დაიბადა. არავინ აღფრთოვანებულა, მაგრამ შეეგუენ, იფიქრეს, ანდაზა ამბობს, „სულ უშვილობას, ქალიც შვილიაო.“
სწავლა დააპირა. არაო, - უთხრეს, სკოლა დაამთავრე, მეტი რაღა საჭიროა, ან რას შეძლებ. აგერ, ანდაზა ამბობს, „ქალის ჭკუა თხამ შეჭამაო“. ქალი ხარ, ქმარი მოგხედავს, შვილები გეყოლება. ნათქვამია „ცხვარი მთითა და ქალი ქმრითაო“.
არ უნდოდა, არ სიამოვნებდა იმ მამაკაცის ვითომ „ყურადღება“ და სინამდვილეში ავხორცი მზერა. ვერ თქვა. ანდაზა ხომ ამბობს, „კარგმა ქალმა არცა ქნა და არცა თქვაო“. ჰოდა, მიათხოვეს კიდეც მისთვის არასასურველ ადამიანს. დიდად თავი არავის გამოუდვია მის დასაცავად, როცა ყოყმანი შეატყეს. რას ვიზამთო, აგერ ანდაზა გვეუბნება, „ქალი სხვისი კერის ნაცარიაო“.
გაუჭირდა შეგუება. უნდა გაუძლოო. ქმარს აღარავინ გამოგიცვლის, ნათქვამია, „ქალი ქმარსა სწუნობდა და იყო იმის ამარაო“.
ძალადობას ნაჩვევი არ იყო. მორიდებულად, მაგრამ გააპროტესტა. რას იზამ, არ უნდოდაო. ხომ იცი, ნათქვამია „მეზობლის გამოჯავრებულმა ცოლი გალახაო“. ის ტყუოდა - მეზობელი, - შენ არაო. მეორედ აღარ იზამსო.
განმეორდა მეორედაც. უნდა მოითმინო, მოხდა ასეო. „ვინც მოითმენს, ის მოიგებსო.“ განა არ უყვარხარო. ხომ გაგიგონია, „სიყვარულით ჩემმა ქმარმა ბარ-საკვეთით მცემაო“. ალბათ, შენც მიზეზი მიეცი, აკი ანდაზაც ამბობს, „ანჩხლი ცოლი ქმარს ჭკუიდან შლისო“.
არ დასრულდა. გაუსაძლისი გახდა. რა ვქნათ, ჩვენ ვერ ჩავერევით, ნათქვამია, „ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო“. ნუღარც გაგვრევ თქვენს კონფლიქტში, არ გაგიგია, „ცოლ-ქმრის ამბავი მარტო ლოგინმა უნდა იცოდესო“.
ჰოდა, სასოწარკვეთილებისას, ერთხელ თვითონაც გაიხსენა „ქალმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვეღარ გააკავებსო“ და ჩუმად, მაგრამ ჯიუტად და ყველა წესის დაცვით ჩამოწერა ტელეფონში 112-ის აპლიკაცია.
P.S.
განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ანდაზა (ლათ. proverbium) სინამდვილის, რეალობის გონებამახვილური განზოგადებაა.
112-ის მობილური აპლიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს უფასო, ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სერვისია, რომლის მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს. მას ჩუმი განგაშისა და ჩატის ფუნქციები აქვს და ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოქალაქეს საუბარი არ შეუძლია, ან დარეკვით საფრთხე ექმნება, მას SOS - ჩუმი განგაშის ან ჩატის ფუნქციების გამოყენება შეუძლია. აღნიშნული ფუნქციონალი განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროსაა მნიშვნელოვანი. აღსანიშნავია, რომ SOS ღილაკზე დაჭერით 112-ის ოპერატორთან მოქალაქის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი GPS კოორდინატები იგზავნება, დაფიქსირებულ ადგილზე კი პოლიცია მიდის.