გენდერული სიახლეები
გამოგონილი ამბავი
2022-11-18 15:17:41

მე გოგო ვარ. ოჯახში ყველაზე უფროსი შვილი და შვილიშვილი. ჩემი დაბადება ჩემი მშობლებისთვის მოულოდნელი „სიურპრიზი“ იყო იმიტომ, რომ თვითონაც არ იცნობდნენ კარგად ერთმანეთს და უფრო იმიტომ გადაწყვიტეს ერთ ოჯახად გადაქცევა, ჩემი არსებობა რომ ექოსკოპიურად დადასტურდა. 

90-იანი წლები. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გოგო და ბიჭი ერთმანეთს ლექციებზე, კათედრაზე, სამეგობრო წრეში ხვდება. არის გიტარა და ჩქარი ტაში. ჯერ პირველი კოცნა, მერე პირველი პაემანი, ბოლოს „ლოგინი“, როგორც ამას დღემდე ეძახის 60 წელს მიღწეული დედაჩემი.

დედა ამბობს, მშობლებთან რომ დავრეკე, მითხრეს - უნდა დარჩეო და ასე დავრჩით. მე მგონია, მე რომ არა, ერთად ერთ დღესაც არ იცხოვრებდნენ. დედას კი უალტერნატივოდ უყვარდა მამა, წყალი არ გაუვა, მაგრამ მამამ მითხრა ერთხელ, სულ პირველად ერთად რომ დავთვერით - არასდროს მიყვარდაო დედაშენი. მინდოდა ფეხქვეშ მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე. 

თითქოს შემზიზღდა მაშინ მამაჩემი. როგორ შეეძლო არ ყვარებოდა ქალი, რომელმაც მის გამო ყველაფერი დათმო; რომელსაც ბოლომდე მორჩილად ელოდა, მაშინაც კი, როცა მამა სხვა ქალებში ეძებდა ნუგეშს; რომელსაც სახლში გვიან მოსულსღა ახსენდებოდა რომ ცოლ-შვილი ჰყავდა, რომლისთვისაც ფხიზელს არასდროს ეცალა.  

ცოტათი ჩემი თავიც შემზიზღდა. მე რომ არ შევბუდებულიყავი დედას სხეულში, არც ჩემი მშობლები შეუღლდებოდნენ და ამ უღელში ბუღა ხარივით სულ დედაჩემს არ მოუწევდა ხვნა-თესვა.

დედასთვის არასდროს გამიმხელია ეს „საიდუმლო“. მეგონა, რომ სცოდნოდა მამას „აღსარება“, მეც შევძულდებოდი. მე რომ არა, იქნებ სრულიად სხვაგვარი ცხოვრება ჰქონოდა. მაგრამ აქ ვარ, პირველი გოგო შვილი და შვილიშვილი და არც ერთ ბიჭზე ნაკლები თავი არ მგონია. 

ბიჭები ხომ ამ ქვეყნად ყველაზე მეტად უყვართ: დედებს, მამებს, ყველას. ბიჭი გვარის გამგრძელებელია, ბიჭი ყველაზე ძლიერია, ბიჭები არ ტირიან - რას არ მოვიგონებთ ხოლმე, როცა ვინმეს გაღმერთება გვინდა. უბიჭობის გამო გოგოებს ვხოცავ. დაბადებამდეც და დაბადებულებსაც, როცა ძმრად ვადენთ თავიანთ გოგოობას. 

გათხოვდება და პატრონს ჩაბარდება ყველა გოგო. მაგრამ თუ „ფეხი დაუცდა“ და სხეული დაუოკებელი ვნებების გამო „გაყიდა“ მარტოობისთვის ვიმეტებთ, დაუნანებლად. 

გოგო რომ არ ყავს საბრალოა ის ოჯახი. აბა, ბიჭის იმედად მტერი დარჩენილა. კი, ნამდვილად არსად წავა თუ საშუალება არა აქვს, მაგრამ დარჩენითაც რა ხეირი? ქუჩები სავსეა ხელგაწვდილი მოხუცებით და ნეტავ, არც ერთს სახლში ბიჭი არა ჰყავს, რომ სხვა რამის ნაცვლად ხელი გაანძრიოს, მიდგეს-მოდგეს და სულ მცირედით მაინც წაეშველოს დედას/მამას? გაწყდნენ გოგოები წელში: მშობლებსაც უარონ, შვილებსაც და თავსაც, იორი როდია. 

ყველაფერი ბავშვობიდან იწყება. თვალს რომ ვახელთ და ფეხის ადგმას ვიწყებთ, პასუხისმგებლობა იმ მომენტიდან გვიჩნდება: ვეცადოთ, ვისწავლოთ, წავიქცეთ, ვიტიროთ, ავდგეთ, გზა განვაგრძოთ... თუმცა მშობლური მზრუნველობა ზოგჯერ გვანებივრებს და ვიჯერებთ, რომ სამყაროს საუკეთესო ქმნილებები ვართ. ჩვენ. მხოლოდ. სხვა, ჩვენნაირი ან ოდნავ ჩვენგან განსხვავებული კი არა, ჩვენ და ყველაფერმა ჩვენ ირგვლივ უნდა იტრიალოს. 

ნეტარ არიან ისინი, ვისაც დევნიან და ყვედრიან და ვინც სხვის ჭირს, ღობეს ჩხირს არ ეძახის და მოყვასის საკეთილდღეოდ ხმას იმაღლებს მაშინ, როცა უსამართლობას ხედავს. 

ისეთად ყოფნა არ ღირს, კედლის იქით წლობით რომ ისმენს ქალების/დედების/შვილების განწირულ კივილს ან მოგუდულ ხრიალს თავიანთი მოძალადე კაცების ხელში და მდუმარედ განაგრძობს ხახვის დაჭრას, სარეცხის გაფენას, ახალი ამბების მოსმენას და იმ უამრავ რამეს, რაც ქალების ხმის გადაფარვას და თვალების ფართოთ დახუჭვას ეხმარება. 

დაე, კაცებს, სულ მართლად ევლოთ ამ ღრმად ფესვებგადგმულ პატრიარქალურ საზოგადოებაში; დაე, კვლავ შესვან მორჩილი ცოლების, უმანკო შვილების, ახალი მანქანის სადღეგრძელოები ერთად, რადგან  “ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.”

სასუფევლამდე ვისაც გრძელი გზა გვაქვს, ვისაც ჩვენ-ჩვენი ღმერთების გვჯერა, მოგვეცით უფლება, რომ წინ ვიაროთ, დაუბრკოლებლად, თავაწეულებს, რადგან ღმერთისთვის ერთია ყველა და ღმერთიც ალბათ მაინც ერთია ყველასთვის. 

***

ბლოგი მოზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის "ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელებაში"- ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება

ლილე კობაიძე
ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად 
ომბუდსმენი კვოტების გაუქმებაზე: უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის გზით გენდერული კვოტირების გაუქმებაა

სრულად