აშშ-ს სენატმა, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი ეიმი კონი ბარეტი.
მისმა არჩევამ კიდევ უფრო განამტკიცა აშშ-ის ისტორიაში უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული შემადგენლობა.
ეიმი კონი ბარეტი მოსამართლის თანამდებობას უვადოდ დაიკავებს. მისი ფიცის დადების ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა.
ეიმი კონი ბარეტის კანდიდატურაზე მსჯელობა სენატში კვირას დაიწყო და 30 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. კენჭისყრას ამერიკული ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ.
სამართლის პროფესორი, 48 წლის ეიმი კონი ბარეტი მორწმუნე კათოლიკე და 7 შვილის დედაა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მის არჩევას მხარს უჭერდნენ რელიგიური კონსერვატორები, რომლებსაც აბორტის აკრძალვის იმედი აქვთ.
უზენაესი სასამართლოს ახალი წევრის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც 2020 წლის სექტემბერში გარდაიცვალა ლიბერალური შეხედულებებით ცნობილი მოსამართლე რუთ გინზბურგი.
შეგახსენებთ, რომ დემოკრატები მოითხოვდნენ, მოსამართლის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყოფილიყო მიღებული.