Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სარისკო ნაბიჯი

ერიკ უილსონი
კატეგორია: ეს საინტერესოა 
2010-03-05

შეშინებული ქალები უკვე აღარ გაურბიან უჩვეულო ფერის ზოგ კოსმეტიკურ საშუალებას, რომლებსაც მხატვრები რეგულარულად იყენებენ დაუვიწყარი თვალებისა თუ ტუჩების შესაქმნელად.

"ახლა ბევრი ექსპერიმენტი ტარდება ფერებზე, ახალი ფერები მოდაში შემოდის და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოიყენება”, - ამბობს MAC Cosmetics-ის ვიცე-პრეზიდენტი კოსმეტიკის დარგში გორდონ ესპინეტი. - “ყველას მობეზრდა ერთფეროვნება, რომლის შესახებაც ყველაფერი წინასწარვეა ცნობილი. რეალურ ცხოვრებაში ასეა. ქალები ხშირად დგამენ სარისკო ნაბიჯებს". აფთიაქებმა კაშკაშა კოსმეტიკისგან მოგების მიღება უკვე დაიწყეს. "ლ’ორეალის" ახალი მაღალი ინტენსივობის პიგმენტები (HiP) კულისებში გამოყენებული კოსმეტიკის მასებამდე მიტანას ისახავს მიზნად.

გასულ ზაფხულს ამერიკაში ორი მაღალხარისხიანი საცდელი კოლექცია ჩამოიტანეს. ლონდონიდან შემოტანილი "ილამასკუა", რომელიც "სეფორაში" იყიდება, ქალებს მოუწოდებს თავიანთი მეორე “მე”-ს დასამკვიდრებლად "თბილი ვარდისფერი" ან Outcast-ად წოდებული მზის სხივის მსგავსი ყვითელი ფერის თვალის ტუში სცადონ. პოლონურმა ფირმამ "ინგლოტმა", რომელიც უკვე 23 წელია არსებობს, “ნიუ იორკის თაიმს სკვერზე” პატარა მაღაზია გახსნა. აქ 250-ზე მეტი კალეიდოსკოპური ფერის ფრჩხილის ლაქი იყიდება. აქვთ ასევე 70 სუფთა პიგმენტი, რომლის გამოყენებაც თვალებზე, ტუჩებზე ან ნებისმიერ სხვა ადგილას შეიძლება.

"ილამასკუას" დირექტორი კეიტ მასარელა ამბობს, რომ "ზედმეტად შეღებილი სახის შიში გაქრა" ნაწილობრივ იმიტომაც, რომ კოსმეტიკა სახეს უფრო ადვილად ედება და ფერებიც შესაბამისია, ანუ კანზე სწორედ იმ ფერისაა, რა ფერსაც ჭურჭელში ვხედავთ. მშვიდობით, წებოვანო ლურჯო ქუთუთოებო! გამარჯობა, ჟოლოსფერო პუდრო, თვალებს რომ ალამაზებ!

კეთრინ სენტ ლუისი

თბილი ტენდენცია

მოდური ტანსაცმლის გამყიდველები ბოლო ხანებში შავ დღეში არიან, მაგრამ საშემოდგომო კოლექციებს მაინც საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი მრავალფენიანი ტანსაცმლის მოდაში შემოსვლის ტენდენციაა. დიზაინერებმა უკვე წარმოადგინეს ნიმუშები, რომლებშიც ქურთუკი ჟილეტზე უნდა გადაიცვა, ჟილეტი - სვიტერზე, სვიტერი კი - კაბაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა მაღაზიაში ყველაფერი ეს დალაგდება, მყიდველებს მრავლობითი არჩევანის გაკეთება მოუწევთ.

გამყიდველებს განსაკუთრებით ახარებთ ტანსაცმლის ერთი კატეგორია, რომელიც უკვე დიდი ხანია მხოლოდ საცეკვაო ტანსაცმლის სპეციალისტებს შორის და მცირეწლოვანთა კოლექციებში გამოიყენება. ეს გამაშებია, რომელთა სხვადასხვა სახეობა როგორც მამაკაცების, ისე ქალებისათვის Rag & Bone-ის მაღაზიაში, მიხაელ კორსთან, თაკუნის კოლექციაში, დერეკ ლემთან და ალექსანდერ უენგთან გამოჩნდა, ამ უკანასკნელთან - გრძელი ვარიანტები.

"ალექსანდერ უენგის გამაშებს ყველა მაგარი გოგო აუცილებლად იყიდის", - ამბობს ბეთ ბუჩინი, რომელსაც მანჰეტენზე მაღაზია აქვ სახელწოდებით Kirna Zabête. მისი პარტნიორი სარა ისლი კი დასძენს, რომ გამაშები ბუნებრივი დანამატი იქნება იმ მოკლე ქვედატანებისა და კაბებისთვის, რომლებსაც დიზაინერები შემოდგომისთვის ამზადებენ. "მომწონს გამაშები. ისინი ხომ ცეკვიდან მოდის", - თქვა მან. უკვე დიდი ხანი გავიდა 1983 წლის შემდეგ, როცა ფილმი "ფლეშდანსი" გამოვიდა და გამაშებიც მოდაში იყო. ახალ თაობას ისინი შეიძლება მოეწონოს როგორც სიახლე, რადგან მათ 80-იანი წლების სხვა მოდური ნივთებიც მოსწონთ, მაგალითად, ნეონის მზის სათვალეები, სქელი მაისურები და ფართო შარვლები. "ეს ალბათ 80-იანი წლების უკანასკნელი ელემენტია, რომელიც ჯერ არ გამოგვიყენებია", - ამბობს ქალბატონი ბუჩინი.

ერიკ უილსონი

მოდა მხართეძოზე წამოწვა

გაზაფხულის სეზონისთვის მოდის რეკლამების გავრცელება უკვე დაიწყო. მათ რომ ნახავთ, შეიძლება კითხვა დაგებადოთ, თუ როდის გახდა მოდელებისთვის მუშაობის დროს წოლა ჩვეულებრივი ამბავი. ერთ-ერთი ასეთი რეკლამა ლარა სტოუნის მონაწილეობით სტივენ მაიზელმა ლუის ვუიტონისთვის გააკეთა. აქ ლარა სტოუნი ტყის ფონზე ზურგზეა წამოწოლილი და ჩიტები ახვევია. ვერსაჩესთვის ფოტო მარიო ტესტინომ გადაუღო ჯორჯა მეი ჯეგერს, რომელიც თითქოს სწორედ იმ მომენტში დაიჭირა, როცა ხავერდის მუქი წითელი სკამის საზურგეზე გადაწვა. კელვინ კლაინისთვის დევიდ სიმსის მიერ გადაღებულ სურათზე კი ჯეკ იაგასიაკი ხის მორზეა გაწოლილი. მოდის ბიზნესი ახლა თვითონაც მწოლიარე მდგომარეობაშია და მოდელებიც უცებ ვალენტინოსთან, მიუ მიუსთან და მარკ ჯეკობსთანაც წამოწოლილი აღმოჩნდნენ.

ტრეი ლერდმა, რომელიც "დონა კარანისა" და "გეპის" სარეკლამო კამპანიებს ხელმძღვანელობს, განაცხადა: "ხელჩანთების, სამკაულების ან ჯინსების რეკლამის უამრავი საშუალება არსებობს. შეიძლება კომპოზიციაც გამოიყენო, მაგრამ შედეგი ზოგჯერ ერთია". მოდის სამყაროში პროგნოზების კომპანიის Doneger Group-ის შემოქმედებითი დირექტორი დევიდ ვულფი ამ ტენდენციაზე შემდეგი აზრისაა: "სრულიად აშკარაა, რომ ის სექსუალურია, მაგრამ აქ აზრად მომდის ცხოველების ფსიქოლოგიის ზოგი თვისება. მე ხომ ვუყურებ სერიალს "ძაღლების სამყაროში". ძაღლები და კატები დაწოლით მორჩილებას გამოხატავენ. ამით ძალის გამოყენებაზე უარს ამბობენ და გვეუბნებიან, აგრესიულები არა ვართო". ბატონი ვულფის აზრით, რასაც ახლა ვხედავთ, შეიძლება გულის წასვლის თანამედროვე ეკვივალენტი იყოს.

"ელეგანტური კაბით სექსუალური სურათის გაკეთება ძალიან ძნელია”, - ამბობს ბატონი ვულფი. - “მაგრამ, თუ ქალი დაწოლილია, ეს ძალიან სექსუალურია. ეს გაყიდვებს ხელს უწყობს".

 

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker