საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზ.დ. ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სახლში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს – 1981 წელს დაბადებულ ი.დ.-ს, რომელიც იძულებით ჩასვა ავტომანქანაში და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანა სოფელ დაბის მიმართულებით არსებული ტყისკენ, სადაც, ყოფით საკითხზე არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით. დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.