გენდერული სიახლეები
მომავლის ცვლილებები წარსული სტერეოტიპების პირისპირ - ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა 
2022-11-28 12:25:53

გენდერული სამართლიანობის პრინციპის დაცვა  და ქალების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულების აღმოფხვრა -  მიზნები ნაცნობია, მესიჯბოქსებიც ვიცით, არაერთხელ მოგვისმენია ტელევიზორის ეკრანებიდან, წაგვიკითხავს ანალიტიკურ სტატიებში, ფორმალურ ან არაფორმალურ საუბრებში. ისიც ვიცით, რომ მთავარი გამოწვევა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალებისა და კაცების თანაბარი მონაწილეობაა.  თანაბარი მონაწილეობა, რომლის მისაღწევად ჩვენს ქვეყანას წინ დიდი გზა აქვს და არაერთი ნაბიჯის გადადგმა მოუწევს.  

მონაცემები ასე გამოიყურება, პარლამენტში ქალების რაოდენობით, 193 ქვეყანას შორის, საქართველო 121-ე ადგილს იკავებს, ხოლო გენდერული ინდექსის მიხედვით, ქალების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის თვალსაზრისით, 146 ქვეყნიდან  55-ე ადგილზეა. პარლამენტის მსგავსად, ქალების პოლიტიკური მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობებშიც დაბალია, მიუხედავად იმისა, რომ  2021 წლის არჩევნებს, კვოტირების თვალსაზრისით, ცვლილებები შეეხო (პარტიების სიების შედგენისას ყოველ სამ კანდიდატში, ერთი განსხვავებული სქესის კანდიდატის შეყვანის ვალდებულაბა გაუჩნდათ). 

სამოქალაქო სექტორის მიერ მომზადებული ანგარიშების თანახმად, გენდერულმა კვოტამ ქალების წარმომადგენლობის გაზრდაზე გავლენა იქონია. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქალები პროპორციული კანდიდატების 42,5%-ს შეადგენდნენ, ხოლო არჩეული კანდიდატების 30%-ზე მეტი ქალია, რაც 2017 წლის შედეგბთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდაა

ასეა თუ ისე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მაჩვენებელი მოთხოვნების პროპორციულად იზრდება, პროცესი შეუქცევადია და ბარიერების მიუხედავად, გრძელდება, თუმცა უმთავრესი გამოწვევა მაინც სტერეოტიპულად მოაზროვნე ადამიანები არიან. ადამიანები, რომლებიც ქალს პოლიტიკაში ვერ ხედავენ, გადაწყვეტილების მიღებას არ ანდობენ და გაკეთებულ საქმეებს ეჭვისთვალით უყურებენ. 

ჩვენი საზოგადოება პოლიტიკაში ქალებს არ ენდობა მაშინ, როცა ქალი პარლამენტარები 1919 წლიდან გვყვავს, როცა ქალებმა დამფუძნებელი კრების არჩევნებში გაიმარჯვეს. ქვეყნის უახლესი ისტორიაც ადასტურებს, რომ საქართველოს 5 აქტიური პარლამენტარი ქალი, ჯერ კიდევ, გასული საუკუნის დასაწყისში ჰყავდა. ამ დროიდან მეორე ასეული წელია დაწყებული და 21-ე საუკუნეში ქალებს კვლავ სამზარეულოს კარებს მიღმა ხედავენ და შეუვალი მოთმინებით ელოდებიან, როდის მობეზრდებათ პოლიტიკა და დიასახლისობას დაუბრუნდებიან.

ალბათ ეს არის მიზეზი, რომ  პროგრესის მიუხედავად,  თვითმმართველობებში, ასევე პოლიტიკური ცხოვრების სხვა ასპექტებში ქალები მაინც ნაკლებად არიან წარმოდგენილები და პარტიების უმეტესობას ნაკლებად აქვს პოლიტიკური სტრატეგიები, რომლებიც ქალების, როგორც ამომრჩევლების ინტერესებს ითვალისწინებს. არადა, ქალების ყოფნა წარმომადგენლობით ორგანოებში, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, ინსტიტუციებში ქალების ხმის გაძლიერებას და ქალებისთვის საჭირო პოლიტიკის გატარებას, ნამდვილად, ნიშნავს. 

ფერიდე ტვილდიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალი დეპუტატია. ამბობს, რომ გენდერული კვოტირება ქალების პოლიტიკური გაძლიერებისთვის კარგი შესაძლებლობაა და არაერთმა განვითარებულმა ქვეყანამ სწორედ ეს გზა გაიარა, რომ პოლიტიკაში გენდერული უთანასწორობა აღმოეფხვრა. 

„ჩვენი საზოგადოების უმეტეს ნაწილში გამჯდარია,  რომ პოლიტიკა კაცის საქმე/სფეროა და აქედან გამომდინარე, აუცილებელია ხელოვნური ღონისძიებები გატარდეს, რომ შევძლოთ ქალთა წარმოჩენა პოლიტიკაში. ბოლნისში კვოტირების შედეგია ის,  რომ თუ წინა მოწვევაზე ოთხი ქალი იყო წარმოდგენილი, დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არჩეულია 8 ქალი, მათგან 4 თანამდებობაზე(საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე და ორი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე).

გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბრად მონაწილეობდნენ ქალებიც და კაცებიც, რათა პრობლემების გადაჭრისას გათვალისწინებული იყოს ორივე მხარის ხედვა. ქალთა პოლიტიკური გააქტიურება  გაზრდის ქალთა უფლებების რეალიზებას და ზოგადად მგონია, რომ ქალები ბევრად პრაქტიკულები, დეტალებზე ორიენტირებულები ვართ, რაც ამა თუ იმ საქმის შესრულებისას მნიშვნელოვანია.“- ამბობს ფერიდე ტვილდიანი. 

ნიშნავს თუ არა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მეტი ქალი, ქალებისთვის განკუთვნილი პროგრამების ინიცირებას: "არსებობს გენდერული თანასწორობის საბჭო, სადაც საკრებულოს წევრები, სამოქალაქო სექტორი და აღმასრულებელი ხელისუფლების (მერიის) თანამშრომლები ერთობლივად ვმუშაობთ, თანასწორი გარემოს შექმნისთვის.  ჩვენი საბჭო წევრები, აქტიურად ვხვდებით ქალებს, ვიკვლევთ მათ საჭიროებებს და ვცდილობთ, მათ მიერ დასმული საკითხების მოგვარებას/ადვოკატირებას. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის და მათი მონაწილეობის გაზრდის მიზნით, ცვლილება შევიტანეთ „ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასახლებების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის №14 დადგენილებაში“. ცვლილება ითვალისწინებს - დადგენილების მე-10 მუხლის პირველ პუნქტში დაემატოს ჩანაწერი, რომ საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება დამსწრეთა რაოდენობის 30% განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. მადლობა კოლეგებს და ყველა ადამიანს, ვინც ჩემი ეს ინიციატივა მოიწონა, გაიგო მისი მნიშვნელობა და მხარი დაუჭირა. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვთქვით, ამ შემთხვევაში თვითმმართველობამ, ჩვენმა გუნდმა, რომ ქალის ხმა მნიშვნელოვანია და მათი საჭიროებების გადაწყვეტა ერთ-ერთი პრიორიტეტი."- ამბობს ფერიდე ტვილდიანი.

ფაქტია, რომ გენდერული კვოტის საშუალებით ქალებს წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში შესვლის შესაძლებლობა მიეცათ. ქალთა "კრიტიკული მასის" არსებობა ამ ორგანოებში უზრუნველყოფს ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას. 1995 წლის პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა, ასევე გაეროს კომიტეტის რეკომენდაცია გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევს პარლამენტში 30%-დან 35%-მდე ქალთა წარმომადგენლობის არსებობას. 

იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში 30%-ზე მაღალია, ცხადყოფს, რომ არსებული ბარიერების გაქრობა ეფექტური საკანონმდებლო ზომების გატარებას მოითხოვს. გენდერული კვოტა, სწორედ საკანონმდებლო, დროებით ზომას წარმოადგენს ქალთა და კაცთა პოლიტიკაში თანასწორი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 

თათია ფოცხვერაშვილი
ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად 
ომბუდსმენი კვოტების გაუქმებაზე: უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის გზით გენდერული კვოტირების გაუქმებაა

სრულად