თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პარტია ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციიდან (სტამბოლის კონვენცია) ქვეყნის გამოსვლის საკითხს განიხილავს.
პარტიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს საკითხი მომავალ კვირას უნდა გადაწყდეს.
2011 წელს თურქეთმა ხელი მოაწერა სტამბოლოს კონვენციას და ამით შეთანხმების შესრულების ვალდებულება აიღო. თუმცა გასულ წელს ქვეყანაში 474 ქალი მოკლეს, რაც 2011 წლის სტატისტიკას ორჯერ აღემატება.
თურქეთში შეთანხმების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ კონვენცია ძირს უთხრის ტრადიციულ ღირებულებებს.
მათი ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ შეთანხმება და ქვეყანაში მიღებული კანონმდებლობა უფრო ეფექტურად უნდა განხორციელდეს.
ამ ფონზე თურქეთის ქალაქ სტამბოლში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ათასობით ქალმა მიიღო მონაწილეობა.
აქციის მონაწილეები 27 წლის სტუდენტის, პინარ გულტეკინის წამებით მკვლელობას აპროტესტებდნენ, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი რამდენიმე დღის წინ გახდა.
აქტივისტების თქმით, ბოლო დროს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები განსაკუთრებით გაიზარდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, თურქეთში ქალთა 38% ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამხდარა