ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში, 35 წლის კაცმა ორსულ ქალს მუცლის არეში ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა, რათა მომავალი შვილის სქესი გაეგო. პოლიციის ინფორმაციით, კაცი დაკავებულია, ხოლო ქალი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ექვსი ან შვიდი თვის ორსული იყო და მიყენებიული დაზიანების შედეგად შვილი-ბიჭი დაკარგა. წყვილს ხუთი ქალიშვილი ჰყავს და კაცს ბიჭი უნდოდა.
ინდოეთს სელექციური აბორტების რაოდენობით ერთ-ერთ მოწინავე ადგილი უკავია მსოფლიოში, რადგან ითვლება, რომ გოგონა ერთგვარი „ტვირთია“ და საკმაოდ ძვირი უჯდება საკუთარ ოჯახს, რადგან იგი უნდა დაქორწინდეს და გამზითვდეს.
ე.წ გამზითების პრაქტიკა ინდოეთში 1961 წელს ოფიციალურად აიკრძალა, თუმცა ინდურ ოჯახებში აღნიშნული ტრადიცია დღემდე მყარად არის ფესვებგადგმული.
ტრადიციისამებრ ინდოეთში გოგონა თხოვდება და ოჯახს ტოვებს, ხოლო ვაჟი კი მშობლებთან რჩება. დღემდე ინდოეთის განათლებული ოჯახების ცნობიერებაშიც კი, ოჯახი ვაჟიშვილის გარეშე სრულყოფილ ოჯახად არ მიიჩნევა.
2010 წელს გაეროს განვითარების პროგრამის ანგარიშის თანახმად, ინდოეთში 43 მილიონი ქალია გაუჩინარებული. 2011 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, ყოველ 1000 მამაკაცზე 940 ქალი შეადგინა, 0-დან 6 წლამდე ბავშვებში კი სხვაობა კიდევ უფრო მკაფიოდ ვლინდება: 1000 ბიჭზე დღეს ინდოეთში 914 გოგონა მოდის. სქესის ეს თანაფარდობა ბოლო ათწლეულებში კიდევ უფრო გაიზარდა: 1991 წელს, 10000 ბიჭზე 947 გოგონა, 2001 წელს 927, და დღეს კი 914 გოგონა მოდის.
ქალების სერიოზულმა ნაკლებობამ ინდოეთში ძალადობის და განსაკუთრებით კი გაუპატიურების შემთხვევათა საგანგაშო ზრდა გამოიწვია. ბოლო 40 წლის მანძილზე ინდოეთის დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს მონაცამების მიხედვით, გაუპატიურების შემთხვევები 900%-ით გაიზარდა.
2004 წელს ინდოეთის ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა არსებული პრობლემის დაძლევის მიზნით და ოფიციალურად აკრძალა ბავშვის სქესის შესახებ მშობლების წინასწარი ინფორმირება. პარალელურად შემუშავდა სპეციალური ხელშემწყობი პროგრამები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ფინანსურად ეხმარებოდა გოგონას ყოლის შემთხვევაში სიღარიბის ზღვარს მიღმა არსებულ ოჯახებს. აკრძალვის მიუხედავად ინდოეთში აბორტმა იატაკქვეშ გადაინაცვალა და დღეს ინდოეთის კერძო კლინიკები არალეგალურად კვლავ ახორციელებენ სელექციური აბორტის პრაქტიკას.