გენდერული სიახლეები
მე დედა ვარ
2023-03-23 16:01:34

მე დედა ვარ. ოთხი შვილი გავაჩინე ვაჟის მოლოდინში. ოთხივე გოგო. მეხუთესაც გავაჩენდი, საშვილოსნო რომ არ ამოეცალათ ჩემივე დაუდევრობით. ექიმებს რომ არ ვუსმინე, ჩემს ქმარს და მის ოჯახობას გადავაყოლე თავიც და შვილებიც. 

ოთხი გოგო მყავს, ოთხივე - ბრილიანტი. ლამაზი, ჭკვიანი, დაუზარელი. ოთხივემ ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა, ოთხივე თავისით მოეწყო უმაღლეს სასწავლებელში, ოთხივემ თავისით იპოვნა ბედი და ოთხივემ თავისით გადაწყვიტა როდის და რამდენი შვილი გაეჩინა.

მე დედა ვარ. ბედნიერი - შვილების ბედნიერებით, საკუთარი ბედნიერებები კი აღარ დამრჩა. აბა, რაღა დამრჩებოდა, ამ ჩემი ბედოვლათი ქმრის ხელში: 16 წლის ვიყავი, სკოლა არც მქონდა დამთავრებული, ბანკეტისთვის ვემზადებოდი, ვიპრანჭებოდი, კაბებს ვარჩევდი, სიყვარულზე ვოცნებობდი. რომ დამინახა არ მომეშვა, ჩემი აჩრდილი გახდა, მოსვენება დამიკარგა, უარზე ვიყავ, მაინც თავისი გაიტანა, საბრალო დედაჩემს თავი მოაწონა, ხან ბაზრიდან ხილ-ბოსტნეული მოჰქონდა, ხან გიტარაზე შემოჰკრავდა ჰანგებს, ხან ლექსებს გვიკითხავდა გამოთქმით. 

უკაცოდ დარჩენილ ოჯახს მეტი რა უნდოდა. ბებიაჩემმა და ბაბუაჩემმაც შემაწუხეს, მიდი, გაჰყევი, ამაზე უკეთეს კაცს შენს ცხოვრებაში ვეღარ შეხვდები, ბედი კარზე მოგდგომიაო და... რა უნდა მექნა? ბანკეტის კაბის ნაცვლად, საქორწინო სამოსში გამოვეწყვე იმ წელს და ნელ-ნელა ჩვეულებრივ „ოჯახის ქალად“ ვიქეცი. არც სწავლა, არც მეგობრები, ჯერ ქმარი და მისი ოჯახობა, მერე ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე მესამე, ბოლოს - მეოთხე შვილი და აბა, სხვა რაღასი თავი მექნებოდა. ბედს დავმორჩილდი. 

შორიდან ვუცქერდი ჩემს კლასელებს: ზოგი უმაღლესში დადიოდა, პროფესიას ეუფლებოდა, წინ და წინ მიიწევდა, ზოგი - საზღვარგარეთ გადაიხვეწა სამუშაოდ, ქმარ-შვილი იქიდან რომ ერჩინა, მაგრამ გულწრფელი ღიმილის უნარი არ დაუკარგავთ, ზოგიც - პაემნისთვის იპრანჭებოდა და საკუთარ გულისხმას მისდევდა, ზოგჯერ უმართლებდა არჩევანში, ზოგჯერ - არა, მაგრამ თავისას ცდილობდნენ ჩემი გოგოები.

ერთი ორჯერ კი შევხვდით ბაზარში, მაგრამ აბა მე მაინც არ მეცალა მათთან ჩამოსაჯდომად და ცივი მოკითხვებით ჩვენი მეგობრობაც ნელ-ნელა გაცივდა და დავრჩი მხოლოდ ჩემი ოჯახის ანაბარა.

გვარის გამგრძელებლის მოლოდინში ჩემი ბედოვლათი ქმარი ჯერ ცოტ-ცოტას წრუპავდა „დარდზე“, მერე ნელ-ნელა მოუმატა და ახლა დღე არ გავა, არ დარეტიანდეს. აბა, მე ვაჟს ვეღარ გავუჩენ, საშვილოსნო შევალიე ამას და „დარდის სმაში გადაყოლებას“ ვერ დავუშლი, მისი ნებაა. ან ოთხი გოგო თუ მყავს, რით არიან ვაჟზე ნაკლები? 

ბედნიერი დედა ვარ, მაგრამ აბა ბედნიერი ქალიც მეთქმის? ჩემს ქმარს რომ ვუყვარდი, მიტომ გამიმეტა ადრე საცოლედ, მაგრამ მე კი მიყვარდა? რა იქნებოდა, ეცლია სკოლის დამთავრება, ბანკეტზე პრანჭვა, უმაღლესში ჩაბარება, სამსახურის შოვნა... ეგება, ისევ ბედნიერი დედა ვყოფილიყავი, მაგრამ განათლებულიც, ნაკითხიც და მეტად ბედნიერიც? ჩემი ოთხი გოგო მთელ სამყაროს მირჩევნია, ამიტომ არ დავიშურე არაფერი, მათთვის განათლების მისაცემად: არ მინდოდა, ეჩქარათ და უარჩევნოდ დაეტოვებინათ თავი, თორე განა იმათ მთხოვნელები არ ჰყავდათ? ჭკვიანი გოგოები მყავს, დაფიქრებულები. იცოდნენ, რომ გათხოვებას ყოველთვის მოასწრებდნენ, სწავლისთვის კი - უფრო ნაკლები დრო ექნებოდათ, რაც წლებში შევიდოდნენ, რაც ცოლ-ქმრობის „უღელი“ დაედებოდათ, რაც დედები გახდებოდნენ და თავიანთ წვრილშილს დააფრთიანებდნენ. მე კი, აი, მე კი ხელი ჩამავლო ჩემმა ქმარმა და თავის ბუდეში გადამსვა, როგორც გუგული.

კი, ბედნიერი დედა ვარ, ალბათ, ბედნიერი ცოლიც, მაგრამ განა ბედნიერი ქალიც მეთქმის, ნეტა?

მე დედა ვარ, დედა. 

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
 

ლილე კობაიძე
ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა პროევროპელმა მაია სანდუმ

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ. მან ხმების 54,91% მიიღო

სრულად 
2024 წლის არჩევნებზე მილიონ ნახევარზე მეტი ქალი არ მივიდა ხმის მისაცემად

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის რომ ხმის მისაცემად 26 ოქტომბერს, 1 891 130 ქალი არ მივიდა

სრულად 
ავღანეთში თალიბანმა ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა

თალიბანმა ავღანელ ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა. როგორც The Telegraph წერს, ორშაბათს სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის მინისტრმა ქალებისთვის ახალი უცნაური შეზღუდვის შესახებ გამოაცხადა

სრულად