პოლონეთში უკვე მე-5 დღეა, რაც აბორტის აკრძალვის მოწინააღმდეგეები მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ, რომელშიც ათიათასობით ადამიანი მონაწილეობს.
ვარშავაში დემონსტრანტებმა მსვლელობა მოაწყვეს. მათ საავტომობილო და სარკინიგზო გზები 1 საათის განმავლობაში გადაკეტეს. ისინი აცხადებდნენ, რომ აბორტის გაკეთება ადამიანის გადასაწყვეტია და სახელმწიფოს მასში ჩარევის უფლება არ აქვს. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით: "საკმარისია","მე მსურს არჩევანი და არა ტერორი".
მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები მმართველი პარტიის, „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის სახლთან მივიდნენ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. პოლონეთის დედაქალაქი COVID-19-ის პანდემიის გამო, „წითელ ზონაშია“, შესაბამისად, ხალხმრავალი შეკრებები აკრძალულია. ათობით ადამიანი დააკავეს.
გასულ კვირას პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო კანონი, რომელიც აბორტის გაკეთებას კრძალავს. გამონაკლის შემთხვევებს მხოლოდ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაუპატიურება წარმოადგენს.
პოლონეთში (მოსახლეობა 38 მილიონი), აბორტები დაშვებულია მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტისა და ქალის ჯანმრთელობისთვის პირდაპირი საფრთხის არსებობის შემთხვევაში. გასულ წელს, მსგავსი შემთხვევები, შეწყვეტილი ორსულობის საერთო რიცხვის, მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენდა. ისინი, ვისაც ოპერაციის გაკეთება საზღვარგარეთ შეეძლო, ამას იქ აკეთებდნენ, დანარჩენები, არალეგალურ მომსახურებებს მიმართავდნენ.
ევროსაბჭომ დაუყოვნებლივ დაგმო ეს გადაწყვეტილება.
პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პანდემიის შუაგულში ასეთი გადაწყვეტილების მიღება, როდესაც ადამიანებს გაპროტესტების შესაძლებლობა არ აქვთ – „ცინიზმზე უარესია“.