არასამთავრობო ორგანიზაცია "მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის" მიერ გამოცხადებული ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის გამარჯვებული დევნილ ქალთა ასოციაცია "თანხმობის" თავმჯდომარე იულია ხარაშვილი გახდა.
გამარჯვებული პრემიის პირველმა ლაურეატმა ნინო კალანდარიშვილმა დაასახელა.
სულ პრემიაზე 6 ნომინანტი იყო წარდგენილი:
ხათუნა გარგულია, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს ექიმი. წარმდგენი: შპს ენგურჰესი, მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი (CPCD)
იულია ხარაშვილი, დევნილ ქალთა ასოციაცია "თანხმობის" თავმჯდომარე. წარმდგენი: მარინა ფოჩხუა
ციცინო ელიკაშვილი, გორის რაიონის სოფელ ზარდიანთკარში მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული. წარმდგენი: რუსუდან კილაძე
პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი, ექსპერტი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი. წარმდგენი: გიორგი კანაშვილი.
ხათუნა გოგუა, არასამთავრობო ორგანიზაცია "აფხაზეთი ჩემის" თავმჯდომარე. წარმდგენი: მარინა ზუხბაია.
ეკატერინე მინჯორაია, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისის (NCCE) ხელმძღვანელი. წარმდგენი: ზუგდიდის ქალთა კლუბი.
წლევანდელი ჯილდო გამარჯვებულს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის გადაეცა.
დაჯილდევების ცერემონია ჭკადუაშის დადიანების რეზიდენციაში გაიმართა.
ბერტა ფონ ზუტნერის პრემია 2019 წელს საინიციატივო ჯგუფმა "ნდობა მშვიდობისთვის", ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დააფუძნა. მისი მიზანი მშვიდობის მშენებლობისა და განმტკიცების პროცესში ჩართული აქტივისტების ღვაწლის დაფასებაა. ასევე საზოგადოებაში სამშვიდობო ხედვების აქტუალიზება და ნდობის მშენებლობის საქმეში ახალგაზრდების წახალისება.
პრემიის დამფუძნებლის ინფორმაციით, წლევანდელი ღონისძიების მიზანი იყო, ერთის მხრივ ხაზი გაუსვან კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებში ჰუმანიტარული საქმიანობის მნიშვნელობას, მეორეს მხრივ კი, ხელი შეუწყონ ამ პროცესში ჩართული ადამიანების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. პრემიის საპრიზო თანხა 3000 ლარია.