გენდერული სიახლეები
კაზრეთი - დასაქმებას შეწირული ადამიანების ჯანმრთელობა
2022-09-28 11:20:25

გენდერული სამართლიანობის საკითხი ამჯერად ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთის მაგალითზე განვიხილოთ. ჩვენი რესპონდენტი (ქალბატონი დოდო) ყოფილი პედაგოგია, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო ზუსტი ვინაობის დასახელება არ სურს. - ჩემი ოჯახის წევრები „მადნეულში“ მუშაობენ და არ მინდა ზედმეტი პრობლემები შეექმნათო, - გვეუბნება.  
მისი ინფორმაციით, კაზრეთის საკრებულოსა და გამგეობაში ქალებიც (მათ შორის, ბოლნისის გამგეობაში ნინო ასლანიშვილი) მუშაობენ. მისივე შეფასებით, ადგილზე გენდერული ბალანსი სრულად დაცული არ არის, ისევე, როგორც ქვეყნის სხვა რეგიონებში: 

„ჩვენი ქალები მუშაობენ კაზრეთის სამთო-მომპოვებელ საწარმოებშიც. კერძოდ, მადნეულის გაფილტვრაზე, გადამამუშავებელ ლაბორატორიაში. ამ კონკრეტულ სფეროში ძირითადად ქალები არიან დასაქმებულნი. მეორე მხრივ, მადნეულის გარდა კაზრეთში სხვა სამსახურს ფიზიკურად ვერ ნახავ. გამონაკლისი რამდენიმე მაღაზიაა, სადაც ასევე ქალები მუშაობენ“.

დოდოს შეფასებით, - „დიდი პრობლემაა, რომ კაზრეთში საბავშვო ბაღი არ გვაქვს, რადგან თავის დროზე დაგვიკეტეს“. მისივე თქმით, ამხელა დაბა შენობის ავარიულობის გამო საჭირო ინსტიტუციის გარეშეა დატოვებული: 

„მხოლოდ ერთეული კაზრეთელი ბავშვები (რომელთა მშობლებიც მუშაობენ) დადიან მეზობელი სოფლის, ბალიჭების საბავშვო ბაღში. უმუშევრების შვილებს ბაღში არ იღებენ. პასუხი ერთი და იგივეა - თქვენთვის ადგილი არ გვაქვსო. მაგალითად, ჩემი გოგო არსად არ მუშაობდა და ამის გამო შვილიშვილი ბაღის გარეთ დარჩა - დღემდე ვერ დაჰყავს“. 

კითხვაზე, ამისთვის მშობელი სად უნდა მუშაობდეს, ჩვენი რესპონდენტი განგვიმარტავს, რომ მნიშვნელობა არ აქვს სად - მთავარია იქიდან ცნობას მიიტანა შეძლონ და მათ ბავშვებს მაშინვე იღებენ.

„კაზრეთის ბაღის მასწავლებლები ამჟამად სახლში არიან, ხელფასს ჩვეულებრივად იღებენ. ზოგმა დამატებითი სამსახური იშოვა და იქაც აქვს ანაზღაურება. კარგია, რომ ბაღის მასწავლებლებს ხელფასის მიცემა არ შეუწყვიტეს“. 

დოდო ზოგადად ვერ ადასტურებს, რომ კაზრეთში ქალები გენდერული ნიშნით იჩაგრებიან. მისივე თქმით, მსურველი ეძებს სამსახურს და რაღაცას მაინც პოულობს: 

„ახლა ვისაც სახლში ყოფნა და მხოლოდ ოჯახური საქმეების გაძღოლა სურს, სამსახურს არც ეძებს. ჩვენთან ბევრი ქალი ღამის ცვლებშიც (მადნეულში) კი მუშაობს, მაგრამ ეს ნებაყოფლობითი არჩევანია. ხშირად, მედიაში ვრცელდება ინფორმაციები ოჯახში (ქალთა მიმართ) ძალადობაზე - საბედნიეროდ, ჩვენთან ასეთები არ ხდება და მგონი არც იქნება. ერთ-ერთი მიზეზი ალბათ საწარმოებში დასაქმების მაღალი მაჩვენებელია“.

მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს და შეუძლებელია კაზრეთში გენდერული სამართლიანობის პრობლემა ეკოლოგიურ ჭრილშიც არ განვიხილოთ. ჩვენი რესპონდენტიც გვიდასტურებს, რომ ჰაერის დაბინძურების მხრივ სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. კვლევებით დადგენილია, რომ სამთო-მომპოვებელი (ღია წესი) საბადოების გამო, დაბა და მთელი შემოგარენი სიმსივნის გავრცელების მხრივ ქვეყანაში ერთ-ერთი ლიდერია. 

ამის გამო კაზრეთში ერთ-ერთი მოთხოვნადი ირმის რქაა, რადგან სჯერათ, რომ მძიმე გართულებებს მისი საშუალებით გაუმკლავდებიან. რეალობას ირმის რქის დაფშვნა, თაფლში არევა და მიღება რამდენად უშველის, ცალკე განხილვის საკითხია იმ ფონზე, როცა ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლება მწვავე პრობლემის აღიარებასა და სათანადო ნაბიჯების გადადგმას არ ჩქარობს. 

კაზრეთში უმუშევრად დარჩენის შიშით პრობლემაზე ღიად საუბარს ერიდებიან, მაგრამ ჭირს ბოლომდე ვერ მალავენ. დოდოს თქმით, სიმსივნის (სხვა დაავადებების) გავრცელება აქ წლების განმავლობაში ჩვეულებრივი ამბავი გახდა და საშველი არ ჩანს: 

„შეიძლება, ვიღაცამ არც დაგვიჯეროს, აქაური ქალების უმეტესობას უკვე გვეშინია, რომ, ადრე თუ გვიან, სიმსივნე ჩვენც დაგვემართება. ამას დაბაში არსებული სამწუხარო სტატისტიკაც ხელს უწყობს. ვისაც ეს ეხება, დროზე უნდა მოგვხედოს, რათა ეს დაძაბულ-ნერვული ფონი მაინც მოიხსნას. ხომ იცით, შიშს რამხელა თვალები აქვს?“

კითხვაზე, გამოსავალი სად არის, ჩვენი რესპონდენტი გვეუბნება, რომ ადამიანები ღიად საუბარს ერიდებიან, რადგან „არემჯი“ რეგიონში ძირითადი დამსაქმებელია. მისივე შეფასებით, მოწამლულ ჰაერზე ცხოვრება არავის ახარებს, მაგრამ უსაქმურად დარჩენაც გამოსავალი არ არის: 

„ვიღაცას გაუვრცელებია, რომ სიმსივნეს ირმის რქა შველის. ამის გამო დაბაში მასზე დიდი მოთხოვნაა. პირადად მეც ბათუმიდან ახლობლებმა მატარებლით გამომიგზავნეს. დაფშვნილს თაფლში ვურევთ და ისე ვიღებთ. ყველასგან მიტოვებულებს, ამ გზით გადარჩენის იმედი გვასულდგმულებს“.

ერთი პერიოდი არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურობდნენ კაზრეთის ეკოლოგიის დასაცავად. ქალბატონი დოდოს განმარტებით, სამწუხაროდ, მათ წინააღმდეგ ისევ ადგილობრივმა მოსახლეობის ნაწილმა გაილაშქრა, რადგან ყველას, ისევ და ისევ, სამუშაოს - ოჯახის საარსებო წყაროს დაკარგვა აშინებს: 

„გეცოდინებათ, თავის დროზე დაბაც წარმოების გვერდზე გაშენდა. იმ ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციები აქ წესიერად აღარ გამოჩენილან. მოკლედ, ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა, ოჯახის საარსებო ხელფასსა და შერყეულ ჯანმრთელობას შორის. ისევ სახელმწიფომ უნდა მოსთხოვოს კომპანიის ხელმძღვანელობას, რომ დაიცვას საშიში წარმოების წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გავა წლები და გენოციდს დაემსგავსება ეს ყველაფერი. ერთეულები მილიონებს შოულობენ და კეთილი ინებონ ნაწილი წარმოების გამართულობაზე დახარჯონ, რათა დაბა, ჩვენი რეგიონი ყოველდღიურად არ იწამლებოდეს და ადამიანებს ნაადრევად არ ისტუმრებდეს“.

ამ ფონზე, შეუძლებელია გენდერული სამართლიანობის გაუმჯობესებაზე ვისაუბროთ, როცა ადგილზე ლამის ყოველ მესამე-მეოთხე ქალს მკერდის სიმსივნე აღენიშნება. დაუშვებელია დასაქმებას ეწირებოდეს ადამიანების ფუნდამენტური უფლება ჯანმრთელ გარემოში ცხოვრებაზე. შუბი ხალთაში დიდხანს არ იმალება და მთავრობამ მწვავე პრობლემას დროზე უნდა მიხედოს.  

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება 

 

გელა მამულაშვილი
ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად 
ომბუდსმენი კვოტების გაუქმებაზე: უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის გზით გენდერული კვოტირების გაუქმებაა

სრულად