შვედმა ეკოაქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა პორტუგალიის Calouste Gulbenkian Foundation-მა გულბენკიანის სახელობის პრემია მიანიჭა. გამარჯვებულს ჯილდოდ 1 მილიონი ევრო გადაეცა. ინფორმციას ამის შესახებ Calouste Gulbenkian Foundation-ი ავრცელებს.
17 წლის ტუნბერგს ჯილდო კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიენიჭა. როგორც ტუნბერგმა თავის ტვიტერზე აღნიშნა, ჯილდოს სახით მიღებულ 1 მილიონ ევროს ის თავისი ფონდის მეშვეობით სხვადასხვა ორგანიზაციებს შესწირავს. აქტივისტმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მათ დაეხმარება "მსოფლიოში უფრო მეტი სიკეთე გააკეთონ".
ერთ – ერთი შემოწირულობა 100 000 ევროს ოდენობით წავა კამპანია SOS Amazonia-ის განხორციელებაზე. კამპანიის მიზანია ბრაზილიაში ამაზონის ტყეების მოსახლეობისთვის მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
პორტუგალიის საქველმოქმედო ფონდმა Calouste Gulbenkian Foundation ტუნბერგი პრემიაზე წარდგენილი 46 ქვეყნის 136 ნომინანტიდან შეარჩია.
გრეტა თუნბერგი ეკოაქტივისტია. იგი მსოფლიომ ორი წლის წინ გაიცნო, როცა გრეტა სკოლაში წასვლის ნაცვლად შვედეთის პარლამენტის შენობასთან მივიდა მოთხოვნით – პოლიტიკოსებმა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად და შვედეთის მთავრობამ კარბონის ემისია პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებულ ნორმებამდე დაიყვანოს. ორი კვირის განმავლობაში გრეტა მარტო იჯდა პარლამენტთან და არიგებდა ფურცლებს, რომელზეც ეწერა – „ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ თქვენ, უფროსებს, ფეხებზე გკიდიათ ჩემი მომავალი“.
2018 წლის აგვისტოში მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად დაიწყო მოძრაობა „პარასკევი მომავლისთვის“ – #FridaysForFuture, რომლის ფარგლებშიც ასობით სკოლის მოსწავლე და სტუდენტი გამოვიდა ქუჩაში მოთხოვნით – პოლიტიკოსებმა იმოქმედონ კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად. „გარდიანის“ ცნობით, მოზარდებმა მსოფლიოს 105 ქვეყანაში გამართეს მსგავსი აქცია.
2018 წელს გრეტა თუნბერგი ჟურნალმა „თაიმმა“ მსოფლიოს 25 ყველაზე გავლენიან თინეიჯერს შორის დაასახელა, 2019 წლის ივნისში კი, საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინთერნეშენელმა“ გრეტა და მოძრაობა „პარასკევი მომავლისთვის“ ორგანიზაციის ყველაზე მაღალი, „სინდისის ელჩის“ წოდებით დააჯილდოვა. თავის დროზე ორგანიზაციის ეს ჯილდო მიიღეს: ვაცლავ ჰაველმა, ნელსონ მანდელამ, პეტერ გაბრიელმა, მალალა იუსაფზაიმ და სხვა ცნობილმა ადამიანებმა.
17 წლის გრეტა თუნბერგი ნობელის პრემიაზე ორჯერ იყო წარდგენილი მშვიდობის დარგში.
გრეტას ასპერგერის სინდრომი აქვს, რომელიც აუტიზმის სპექტრის აშლილობებს მიეკუთვნება.