გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, სხდომაზე გამოთქმული დათქმებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, სადაც გაწერილია საბჭოს საქმიანობის ექვსი მიმართულება:
- სახელმწიფოს გენდერული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ჩამოყალიბება;
- გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნა და გაუმჯობესება;
- გენდერული თანასწორობის სახელმწიფო მექანიზმების დახვეწა;
- პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება;
- ცნობიერების ამაღლება გენდერულ თანასწორობაზე;
- სახელმწიფო გენდერული პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი.
თითოეული მიმართულება შედგება რამდენიმე ამოცანისგან. სამოქმედო გეგმაში მითითებულია საბჭოს მიერ განსახორციელებელი საქმიანობები, ინდიკატორები, პარტნიორი ორგანიზაციები, ვადები და საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი საბჭოს წევრები.
„2021 წლის სამოქმედო გეგმაში ასახულია ყველაზე გადაუდებელი და აუცილებელი საკითხები. მათ დიდ ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს პროაქტიულად იმისთვის, რომ მათი განხორციელება მოესწროს შესაბამის ვადებში. ასევე, დონორებთან ერთად, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI ხელმძღვანელობით, ვიმუშავებთ 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმაზე, რომელშიც უფრო დეტალურად იქნება ასახული ჩვენს სფეროში არსებული ყველა გამოწვევა“, - განაცხადა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.
სხდომაზე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ მხარი დაუჭირა თემატური მოკვლევის „ქალების მონაწილეობა ჩრდილოვან ეკონომიკაში და COVID-19-ის გავლენა მათზე“ ინიცირებას.
საკითხზე მომხსენებელი იქნება გენდერული საბჭოს წევრი ხატია წილოსანი.
თემატური მოკვლევის ჯგუფში გაერთიანებული იქნებიან ასევე გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები: რიმა ბერაძე და მარიამ ლაშხი.
„საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და მგრძნობიარეა იმ კუთხით, რომ კოვიდის პირობებში განსაკუთრებით გამოვლინდა არაფორმალურად დასაქმებული ადამიანების სირთულეები. ისინი ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დადგნენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დისტანციურად მუშაობის პირობებში, ხშირ შემთხვევაში, მათი სერვისით სარგებლობა აღარ ხდებოდა, მათ დაკარგეს სამსახური და იმის გამო, რომ არ ეკუთნოდნენ დასაქმებულთა არცერთ კატეგორიას სახელმწიფო კომპენსაციების მიღებაც ვერ შეძლეს“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.
მისივე თქმით, თემატური მოკვლევის ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება: არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ ქალთა მდგომარეობის მიმოხილვის მომზადება; გამოწვევების შესწავლა, რასაც ასეთ სექტორში დასაქმებული ქალები აწყდებიან; მათი უფლებების მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის ანალიზი და მათი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან; საკანონმდებლო და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება გამოვლენილი საკითხების საპასუხოდ.
„ანგარიშში, ასევე, დეტალურად იქნება მიმოხილული კოვიდ-19-ის გავლენა მსგავსი ტიპის დასაქმებულ სეგმენტზე“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა.