ლიეტუვაში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, მემარჯვენე-ცენტრისტულმა „მამულის კავშირმა“ მოიპოვა. პარტიამ სეიმში 50 მანდატი მოიპოვა და პარტნიორებთან - ლიბერალურ მოძრაობასა და თავისუფლების პარტიასთან ერთად კოალიციურ მთავრობას შექმნის.
აღსანიშნავია, რომ სამივე პარტიის ლიდერი ქალია: ინგრიდა შიმონიტე (მამულის კავშირი), აუშრინე არმონაიტე (თავისუფლების პარტია) და ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი (ლიბერალური მოძრაობა).
სავარაუდოდ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს პარტია „მამულის კავშირი“-ს ლიდერი ინგრიდა შიმონიტე დაიკავებს.
პარტია „ლიბერალურმა მოძრაობამ“, რომელიც პირველად შევიდა პარლამენტში და „თავისუფლების პარტიამ“ შესაბამისად 13 და 11 მანდატი მიიღეს. ეს ნიშნავს იმას, რომ მემარჯვენე პარტიებს 141 მანდატიდან 74 ექნებათ.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის გამარჯვება, ძირითადად, ეპიდემიის გამო შექმნილმა ეკონომიკურმა სიტუაციამ გამოიწვია. ამასთანავე, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „მამულის კავშირი“ და მისი პარტნიორები სერიოზული წნეხის ქვეშ აღმოჩნდებიან, ვინაიდან ამომრჩეველი როგორც პამდემიის დამარცხებას, ასევე ეკონომიკური პრობლემების სწრაფ გადაჭრას მოიხოვს.
სეიმი შედგება ერთი პალატისგან, რომლის შემადგენლობაშიც საყოველთაო, ფარული კენჭისყრის საფუძველზე არჩეული 141 დეპუტატია. მათგან 71 დეპუტატს ირჩევენ ერთმანდატიანი ოლქებიდან მაჟორიტარული სისტემით, 70-ს კი — პროპორციული სიით 5 %-იანი ბარიერის გადალახვის შედეგად.