მასზე ძალიან დიდ გათვლას აკეთებს. შინაგანად ძალიან გაზრდილია, რადგან მას ენდობიან. არიან მომღერლები, რომლებიც ერთსა და იმავე პარტიებს ასრულებენ, ის სულ ახალ და განსხვავებულ რეპერტუარს ამზადებს. სწრაფად, იოლად ითვისებს და ამით ცოტა მეტადაც სარგებლობენ... ხშირად თვითმფრინავშიც უწევს პარტიების სწავლა.

- დებიუტი შედგა ლა-სკალაში - IV კურსის სტუდენტმა ოთხი სპექტაკლი "მენდელსონის "ზაფხულის ღამის სიზმარში" იმღერა - და გაგრძელდა მსოფლიოს უდიდესი თეატრების სცენებზე...

- ლა სკალას აკადემიაში სწავლის დიდი უპირატესობაა, რომ წარმატებულ სტუდენტებს საშუალება აქვთ, როგორც აკადემიის, ასევე სკალას სპეკტაკლებში უდიდესი მომღერლების გვერდით იმღერონ. ჩემდა სასიხარულოდ, ბევრჯერ მომიწია ამ სცენაზე დგომა, რასაც მოჰყვა მსოფლიოს სხვა მნიშვნელოვანი სცენები: ბერლინის დოიჩე ოპერა, ვენეციის ფენიჩეს თეატრი, გრაცის, მონტეკარლოს ოპერები, ვექსფორდის ფესტივალი, სანტიაგოს ოპერა, ტურინის რეჯო, სალონიკის მეგარონი, მარსელის ოპერა და სხვ.

2008 წელს სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ცნობილი ესპანელი რეჟისორის, კარლოს საურას ფილმის "მე, დონ ჯოვანის" კასტინგზე, სადაც მყისიერად დამამტკიცეს ადრიანა ფერარეზეს როლზე, ვის მიხედვითაც შეიქმნა მოცარტის "დონ ჯოვანში" დონნა ელვირას სახე. გადაღებები რომში მიმდინარეობდა. ფილმის ოპერატორი იყო ოსკაროსანი ვიტორიო სტორარო. ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარია. ფილმმა ტორონტოსა და რომის საერთაშორისო კინოფესტივალებზე გაიმარჯვა, მეც უამრავი კომპლიმენტი მივიღე, სამწუხაროდ წითელ ხალიჩაზე ვერ მოვხვდი, რადგან იმ დროს ვექსფორდის საერთაშორისო ფესტივალზე პრემიერა მქონდა. მალე ფილმი დივიდის ფორმით გამოვა და იმედია, ვნახავ, ძალიან მაინტერესებს. გადაღებების დროს კადრების ნახვა არ შეიძლება, რადგან მსახიობი ავტომატურად იწყებს ავტოკორექტირებას, რასაც რეჟისორები ერიდებიან.

-"მოხარული ვარ, რომ ჩვენს საოპერო სეზონს განახლებული შემადგენლობით, ბრწყინვლე ვარსკვლავებითა და დებიუტანტებით ვიწყებთ, მათ შორის არის ბრწყინვალე ქართველი სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე. წელს იგი ვაშინგტონის საოპერო სცენას დაამშვენებს და როზინას პარტიას იმღერებს როსინის განუმეორებელ "სევილიელ დალაქში"... - ასე მიესალმა მსმენელს სეზონის გახსნაზე დიდი ტენორი, ვაშინგტონის საოპერო თეატრის ხელმძღვანელი, პლასიდო დომინგო. როგორ შედგა თქვენი ამერიკული დებიუტი?

- მაესტრო დომინგო თავის კონკურსზე, "ოპერალიაზე" გავიცანი, სადაც შესარჩევ ტურში 5000 ათასი მომღერლიდან 40-ში მოვხვდი. პრიზი მოვიპოვე და დომინგოს დირიჟორობით ვიმღერე. ეს ჩემთვის უდიდესი სიხარული იყო. პირადად მისი მიწვევით ვაშინგტონში "სევილიელ დალაქში" ვიმღერე. თავად დომინგო ჩამოვიდა და მაჩუქა "სევილიელი დალაქის" კლავირი თავისი ავტოგრაფით და კეთილი სურვილებით.

- რომელი როლია თქვენთვის უფრო ახლობელი და რატომ?

- საოცარია, რომელიმე როლზე მუშაობისას, ის ხდება ჩემთვის საყვარელი და ახლობელი, სულ ფიქრობ, როგორ გაამდიდრო ხასიათის გახსნით და, როლიდან გამომდინარე, იძენ შენი პერსონაჟის მანერებს, რაც აუცილებელია სცენაზე დამაჯერებელი სახის შესაქმნელად. ყოველთვის ვცდილობ, სხვადასხვა კომპოზიტორების სხვადასხვა ოპერის გმირები შევასრულო, რაც უფრო მეტ პარტიას ასახიერებს, მომღერალი მით იზრდება.

- ოპერა მთელი სამყაროა, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული კანონებით ცხოვრობდა. გარედან შეიძლება ვინმეს მხოლოდ მუდმივ დღესასწაულად ეჩვენება... რა ელის მომღერალს კულისებში ოცნების თეატრებში მოხვედრის შემდეგ?..

- რასაკვირველია, ჩემი პროფესია გარედან ნამდვილად უფრო ვარდისფერ ფერებში ჩანს, ვიდრე რეალურად არის, წარმატებისათვის ხომ უდიდესი შრომა, დისციპლინა და სულის სიძლიერეა საჭირო, მუდამ ფორმაში უნდა იყო, რადგან ჩვენი "საქმე" ათასობით ადამიანის წინაშე გამოგვაქვს და თითოეულის გულამდე უნდა მივღწიოთ. მაგრამ ნამდვილი დღესასწაულია, როცა დიდ აპლოდისმენტებს და გულთბილ მოლოცვებს იღებ. დაპირისპირება და ინტრიგა კი საოპერო ხელოვნებაშიც არის, ისევე როგორც ყველა სფეროში. მაგრამ მნიშვნელოვანია, ამისგან თავი შორს დაიჭირო. გამარჯვების საუკეთესო გზა პროფესიონალიზმი და ადამიანურობაა, ყოველ შემთხვევაში მე ამ პრინციპებს ვანიჭებ უპირატესობას.

- ბევრ დირიჟორთან გიმუშავიათ, ვისთან ურთიერთობა იყო უფრო საინტერესო? თქვენს პარტნიორებზე გვიამბეთ...

- ბევრ საინტერესო დირიჟორთან, რეჟისორთან და მომღერალთან მიმუშავია და ყოველთვის სასიამოვნოა ასეთ კომპანიაში სიმღერა. ესენი არიან: ხოსე კურა, ბარბარა ფრიტოლი, ინვა მულა, მარჩელო ალვარესი, ლუდოვიკ ტეზიე, დონატო დისტეფანო და სხვ. ჩემთვის გამორჩეული რეჟისორია მიქაელ ჰამპე, რომელთანაც ორჯერ ვიმუშავე და მისი დახმარებით საოცარი პერსონაჟები შევქმენი. დირიჟორებიდან ვინმეს გამოყოფა გამიჭირდება, რადგან რეპერტუარიდან გამომდინარე ყველა განსხვავებულად მუშაობს.

- საოპერო სპექტაკლებში გამოსვლა უფრო გიყვართ თუ კონცერტებზე (სადაც ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული)?

- სპექტაკლის წარმატებისთვის მთელი შემადგენლობა კარგი და პარტნიორულად განწყობილი უნდა იყოს. ვერ ვიტყვი, როლის შესრულება მირჩევნია, თუ კონცერტი, ორივეს თავისი ხიბლი აქვს და მომღერალი მარტო მაინც არსად არის, რადგან არის ორკესტრი ან სხვა ინსტრუმენტი, რომელთან წარმატებული სინთეზიც კარგ შედეგს იძლევა.

- საოპერო, საერთოდ, მუსიკალური ხელოვნება დღეს ერთგვარი ინდუსტრიაა. როგორ უყურებთ იმას, რომ ოპერა შოუ-ბიზნესის ნაწილი ხდება?

- ეს, ალბათ, გარდაუვალია, რადგან ოპერას სჭირდება თანხები, რომ დამოუკიდებლად იარსებოს და შემოწირულობაზე არ იყოს დამოკიდებული. რაც უფრო პოპულარული გახდება ოპერა, მით უკეთესია, რასაკვირველია, საოპერო სპეციფიკის გათვალისწინებით.

- იმისთვის, რომ მომღერალი გახდე, ლამაზი ხმა საკმარისი არ არის... გარეგნობა ხანდახან გადამწყვეტი ხომ არ ხდება მომღერლის არჩევისას?

- საჭიროა ასევე სამსახიობო მონაცემები, ქარიზმა, ჭკუა და იღბალი, რასაც ფორტუნას უწოდებენ. რასაკვირველია გარეგნობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ვფიქრობ, არა მთავარი, რადგან მაშინ ოპერა დაკარგავს თავის აზრს.

- ქართველებიდან ვისთან გიმღერიათ?

- ბატონ ლადო ათანელთან ერთად ორჯერ ბარსელონაში, "ოტელოში" და ტურინში "ტაისში" ვიმღერე (ორჯერვე დისკი (DVD) გამოვიდა), წელს მხვდა ბედნიერება ბატონ პაატა ბურჭულაძესთან ერთად მემღერა ბერლინში "სევილიელ დალაქში". აკადემიაში სწავლისას მიწევდა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად სიმღერა.

- სცენაზე კურიოზები გქონიათ, რაიმე გაიხსენეთ...

- სცენაზე კურიოზები ხშირად ხდება, რადგან ცოცხალი პროცესია. პირველი კურიოზი შემემთხვა, როცა პირველად გამოვედი თბილისის ოპერის სცენაზე. სიმღერის დროს კაბის კორსეტს დროზე მივუსწარი, რომ არ ჩამვარდნოდა.

- როგორი იყო თქვენი პირველი ჰონორარი?

- კონსერვატორიაში სწავლის პარალელურად ტაძარში ვგალობდი და პირველი სიმბოლური "ჰონორარიც" მაშინ მივიღე. - ახლა პოპულარულია დუეტები, ანსამბლებიც კი ცნობილი მომღერლების მონაწილეობით: კაბალიემ ფრედი მერკურისთან იმღერა, დომინგომ - მადონასთან... რას ფიქრობთ ამაზე? ვფიქრობ, აუცილებელია, ოპერა უფრო პოპულარული გახდეს. პოპ-მუსიკას უამრავი მსმენელი ჰყავს და შეიძლება ასეთმა დუეტებმა მსმენელი ოპერის თაყვანისმცემელიც გახადოს.

- ახერხებთ საოპერო სპექტაკლებზე დასწრებას, როგორც მსმენელი და მაყურებელი? კიდევ რა მუსიკას უსმენთ?

- ყოველთვის. ძალიან მიყვარს არა მარტო სპექტაკლები, ინსტრუმენტალური და სიმფონიური კონცერტებიც. ვუსმენ სხვადასხვა სტილის კარგ მუსიკას, ბავშვობაში ვუსმენდი ბევრ როკს, მიყვარს თანამედროვე პოპულარული მუსიკაც.

- დღეს რომელ შემსრულებელს შეადარებდით პოპულარობით სამ უდიდეს ტენორს? - ალბათ ანა ნეტრებკოს, რომელიც ოპერის ნამდვილი ვარსკვლავია.

- ფორმის შესანარჩუნებლად ოპერის მომღერლებს უმკაცრესი დისციპლინის დაცვა უწევთ. თქვენ როგორ ახერხებთ ამას?

- ვოკალური ფორმის შენარჩუნებას ყოველდღიური მეცადინეობით, დაახლოებით ორ საათს ვვარჯიშობ, მაგრამ, თუ არაა აუცილებელი, ხმას ვასვენებ, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ვცდილობ სპორტით დავკავდე, როცა ამის დრო მაქვს, ისე ყოველდღე ვვარჯიშობ.

- ცოტა რამ მოგვიყევით თქვენი ოჯახის, მეუღლის შესახებ. ალბათ იოლი არ არის, არტისტის გვერდით ცხოვრება...

- მყავს მეუღლე და ვცხოვრობთ ვენაში, სრულიად გაწონასწორებული ოჯახი გვაქვს, რადგანაც ის თავის პროფესიაში წარმატებული ადამიანია. ვცდილობთ ერთმანეთს ხელი შევუწყოთ.

- რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

- მიყვარს შინ ყოფნა და სახლის საქმეების კეთება. მეგობრებთან ერთად გართობა, კითხვა, ცურვა, ქარგვა, ხატვა.

- დაბოლოს: როგორ ჩაიარა მარტში თქვენმა პრემიერამ ესპანეთში?

- მადრიდის სამეფო თეატრში (ტეატრო რეალ) მარტინ ი სოლერის "დიანას ხეში" ვიმღერე. ლიბრეტო მოცარტის ცნობილ ლიბრეტისტს და პონტეს ეკუთვნის. ბოლო პერიოდში მივიწყებული ოპერების გაცოცხლების ტენდენცია შეინიშნება. სოლერი მოცარტის თანამედროვე ესპანელი კომპოზიტორია. ამორეს (სიყვარულის-კუპიდონის-ამური) პარტია შევასრულე, რომელიც თავნება დიანას სიყვარულს აიძულებს, ოპერის სიუჟეტი ეყრდნობა ცნობილ მითს ამორე ტრიუმფატორზე (გამარჯვებული სიყვარული-კუპიდონი-ამური). სცენოგრაფია, რეჟისურა (რეჟისორი - ფრანცისკო ნეგრინი) თანამედროვე იყო და საოცარი დინამიურობით გამოირჩეოდა. დირიჟორობდა მსოფლიოში ცნობილი ბაროკოს დირიჟორი ოტავიო დანტონე, რომელთანაც ადრე ლა სკალაში მოცარტის "ასე იქცევა ყველა ქალზე" ვიმუშავე. პარტია საოცრად დატვირთული იყო როგორც ვოკალურად, ასევე სცენიურად. ორი აქტის განმავლობაში უამრავჯერ ვიცვლიდი კოსტიუმებს, თმის ვარცხნილობას. მადრიდის პუბლიკამ სპექტაკლი ძალიან თბილად მიიღო, ჩემი გმირი ყოველ წარმოდგენაზე დიდ აპლოდისმენტებს იმსახურებდა, რამაც საოცარი სტიმული მომცა. სპექტაკლი პირდაპირ ეთერში გადაიცა მსოფლიოს თითქმის ყველა კლასიკურ რადიოზე. მადრიდის პუბლიკამ ივლისში ასევე სიყვარულით მიიღო ჩემი ქერუბინო, რომლითაც შედგა ჩემი დებიუტი ამ ქალაქში, ხოლო ესპანეთში ჩემი დებიუტი ოთხი წლის წინ ბარსელონას ლისეუს თეატრში ვერდის "ოტელოში" შედგა. ესპანელი მსმენელი ძალიან გულთბილია...

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker