გენდერული სიახლეები
სალომე ზურაბიშვილი გაეროში ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა
2023-03-07 12:20:51

ქალების განმტკიცებითა და გაძლიერებით, ჩვენ ყველას შეგვიძლია ვისარგებლოთ და მივაღწიოთ ჩვენს საერთო მიზანს - ავაშენოთ ძლიერი, თანასწორი და სამართლიანი საზოგადოებები - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ინტერნეტს შეუძლია წაშალოს განსხვავებები და უთანასწორობები, მსგავსი ინფორმაციის გაზიარებამ უნდა შექმნას მეტი საერთო გაგება სხვადასხვა კულტურებს, ერებსა და რა თქმა უნდა, სქესებს შორის.

„ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაზე. მოგმართოთ, ამ გამორჩეულ აუდიტორიას, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ქალმა, რომლებიც ცოტანი არიან, იმ დროს, როცა მსოფლიო უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე ოდესმე, და როგორც არასდროს, საჭიროა, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალების ჩართულობა. ჩემთვის პატივია, ასამბლეას პატარა და ამაყი ერის - საქართველოს სახელით მივმართო, სადაც საუკუნეების განმავლობაში, ქალები დამოუკიდებლობის, თავისუფლების, განვითარებისათვის ბრძოლაში, ერის იდენტობისა და კულტურის შექმნაში თავიანთ თავზე მეტს იღებდნენ.

ჩემი მოვალეობაა, დავრწმუნდე, რომ ტექნოლოგიისა და ინოვაციის ეს საუკუნე არ გამოიწვევს უარყოფით შედეგებს და ჩემს ქვეყანაში მხოლოდ გააძლიერებს შესაძლებლობებს ქალებისა და გოგონებისთვის. რაც ჩემი ქვეყნისათვის მინდა, იმავეს ვუსურვებ ქალებს მთელ მსოფლიოში. ტექნოლოგია ქალებისათვის ახალი საზღვარია. დღეს ჩვენ, აქ შეკრებილნი მივესალმებით ამ ახალ სამყაროს და შესანიშნავ შესაძლებლობებს, რომლებიც ახალ ტექნოლოგიებთან და ინოვაციასთან ერთად ჩნდება: ხელოვნური ინტელექტი რევოლუციას ახდენს მსოფლიოში, შესაძლებელს ხდის იმას, რაზეც მხოლოდ თუ ვიოცნებებდით. ინოვაცია ყველა სფეროში ყვავის; იქნება ეს ეკონომიკა, მედიცინა, განათლება და თუნდაც ხელოვნება. ინოვაციები ყოველწამიერად ჩნდება, რამაც ცხოვრება ნამდვილად უნდა გაამარტივოს ყველასათვის და განსაკუთრებით, ქალებისათვის: დისტანციური მუშაობა, დისტანციური სწავლა, დისტანციური მედიცინა შლის ზღვრებს, ამცირებს დროსა და მანძილს;

ინტერნეტს შეუძლია წაშალოს განსხვავებები და უთანასწორობები. მსგავსი ინფორმაციის გაზიარებამ უნდა შექმნას მეტი საერთო გაგება სხვადასხვა კულტურებს, ერებსა და რა თქმა უნდა, სქესებს შორის. მან უნდა დაუშვას ინტერესებზე დაფუძნებული საზოგადოებების წარმოშობა, რომლებიც ამცირებენ დისკრიმინაციას და აძლიერებენ სოლიდარობას - ეს ასე უნდა იყოს! თუმცა ახალი ტექნოლოგიები ახალ ბარიერებს ქმნიან. ახალი ტექნოლოგიები ზოგ შემთხვევაში, ინკლუზიის ხელშემწყობის ნაცვლად, ახალი ბარიერი ხდება, რომელიც ქალებისათვის კიდევ უფრო რთულად გადასალახია. მათ STEM-ში უფრო მაღალი დონის სპეციალიზებული განათლება ესაჭიროებათ, რომელიც ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი ქალებისა და გოგონებისთვის მთელს მსოფლიოში. ინტერნეტზე წვდომაც კი არათანაბარია. ასეთი ხელოვნური საზღვრები განსაზღვრავს მომავალს, რაც ხელს უშლის ქალებს წამყვან სფეროებში სამართლიანი წილი ჰქონდეთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, თავად ინტერნეტი ხდება გენდერული ნიშნით ძალადობის ახალი და მკვეთრად ეფექტური ინსტრუმენტი.

"ტექნოლოგია თავისთავად ქმნის ქალთა მიმართ ძალადობის ახალ ფორმებს: სიძულვილის ენა და ,,ტროლინგი“ პირდაპირ ახალი და ფართოდ გავრცელებული ძალადობაა ქალ პოლიტიკოსებზე, და არა მხოლოდ მათზე.

ეს გენდერული ძალადობა მიზანში იღებს მათ და მათ შვილებს და, შესაბამისად, ხელს უშლის მათ საქმიანობას. ანონიმურობასა და უპასუხისმგებლობას ამოფარებული, ძალადობის ეს ახალი ფორმა დამანგრეველ გავლენას ახდენს ქალებისა და გოგონების ახალ თაობებზე და ხელს უშლის მათ პოლიტიკაში შესვლას. საქართველოს გამოცდილებაა, რომ გენდერული თანასწორობა წარმოადგენს დემოკრატიული სტაბილურობისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ ფუნდამენტურ საყრდენს, რომელიც კარგად იყო გააზრებული და ნათლად ასახული საქართველოში, უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში, როგორც ევროპის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც უკვე იმ დროს ჰყავდა ქალი ამომრჩეველი და არჩეული ქალები. ვამაყობთ რა ჩვენი ისტორიით, ასევე ვამაყობთ ჩვენი მიღწევებითა და ახალი ვალდებულებებით და იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯებით, რომლებიც გადადგმულია სტამბულის კონვენციის დებულებების შესრულების თვალსაზრისით და 2021 წელს პარიზში, ,,გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ“ და ,,ტექნოლოგიების მეშვეობით ქალთა გაძლიერების“ კოალიციებში გაწევრიანებით ,,თაობათა თანასწორობის ფორუმზე“ აღებული ვალდებულებებით. გადაიდგა ძირეული ნაბიჯები - შეიქმნა ოფიციალური სამუშაო ჯგუფი ფემიციდის პრევენციის შესახებ, ახალი სახელმწიფო კონცეფცია ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“, ძალადობის მსხვერპლთათვის სოციალურ/სახელმწიფო სერვისები და მოხდა მათზე ბარიერის გარეშე წვდომა, გენდერული კვოტების შემოღება, რომელმაც გაზარდა ქალების რაოდენობა პარლამენტსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში.

თუმცა, მიუხედავად ამ ხელშესახები პროგრესისა, საქართველო კვლავ დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. 24-35 წლის ქალების 48% არ არის ეკონომიკურად აქტიური, განსაკუთრებით, სოფლად და პოლიტიკოს ქალთა ნახევარზე მეტს, მათ შორის მეც, განუცდია რაიმე სახის ძალადობა. ახლახან გაჩნდა კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების როლს ეხება და რომელიც მისი ჭეშმარიტად ტრანსფორმაციული ფუნქციის თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმთავრესია, რათა ქალთა ხმა უკეთესად იყოს გაგონილი.

ამ მხრივ, ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, [და რომელშიც, უნდა ითქვას, რომ უმეტესი წილი ქალ აქტივისტებს უჭირავთ], უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის. აქედან გამომდინარე, ამ კანონპროექტის მიმართ მე ჩემი მკვეთრი წინააღმდეგობა უკვე გამოვხატე და ვიყენებ ამ შემთხვევას, რომ ჩემი პოზიცია აქაც დავაფიქსირო. რა უნდა გაკეთდეს? სანამ ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობებს, რომლებიც უნდა გაჩნდეს, ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ იმ მძიმე რეალობას, რომ, დღემდე, ქალები დიდწილად გარიყულნი არიან ეკონომიკური საქმიანობის, პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესისგან და სამეცნიერო საზოგადოებისგან. ქალები კვლავ ცხოვრობენ, ან უნდა ვთქვა, უფრო და უფრო მეტად ცხოვრობენ ისეთ გარემოში, რომელიც არ არის თავისუფალი ძალადობისგან და ვერ სარგებლობენ მათი ძირითადი უფლებებით. გლობალურად, მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერების მხოლოდ 22%-ია ქალი, მაგრამ სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების 70% ქალი და გოგონაა. ყოველი 3 ქალიდან 1 ამბობს, რომ გენდერული ძალადობა განუცდია. აქედან გამომდინარე, ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა ციფრულ სივრცეში და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც ICT-ის (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) მიერაა ხელშეწყობილი, უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა უზრუნველვყოთ ამ პრობლემების გავლენის მომხდენ შესაძლებლობებად გადაქცევა. ტექნოლოგიებისა და ციფრული განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ეფექტური პასუხია ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე.

„ქალების მიერ მართული ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სტარტაპები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში სპეციალური პროგრამების შექმნა და განხორციელება ქალთა ჩართულობის გაფართოებისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა ჩვენი მთავრობისთვის, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენი მთავრობებისთვის, არამედ ჩვენი კერძო სექტორისთვისაც. მათი პასუხისმგებლობა არ არის ნაკლები, რადგან მათი წილი ეკონომიკურ განვითარებაში მუდმივად მზარდია.

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ქალების განმტკიცებითა და გაძლიერებით, ჩვენ ყველას შეგვიძლია ვისარგებლოთ და მივაღწიოთ ჩვენს საერთო მიზანს - ავაშენოთ ძლიერი, თანასწორი და სამართლიანი საზოგადოებები. და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომიტეტს შეუძლია აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ ისტორიული გზის გავლაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად 
ომბუდსმენი კვოტების გაუქმებაზე: უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის გზით გენდერული კვოტირების გაუქმებაა

სრულად