საქართველოს პარლამენტმა მე-3 მოსმენით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა თანმდევი ცვლილებების პროექტი დღეს მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, იქმნება დამატებითი მექანიზმები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ეფექტიანობის ასამაღლებლად.
„კანონის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი იქნება მოძალადის მიმართ დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებისას მხედველობაში იქნება მიღებული, მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი და სხვა გარემოებები.
ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევაში მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება. აღნიშნულის შედეგად მოძალადის მიერ მსხვერპლთან/მსხვერპლის სახლთან, მის სამსახურთან და სხვა ტერიტორიასთან მიახლოების რეალურ დროში კონტროლი მოხდება.
ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების საკითხი დაექვემდებარება სასამართლო კონტროლს. პოლიციის მიერ შედგენილი ოქმი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად სასამართლოს წარედგინება.
მოძალადის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა.
მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისათვის თავის არიდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
ამასთან, საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებსაც. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ინტერესების გათვალისწინებით დამცავი ორდერის მოქმედების ვადა იზრდება 9 თვემდე, ნაცვლად 6 თვისა.
ფართოვდება ოჯახის წევრის დეფინიცია, ოჯახის წევრის ჩამონათვალს ემატება წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, მეურვეობასა და მზრუნველობაში მყოფი პირი.
საკანონმდებლო პაკეტი ძალაში შედის 2020 წლის 1 სექტემბერს. აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის განმეორების თავიდან აცილებას და მსხვერპლთა ეფექტიან დაცვას.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და სამინისტროს მხრიდან ეტაპობრივად ამ მიმართულებით არაერთი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული”, - ნათქვამია ინფორმაციაში.