***
ოთარ ჭილაძის რომანია, "რკინის თეატრი" - მახსოვს, რომ წავიკითხე, გულ-მუცელი ამომიტრიალა. ბოლოს გვერდი რომ ჩავამთავრე, აივანზე ვიყავი და ქვის იატაკზე გავწექი ზურგით; კარგა ხანი ვიყავი ეგრე. რომ მკითხოთ ახლა, ვერც მოგიყვებით, ალბათ, რა ხდება წიგნში. უფრო დეტალებს ვიმახსოვრებ და ემოციას კიდევ. ხოდა, მანდაა ერთი მომენტი, პერსონაჟი სუიციდზე ფიქრობს და მამაპაპური ხეების შრიალი გადააფიქრებინებს. აი, ეგრე, მარტივად.
რატომ გამახსენდა ახლა?
ჩვენს გადატვირთულ და გადაღლილ ყოველდღიურობაში, მუდმივად გადარჩენისთვის რომ ვიბრძვით ან და რაღაცის მტკიცებაში ვართ, ხშირად ან გვავიწყდება, უფრო კიდე - დრო არ გვრჩება აი ეგეთ მარტივი დეტალებისთვის, ამბებისთვის; რომ დავაკვირდეთ, დავიმახსოვროთ. არადა ეგაა, რაც მნიშვნელობას აძლევს ცხოვრებას; ეგაა, რასაც ჩაეჭიდები, მერე, თუ დაგჭირდა, რომ მოგაბრუნოს.
ხეების შრიალი, რომელიც აუცილებლად გაგახსენებს ბებოს ან ბაბუს დაკოჟრილ ხელებს; აი, მაგ ხელებით რომ დარგეს დიდი, დიდი ხნის წინ ეგ ხეები შენი საძინებლის ფანჯრის წინ. მაგ საძინებლის ფანჯრიდან მერცხლების ბუდეც ხომ ჩანდა და დილაობით მაგათი ჭიკჭიკი გაღვიძებდა ხოლმე; მგონი ეგეთი ბედნიერი და უდარდელი აღარ ყოფილხარ მერე. და თუ გაქრები, აღარ იარსებებ და მაგ ფანჯრიდან ვეღარასდროს გაიხედავ, ვეღარც ეგ უდარდელობა დაგეუფლება და არც სიმშვიდე. ანუ თუ ქრები, ეს შენი წარსულიც აღარ არსებობს, ყველაფერი ქრება, თან აწმყოც და მომავალიც.
ბოლო პერიოდის შემზარავ ამბებზე რომ ვფიქრობ, მოკლულ ქალებზე, სულ ეგ მიტრიალებს თავში - მათი ხეები როგორი იყო, როგორ შრიალებდნენ. რა არის არა? მაგაზე ფიქრი არ უნდა შემეძლოს წესით, ამ ამბებში ისეთი და იმდენი სისასტიკეა - სხვა არაფრისთვის აღარ უნდა ტოვებდეს სივრცეს. არც საფიქრელად, არც განსაცდელად , მაგრამ უფრო მაგიტომაც ვფიქრობ, მგონი.
იმიტომ, რომ ისევ მკვლელები და მათი სისასტიკე გვამახსოვრდება უფრო მეტად ვიდრე ისინი, ვინც მოკლეს. თითქოს ასე - ბოლომდე კლავენ, ბოლომდე აქრობენ; არადა, როგორი უსამართლობაა, რომ იყვენენ, ცოცხლობდნენ, გეგმები ჰქონდათ, უყვარდათ, იცინოდნენ, სევდიანებიც იყვნენ ზოგჯერ და ამ ყველაფრის განცდის შესაძლებლობა მოუსპეს, წაართვეს.
მომავალიც.
ყველა ოცნება, რომელიც მანამდე ჰქონდათ, ვიდრე მოკლავდნენ ან მერე ექნებოდათ კიდევ, რომ გადარჩენილიყვნენ, ორი საათის განმვალობაში ვინმეს ყურადღება რომ მიექცია დახმარების თხოვნაზე და მიშველებოდა; ან რომ გაღვიძებოდა ვიდრე ყელს გამოჭრიდნენ.
ესროდნენ.
დაწვავდნენ.
გაგუდავდნენ.
***
ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით და ორგანიზაციებთან „თანაზიარი“, მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" და Fundacja HumanDoc პარტნიორობით. ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის პოზიციებს.