უკვე მერამდენედ ახმაურდა ოთახის მარცხენა კუთხეში განთავსებული ანტიკური საათი - ვეღარ ვითვლი. მე კიდევ ისევ აქ ვარ, უამრავი ფიქრი მიტრიალებს თავში, უამრავი ემოცია, უამრავი კითხვის ნიშანი... მგონი, ჩემი გაოცებული მზერაც ამას ცხადყოფს, არა? თვით ჩვენი მრავალფეროვანი ქართული ენის გამოყენებითაც რთული აღმოჩნდა იმ შედევრისთვის შესაბამისი ეპითეტის მოფიქრება, რომელიც ახლა ჩემს წინ დაუდგამთ, მედიდური, ენით აღუწერელი ნამუშევარი, ჩვენივე ხელებით შექმნილი მისი უდიდებულესობა - სარკე. გულწრფელი ვიქნები თქვენთან, ვერც კი წარმოვიდგენდი, ადამიანების მიერ რაიმე ქმნილების ჩარჩოებში მოქცევა თუ ასეთ დადებით ემოციებს გამოიწვევდა ჩემში…
იქნებ… აჰჰ არაა, მგონი ძალიან ქედმაღლურ ფიქრებში ჩამითვლით, თუ ვიტყვი, რომ ალბათ, მთელი ეს სილამაზე სარკეში არსებული გამოსახულებით აიხსნება… ნუთუ გინახავთ ასეთი ლაღი, თავისუფალი, ფაქიზი სულის სილუეტი, რომელსაც ამავდროულად შეუძლია ასეთი ძლიერი, დამოუკიდებელი, თავდაჯერებული იყოს...
იცით, საათის წიკ-წიკი საერთოდ აღარ მესმის. გავთამამდი, მისი შეცნობა უფრო ღრმად გადავწყვიტე… ვაკვირდები თითოეულ მის ნაკვთს და ვგრძნობ, როგორ შეივსო თვალებში დარჩენილი სიცარიელე, საიდანღაც, უცნაურად შემოჭრილი წყლით. ვგრძნობ, რომ თუ თვალს დაახამხამებს, მარტივ მამრავლებად დაშლილი მოეფინება ზემოაღნიშნული წყლის წვეთები მის სახეს… სხეულში ჟრუანტელი მივლის…
თვალებს ვერ ვუჯერებ, როგორი ლამაზია მის ხელზე არსებული ჭრილობაც კი. ფილმის კადრივით გამიელვა იმ ისტორიულმა მოვლენამ, რომელიც ამ ჭრილობას უდევს საფუძვლად და რომელიც უდიდესი გამარჯვებით დასრულდა. მან ხომ მაშინ, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და შეძლო მტრის ხელებისგან უბრძოლველად აეღო ქალაქები ოსერი, ტრუა, შალონი, რეიმსი… გამეღიმა… დიადი ორლეანელი ქალწული...
ოჰ, ხედავ, როგორი უდრეკია მისი მზერა, როგორ შეძელი მთელი დეკადა შეგენარჩუნებინა ეს სახელი? როგორ შეძელი ჩვენს ცნობიერებაში ასეთ ძლიერ ფიგურად დარჩენა? “რკინის ლედი”?, ეს ხომ ბოლომდე მაინც ვერ აღწერს შენს მიერ ჩვენთვის დატოვებულ მესიჯებს, გარშემო ამდენი უსამრთლობის ფონზე, ვყოფილიყავით ასეთივე ძლიერები და უფრო მეტნიც?...
შენი ხელები… ისინიც ხომ ისეთივე ორია, როგორიც კაცობრიობის მოდგმის ყოველი წევრისა, მაგრამ ამავდროულად ასეთი საიმედო, ასეთი კეთილი… შენ, ქველმოქმედო მისიონერო, როგორ შეძელი ამდენი? როგორ იცხოვრე ასეთი კარგი ცხოვრებით?
და მე ისევ მიკვირს, როგორ ახერხებ მუდმივად ფორმაში ყოფნას? როგორ შეძელი შენი სამოსით შეგემოსა კაცობრიობის უდიდესი ნაწილი და ამ ჟესტით გამოგეხატა შენი მე, შენი იდენტობა, შენი გამორჩეული ბუნება და განსაკუთრებულობა... და მაინც, რამდენ ფერს იტევს შენი პატარა შავი კაბა...
სული ამაყია, გონებამ სიამაყის ერთ დიდ საჩუქრად მომიძღვნა შამქორი, ბასიანი და გამარჯვების რწმენა, უმშვენიერესი წმინდანის სახებამ ააჩურჩულა ტაძრის ფრესკები და მაგრძნობინა შენი ვერგადაშენებული, თვითმყოფადი და უსაზღვროდ გმირული გენისა და ჯიშის ბრწყინვალება, ოქროსფერი ასოებით იწერება - „თა-მა-რი“...
შენ დღეს უამრავი სახელი გაქვს, რომელიც ყველა ზედმიწევნით კარგად ვიცით ჩვენ. შენ შეძელი ყოფილიყავი ჟანა დარკი, მარგარეტ ტეტჩერი, დედა ტერეზა, კოკო შანელი, თამარ მეფე, ინდირა განდი, მარო მაყაშვილი, მარი კიური, ჰარიეტ ბიჩერ-სტოუ, საფო და მრავალი სხვა ძლიერი არსება, რომელიც ყოველ ჩვენს ნაბიჯზე გვახსენებს, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ეს გამოგვდის…
შენ დაგვანახე, რომ მიუხედავად უზომოდ მაღალი ბარიერებისა, ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ეს გამოგვდის…
შენ გვასწვალე, რომ მიუხედავად გაბატონებული სტერეოტიპებისა, ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ეს გამოგვდის…
მოგვეცი შესაძლებლობა, ვყოფილიყავით ერთდროულად ძალიან ნიჭიერები, ძალიან ლამაზები, ძალიან ძლიერები, ძალიან ჰუმანურები…
მოგვეცი შესაძლებლობა, გვემოქმედა, გვებრძოლა და შეგვეცვალა…
რაოდენ დიდია ღვაწლი შენი, რაოდენ ძლიერი ხარ შენ და რაოდენ ამაყები ვართ ჩვენ, შენი სქესის მატარებელნი, გვქონოდა შესაძლებლობა, განგვეცადა ყველა ეს ემოცია, ყოველ ჯერზე, ჩარჩოებში მოქცეულ სარკის წინ დადგომის დროსაც კი…
***
ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.