გენდერული სიახლეები
ქვეყნები, სადაც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა 33%-ზე მეტია, ბედნიერების ინდექსით პირველ ათეულში არიან
2024-07-31 10:28:59

„ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ (2000) ქართული სამოქალაქო სექტორის ერთ–ერთი ძველი და ეფექტური ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – საერთაშორისო პლატფორმებზეც, მათ შორის, გაეროს ქალთა ფორუმებზე.

წლების წინ, როცა „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ (ხელმძღვანელი ელენე რუსეცკი) საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918–1921) პარლამენტის ქალი დეპუტატების ბარათები დაბეჭდა და ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამოფინა, მეც მერგო ამ ბარათების გარკვეული რაოდენობა. მას მერე საქართველოს ისტორიის ეს ყველაზე მეტყველი სავიზიტო ბარათი პირადად ვის არ მივაწოდე – გლორია სტეინემიდან და მარიო ვარგას ლიოსადან დაწყებული ვიდრე ჯეინ ბირკინითა და დიმიტრი მურატოვით დამთავრებული.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლები წელსაც სტუმრობდნენ ნიუ იორკს, ქართველი ხელოვანების გამოფენაც გამართეს და ქართველი ქალი პარლამენტარების ბარათებიც ჩამომიტანეს. ჩამოიტანეს ასევე ძალიან საინტერესო და საჭირო მასალა – ნათელა გრიგალაშვილისა და ზალიკო სულაკაურის ნამუშევრები და აი, რატომ.

„– ქალთა საინფორმაციო ცენტრის” ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა ქალებისა და მათი ოჯახების ადვოკატირება, მოწყვლადი ჯგუფების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაა, იქნებიან ესენი დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები, ეთნიკური თუ სხვა უმცირესობები“, – მიყვება „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ თანამშრომელი, გენდერის ექსპერტი, ტრენერი მამუკა გაჩეჩილაძე, „– რასაკვირველია, ამ პროცესში წარმატებას მარტონი ვერ მივაღწევთ. ამიტომ საჭიროა კონსოლიდირებული მუშაობა სახელმწიფოსთან, რათა ქალებს სახელმწიფო სერვისებსა და რესურსებზე სრული წვდომა ჰქონდეთ.

ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია ადგილობრივი თვითმმართველობა. რეალობა კი ასეთია – ხშირად, ადგილობრივი ხელისუფლება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობას ვერ ახერხებს და როგორც წესი, გასვლითი შეხვედრებით ე.წ. სოფლის კრებებით შემოიფარგლება. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თვითმმართველობისთვის შეგვეთავაზებინა მოსახლეობასთან არატრადიციული, ინოვაციური მეთოდით ურთიერთობა და ამ პროცესში ჩავრთეთ ცნობილი ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი და კარიკატურისტი ზალიკო სულაკაური, რომლებთან ერთადაც სოფლებში გავედით.

ამ ხელოვანმა ადამიანებმა თავიანთ შემოქმედებაში სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემები ასახეს. ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გაგვეკეთებინა გამოფენა მუნიციპალიტეტში, ყველას ენახა და გაეგო ნამუშევრებით გადმოცემული სათქმელი. ამ გზით ადამიანებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან უშუალოდ ჰქონდათ კავშირი. ჰოდა, სწორედ ეს გამოფენა წამოვიღეთ ნიუ იორკში და ჩვენს უცხოელ კოლეგებს ამ ინოვაციური მეთოდის ეფექტიანობა ვაჩვენეთ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ხაშურში მცხოვრები მეწარმე ქალების მიერ შექმნილი თოჯინები, რომლებიც ასევე ნიუ იორკში გავამგზავრეთ, ამით კი ხაზი გავუსვით ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობას. საერთაშორისო საზოგადოებას ქართულ სუფრასთან ერთად ტრადიციული ნუგბარი წარვუდგინეთ და ყველაფერი ეს, ერთიანობაში, ფორმალური და არაფორმალური გზით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების წინ წამოწევის კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა.

ამჯერად ნიუ იორკში რა თემით წარსდექით?

ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა ისეთი საერთაშორისო პლატფორმა, როგორიცაა ქალთა სტატუსის კომისია CSW, ოპტიმალურად უნდა გამოიყენონ, რათა, პირველ ყოვლისა, თავიანთი საქმიანობის პოპულარიზაციას შეუწყონ ხელი; საერთაშორისო საზოგადოებას საქმიანობის შედეგები და მიღწევები აჩვენონ; გაიზიარონ სხვა ქვეყნების წარმატებული მაგალითები და ისაუბრონ გამოწვევებზე, რომელიც არა მხოლოდ ქვეყანაშია, არამედ – გლობალურადაც; მიიღონ ინფორმაცია, თუ რა სტრატეგიები არსებობს ამ გამოწვევების საპასუხოდ და დასაძლევად.

ჩვენ სწორედ ამ ფორმით გამოვიყენეთ ეს საერთაშორისო პლატფორმა და ორგანიზაციისა და ქვეყნის წარმატებული მაგალითები წარმოვადგინეთ, რა თქმა უნდა, გამოწვევების შესახებაც ვისაუბრეთ.

საინტერესოა ის მომენტი, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ წარმატებული პრაქტიკის შესახებ ვსაუბრობდით, მათ შორის, ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე – გენდერული კვოტირების სისტემაზე და ეს, უდავოდ, სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ღირებული მონაპოვარი იყო – საქართველოში კვოტირების შესახებ კანონი გაუქმდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ღონისძიებაზე სამთავრობო დელეგაციაც იმყოფებოდა და ისინიც, გენდერულ კვოტებს წარმატებულ მიღწევად მიიჩნევდნენ. მაგრამ გვაქვს ის, რაც გვაქვს ანუ ბევრი წლით უკან გადადგმული ნაბიჯი.

კვოტირების გაუქმება კონკრეტულად რა უარყოფითი შედეგის მომტანია?

კვოტირების სისტემის გაუქმება, ცალსახად, უარყოფით შედეგს გამოიღებს. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც დღეს არის (იგი დაბალია რეგიონალურ მაჩვენებლებთან შედარებით), უფრო გაუარესდება. ამის მაგალითია სტატისტიკის ის დინამიკა, რომელსაც საქართველოში ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მხრივ ვაკვირდებით.

თუ გადავხედავთ, როდის იწევს ზემოთ მაჩვენებელი და როდის ჩამოდის ქვემოთ, ვნახავთ, რომ მაშინ, როცა ხელისუფლებას თავისი პოზიციები ხისტად აქვს გამყარებული და მომატებულია დიქტატურის კრიტერიუმები, ამ შემთხვევაში მათ არ სჭირდებათ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, შესაბამისად, ეს პროცენტი დაბლა მოდის. დღესაც თუ შევხედავთ, თუ როდის გაუქმდა კვოტირების მექანიზმი – ის უკავშირდება კაცების ავტოკრატიული ძალაუფლების გამყარებას. ქვეყანაში შემოდის არჩევნების პროპორციული სისტემა და სიებში ქალებისთვის ადგილები აღარ დარჩა. მიზანია პოლიტიკაში უფრო მეტი კაცი იყოს წარმოდგენილი, შესაბამისად, ეს ცალსახად ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაუარესების საფუძველი გახდება.

საქართველოს უახლოეს ისტორიაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა დროებითი სპეციალური ზომების გამოყენების გარეშე არ მიღწეულა, შესაბამისად, ყოველთვის იქნება საფრთხე ქალების იგნორირების თუ სპეციალური ზომები/სპეციალური დამცავი მექანიზმები არ ამოქმედდება. იმისთვის, რომ ქალთა პოლიტიკური აქტივობა გაძლიერდეს, პარტიულ სიებში დაცული უნდა იყოს ე.წ. „ზიპირების“ – ანუ საპირისპირო სქესის მონაცვლეობის პრინციპი, რასაც საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს.

იმ ქვეყნის პარლამენტებში, სადაც ქალთა წარმომადგენლობა მინიმუმ 20%-ია, კანონმდებლები სერიოზულად იწყებენ ბავშვთა ინტერესებზე დამყარებულ კანონპროექტებზე მუშაობას; სადაც 30%-ია – განიხილება და მიიღება კანონები და სახელმწიფო პროგრამები ქალთა საჭიროებებიდან გამომდინარე; ხოლო იქ, სადაც 40-50%-ია – მიიღება მაღალი პასუხისმგებლობის ისეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სახის გადაწყვეტილებები, რომელიც ქვეყნის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს.

პოლიტიკაში ქალთა ჩართულობა, ფაქტობრივად, ქვეყნის საშინაო ორიენტირების მაჩვენებელი ხდება…
სწორედაც რომ ასეა. ქვეყნებში, სადაც 20% ან ნაკლებია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ქალებს ნაკლები გავლენა აქვთ პოლიტიკაზე. ქალები თავიანთ დღის წესრიგს სთავაზობენ თუ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა 33 %-ზე მეტია. ეს არის ქვეყნები, რომელთა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიებზე იწყებენ მუშაობას, შესაბამისად, სახელმწიფოს პოლიტიკა უფრო სრულფასოვანი და ეფექტურია.

ის ქვეყნები, სადაც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა 33%-ზე მეტია, ბედნიერების ინდექსით პირველ ათეულში არიან. აქედან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა ეს არის, უპირველეს ყოვლისა, უფლება, რომ ყველა ქალს შესაბამისი შესაძლებლობა და პოლიტიკური წარმომადგენლობა ჰქონდეს. ეს კი პირდაპირ კავშირშია როგორც ოჯახების, ასევე – ქვეყნის კეთილდღეობასთან. შესაბამისად, იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ სირცხვილი და აბსურდია კვოტირების მექანიზმის პოლიტიკაში მონაწილეობისთვის გამოყენება, რეალურად არ ესმით და არ აქვთ გაცნობიერებული პოლიტიკური მონაწილეობის როლი.

ქართული პარლამენტი რა თავისებურებით გამოირჩევა?

ყოველთვის ასე იყო – ქალები გაცილებით აქტიურები არიან პარლამენტში/პოლიტიკურ ცხოვრებაში და თუ ჩვენ რეალურად შევხედავთ დღეს ვინ იცავს ქალთა უფლებებს, სამოქალაქო სექტორის უფლებებს, ძირითადი დამცველები აღმოჩნდებიან ქალი პარლამენტარები, რომლებიც პატრიარქალურ უმრავლესობას ებრძვიან. სამწუხაროდ.

როცა ქალია პოლიტიკაში, მას გაცილებით მეტ მოთხოვნებს უყენებს როგორც საზოგადოება, ისე – პოლიტიკური პარტიები. თუ ქალია, უნდა იყოს განათლებული, მოზომილი, მებრძოლი და ა. შ. კაცების შემთხვევაში ამას არავინ კითხულობს.

თუ გადავხედავთ პარლამენტში კაცების აქტივობის სტატისტიკას, პარლამენტში კაცების 30% საერთოდ არანაირი ინიციატივით არ გამოდის. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ქალები პარლამენტში უმცირესობაში არიან და მათ იგივე ძალადობრივი წესებით თამაში უწევთ, რაც ჩამოყალიბებულია კაცური პოლიტიკის “კლუბში”. და ეს თამაშის წესები არ შეიცვლება მანამ, სანამ პარლამენტში ქალთა მონაწილეობა 30 %-ზე მეტი არ იქნება.

საქართველოში ბოლო სამი წელი ქვეყნიდან ემიგრირებულთა რაოდენობის უპრეცედენტო მაჩვენებლით აღინიშნა და ქალები კვლავ ჭარბობენ…

ამა წლის მარტში საქართველოში შობადობასთან დაკავშირებით „საქსტატის“ მონაცემები გამოქვეყნდა და აღმოჩნდა, რომ იგი წინა წელთან შედარებით 2000-ით არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა ბერდება.

ემიგრაცია პირდაპირ კავშირშია ამასთან იმიტომ, რომ ქვეყნიდან ემიგრაციაში მიდიან შრომისუნარიანი ადამიანები, რომლებიც დემოგრაფიულ მდგომარეობაზე გავლენას ახდენენ.

სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ტოვებენ ქვეყანას იმისთვის, რომ ფიზიკურად გადარჩნენ და გადაურჩნენ სიღარიბეს, შიმშილს; გადაარჩინონ თავიანთი ოჯახები.

მეორე არგუმენტი, რომელიც ხშირად მსმენია, არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რას საქმიანობენ ემიგრაციაში, ისინი გაცილებით მეტად თვლიან თავს ადამიანად და ემიგრაციაში გაცილებით ღირსეულია მათი ცხოვრება, ვიდრე – საკუთარ ქვეყანაში, სადაც შესაბამისი ანაზღაურებით მუშაობისა და ცხოვრების საშუალება არ ეძლევათ. ბოლო წლების განმავლობაში ეს სულ სხვა ტიპის ემიგრაციაა – როცა ქვეყანას ტოვებენ ადამიანები, რომლებსაც სამსახურები და შემოსავალი აქვთ. ისინი არ მიიჩნევენ საქართველოში სამსახურს ღირებულად, რადგან არა აქვთ სათანადო ანაზღაურება იმისთვის, რომ ოჯახებთან ერთად ადამიანურად იარსებონ/იცხოვრონ და ამიტომ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებას იღებენ.

ემიგრაციის და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის ერთ–ერთი მიზეზი ე.წ. რუსული კანონიც შეიძლება გახდეს…

დღეს, ზოგადად, საქართველოს სამოქალაქო სექტორს და ქალთა ორგანიზაციებს ძალიან უჭირთ. უდიდესი გამოწვევა დაკავშირებულია უკვე მეორედ ინიცირებულ ე.წ. აგენტების კანონთან („კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“), რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო სექტორის იმ ფორმით ფუნქციონირებას, რა ფორმითაც იგი ფუნქციონირებდა და ეს არის ძალიან ცუდი.

ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ ამ პროცესს და მიგვაჩნია, რომ ეს კანონი ხელს შეუშლის არა მხოლოდ სამოქალაქო ორგანიზაციებს… აქ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ის სერვისები და საქმიანობა, რასაც ადამიანებს სოფლებსა და რეგიონებში ვაწვდით, შეფერხდება. აღსანიშნავია, რომ ეს არის სოფლები, სადაც ზოგ შემთხვევაში არც არასდროს არავინ ჩასულა, მათ შორის, ხელისუფლება. ამ სოფლებთან წვდომა სამოქალაქო სექტორს აქვს, ცხადია, ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებსაც, რომელიც არა ერთხელ დახმარებია ქალებს, აქტიური მოქალაქეები გაუხდია ისინი, გაუძლიერებია. რეგიონები ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია და მიგვაჩნია, რომ დიდ წარმატებასაც მივაღწიეთ. ასეთია, მაგალითად, სოფელი ჩორჩანა, რომელიც ე.წ. გამყოფ ხაზთან მდებარეობს და სადაც 19 ოჯახი ცხოვრობს.

კაცი ფემინისტურ ორგანიზაციაში. რატომ მუშაობთ ქალთა ორგანიზაციაში?

უპირველესად, მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ვაკეთებ საქმეს, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია.

ადამიანის უფლებების დაცვა შეუძლებელია მხოლოდ ქალების ან მხოლოდ კაცების ჩართულობით. გენდერული თანასწორობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, ჩვენს საზოგადოებაში ჩამოყალიბებული შეხედულებიდან გამომდინარე, ბევრს არ ესმის ფემინიზმის არსი, ასევე უკვირთ ქალთა ორგანიზაციის საქმიანობაში კაცების ჩართულობა. ფემინისტად მიაჩნიათ ადამიანები, რომლებიც გამოდიან ქუჩაში, აქციებში მონაწილეობენ, რადიკალური გამოსვლები აქვთ, მათ შორის, ტელევიზიებში და ა. შ. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ძალიან ბევრ ქალთა ორგანიზაციაში, ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩართულები არიან ფემინისტი კაცებიც და ეს კარგი მაგალითია, როგორც ამ საკითხისადმი ნდობის გაზრდის კუთხით, ასევე – ორგანიზაციის იმიჯისთვის.

კაცი ქალთა ორგანიზაციაში პატრიარქალურ საზოგადოებაში გამოწვევად აღიქმება და, მათ შორის, რადიკალურ ფემინისტურ ჯგუფებშიც. რაც შეეხება რადიკალურ ფემინისტურ ჯგუფებს, გამოწვევაა ისიც, რომ შეიძლება მათ საერთოდ არ სურდეთ კაცის გვერდით საქმიანობა, რაც ასევე მიუღებელია. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე და ადამიანები, რომლებიც უფლებებს თავად იცავენ, უნდა იყვნენ გაწონასწორებულები, გააზრებული ჰქონდეთ თანასწორობის პრინციპები და სხვებს სქესობრივი ნიშნით არ უნდა დისკრიმინირებდნენ.


 

ია მერკვილაძე

წყარო: Netgazeti 
ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა პროევროპელმა მაია სანდუმ

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ. მან ხმების 54,91% მიიღო

სრულად 
2024 წლის არჩევნებზე მილიონ ნახევარზე მეტი ქალი არ მივიდა ხმის მისაცემად

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის რომ ხმის მისაცემად 26 ოქტომბერს, 1 891 130 ქალი არ მივიდა

სრულად 
ავღანეთში თალიბანმა ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა

თალიბანმა ავღანელ ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა. როგორც The Telegraph წერს, ორშაბათს სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის მინისტრმა ქალებისთვის ახალი უცნაური შეზღუდვის შესახებ გამოაცხადა

სრულად