"ასეთი საოცრებების მიმოხილვის მერე, აღარც პოლიტიკაში ქალის მხარდაჭერა მოგინდება ადამიანს (ანუ კაცს) და აღარც კვოტის’’ - თქვა კულტურის მინისტრმა და სერიალების მოყვარულებს ალბათ 2000-იანების ქართული სერიალი, "ცხელი ძაღლიც“ გაახსენა, სადაც ბიძინა თაბაგარი ლექსოს იმ ცნობილ ფრაზას ეუბნება... - "დაიმახსოვრე, ძმაკაც, ქალი ადამიანი არ არი“.
კულტურის ქალმა მინისტრმა სოციალურ ქსელში გავრცელებული საჯარო წერილით ოპოზიციური პარტიის ასევე ქალ ლიდერს უპასუხა. "უმადური და უნიჭო’’; "დეპუტატკა’’; "კუბოზე გვირგვინი’’; "ვარდივით დამჭკნარი და კვლავაც ლამაზი დიაცის უბე’’ - ამ და სხვა ეპითეტებით შეამკო და ნიანგის ცრემლები თუ გაწვებათ, კაცებზე ან რამე სხვა თემაზე აღვარღვარეთო, იქვე ურჩია ქალ პოლიტიკოსებს.
ქალები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ - გვეუბნება სტატისტიკის ეროვნული სამსახური. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ხუთ ყველაზე მასშტაბურ არჩევნებში რეგისტრირებულ მოქალაქეთა 54%-ს სწორედ ქალები წარმოადგენდნენ. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს მოცემულობა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე დრამატულად შეიცვლება, თუმცა, რაც შეიძლება შეიცვალოს, საარჩევნო უბნებთან მისული ქალების რაოდენობაა.
ქვეყანაში ქალი ამომრჩევლების სიმრავლის მიუხედავად, ბოლო 10 წლის არჩევნების სტატისტიკა აჩვენებს, რომ საარჩევნო უბნებთან გადაწყვეტილებას მაინც კაცები იღებენ (2014, 2016, 2018, 2020 და 2022 წლის არჩევნებზე მისული მოქალაქეების მხოლოდ 46% იყო ქალი). კიდევ უფრო ნაკლებია ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში და მათი რაოდენობა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. ამის ფონზე, 2020 წელს მიღებული სავალდებულო გენდერული კვოტირება პარლამენტმა ცოტა ხნის წინ გააუქმა.
კვოტების გაუქმების ინიციატივით პოლიტიკური პარტია ,,გირჩი“ გამოვიდა, რომელსაც მხარდაჭერა ,,ქართულმა ოცნებამ“ მალევე გამოუცხადა. კვოტების გაუქმების საპარლამენტო პროცედურებს წინ საზოგადოების გარკვეული ნაწილის წინააღმდეგობა და მწვაავე დებატები უძღოდა. გენდერული კვოტირების გაუქმების მომხრეები ამბობდნენ, რომ "კვოტირება არა უფლება, არამედ პრივილეგიაა’’ და გენდერული თანასწორობის მისაღწევად სწორედ მისი გაუქმება იყო საჭირო. პარტია "გირჩის“ ლიდერების თქმით, გენდერული კვოტირება ტყუილზე, ბოღმაზე, შუღლზე, საზოგადოების დაპირისპირებაზე და გახლეჩაზეა დაფუძნებული. "საზოგადოება დაყოფილი გვყავს მოძალადე კაცებად და მსხვერპლ ქალებად და კანონმდებლობას ვაგებთ ამაზე, როცა ეს მოცემულობა არ გვაქვს, ტყუილია და კანონმდებლობას ვაგებთ ტყუილზე’’ - ამბობდა იაგო ხვიჩია.
დისკრიმინაციული ნარატივების თუ იარლიყების რაოდენობის ნაკლებობას ქართული პოლიტიკა არ უჩივის. 2023 წელს, "მედიის განვითარების ფონდმა“ ანტიგენდერული და ანტილგბტქი მობილიზება იკვლია. კვლევამ აჩვენა, რომ ქალთა კვოტირებას ხშირად განიხილავდნენ პროფესიონალიზმის საპირწონედ, კვოტირების პროცესს კი "ევროპისთვის მძიმე პერსპექტივის მომასწავლებლად’’.
რამდენიმე კვირაში, საქართველოს მოქალაქეები მორიგ ისტორიულ არჩევანს გავაკეთებთ, რომელიც წინა არჩევნებისგან არა მხოლოდ შინაარსობრივად, ტექნიკურადაც განსხვავებული იქნება. გარდა იმისა, რომ არჩევნებში ელექტრონულ ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ, საქართველოს ისტორიაში პირველად, 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციულია. თუ აქამდე შერეული სისტემა მმართველ გუნდს ეხმარებოდა მეტი წარმომადგენელი ჰყოლოდა პარლამენტში, ამჯერად, ამომრჩევლები ხმას მხოლოდ პარტიებს მისცემენ. პარლამენტში მოხვდება ის პოლიტიკური პარტია, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს, მანდატების რაოდენობა კი პროცენტულად გადანაწილდება.
სანამ "გირჩი“ და "ქართული ოცნება“ კვოტების გასაუქმებლად იბრძოდა, სავალდებულო კვოტირების მომხრეები ამბობდნენ, რომ 2020 წელს მიღებული კანონის გაუქმება პარტიებს საარჩევნო სიებში მეტი კაცის მოსახვედრად სჭირდებოდათ.
წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში ჯერ კიდევ არ შესულა, პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო სიების წარდგენამდე დრო ისევ აქვთ. ამ ეტაპზე, მხოლოდ მმართველი გუნდის 30 დელეგატის ვინაობაა ცნობილი, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობასაც, პარტიის თავმჯდომარის თქმით, პროპორციულ სიაშიც, ე.წ. გამსვლელ ადგილებზე ვიხილავთ. 30 დელეგატიდან არცერთია ქალი.
ქალი პოლიტიკოსების საარჩევნო სიებში მოხვედრა უკვე მხოლოდ მათი კოლეგების კეთილი ნებაა, კანონი პარტიებს აღარაფერს ავალდებულებს და როგორც მინისტრი ამბობს თავის საჯარო პოსტში, "კვოტები აღარაა და ეგებ რამდენიმემ მაინც შეჰყოთ ლამაზი ცხვირები საკანონმდებლოში".
***
გამარჯვებული სტატია მომზადებულია კონკურსის და პროექტის ფარგლებში “გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ”, რომელიც ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ორგანიზაცია ZINC NETWORK-ის მხარდაჭერით.