პოლონეთი იწყებს ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციიდან (სტამბოლის კონვენცია) გამოსვლის პროცედურას. მემარჯვენე ხელისუფლება აცხადებს, რომ დგამს ამ ნაბიჯს კონვენციაში არსებული "იდეოლოგიური ხასიათის ელემენტების" გამო.
როგორც პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა ზბიგნევ ზიობრომ განაცხადა, კონვენცია მშობლების უფლებებს არღვევს, რადგან „სკოლებში ბავშვებისთვის გენდერის საკითხების სწავლებას სავალდებულოს ხდის“. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ზბიგნევ ზიობროს განცხადებით, მისი სამინისტრო შრომისა და ოჯახის საკითხთა სამინისტროში განაცხადს შეიტანს, რომ სტამბოლის კონვენციიდან გამოსვლისთვის საჭირო პროცედურა დაიწყოს.
„ის შეიცავს ისეთი იდეოლოგიური ხასიათის ელემენტებს, რასაც ჩვენ საზიანოდ მივიჩნევთ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
განცხადებამ პოლონეთში საპროტესტო ტალღა გამოიწვია. ათასობით ადამიანმა, ძირითადად ქალებმა, ვარშავასა და სხვა ქალაქებში დემონსტრაცია გამართეს და ხელშეკრულებიდან გასვლის ინიციატივა გააპროტესტეს.
”ამის მიზანი ოჯახში ძალადობის ლეგალიზაციაა,” - განაცხადაა პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მაგდალენა ლემპარტმა. ზოგიერთ მომიტინგეს ბანერები ეკავათ წარწერით: ”PiS არის ქალების ჯოჯოხეთი”.
პოლონეთის მთავრობის განზრახვამ უარი თქვას სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებაზე ევროპარლამენტის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. ”მე მხარს ვუჭერ პოლონეთის მოქალაქეებს, რომლებიც ქუჩაში გამოდიან და მოითხოვენქალთა უფლებების მიმართ პატივისცემას ”, - დაწერა თავის Twitter - ის გვერდზე ესპანელმა ევროდეპუტატმა ირაჩე გარსია-პერესმა.
პოლონეთის მმართველი პარტია „კანონისა და სამართლიანობის პარტია“ (PiS) და მისი კოალიციური პარტნიორები მჭიდროდ თანამშრომლობენ ამ საკითხში კათოლიკურ ეკლესიასთან და ხელს უწყობენ კონსერვატიულ დღის წესრიგს.
ოპონენტების მოსაზრებით, კონვენცია ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებს გენდერული იდეოლოგიის წასახალისებლად იყენებს, რასაც კათოლიკური და ოჯახის მხარდამჭერი ორგანიზაციები პოლონეთის ოჯახური ტრადიციებისთვის უცხოდ მიიჩნევენ.
გასულ კვირას პოლონეთის კათოლიკურმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ხელმოწერებს შეაგროვებენ პეტიციისთვის სახელად „დიახ ოჯახს, არა – გენდერს“, რაც მიზნად ისახავს პოლონეთის გასვლას სტამბოლის კონვენციიდან.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს პოლონეთმა სტამბოლის კონვენციას ხელი მოაწერა. სტამბულის კონვენციის რატიფიცირებაზე კი უარი ბულგარეთმა, სლოვაკეთმა და უნგრეთმა განაცხადეს