გენდერული სიახლეები
რა გამოწვევების წინაშე დგანან საქართველოში ქალები პანდემიის ჟამს?
2020-08-05 15:53:48

მსოფლიოზე მოულოდნელად თავსდატეხილმა კორონავირუსის პანდემიამ ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაზე იქონია გავლენა. იმ გეგმების განხორციელება, რაც ახალი 2020 წლის დასაწყისიდან გვქონდა ჩაფიქრებული, მალევე ბუნდოვანი გახდა, რადგან თებერვლის ბოლოს საქართველოში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა დადასტურდა. 

სწორედ იმ დღიდან, ნელ-ნელა და ეტაპობრივად, ყველა საჯარო თავყრილობამ ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა და მარტის შუაგულში საგანგებო მდგომარეობაც გამოცხადდა ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე თვით და არა ერთი ქალაქი თუ სოფელი მოექცა მკაცრი კარანტინის პირობების ქვეშ, ვირუსის შიდა გავრცელების მინიმუმამდე დასაყვანად.

ამ პერიოდში, განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე კი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მცხოვრები ქალები დადგნენ. ადგილზე ისედაც რთული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მდგომარეობის ფონზე, პანდემიამ მათ ის მინიმალური საარსებო საშუალებაც წაართვა, რითიც თავს ირჩენდნენ. 

სიტუაცია ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან

არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრი (ქსც) 2002 წლიდან მუშაობს სამშვიდობო და უსაფრთხოების საკითხებში ქალების ჩართულობასა და მათი უფლებების დაცვაზე. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ელენე რუსეცკაიას თქმით, პანდემიის დროს განსაკუთრებით რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ სწორედ ისეთი მოწყვლადი ჯგუფები, როგორიცაა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან და კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები ოჯახები, რომლებსაც მანამდეც ისედაც რთულ პირობებში უწევდათ ცხოვრება. 

გასულ წელს, ქსც-მ, რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ ,,თანაზიართან’’ და აფხაზეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობითა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერით, აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებთა საჭიროებებისა და პრიორიტეტების გამოსავლენად კვლევა ჩაატარა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 9 სოფელში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში, გალის რაიონის 8 სოფელსა და გაგრის რაიონის რამდენიმე სოფელში.

კვლევის მიხედვით, საოკუპაციო რეჟიმების მიერ გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა/გაუქმებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებთა ეკონომიკურ მდგომარეობაზე. კერძოდ, შემცირდა წვრილი ვაჭრობა და მასთან დაკავშირებული სხვა აქტივობები, ტრანსპორტირება, ტვირთის გადატანა და ყველაფერი ის რაც ამ სოფლების მაცხოვრებელთა შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა. 

გალის სათემო მუშაკი, (რომლის სახელსა და გვარს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ანონიმურად ვტოვებთ), რომელიც აქტიურადაა ჩართული რეგიონში ქალთა საკითხების ადვოკატირებაში, აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო ჩავარდნილმა ტურისტულმა სეზონმა ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინა ქალების ეკონომიურ მდგომარეობაზე.

მისი თქმით, ძირითადად, სწორედ ქალები იყვნენ დაკავებული ადგილობრივ სასტუმროებში, კაფეებსა თუ რესტორნებში. იმის მიუხედავად, რომ ეს მათთვის სეზონური სამსახური იყო, „იქ გამომუშავებული თანხით ისინი მთელი წელი ცხოვრობდნენ“. ამას ასევე დაემატა ენგურის ხიდზე გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვა, რამაც ადგილობრივებს შეუზღუდა როგორც შემწეობისა თუ პენსიის აღება, აგრეთვე სამედიცინო დახმარების მიღება თუ მედიკამენტებზე წვდომა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. 

პანდემიით გამოწვეულმა რეალობამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა ოჯახში ძალადობა, როგორც ქალების უმთავრესი გამოწვევა რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ძალადობა ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიამდეც მწვავედ იდგა, იმ სამ თვეს, როდესაც რეგიონში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, ქალებს განსაკუთრებით გაუჭირდათ. ჩვენი წყაროს თქმით, „იმატა როგორც ფსიქოლოგიურმა ასევე ფიზიკურმა და ეკონომიურმა ძალადობამ“ რადგანაც საგანგებო მდგომარეობის დროს მოძალადე 24 საათის განმავლობაში იმყოფებოდა სახლში და ქალები ვერ ახერხებდნენ ვერც შინიდან გასვლასა და კრიზისულ ცენტრში მისვლას, ვერც ცხელ ხაზზე დარეკვას ფსიქოლოგიური დახმარების მისაღებად.

ქსც-ს ხელმძღვანელის, ელენე რუსეცკაიას თქმით, მსგავს „ჩაკეტილ“ ჯგუფებში კიდევ უფრო მეტად იჩინა თავი ისეთმა პრობლემებმა, როგორიცაა, ქალთა მიმართ ძალადობა, სოციალური პრობლემები, იზოლაცია, მოძალადის მხრიდან „კონტროლის ქვეშ ყოფნა“. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისედაც არსებული პრობლემები პანდემიის დროს კიდევ უფრო გამწვავდა იმის გათვალისწინებით, რომ  საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ ადგილზე არ ვრცელდება და, შესაბამისად, იქ ქალები „ყოველმხრივ არიან შეზღუდული“.

ის, რომ კოვიდ-19-ის გავლენა ცალსახაა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების ცხოვრებაზე, ამა წლის მაისში კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმის“ მიერ 11 მუნიციპალიტეტში ჩატარებულმა კვლევამაც დაადასტურა. კვლევაში მონაწილეთა 66%-ის თქმით ყველაზე დიდი დარტყმა, რაც პანდემიამ მათ ცხოვრებაში მოიტანა, ეკონომიური მდგომარეობის გაუარესებაა, მათმა დიდმა ნაწილმა კი საარსებო წყაროც დაკარგა. 

ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ეკატერინე გამახარიას თქმით, კვლევის მიერ გამოკვეთილ უამრავ პრობლემას შორის იყო ოჯახში ძალადობის შემთხვევებიც, რაც პანდემიის დროს კიდევ უფრო დამძიმდა. 

გამახარია აღნიშნავს, რომ, რაც არ უნდა პარადოქსული და მტკივნეული იყოს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომლებმაც გაიარეს რეაბილიტაცია, განერიდნენ ძალადობრივ გარემოს, პანდემიის პერიოდში, როდესაც დარჩნენ დაუსაქმებლები, ხშირად, იმის გამო რომ არავითარი მხარდაჭერა მათ არ ჰქონდათ და, უბრალოდ, ვერ ირჩენდნენ საკუთარ თავსა და შვილებს, იძლებულნი აღმოჩნდნენ დაბრუნებოდნენ მოძალადე მეუღლეებს.

„ასეთ რთულ კომპრომისზე მოუწიათ წასვლა და დღემდე უწევთ ამ რეალობასთან შეგუება, რაც, უბრალოდ, ამ მდგომარეობამ მოიტანა“, ამბობს ქალბატონი ეკა და იქვე დასძენს რომ პანდემიამ არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა გამყოფ ხაზთან ისედაც რთულ გარემოში მცხოვრები ქალები. 

გენდერულ განზომილებაზე საუბრისას, ეკა გამახარიასთვის „ცალსახაა, რომ ქალების ტვირთი გაიზარდა ამ პანდემიის პერიოდში, და ეს გამოწვეულია იმ ჩაკეტილობითა და შეზღუდვებით, რაც ამ მდგომარეობამ მოიტანა“. მისი თქმით, ბევრმა მათგანმა სამსახურიც დაკარგა ან თუ სამსახური ჰქონდა „ჩაიკეტა სახლში თავის ოჯახის წევრებთან და მათი ოჯახური ზრუნვის ტვირთი გაორმაგდა, გასამმაგდა, რამაც ეს ქალები ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ სტრესში ჩააყენა“, ამან კი, თავის მხრივ, ოჯახური კონფლიქტები გამოიწვია.

ეკა გამახარია იმასაც აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მცხოვრები ადამიანები ზოგადადაც მოკლებულნი არიან „მაქსიმალურად ყველა საბაზისო სერვისს“ რადგან ამ სოფლებში მათ შეზღუდულად ემსახურება ტრანსპორტი, აქვთ მცირე რაოდენობის მაღაზია, არა აქვთ აფთიაქები, ამბულატორია და კლინიკები. 

„ეს ყველაფერი მათი ყოფიერებაა და მათი რეალობა და ამ კოვიდის განმავლობაში მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, იმიტომ რომ, ფაქტობრივად, მოწყვეტილი აღმოჩნდნენ იმ ადგილებსაც, სადაც ისინი ამ საბაზისო სერვისებს იღებდნენ“, აღნიშნავს ქალბატონი ეკა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამშვები პუნქტების ჩაკეტვის უარყოფით გავლენაზე მიუთითებს, რის გამოც, ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა მოკლებულია ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობას. 

ფონდი „სოხუმის“ კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, მარიკა მეგრელიძე, გამყოფი ხაზის სოფელი ფახულანის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი და ინგლისური ენის მასწავლებელია. ის ადგილზე არსებულ პრობლემებს კარგად იცნობს და აღნიშნავს რომ ადგილზე არსებული „ისედაც რთული სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა, აი, ამ პანდემიამ“.

პანდემიის დროს ფახულანიც, სხვა სოფლების მსგავსად, ტრანსპორტის გარეშე დარჩა. შესაბამისად, ადგილობრივები, ძირითადად კი ქალები, რომლებსაც ჩვეულებრივ პირობებში თავიანთი მცირე სასოფლო-სამეურნეო ნაწარმი ზუგდიდში გაჰქონდათ, ფაქტობრივად, შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ. მისი თქმით, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, ანუ „აფხაზეთის საზღვართან ახლოს“ მცხოვრები მოსახლეობა, ძირითადად, ზუგდიდსა და წალენჯიხაზე არის დამოკიდებული როგორც სურსათით უზრუნველყოფის, ასევე სამედიცინო მომსახურების მხრივ. 

„ძალიან ცუდ სიტუაციაში არიან იქით ქალები“, ამბობს ქალბატონი მარიკა გამყოფ ხაზს იქით მცხოვრებლებზე და დასძენს, რომ თუ ეს სიტუაცია შემოდგომაზეც გაგრძელდა ქალებს, ალბათ, „ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია“ დასჭირდებათ. „ყველანი სახლში რომ მოგროვდნენ, ბავშვები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში რომ არ დადიან, ამან გამოიწვია მცირედი - შეიძლება ძალადობრივი ვერ დავარქვათ - მაგრამ უსიამოვნო სიტუაციები“, ამბობს მარიკა მეგრელიძე და იმედოვნებს, რომ სიტუაცია გამოსწორდება და ქალები კვლავაც შეძლებენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილებას, საჭიროებისამებრ. 

ცალკე გამოწვევას წარმოადგენს დისტანციური სწავლება, რადგან სოფელში ინტერნეტის ხარისხი არც თუ ისე სახარბიელოა, ხარისხიანი ინტერნეტი კი ძვირია და ამას ისიც ემატება რომ ყველა მოსწავლეს შინ კომპიუტერი ან მობილური ტელეფონი არ აქვს. პროცესში ჩართვა გაუჭირდათ ასევე მოსწავლეებს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელი საბერიოდან, თუმცა პედაგოგები მათთან კომუნიკაციას  ტელეფონით მაინც ახერხებდნენ.

სახელმწიფოს რეაქცია

აპრილის დასაწყისში, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ პრემიერ-მინისტრის ოფისთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ეკონომიკაზე კოვიდ 19-ით გამოწვეული ზიანისა და გავლენის გენდერული ანალიზის მომზადება დააანონსა. 

როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, ნინო წილოსანმა 6 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კვლევას უნდა შეეფასებინა ის, თუ როგორ აისახა პანდემია ქალთა ეკონომიკურ აქტივობაზე საქართველოში. 

„ეს იქნება დამხმარე ინსტრუმენტი, რათა შევამციროთ ეკონომიკური ზიანი და ეფექტურად დავეხმაროთ ქალებს, როგორც მოწყვლად ჯგუფს და ეკონომიკაში მნიშვნელოვან სამუშაო ძალას“, აღნიშნა მაშინ წილოსანმა. თუმცა, როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოდან 2 ივლისს გვაცნობეს, „აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა“.

4 ივნისს გამოქვეყნებულ, COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში კი ნათქვამია, რომ „კრიზისის მიუხედავად, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი იყო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გატარება“ და რომ „ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისმა კომისიამ შეიმუშავა COVID-19-ის კრიზისის დროს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკომუნიკაციო სტრატეგია და პარტნიორებთან ერთად პროაქტიულად აღასრულებდა მას კრიზისის მიმდინარეობისას“.

მთავრობის ანგარიშის მიხედვით, „კრიზისის მიმდინარეობისას, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს უწყეტ რეჟიმში მიეწოდებოდათ სახელმწიფოში არსებული უფასო სერვისები“, მათ შორის, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ კრიზისის დაწყებისთანავე მოახდინა ქვეყანაში არსებული ათი თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის სერვისების მოდელის რესტრუქტურიზაცია. ვირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყოფილია ახალშესახლებულები მოქალაქეების დროებით განცალკევებით განთავსება. ამასთანავე, სერვისების ნაწილი ხორციელდება დისტანციურად. 

როგორც ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ლელა აქიაშვილმა 15 ივლისს აღნიშნა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ძალადობა „ძალიან მჭიდროდ“ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. თავის გამოსვლაში, აქიაშვილმა იმ ნაბიჯების შესახებ ისაუბრა, რაც მთავრობამ  გადადგა პანდემიის დროს ქალთა უფლებების დასაცავად. 

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ინფორმაციით, „სწრაფ რეჟიმში“ შედგა კოვიდ-19-ის დროს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკომუნიკაციო სტრატეგია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად. აქიაშვილმა განმარტა, რომ პანდემიის დროს, ძალადობის პოტენციურ მსხვერპლს, შესაძლოა, არ ჰქონოდა შესაძლებლობა დროულად შეეტყობინებინა პოლიციისთვის ძალადობის შესახებ, იქიდან გამომდინარე რომ ის ერთ სივრცეში იმყოფებოდა მოძალადესთან ერთად, განსაკუთრებით, საგანგებო მდგომარეობის დროს.

„ამიტომ, მაქსიმალური ყურადღება გადავიტანეთ შეტყობინების ალტერნატიულ წყაროებზე,“ ამბობს ლელა აქიაშვილი 112-ის აპლიკაციაზე საუბრისას, „რომელსაც აქვს როგორც ჩუმი განგაშის სიგნალი, ე.წ. SOS სიგნალი, ასევე chat-ის ფუნქცია“. მისი თქმით, chat-ის ფუნქცია გააჩნია ასევე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკონსულტაციო ცხელ ხაზს 116 006. 

პანდემიის პერიოდში, თვითიზოლაციის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებთან საბრძოლველად, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია წამოიწყო არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრმა. კამპანია, თავდაპირველად, ბოლნისისა და მარნეულის, ხოლო შემდგომ ლაგოდეხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობდა. კამპანიია სლოგანით: "ძალადობა დანაშაულია, დუმილი თანამონაწილეობა! თუ ხარ ძალადობის მსხვეპრლი, იმოქმედე! შენ გიცავს კანონი!" მხარდაჭერილი იყო ფონდი პროდემოსისა და ქალთა ფონდი საქართველოში მიერ. 

კამპანიის შედეგად და ქსც-თან თანამშრომლობით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან საქართველოს ყველა მოქალაქეს გაეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება 112-ის მობილური აპლიკაციის შესახებ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. 2020 წლის აპრილ-ივნისში, ჯამში 5260 ადამიანმა გადმოწერა აპლიკაცია მობილურ ტელეფონებში, 112-ზე შემოსული შეტყობინებების რაოდენობა კი ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გაიზარდა და 1605 შეადგინა. 

ქალთა საინფორმაციო ცენტრის კამპანიაში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების მიმღები პირები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ახალგაზრდული ჯგუფები ჩაერთნენ, რომლებმაც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ვიდეორგოლები და მიმართვები მოამზადეს. ამჟამად კამპანია ქალთა საინფორმაცია ცენტრის ახალი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონებს, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირებსა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას და ხორციელდება ორგანიზაციების „თანაზიარი“, მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი'' და Fundacja HumanDoc პარტნიორობით, ევროკავშირის მხარადაჭერითა და ფინანსური დახმარებით.

პროექტის ფარგლებში ასევე უზრუნველყოფილია ქალებისთვის იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება ინტერნეტისა და ტელეფონის საშუალებით, ვრცელდება ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან ოჯახში ძალადობაზე რეაგირების სამოქმედო გეგმების მომზადებაზე. 

თავის მხრივ, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ზომებს მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც და მიიჩნევს, რომ „ეს ჩვენი საზოგადოებისთვის პრიორიტეტული საკითხია“.

ორმაგი შრომა

საქართველოში პანდემიამ ქალთა მდგომარეობა რომ გააუარესა, გენდერული უთანასწორობა კი გააღრმავა, ცხადყოფს გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევაც. კერძოდ, კვლევის მიხედვით, მაშინ როდესაც ქალები კარანტინში ყოფნისას ყველაზე მეტ დროს საჭმლის მომზადებას, დალაგებას, საოჯახო საქმეების მართვას, ბავშვებზე ზრუნვასა და მათ სასწავლო პროცესის წარმართვას ანდომებდენ, კაცები ამ დროს საყიდლებზე დადიოდნენ, ისვენებდნენ, შინაურ ცხოველებს უვლიდნენ ან ბავშვებთან თამაშობდნენ.

გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში 15 ივნისს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად კი საქართველოს მოსახლეობის 48% მიიჩნევს, რომ სწორედ ქალის მთავარი მოვალეობაა ოჯახზე ზრუნვა და არა პროფესიული კარიერია აწყობა. ქვეყნის მასშტაბით გამოკითხული 2408 რესპოდენტიდან 37%-ის აზრით კი კარიერული წინსვლა კაცებისთვის უფრო მარტივია და მათ ამისთვის მეტი შესაძლებლობებიც აქვთ.

 

 
წყარო: კვლევის ანგარიში ”კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება” თბილისი, 2020

ამავე კვლევის მიხედვით, „საოჯახო საქმეებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები, გენდერული ნიშნით, საკმაოდ მკაცრად არის სეგრეგირებული, რაც გულისხმობს, რომ, მაგალითად, დალაგება და საჭმლის მომზადება, თითქმის მთლიანად ქალის მოვალეობაა“. 

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, ელენე რუსეცკაიას თქმით, საქართველოში ქალთა ეკონომიკური აქტივობა, ზოგადად, ისედაც დაბალია და ქალებს სჭირდებათ დამატებითი ხელშწყობა, რათა ყველა ის დამაბრკოლებელი გარემოება გადალახონ, როგორიცაა, საოჯახო საქმიანობა და ორმაგი შრომა, თუ საბაზისო სერვისებზე ხელმისაწვდომობა,.

ეს ყველაფერი კი პანდემიის დროს „კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა“ ქალებისთვის - მათ ახლა არა მხოლოდ ეკონომიკური აქტივობა აფიქრებთ, არამედ, უსახსროდ დარჩენილებს, უწევთ ფიქრი იმაზეც, „თუ როგორ გამოკვებონ ოჯახები და როგორ გადარჩნენ“.

***

სტატია მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით და ორგანიზაციებთან „თანაზიარი“, მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" და Fundacja HumanDoc პარტნიორობით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის პოზიციებს.  
 

სალომე მოდებაძე
ბოლო ამბები
რუთ ბეიდერ გინსბურგი მეორე ქალია, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში დაასვენეს

გინსბურგამდე ერთადერთი ქალი, რომელსაც მსგავსი პატივი ერგო სამოქალაქო უფლებების დამცველი როზა პარქსი იყო

სრულად 
საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი

სრულად 
 ღონისძიებები
 საგრანტო პროგრამა ახალგაზრდებისთვის 
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ვიდეო რგოლების კონკურსს 
სრულად 
 ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
კენიაში დეპუტატი ქალების არასაკმარისი რაოდენობის გამო, შესაძლოა პარლამენტი დაითხოვონ 

კენიის უზენაისი სასამართლოს თავმჯდომარემ ქვეყნის პრეზიდენტს მიმართა და მოუწოდა დაითხოვოს ორივე საკანონმდებლო ორგანო დეპუტატი ქალების არასაკმარისი რაოდენობის გამო

სრულად 
იაპონიის მინისტრთა ახალ კაბინეტში მხოლოდ ორი ქალია

მთავრობაში სულ 20 მინისტრი და აქედან მხოლოდ ორი ქალია- ოლიმპიური და პარაოლიმპიური საქმეთა მინისტრი, სეიკო ჰასიმოტო და იუსტიციის მინისტრი, იოკო კამიკავა 

სრულად 
დღეს მსოფლიო პირველად თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

პირველად გაერო და მასთან ერთად მთელი მსოფლიო, 18 სექტემბერს გენდერული ნიშნით თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

სრულად