პოლონეთში ათასობით ადამიანმა აბორტის კანონის შეცვლის გამო საპროტესტო აქციები გამართეს. აქციის ფარგლებში დემონსტრანტებმა ეკლესიებში წირვა ჩაშალეს.
22 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ფიზიკური ნაკლის მქონე ნაყოფის აბორტი არაკონსტიტუციურად ცნო. პირველი საპროტესტო აქცია 22 ოქტომბრის საღამოს გაიმართა.
ქალაქ კატოვიცეში, კათედრალთან აქციაზე 7000 ადამიანი, ძირითადად ქალები შეიკრიბნენ. მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პოლიციელებს თავს დაესხნენ, აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ქალაქ პოზნანში ორმოცამდე ადამიანმა ეკლესიაში წირვა ჩაშალა. აქციის მონაწილეების ერთერთი სლოგანი იყო - "კათოლიკე ქალებსაც სჭირდებათ აბორტის უფლება".
"ჩვენი ბრაზი, როგორც პოლიტიკოსებისკენ, ისე ეკლესიის წარმომადგენლებისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან მათაც შეიტანეს წვლილი ქალების ჯოჯოხეთში, რომელსაც ხელისუფლება ამზადებს". – თქვა მათეუშ სულვინსკიმ, პოზნანში აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა.
კრაკოვში პროტესტის მონაწილეებმა ხეებს შორის შავი საცვლები და ტანსაცმელი ჩამოკიდეს. პოლონეთში აბორტის შესახებ კანონის გამკაცრების წინააღმდეგ პირველი საპროტესტო აქციების დროს აქციის მონაწილეებს შავი სამოსი ეცვათ.
ვარშავაში ერთერთი ეკლესიების კედლებზე მომიტინგეებმა წარწერები გააკეთეს: "აბორტი საზღვრების გარეშე", "თქვენს ხელებზე სისხლია".
"აქ იმიტომ ვარ, რომ, მაწუხებს, რომ სეკულარულ ქვეყანაში ეკლესია მიწყვეტს, რა უფლებები მაქვს, რა შემიძლია გავაკეთო და რისი უფლება არ მაქვს". – თქვა ვარშავაში ეკლესიის წინ გამართული აქციის ერთერთმა მონაწილემ, 26 წლის იულია მიოტკმა.
საპროტესტო აქციების ლიდერებმა პოლონეთის მმართველი პარტია, კანონი და სამართალი, აბორტზე შეზღუდვების გამკაცრებისთვის სასამართლოზე ზეწოლაში დაადანაშაულეს. პროტესტის ლიდერების აზრით, მმართველმა პარტიამ ეს გავლენიანი ეკლესიის მხარდაჭერის მოსაპოვებლად გააკეთა. კანონი და სამართალი ამას უარყოფს.
პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას უარყოფს ეკლესიაც.
"ეკლესია არ ქმნის კანონს ჩვენს სამშობლოში და ეპისკოპოსები არ წყვეტენ პოლონეთის კონსტიტუციის შესრულება არშესრულების საკითხს... თუმცა, ეკლესია ვერ შეწყვეტს სიცოცხლის დაცვას და ვერ უარყოფს განცხადებას, რომ თითოეული ადამიანი დაცული უნდა იყოს ჩასახვიდან ბუნებრივ სიკვდილამდე". – თქვა არქიეპისკოპოსმა სტანისლავ გადეცკიმ.
პოლონეთში საპროტესტო აქციები გაიმართა COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად. შეზღუდვების ფარგლებში 5-ზე მეტი ადამიანის შეკრებაა აკრძალული. აქტივისტები ამბობენ, რომ ორშაბათს საღამოს კვლავ იგეგმება საპროტესტო აქციების ჩატარება.
22 სექტემბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებით, აიკრძალა აბორტი ფიზიკური ნაკლის მქონე ნაყოფის შემთხვევაში და ლეგალური იქნება მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტისა ან დედის სიცოცხლისათვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში.
ასეთივე კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წლის წინაც დარეგისტრირდა, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. პროტესტის შემდეგ ავტორებმა კანონპროექტი გაიწვიეს.
პოლონეთში ექიმების დიდ ნაწილს ხელი აქვს მოწერილი ე.წ სინდისის კლაუზულაზე, რის გამოც, აბორტის გაკეთება კანონით დაშვებულ შემთხვევებშიც კი, თითქმის შეუძლებელია.