გენდერული სიახლეები
გენდერული კვოტები - დისკრიმინაცია თუ შესაძლებლობა?
2020-07-02 15:51:37

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა პოლიტიკური პარტიების პარტიულ სიებში გენდერული კვოტების შემოღებას. კონკრეტულად, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში  მოეთხოვება ისეთი პარტიული სიის წარდგენა, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება; 2028 წლის შემდეგ, 2032 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში კი პარტიებს უკვე  ისეთი პარტიული სიების წარდგენა მოეთხოვებათ, რომლის ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;

ადგილობრივი თვითმმართველობის შემთხვევაში კი მოთხოვნები უფრო გაზრდილია და 2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიებს  საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის წარდგენილ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატის ჩასმა მოეთხოვებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება

ამ ინიციატივამ, როგორც ზოგადად ახასიათებს ხოლმე ახალ ინიციატივებს, ვნებათაღელვა და პროტესტი გამოიწვია. მათ შორის იმ პოლიტიკურ ძალებშიც, რომლებიც საკუთარ თავს პროდასავლურ/პროევროპულად განიხილავენ. მეტი ობიექტურობისთვის, თუ საკითხს კიდევ უფრო ფართოდ შევხედავთ, მემარჯვენე თუ ულტრა მემარჯვენე პარტიებისა თუ პოლიტიკოსებისგან კვოტირების მიმართ პროტესტი გასაკვირი არც არის. თუ კიდევ მეტად ობიექტურები ვიქნებით, ისიც გაგვახსენდება, რომ მემარჯვენეობა იგივე პარტიებს ხელს არ უშლის სიაში განსხვავებული სქესის წარმოდგენისთვის დაწესებული ფინანსური წახალისებით ისარგებლონ, თუმცა, მათ ბოლომდეც ვერ გავამტყუნებთ: თავისთავად, კვოტირების შემოღება  დისკრიმინაციის ელემენტებს მოიცავს. ამიტომაც, გენდერულ მეცნიერებაში მას პოზიტიურ დისკრიმინაციად მოიხსენიებენ, თუმცა პროცესის პოზიტიური მხარე ყოველთვის და ყველგან ხაზგასმულია.

არგუმენტებიდან, რაც კვოტების შემოღების მოწინააღმდეგეებმა დაასახელეს, ყველაზე მეტად გავრცელებული ის გახლდათ, რომ ქალებისთვის პარტიულ სიებში კვოტების დაწესება შეურაცხმყოფელიც კია. რომ ძლიერ ადამიანებს - როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს არ სჭირდებათ სახელმწიფოსგან მიღებული შეღავათები გადაწყვეტილების მიღებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა თუ საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად.  

დავიწყოთ იქიდან, რომ პარტიულ სიებში გენდერული კვოტირება წარმატებით მუშაობს მსოფლიოს არაერთ განვითარებულ ქვეყანაში: მაგალითად, საფრანგეთში - სადაც კვოტირება სავალდებულოა, ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში კი - 39%. იტალიაში, სადაც სავალდებულო კვოტირების პირობებში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობა 35%-ს აღემატება, პატარა და ძალიან განვითარებულ ბელგიის სამეფოში, სადაც ორპალატიან პარლამენტში სავალდებულო კვოტირების შედეგად ქალთა წარმომადგენლობა 41%-ს აღწევს და სხვ. პარტიულ სიებში კვოტირება ნებაყოფლობითი, თუმცა კარგად აპრობირებულია ასევე კარგად განვითარებულ შვედეთში, სადაც რიკსდაგში - ქალთა წარმომადგენლობა 47%-ა, ნორვეგიაში, სადაც პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა 41%-ს აღწევს, გერმანიაში - ბუნდესტაგში ქალთა 31%-იანი წარმომადგენლობით, ავსტრიაში - სადაც პარლამენტში ქალთა წილი 39%-ია და სხვა არაერთ ევროპულ ქვეყანაში, რომელთაგან ყურადღებას იქცევს ჩვენი მეგობარი პოსტსაბჭოთა ლიეტუვა - პარლამენტში ქალთა 24%-იანი წარმომადგენლობით.

საქართველოში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე წარდგენილი კანდიდატებიდან 37% იყო ქალი, ხოლო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე წარდგენილ ქალთა რაოდენობა 17.69%-ს შეადგენდა. არჩევნების შედეგად, 150 მანდატიდან ქალებმა მხოლოდ 24 მოიპოვეს (მათ შორის 4 - მაჟორიტარული სისტემით). 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კი საქართველოს ყველა თვითმმართველ ერთეულში არჩეულ ქალთა რაოდენობამ 13.5% შეადგინა, რაც მხოლოდ უმნიშვნელოდ გაზრდილი მაჩვენებელია 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. 64 პირდაპირი წესით არჩეული მერიდან მხოლოდ ერთია ქალი. (www.droa.ge -  თათია ქინქლაძე. ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა და არსებული საკანონმდებლო ბარიერები. მარტი, 2018)  

ბუნებრივად ჩნდება კითხვა: მხოლოდ სურვილის არქონით უნდა აიხსნას,  რომ ქვეყანაში, სადაც უმაღლესი განათლებისა და წარჩინებული აკადემიური მოსწრების მქონე, მათ შორის საერთაშორისო პროგრამების მონაწილე, მაღალი პროფესიული კვალიფიკაციით აღჭურვილი ქალები პოლიტიკას გვერდს უვლიან და თუ მაინც თანამშრომლობენ პოლიტპარტიებთან, მათი როლი უმთავრესად სათემო მობილიზატორის მეტად საპასუხისმგებლო, ანდა რუტინული, თუმცა ასევე საპასუხისმგებლო საკანცელარიო საქმიანობით შემოიფარგლება? მაღალი დონის გადაწყვეტილების მიღების პროცესში პასიური როლი ნამდვილად არის იმ ქალების არჩევანი, რომლებიც სკოლაში, უნივერსიტეტსა თუ სამსახურებში ყოველდღე სხვადასხვა გადაწყვეტილებებს იღებენ და დროის მენეჯმენტის ჯადოქრები არიან, ვინაიდან ახერხებენ მზრუნველობა გამოიჩინონ ოჯახის დიდი და პატარა წევრების თუ საკუთარი თავის მიმართ და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობების შესრულებაც არ დაიზარონ? 

იქნებ, თანაბარი სასტარტო პირობების შემთხვევაში სულ სხვა სტატისტიკა გვქონოდა? 

გენდერული კვოტების შემოღება სწორედ თანაბარი სასტარტო პირობების შექმნის მცდელობაა. უმჯობესი იქნებოდა, როგორც თვითმმართველობის, ისე საპარლამენტო სიების შედგენისას ერთნაირი პრინციპი ყოფილიყო გამოყენებული, რაც სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წარდგენას ითვალისწინებს, მაგრამ როგორც ჩანს, ქალთა უფლებებზე მომუშავე ადამიანებსა და ორგანიზაციებს ამ მიმართულებით ბრძოლა კიდევ დაგვჭირდება.  აქვე ნუ დავივიწყებთ, რომ ეს არის დროებითი ზომა, რაც თანასწორობის მიღწევის ხელშეწყობას ემსახურება. პარლამენტში შემოტანილი კანონპროექტის მიხედვით, ვადა 2032 წლამდეა განსაზღვრული. თუ რა დრო დაჭირდება რეალურად დროებითი ზომის გამოყენებას, ანუ როდის ჩავთვლით, რომ გადაწყვეტილების მიღების დონეზე ორივე სქესი მეტნაკლებად თანაბრად არის წარმოდგენილი - თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. 

ნინო სუხიაშვილი
ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად 
ომბუდსმენი კვოტების გაუქმებაზე: უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის გზით გენდერული კვოტირების გაუქმებაა

სრულად