საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, კაცს, რომელმაც ქალის დაწვა სცადა, დანაშაულის ჩადენის მოტივად გენდერული დისკრიმინაცია დაუდგინდა. უწყებაში ამბობენ, რომ შ.გ.-ს ბრალდება დაუზუსტდა.
პროკურატურის განმარტებით, გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ შ.გ.-მ მკვლელობის მცდელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩაიდინა. გარდა ამისა, უწყება ამბობს, რომ ბრალდებულმა ქალზე დისკრიმინაციის ნიშნით 2020 წლის თებერვალსა და მაისშიც იძალადა.
"2020 წლის 30 ივნისს, შ.გ.-მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს.შ.-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ს.შ.-ს ადგილზე შეკრებილი ადამიანების დახმარებით გადაურჩა დაწვას", — აღნიშნავენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, კაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ¹" და "ვ" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) მიმდინარეობს. უწყებაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.