გენდერული სიახლეები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?
2024-04-26 15:56:59

2024 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო, 2025 წელს კი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო, მასში მონაწილეობას ვერ მიიღებს საზღვარგარეთ მყოფი ელექორატის ნაწილი.

“სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უცხოეთის საარჩევნო უბნებზე საქართველოს  66 217 მოქალაქე იყო რეგისტრირებული, რომელთაგან არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 12 247-მა მოქალაქემ მიიღო.

ორგანიზაციის შეფასებით, ქართველი ამომრჩევლის დაბალი აქტივობა შესაძლოა განპირობებული იყოს იმით, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები ძირითადად დედაქალაქებში იხსნება, ის ადამიანები კი, რომლებიც უცხოეთში სამუშაოდ არიან წასულები, სამსახურის გამო საარჩევნო უბანზე მისასვლელად, სხვა ქალაქში გამგზავრებას ვერ ახერხებენ. ნაწილი კი შიშობს, რომ მათ მიერ ხმის მიცემა საქართველოში დეპორტაციას გამოიწვევს.

ცესკოს მონაცემებით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში 1 მლნ 874 ათას 227 (53,59%) ქალი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, საიდანაც ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა 922 ათას 414 -მა  მათგანმა მიიღო (50.8%), ანუ თითქმის ნახევარ მილიონამდე ქალს (49,45%) ხმის უფლება არ გამოუყენებია.

სტატისტიკური მონაცემებით, 2010-2020 წლებში ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 516 465 შეადგენდა, სხვა კვლევებით (PMCG - კვლევითი ორგანიზაცია, 2020)  კი ეს რიცხვი 861 000-დან 1.6 მილიონამდე მერყეობს. 

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე. 

სქესის მიხედვით ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა  რთულია, თუმცა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 50 წლისა და უფროსი ასაკის ემიგრანტი ქალების რაოდენობა,  შესაბამისი ასაკის ემიგრანტი მამაკაცების რიცხვს ბევრად აღემატება.

ქართველ მიგრანტებს შორის გენდერული ბალანსი დაცულია მხოლოდ გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ევროპის ქვეყნებში კი (გარდა პოლონეთისა), მათ შორის თითქმის 70% ქალია. საზღვარგარეთ, მათი ძირითადი სამუშაო საოჯახო საქმეებში დახმარება და მოხუცების მოვლაა. დღის წესრიგი კი, თითქმის 24 საათიანი რეჟიმშით, რადიკალურად განსხვავდება მშობლიურ მხარეში დასაქმებული ქალების ყოველდღიურობისგან.

ეს გარემოება ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია, რის გამოც სამშობლოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წასული ქალები ვერ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას და წლების განმავლობაში მათი ხმა იკარგება.

საზღვარგარეთ დასაქმებული ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკის დოვლათის შექმნაშიც. მაგალითად, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, 2023 წელს, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 4 მლრდ 120  მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ს შეადგეს. 2022 წელს კი უშუალოდ მუშაკთა გზავნილებმა საქართველოში 2. 3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს დაახლოებით 9%-ია.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი ელექტორატის უმრავლესობას ქალები შეადგენენ გამოდის, რომ ეს ადამიანები უხეშად რომ ვთქვათ,  ფაქტობრივად სამშობლოს არჩენენ და ამ დროს ვერ იღებენ მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ციფრული არჩევნები - ესტონური მოდელი

არჩევნებში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არაერთმა ქვეყანამ გადაჭრა. ერთ-ერთი პირველი ამ მხრივ ესტონეთი იყო, რომელმაც 2005 წელს, ინტერნეტის საშუალებით ხმის მიცემის შესაძლებლობა უზრუნველყო. მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენება საარჩევნო პროცესთან მიმართებით საქართველოში ჯერ მხოლოდ დისკუსიის თემას წარმოადგენს, თუ არ ჩავთვლით ელექტრონულ არჩევნებს, რომლის კიდევ ერთი  რეპეტიცია 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. შემოდგომით, ამომრჩევლის 90% ხმას ელექტრონულად მისცემს. უბანზე ამომრჩეველს სამაგიდო სიები აღარ დახვდება და მარკირების შემდეგ მას სპეციალური, ვერიფიკაციის აპარატი, ელექტრონული პირადობის მოწმობის ან პასპორტის გატარებისას ამოიცნობს. მონიტორზე გამოჩნდება მისი ფოტო - რაც მეთვალყურეებს შედარების საშუალებას მისცემს.

ნახევრად ღია კაბინაში ხმის მიცემის დროს, ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს წრე - რომლის გასწვრივაც მისთვის სასურველი პოლიტიკური სუბიექტის დასახელება წერია.

პოლიტიკურ წრეებში აცხადებენ, რომ ეს ტექნოლოგია პოლიტიკურ სპეკულაციებს გამორიცხავს, ექსპერტთა ნაწილი კი ფიქრობს, რომ მანიპულაციები ელექტრონული არჩევნების პირობებშიცაა შესაძლებელი. რამდენად გაამართლებს საქართველოში არჩევნების ამ მეთოდით ჩატარება, ეს უფრო უკეთესად მომავალში გამოჩნდება, თუმცა ფაქტია, რომ ემიგაციაში მყოფი ელექტორატის ჩართულობას ის ვერ უზრუნველყოფს. ერთ-ერთი რეალისტური პრაქტიკა, რაც ამ გამოწვევის საპასუხოდ შეიძლება განვიხილოთ ინტერნეტით ხმის მიცემა.

ეს პრაქტიკა ამჟამად, მსოფლიოს სულ რამდენიმე ქვეყანაშია დანერგილი, თუმცა ყველაზე რელევანტური ესტონეთის მაგალითია. ISFED -ის განმარტებით, ესტონური მოდელის შემთხვევაში მოქალაქეები იწერენ ხმის მიცემის აპლიკაციას და სპეციალურ ტექნიკურ მოწყობილობაში საიდენტიფიკაციო ბარათის (ID) განთავსებით უკავშირდებიან პროგრამას. მომხმარებლის მიერ კოდის დაფიქსირებით, მოწყობილობა ამოიცნობს პირს და წარუდგენს არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა სიას. მას შემდეგ, რაც მოქალაქე აირჩევს სასურველ კანდიდატს, მეორე PIN2 კოდის შეყვანით ადასტურებს ხმის მიცემას. საბოლოო ეტაპი არის PIN კოდის შეყვანა, რომელიც ერთგვარ ციფრულ ხელმოწერას წარმოადგენს.

დაშიფრული ხმები ჯერ სპეციალური დათვლის სერვერზე იგზავნება, შემდეგ კი საარჩევნო ოლქების მიხედვით ნაწილდება და იშლება ამომრჩეველთა ციფრული ხელმოწერები. ხმები დაშიფვრის გასაღების მიერ დეკოდირდება და ითვლება. ინტერნეტ კენჭისყრის შედეგები არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ონლაინ ქვეყნდება.

ამ მეთოდის დანერგვით ხმის მიცემა ნებისმიერი ადგილიდან, ინტერნეტითაა შესაძლებელი, რაც ისეთ ბარიერებს აღმოფხვრის, როგორიცაა ტრანსპორტირების სირთულეები, გადატვირთული გრაფიკი და ა.შ.

ამომრჩევლის აქტივობის გაზრდის პარალელურად ციფრული არჩევნები გაცილებით მიზერულ დანახარჯებს, ადამიანურ/მატერიალურ რესურსს მოითხოვს, ვიდრე ელექტრონული არჩევნების აპარატებით აღჭურვაა.

ციფრული არჩევნების შემთხვევაში  ხმების დათვლა და შედეგების ჩვენება თითქმის მყისიერადაა შესაძლებელია, რაც ზრდის გამჭვირვალობას და საზოგადოების ნდობას. გამჭვირვალობა და პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, რომლის ხარისხსაც 2024 წლის  არჩევნებზე გადამწვეტი როლი ექნება. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შემდეგ საქართველოსთვის გაწერილ 9 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი სწორედ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ვალდებულებაა.

რა ნაბიჯები იქნება გადადგმული ამ დათქმის შესასრულებლად - გადაჭრით პროგნოზირება რთულია, თუმცა ფაქტია, რომ ციფრული არჩევნების ლობირება ქვეყანაში თითქმის არ ხდება. ამ ფონზე, ემიგრანტი ქალები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს დისტანციურად ეცნობიან, თანამედროვე ტექნოლოგოებს კი დატვირთული სამუშაო დღის ბოლოს ტრადიციულად, სარვამარტო მილოცვებისთვის იყენებენ.
 

ნინო ჩიბჩიური
ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა პროევროპელმა მაია სანდუმ

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ. მან ხმების 54,91% მიიღო

სრულად 
2024 წლის არჩევნებზე მილიონ ნახევარზე მეტი ქალი არ მივიდა ხმის მისაცემად

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის რომ ხმის მისაცემად 26 ოქტომბერს, 1 891 130 ქალი არ მივიდა

სრულად 
ავღანეთში თალიბანმა ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა

თალიბანმა ავღანელ ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა. როგორც The Telegraph წერს, ორშაბათს სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის მინისტრმა ქალებისთვის ახალი უცნაური შეზღუდვის შესახებ გამოაცხადა

სრულად