გენდერული სიახლეები
გენდერული სტერეოტიპები, გენდერული უთანასწორობა, ფემინიზმი და ჰეტეროსექსიზმი
2022-11-29 10:05:12

გენდერული სტერეოტიპები, გენდერული უთანასწორობა და ჰეტეროსექსიზმი, წლების განმავლობაში წარმოადგენს მწვავე სოციალურ პრობლემას, რის შედეგებსაც ვხედავთ დასაქმების ბაზარზე, პოლიტიკაში, საზოგადოების პატრიარქატულ წყობაში, თუ ზოგადად ყოველდღიურ ცხოვრებაში. საერთაშორისო, სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის ჩართულობის მიუხედავად, პრობლემა დღემდე რჩება აქტუალური, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციების ყოველწლიური ანგარიშებიც ადასტურებს (The Global Gender Gap Report, 2018).

გენდერული თანასწორობა საქართველოში არსებული მოქმედი კანონმდებლობით (საქართველოს კანონი- გენდერული თანასწორობის შესახებ, 2010) განიმარტება, როგორც "ადამიანის უფლებათა ნაწილი, რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობას და თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში". გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხედვით (United Nations, 2002), ინდივიდის პრივირეგილებულობა, პასუხისმგებლობები თუ შესაძლებლობები არ უნდა იყოს განპირობებული მისი სქესით.

გენდერული უთანასწორობა საზოგადოების პატრიარქატული წყობისთვის არის დამახასიათებელი. პატრიარქატი სოციალური სისტემაა, სადაც კაცი დომინირებს ქალზე, ყველაფერი მასკულინური კი უფრო მეტად პრივირეგილებურია, ვიდრე ფემინური (Parrillo, 2005). ამავე საზოგადოებისთვის დამახასიათებელია ჰეტეროსექსიზმი, როგორც ჰეტეროსექსუალთა პრივილეგირება, ჰომოსექსუალ კაცებთან ან ქალებთან მიმართებაში. ჰომოსექსუალი ინდივიდები ისეთივე ბარიერებს აწყდებიან სოციალური ფუნქციონირების დროს და ისევე სჭირდებათ ბრძოლა თავიანთი უფლებებისთვის, როგორც ქალებს (Parrillo, 2005).

ჰეტეროსექსიზმი, ასევე განიმარტება (ILGA Europe), როგორც რწმენა, რომ ჰეტეროსექსუალობა არის უმაღლესი (რელიგიურად, მორალურად, სოციალურად, ემოციურად და სხვ.) სხვა სექსუალობებთან მიმართებით; პრეზუმფცია, რომ ყველა ადამიანი
ჰეტეროსექსუალია; რწმენა, რომ ყველა ადამიანი უნდა იყოს ჰეტეროსექსუალი. როგორც ჩაგვრის ინსტიტუციონალიზებული სისტემა, ჰეტეროსექსიზმი უარყოფითად აისახება ლგბტი ადამიანებსა და, ასევე, ზოგიერთ ჰეტეროსექსუალ ინდივიდებზეც, რომლებიც არ შეესაბამებიან მასკულინობისა და ფემინურობის ტრადიციულ გაგებას (ჯალაღანია, 2016).

პირველი ნაბიჯები გენდერული უთანასწორების წინააღმდეგ უკავშირდება ნიუ-ირკში სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალების გამოსვლას 1857 წელს 8 მარტს, რაც „ცარიელი ქვაბების მარშის“ სახელით არის ცნობილი. მათი მოთხოვნა იყო შრომის ანაზღაურების პირობების გათანაბრება მამაკასთვის არსებულ პირობებთან, სამუშაო დღის შემცირება და საარჩევნო უფლებების მიღება. 1910 წელს კოპენჰაგენში გაიმართა ქალთა ფორუმი, სადაც გერმანელმა კომუნისტმა ქალმა, კლარა ცეტკინმა, მსოფლიოს მოუწოდა 8 მარტის ქალთა საერთაშორისო დღეს დაწესების შესახებ. სწორედ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის პირველი ნაბიჯი არის 8 მარტის, როგორც ქალთა საერთაშორისო დღის დაარსების საფუძველი. (Kaplan, 1985).

აღსანიშნავია, რომ ქალებმა ხმის მიცემის უფლება გერმანიაში, ავსტრიაში, უნგრეთსა და ჩეხეთში 1918 წელს, ხოლო აშშ-ში 1920 წელს მიიღეს. ასევე, 1945 წელს სან-ფანცისკოში ხელი მოეწერა გაეროს წესდებას, იქცა პირველ საერთაშორისო შეთანხმებად, რომლითაც გამოცხადდა მამაკაცის და ქალის თანასწორობა (Kaplan, 1985).

ქალების აქტივისტურმა გამოსვლებმა, თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლის სულისკვეთებამ, და ხმის ამაღლებამ, ჩაუყარა საფუძველი ფემინისტურ მოძრაობებს. ფემინიზმი არის მსოფლმხედველობა რომლის მიხედვითაც ქალებს უნდა ჰქონდეთ ეკონომიკური, სოციალური, სამოქალაქო, პოლიტიკური და კულტურული უფლებები (სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი , 2004). ამ მიზნის მისაღწევად ქალებს ხანგრძლივი, წინააღმდეგობრივი და საინტერესო გზის გავლა მოუხდათ. ერთი მხრივ , ისინი იაზრებდნენ საკუთარ ადგილს საზოგადოებაში, სახელმწიფოში და მეორე მხრივ - იბრძოდნენ ჩაგვრის განმაპირობებელი კულტურული ნორმების შესაცვლელად (გაფრინდაშვილი, 2014). საუკუნეებით გამყარებულ რწმენა-წარმოდგენებში ქალის ადგილი და რეალიზაციის ასპარეზი დეტერმინირებული იყო რეპროდუქციული ფუნქციით, შვილების აღზრდით და ოჯახურ-ნათესაური ურთიერთობებით (გაფრინდაშვილი, 2014).

დეკადების განმავლობაში ქალები იბრძოდნენ განათლების უფლებისთვის, პოლიტიკური მონაწილეობის უფლებითვის თუ კაცთან გათანაბრებული ანაზღაურებისთვის (Kaplan, 1985). საინტერესოა ის ფაქტი, რომ დროთა განმავლობაში ფემინისტების ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის პერიოდულად იცვლიდა ძირითად საბრძოლო თემას, რასაც განაპირობებდა პირვანდელი მიზნის მიღწევა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, თუ ახალი პრობლემის ამოტივტივება (გაფრინდაშვილი, 2014). ფემინისტების ბრძოლის შედეგად კი, დღეს უკვე არსებობს საკანონმდებლო დოკუმენტები (საქართველოს კანონიგენდერული თანასწორობის შესახებ, 2010), რომელიც კრძალავს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას. ასევე, ქალის გენდერული ნიშნის გამო მკვლელობას დაერქვა ფემიციდი დამკვიდრდა ახალი ტერმინი, ქალებს აქვთ განათლების ხელმისაწვდომობა, დასაქმების
პერსპექტივა თუ დეკრეტის უფლება. ამავდროულად განვითარებულ ქვეყნებში ჩნდება კაცის დეკრეტული შვებულების პრეცენტენტები (O'Brien, 2009), რაც მიუთითებს საზოგადოების განვითარებაზე და ფემინისტების ბრძლის ეფექტურ შედეგებზე. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ ფემინისტების ბრძლის ეს შედეგები ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. ინდოეთში ჯერ კიდევ მართავენ ქალები აქციებს ეკლესიაში შესვლის უფლების მოსაპოვებლად , მუსულმურ ქვეყნებში ჯერ კიდევ ბურკით დადიან ქალები, ქალისთვის დიასახლისის როლი ჯერ კიდევ დომინანტურია. თუმცა, გლობალური ანგარიშების მიხედვით, გენდერული უთანასწორობა, როგორც გლობალური სოციალური პრობლემა დღის წესრიგში დგას და გენდერული თანასწორობისკენ ისწრაფვის (The Global Gender Gap Report, 2018).

გენდერული უთანასწორობის, როგორც სოციალური პრობლემის წარმოშობის უკეთ გასააზრებლად საჭიროა ისტორიულ კონტექტსში ქალის სოციალური როლის განხილვა, როგორც მატრიარქატულ ასევე პატრიარქატულ სოციალურ სისტემებში. მატრიარქატი ქალის ძალაუფლებაზე დამყარებული ორგანიზაცია, ქალის დომინირებული მდგომარეობა (საკუთრების, სოციალური მდგომარეობის დედის ხაზით მემკვიდრეობა) საზოგადოებაში.

ტერმინის გაგება მრავალგვარია. მეცნიერთა ერთი ნაწილის მიერ გაგებული იყო როგორც ქალების იმთავითვე წამყვანი მდგომარეობა მეურნეობასა და საზოგადოებაში, აგრეთვე ამ საწყისთა ასახვა სულიერ სფეროში. ეს თვალსაზრისი ეყრდნობოდა არა მარტო ჯგუფური ქორწინებისა და დედის ხაზით ნათესაობის ისტორიულ პრიორიტეტს, არამედ მრავალგვარ ისტორიულ და ეთნოგრაფიულ მონაცემსაც ქალის შედარებით მაღალ მდგომარეობაზე პირველყოფილ საზოგადოებაში და ამ ვითარების ნარჩენებზე ადრეკლასობრივ საზოგადოებებში, მაგრამ არსებობს აზრთა ხვადასხვაობა. დებატებმა სათავე დაუდო ფემინისტურ ანთროპოლოგიასა და ფემინისტურ სოციოლოგიას. დებატები მატრიარქალური საზოგადოებების არსებობის თაობაზე დღემდე გრძელდება (გაფრინდაშვილი, 2014). რადიკალური ფემინიზმისაგან განსხვავებით, თანამედროვე ფემინისტურ აზროვნება გაგებულია, როგორც ქალით ორიენტირებული საზოგადოებები და კულტურები (სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი , 2004).

აღსანიშნავია, რომ ფემინისტური ტალღის მსგავსად, იწყება ლგბტქ აქტივიზმის ტალღა. ლგბტქ თემის წარმომადგენლება დაიწყეს სინათლეზე გამოსვლა, თავიანთ უფლებზე, სექსიზმზე, ჰომოფობიაზე, სტიგმა- დისკრიმინაციაზე, სოციო-ეკონომიკურ ბარიერებზე საუბარი და ბრძოლა არსებული რეალობის შესაცვლელად (Weems, 2008). საინტერესოა, ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში მეცნიერები ჰომოსექსუალობას განიხილავდნენ, როგორც სოციალურ პრობლემას, რაც გამოწვეული იყო სოციალური ნორმების, ფსიქიატრიული ხედვის, ჰომოსექსუალობის მენტალურ დაავადებად აღქმის და ჰომოსექსუალობის იარლიყებიდან (Parrillo, 2005). წლების შემდეგ, ჰომოსექსუალობა აღარ აღიქმება დაავადებად, აღიარებენ, რომ ეს არ არის არჩევანი, აქტივისტები იბრძვიან მათი უფლებების დასაცავად, ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ. მეცნიერები კი იცვლიან ხედვას და სოციალურ პრობლემად ასახელებენ დიკრიმინაციულ პრაქტიკას ჰომოსექსუალთა მიმართ (Parrillo, 2005).

გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელ რეალობაში გენდერი განაპირობებს ინდივიდის სოციალიზაციის, თანასწორობის, წარმატების, დასაქმების, სასურველობის, რესურსებზე ხელმისაწვდომობის, ბარიერების რაოდენობის თუ სიცოცლით ტკბობის ხარისხს, გენდერული უთანასწორობა აღიქმება მწვავე და გლობალურ სოციალურ პრობლემად (Parrillo, 2005).

ჰომოსექსულობა სხვადასხვა რელიგიით (Funder, 2002) აღიარებულია ღვთის წინაშე ჩადენილ ცოდვად, ხოლო რიგი ქვეყნების კულტურული მენტალიტეტი სრულიად ამორალურად მიიჩნევს, სწორედ ამიტომ ჰომოსექსუალობა საზოგადოებისთვის წარმოადგენს სენსიტიურ თემას. საზოგადოებაში არსებულმა ცრურწმენებმა და უარყოფითმა დამოკიდებულებებმა განაპირობა, საზოგადოების მხრიდან კონტრასტული რეაქცია ლგბტქ აქტივიზმის მიმართ (Vance, Mulé, Khan, & McKenzie, 2018). ასევე, საქართველოში 2013 წლის 17 მაისი მოვლენები (რეხვიაშვილი, 2016), ადასტურებს ჰომოფობიის მაღალ დონეს ქვეყანაში, პრობლემის სიმწვავეს, ლგბტქ თემის მოწყვლადობას და არაპრივირეგირებულობას ჰეტეროსექსუალ ჯგუფთან მიმართებაში, იგივე ჰეტეროსექსიზმს (თანასწორობის მოძრაობა, 2018).

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ნებისმიერი ტიპის ჰომოსექსუალური კავშირი ამერიკაში იკრძალებოდა კანონით (Parrillo, 2005), ახლა კი არსებობს ანტიდისკრიმინაციული კანონი (საქართველოს კანონი - დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, 2014) რომელიც იცავს სექსუალურ უმცირესობათა უფლებებს, თუმცა მისი აღსრულების მექანიზმის ეფექტურობა ცალკე კრიტიკის საკითხია აქტივისტებისთვის (ჯალაღანია, 2016).

2014 წლამდე საქართველოში არ არსებობდა ერთიანი, უნიფიცირებული ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომელიც შექმნიდა სახელმწიფოს მხრიდან ყველა ფორმის დისკრიმინაციასთან ბრძოლის მზაობას და მას ადეკვატურ სამართლებრივ
მექანიზმს დაუქვემდებარებდა. 2014 წლის 2 მაისს მიღებულმა კანონმა "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" რეალობა შეცვალა, კანონმა გააერთიანა საერთაშორისოდ აღიარებული ყველა დაცული საფუძველი, მათ შორის სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა. კანონის აღსრულების მექანიზმად სასამართლოსთან ერთად განისაზღვრა სახალხო დამცველის აპარატი, რომლის ფარგლებშიც შექმნილმა სპეციალურმა თანასწორობის დეპარტამენტმა დაიწყო მუშაობა
დისკრიმინაციის საქმეებზე (ჯალაღანია, 2016).

განსახილველია, გენდერული უთანასწორობის და ჰეტეროსექსიზმის დღევანდელი გამოწვევები, როგორც საერთაშორისო დონეზე ასევე საქართველოშიც. საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორები, აქტიურად მუშაობენ ამ პრობლემატიკაზე, რასაც საერთაშორისო ანგარიშები თუ კვლევები ადასტურებენ (The Global Gender Gap Report, 2018).

საქართველოში, ქალთა ბარიერების დაძლევასა და მათი პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობენ სხვადასხვა სექტორები. საერთაშორისო ანგარიშს (2018) მიხედვით, ქალები აწყდებიან დასაქმების პრობლემას (The Global Gender Gap Report, 2018), რაც ჩანს ქალი და კაცის დასაქმების მაჩვენებლით, გენდერული ნიშნით განსხვავებული საშუალო ანაზღაურებით, ფემიციდის შემთხვევებით, არსებული სოციალური ბარიერებით, გენდერული სტერეოტიპებით, გენდერული დისკრიმინაციის შემთხვებით, სექსუალურ შევიწროვების ფაქტებით (UN WOMAN Georgia, 2017).

გაეროს ქალთა ორგანიზაცია (United Nations, 2002), რომლის დანიშნულება გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობაა, საერთაშორისო დონეზე აქტიურად მუშაობს გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრაზე. ორგანიზაციის საქართველოს (UN WOMAN Georgia, 2017) წარმომადგენლობა, ასევე, აქტიურად მუშაობს პრობლემის ადგილობრივ დონეზე მოსაგვარებლად. ინტერვენციის სამუშაო გეგმა ძირითადად მიმართულია შემდეგ ასპექტებზე - ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა და გენდერის ჩართვა ეროვნული დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში. თემის დონეზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის მუშაობა მიზნად მეწარმე ქალების, განსაკუთრებით კი ღარიბი და სოციალურად მოწყვლადი ქალების ჯგუფების მდგრადი საარსებო საშუალებების გაზრდას ისახავს.

გენდერული თანასწორობის მიღწევის პროგრესის დაჩქარების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია კერძო სექტორის მობილიზაციას ახორციელებს და კომპანიებს სამუშაო ადგილებსა თუ მათ მიღმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი ზომების განხორციელებაში ეხმარება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის/გაეროს გლობალური შეთანხმების ქალთა გაძლიერების პრინციპებისა და ქალთა გაძლიერების პრინციპების გენდერული ანალიზის ინსტრუმენტის გამოყენებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია უზრუნველყოფს ინფორმირებულობის ამაღლებას, თუ რატომ აქვს ბიზნესის ეფექტიანობისთვის გენდერულ თანასწორობას დიდი მნიშვნელობა და ეხმარება კომპანიებს დამატებით გასატარებელი ზომების განსაზღვრაში (UN WOMAN Georgia, 2017).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გენდერული თანასწორობის კანონმდებლობის დახვეწა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა კანონის ეფექტური განხორციელების მიღწევის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს (არჯევანიძე, 2012).
კანონმა განსაზღვრა თანასწორობის პრინციპები ყველაზე პრობლემურ სფეროებში, მათ შორის განათლებასა და დასაქმების პროცესში. თუმცა თავად კანონი სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზე ცალკე ჩანაწერს არ შეიცავს, ამასთანავე, არ არის აღჭურვილი ეფექტიანი აღსრულების მექანიზმით, ამიტომ ის მეტწილად დეკლარაციული ხასიათისაა (ჯალაღანია, 2016).

ჰეტეროსექსიზმის მსხვერპლი მოწყვლადი ლგბტქ თემი, დღეს საქართველოში უამრავ სოციალურ-ეკონომიკურ ბარიერს აწყდება (თანასწორობის მოძრაობა, 2018), რომლის მოგვარებაზე, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ. ძირითადი პრობლემები და გამოწვევებია - ჰომობოფიის, ტრანსფობიის და ბიფობიის მაღალი მაჩვენებელი, დასაქმების პრობლემა, სტიგმა-დისკრიმინაცია (EMC, 2016).

აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ ლგბტქ თემისთვის ჯანდაცვის სფეროში ბარიერს წარმოადგენს გენდერულად არასენსიტიური სერვისების არსებობა (თანასწორობის მოძრაობა, 2018),რაც შემდგომში განაპირობებს მათ ხელმისაწვბომობას არსებულ სერვისებზე. ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ბარიერი, საკანონმდებლო დონეზე პირდაპირი დარღვევაა ჯანდაცვის უნივერსალი ხელმისაწვდომების უფლებების (თანასწორობის მოძრაობა, 2018) დასაფასებელია, რომ საქართველოში გარკვეული
მომსახურებები უკვე შექმნილია ლგბტქ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებით, თუმცა დარჩენილია გარკვეული მომსახურებები, რომელთა იმპლემენტაციაზე ახლა მიმდინარეობს მუშაობა (ჯალაღანია, 2016).

პრობლემაზე მუშაობის ძირითადი ინტერვენციული აქტივობები მოიაზრებს ადვოკატირებას ლგბტქ თემის უფლებებისთვის. ლგბტქ საჭიოებების კვლევებიც საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტივობაა, შემდეგ სწორი ინტერვენციის დაგეგმვისთვის.

აღსანიშნავია, საქართველოში ლგბტქი თემის საჭიროების კვლევების ძალიან დიდი დეფიციტია და სწორედ ახლა მიმდინარეობს მსგავსი დოკუმენტაციების შემუშავება. არსებული სერვისების განვითარება, ახალი სერვისების შექმნაც ინტერვენციის აქტიური ნაწილილია.

აღსანიშნავია, რომ ჰერეროსექსიზმის დასამარცხებლად მიმდინარეობს ლგბტქი უფლებების დარღვევის მყისიერი რეაგირება, დისკრიმინაციად იდენტიფიცირება და შემდეგ ადვოკატირება. დღეს, საქართველოში არსებული ინტერვენციული მექანიზმები
საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა აღსანიშნავია, რომ სწორედ ახლა ხდება მათი შემოუშავება და შემდგომ იმპლემენტაცია (თანასწორობის მოძრაობა, 2018).

საინტერესოა, საქართველოში არსებული სიტუაციის შედარება სხვა ქვეყნების მდგომარეობებთან. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) , გლობალური გენდერული უთანასწორობის რეიტინგს აქვეყნებს (2017). ანგარიში ჯამში მსოფლიოს 144 ქვეყანას მოიცავს და შემდეგი კრიტერიუმებით აფასებს: ეკონომიკური შესაძლებლობები ქალებისა და კაცებისთვს, საგანმანათლებლო მიღწევები, ჯანმრთელობა, პოლიტიკური გაძლიერება.

საქართველო რეიტინგში 94-ე ადგილს იკავებს. ყველაზე ცუდი შედეგი საქართველოს ჯანდაცვის კრიტერიუმში აქვს და მსოფლოში 124-ე ადგილს იკავებს. 114-ე ადგილზეა საქართველო პოლიტიკური გაძლიერების კრიტერიუმში, საგანმანათლებლო მიღწევების კრიტერუმში 81-ზე, ხოლო ეკონომიკურ შესაძლებლობებში 75-ზე. ეკონომიკური შესაძლებლობების ერთ-ერთი კრიტერიუმი ქალებისა და კაცების ანაზღაურებებს შორის განსხვავებებს მოიცავს, რომელშიც საქართველოს 45-ე ადგილი უკავია. წიგნიერების მაჩვენებლის კრიტერიუმში საქართველო 49-ე ადგილზეა. ქალი პარლამენტარების რაოდენობით საქართველო 101-ე ადგილზეა, ქალი მინისტრების რაოდენობით კი 106-ზე.

2017 წელს მსოფლიოში გენდერული უთანასწორობის მაჩვენებელი 32.0%-მდე შემცირდა. მსოფლიოს ქვეყნებში კვლავ მაღალი რჩება ეკონომიკასა და პოლიტიკაში გენდერული უთანასწორობა და ის 50%-ზე მაღალია. გენდერულად ყველაზე თანასწორ ქვეყანას ისლანდია სახელდება, რომელსაც რეიტინგში ნორვეგია და ფინეთი მოყვება (გენდერული უთანასწორობა მსოფლიოში და საქართველოში, 06.11.2017).

გენდერული უთანასწორობა და ჰეტეროსექსიზმი, გლობალური მასშტაბით აქტუალურ და მწავავე სოციალურ პრობლემას წარმოადგენს დღემდე. არსებულ რეალობას განაპირობებს კულტურა, გენდერული სტერეოტიპები, მენტალიტეტი, ცრურწმენები, თუ ცნობიერების დაბალი დონე. შესაბამისად, ინივიდებს სქესის თუ იდენტობის მიხედვით აქვთ არათანაბარი სასტარტო პირობები თვითრეალიზებითვის. შედეგად, გენდერული ნიშანი განაპირობებს- დასაქმებას, პოლიტიკურ ჩართულობას, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას და სხვა ფაქტორებს. პროფლემის აქტუალობას ადასტურებს
მიმოხილული კვლევებიც და ისტორიული კონტექსტიც.

აღსანიშნავია, რომ გენდერულ უთანასწორობას და ჰეტეროსექსიზმს, საქართველოს პრეზიდენტის და პარლამენტის მიერ მიღებული, ანტიდისკრიმინაციული და გენდერული თანასწორობის კანონები არეგულირებენ. საერთაშორისო, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორი აქტირუი ჩართულობით ცდილობს არსებული რეალობის ცვლილებას. სამიზნე ჯგუფების საჭიროებების მიხედვით იქმნება ჯანდაცვის ახალი სერვისები. კანონების რეგულირების ფარგლებში, იდენტიფიცირება ხდება დისკრიმინაციის, ფემიციდის თუ სხვა დარღვევების. შესაბამისად, სხვადასხვა სექტორის ჩართულობით, გენდერული უთანასწორობისა და ჰეტეროსექსიზმის კუთხით არსებული მდგომარეობა,ნელი ტემპით, თუმცა მაინც დღითიდღე უმჯობესდება.

გამოყენებული ლიტერატურა

Funder, D. C. (2002). Why Study Religion? Religion and Psychology , 200-213.

Kaplan, T. (1985). On the Socialist Origins of International Women's Day. Feminist studies, 163-171.

O'Brien, M. (2009). Fathers, Parental Leave Policies, and Infant Quality of Life: International Perspectives and Policy Impact. The

Annals of the American Academy of Political and Social Science, 190-213.

Parrillo, V. N. (2005). Contemporary Social Problems. Pearson Education.

The World Economic Forum (2018). The Global Gender Gap Report.

UN WOMAN Georgia. (2017). NATIONAL STUDY ON VIOLENCE AGAINST WOMEN. Tbilisi

United Nations. (2002). GENDER MAINSTREAMING. New York.

Vance, K., Mulé, N. J., Khan, M., & McKenzie, C. (2018). 8 The rise of SOGI: human rights for LGBT people at the United Nations. In

A. J. Nancy Nicol, Envisioning Global LGBT Human Rights: (Neo)colonialism, Neoliberalism, Resistance and Hope (pp. 223-246). Institute of Commonwealth Studies, School of Advanced Study, University of London.

Weems, M. (2008). A History of Festive Homosexuality: 1700–1969 CE. In The Fierce Tribe: Masculine Identity and Performance in the Circuit (pp. 81-100). University Press of Colorado, Utah State University Press.

არჯევანიძე, ნ. (2012). გენდერული თანასწორობა – საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის მიმოხილვა . თბილისი: Center For Social Science .

გაფრინდაშვილი, ლ. (2014). ფემინიზმი და ქალის უფლებები: მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისაკენ. ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია.

გენდერული უთანასწორობა მსოფლიოში და საქართველოში. (06.11.2017). Forbes.ge.

თანასწორობის მოძრაობა. (2018). თემის ხმა სტიგმის წინააღმდეგ . თბილისი.

რეხვიაშვილი, ა. (2016). 17 მაისის გეოპოლიტიკური ანალიზი. თბილისი.

საქართველოს პარლამენტი. საქართველოს კანონი- გენდერული თანასწორობის შესახებ. (2010). N2844.

საქართველოს პარლამენტი. საქართველოს კანონი - დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. (2014). N2391- IIს.

სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი . (2004). თბილისი: ლოგოს პრესი.

ჯალაღანია, ლ. (2016). ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში. თბილისი: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).

***

ანალიტიკური სტატია მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 

 

გვანცა ჩაგუნავა, გამოყენებით სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი
ბოლო ამბები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად