გენდერული ძალადობა
აქამდე...
2020-07-07 09:34:57

დღეს მძიმე დღე მქონდა სკოლაში…
ჩემ გაკვეთილზე ერთმა გოგონამ: “მას, ეს ქართველი დედოფლები არ მიყვარსო” - თქვა. 
გაკვეთილის თემას არ ეხებოდა, მაგრამ მაინც ჩავეკითხე: “რატომ არ გიყვარს-მეთქი?"

- არ ვიცი, მას, რაღაცნაირები არიან, ვიტრინის თოჯინები, ისტორია რომ კარგად ჩააცვეს, მაგრამ მეტი სხვა ფუნქცია რომ არ აქვთ.

ფრაზა მენიშნა, მაგრამ კლასის რეაქციას დაველოდე... 

ბიჭებმა სიცილი დაიწყეს…
რამდენიმემ: „ოჰ,  გამოხტა ეს ფემინისტიო” მიაძახა და ჩაიქირქილა…
სიცილი ისმოდა ოთახში დიდხანს...
არაფერი მითქვამს...

შინაგანმა ხმამ შემაწუხა...
ვიცოდი, რომ რაღაც უნდა მეთქვა, დამეცვა, პოზიცია მეჩვენებინა, მაგრამ არაფერი ვთქვი…
თითქოს უფლება მივეცი, რომ დაეცინათ….

ზარი დაირეკა...
პირველად გამიხარდა ასე ზარის დარეკვა…

ჩემი “ფემინისტი” გოგონას თვალები შემომეფეთა...
თითქოს ცრემლებით ჰქონდა თვალები სავსე, მაგრამ სულში ჩაიგუბა და არ გამოუშვა…
შემრცხვა…
დაუმშვიდობებლად გამოვედი კლასიდან…

სახლში წამოვედი…
ჩემი სკოლიდან სახლამდე 2 კილომეტრია
შეგიძლია ნახევარი ცხოვრება გაიარო ფიქრში...

სახლში ემოციებისგან დაღლილი მოვედი..
ერთი ის ვიკითხე „მამა სად არის?“- მეთქი
და დასაძინებლად წავედი...

ძმაკაცებშია დასალევადო, მომაძახა ჩემმა შვილმა... 

*** 
ბოლო დროა გამუდმებით სვამს...
არ ვიცი რა დაემართა...
არ გვისაუბრია ამ თემაზე...
თითქოს თავიდან ისე აღვიქვამდი, როგორც ერთ-ერთ ამბავს, 
მერე ხელიდან გამექცა,
გამეშვა
და ვერ დავიჭირე...

მთვრალს ხანდახან უჩხუბია კიდეც,
მაგრამ ვუყრუებდი...
ხელი არასდროს დაურტყამს
ვერ დავაბრალებ...

უბრალოდ ჩხუბობდა …
აი, ისე, თავისთვის…

დღესაც მთვრალი მოვიდა...
ეზოდან დაიწყო რაღაცების ყვირილი…
ხმა მესმოდა, მაგრამ არ მქონდა თავი, რომ გავსულიყავი და მივშველებოდი...

ჩემმა შვილმა შემოიყვანა სახლში, როგორც ჩანს...
- დედაშენი სადაა? - მომესმა რამდენიმე წუთის შემდეგ
- სახლშია და ძინავს - იყო პასუხი
- რა დროს ძილია - გაიბღინძა და შეიკურთხა….

ოთახთან მისი ფეხის ხმა ვიგრძენი...
რაღაცნაირად შემეშინდა...
პირველად შემაწუხა ამბავმა, რომ მთვრალი იყო…
კარები გააღო და მოაჯახუნა, 
ჩემი გაღვიძება უნდოდა ალბათ…
არ შევიმჩნიე, 
გავიტრუნე და სუნთქვა შევწყვიტე...

მომიახლოვდა
საშინელი სუნი ჰქონდა
სასმელის, თრობის, ოფლის…

კიდევ უფრო გავჩუმდი 
და
გავუჩინარდი

თურმე მხოლოდ ჩემი თავისთვის…

გვიან გავიაზრე, როგორ ცდილობდა ჩემ გაღვიძებას
ტანსაცმლის შემოცლას...

რაღაცას მთხოვდა
რაღაცას მეჩურჩულებოდა
მაგრამ არ მესმოდა…

ცოტა ხანში მთელი ტანით, სხეულით, ხმით ვეწინააღმდეგებოდი
ჩუმი ხმით, მეორე ოთახში ჩემ შვილს რომ არ გაეგო, ისე…

ვთხოვდი, რომ თავი გაენებებინა
მაგრამ ვერ გავუძალიანდი
საკმარისად ძლიერი არ აღმოვჩნდი მასზე...

გულისამრევი სითბო ვიგრძენი…

გადაბრუნდა…
დაიძინა..

მე ოთახიდან გამოვედი…
აბაზანაში შევედი და დიდი ხანი ვიჯექი ძირს...

წყალს ვისხამდი
აიაზმასავით
ცოდვათა მოსაშორებლად
და ჩემ თავს პირჯვარს ვწერდი

***
სამყარო ჩატყდა ჩემში
ჩაიმსხვრა...

ყელში მომებჯინა
დამახრჩო და გამგუდა..

გამთენიისას ჩემი შვილის ხმამ გამაღვიძა
- დე, დე, აბაზანაში ხარ?
- დე, დე ხმას რატომ არ მცემ?

ხმა არ მქონდა
მაგრამ მოვიკრიბე...
რაღაცნაირად მოვაგროვე და “გამოვალ-მეთქი” - დავუძახე…

გამოვედი…
აბაზანიდან...
მდგომარეობიდან…
მწყობრიდან…

ჩემ შვილს საუზმე გავუმზადე…
და
სკოლაში წავედი…
განცხადება დავწერე…
და წამოვედი…
ახსნა-განმარტება არ მიმიცია…

ალბათ ისეთი სახე მქონდა, არ ღირდა…

კლასიდან ჩემი მოსწავლე გამოვიყვანე, ჩემი “ფემინისტი” გოგონა და ვუთხარი, რომ ქალები ისტორიას არასდროს წერდნენ…

აქამდე…

გაეღიმა…
მადლობაო…

სკოლიდანვე სოფლის ავტობუსში ჩავჯექი და წამოვედი..
ახლაც არ ვიცი, სად მივდივარ, მაგრამ გზაში ყოფნა ჯობს….

 

***

ბლოგი მომზადებულია პროექტის: “ძალადობა დანაშაულია, დუმილი თანამონაწილეობა! თუ ხარ ძალადობის მსხვეპრლი, იმოქმედე! შენ გიცავს კანონი!” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“, ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერითა და ლაგოდეხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობით.

ივეტა გოგავა
ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად