გენდერული ძალადობა
ორმაგი იზოლაციის წნეხი - ოჯახში ძალადობა პანდემიის პირობებში
2020-06-25 15:41:07

კარანტინის გამოცხადებიდან პირველსავე კვირაში საფრანგეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევები მესამედით გაიზარდა. ავსტრალიაში კი 75%-ით მოიმატა ინტერნეტში ოჯახში ძალადობის მსვერპლთა დახმარების საკითხებზე ძიების მაჩვენებელმა.

“ეს დღეები და კვირები განსაკუთრებით საშიშია ქალებისთვის. ჩვენ ყველანი აღმოვჩნდით ფსიქოლოგიური გამოწვევების წინაში იზოლაციისა და კარანტინის პირობებში, მაგრამ ქალები და ზოგჯერ ბავშვები, რომლებიც დაუცველ სახლებში არიან, განსაკუთრებით საშინელი სტრესის წინაშე რჩებიან. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ საკითხს და გავაფართოვოთ ჩვენი ქმედებები ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად”, - განაცხადა ეველინ რეგნერმა, ევროპარლამენტის ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 2 თვეს გაგრძელდა. აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით გამკაცრდა რეკომენდაციები, რომლებიც უმეტესწილად მოსახლეობისგან მოითხოვდა სოციალურ დისტანცირებასა და იზოლაციის პირობებში ცხოვრებას.

იზოლაცია - მძლავრი იარაღი მოძალადის ხელში

ოჯახში ძალადობის რამდენიმე ფორმა არსებობს, მათ შორისაა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური და სხვა ტიპის ძალადობის ფორმები. ამასთან, ძალადობის ამ ფორმებს წინ უძღვის და შემდეგ უკვე მუდმივად თან სდევს მოძალადის მხრიდან მსხვერპლის სოციალური იზოლირება - აკრძალვები, რომელიც უკავშირდება მსხვერპლის ურთიერთობებს ახლობლებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან, თანამშრომლებთან და ა.შ.

ნინო (სახელი შეცვლილია - ავტ.) 15 წელი ითმენდა ქმრისგან ფიზიკურ ძალადობას. ის ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ პირველად ქმარმა მაშინ სცემა, როდესაც 6 თვის ორსული იყო, თუმცა ამ ფაქტის თაობაზე არავისთვის გაუმხელია. ამის შემდეგ ძალადობამ პერმანენტული ხასიათი მიიღო. თავდაპირველად სიმთვრალის დროს ავლენდა ხოლმე ქმარი აგრესიას, შემდეგ სრულიად უმიზეზოდაც. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ცოლ-ქმარი, 5 წლის ბავშვთან ერთად, ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, უცხო უბანში, სადაც არავინ იყო ახლობელი და ნათესავი, ვინც ძალადობის მსხვერპლ დედა-შვილს ფიზიკურად დაიცავდა. ნინოს თქმით, მოძალადე ქმარს სახლში ბევრი იარაღი ჰქონდა და ხშირად მათაც გამოიყენებდა ცოლის წინააღმდეგ.

“რა დღეში უნდა ყოფილიყო ბავშვი, როდესაც დაინახავდა, თუ როგორ ჩაარტყა მამამ დედას ლანცეტი, ან დაუმიზნა მაკაროვი, ესროლა საფეთქელთან, მაგრამ ააცილა?!”

ნინოს თქმით, წლების მანძილზე ის სრულ იზოლაციაში ცხოვრობდა, არ მუშაობდა, არ ჰქონდა ურთიერთობა მეგობრებთან, ვერავის უმხელდა თავისი პრობლემების შესახებ, ქმრის კარნახით მოქმედებდა.

“მე იმდენად მორჩილი ვიყავი, მისი სიტყვა მართლა კანონად ვაქციე, მე რომ რამეში შევწინააღმდეგებოდი, აუცილებლად საშინელება მოხდებოდა”.

თუმცა ქორწინებიდან 15 წლის შემდეგ გადაწყვიტა მის ოჯახში არსებული პრობლემების შესახებ ხმამაღლა ესაუბრა: ჯერ ნათესავებსა და ახლობლებს მიმართა, თუმცა მათგან თანაგრძნობისა და სოლიდარობის ნაცვლად, პირიქით, ისევ მისი დადანაშაულება მიიღო. მოგვიანებით ნინომ “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელს მიმართა დახმარებისთვის, სადაც მას კონსულტაციები გაუწიეს და ამის შემდეგ ძალადობის მორიგი ფაქტის დაფიქსირების დროს, ქალმა საპატრულო პოლიციას მიმართა:

“მე შემაკავებელ ორდერს ვითხოვდი, თუმცა როცა პოლიციამ დაცხრილული ჭერი ნახა ჩვენს სახლში და ვუთხარი, რომ იარაღით ხშირად მემუქრებოდა და ისროდა კიდეც, უკვე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. მაგრამ მე არ მინდოდა მისი დაპატიმრება, რადგან მეშინოდა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ძალიან დიდ ბოროტებას ჩაიდენდა”.

შედეგად ნინომ საჩივარი უკან გაიხმო, თუმცა ამ ფაქტის შემდეგ მის წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობა შეწყდა, ქმარი ცალკე გადავიდა საცხოვრებლად და საბოლოოდ განქორწინდნენ კიდეც. ამის მიუხედევად არ წყდებოდა ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა. თუმცა “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” დახმარებით, ნინომ პროფესიული გადამზადება გაიარა, დაიწყო მუშაობა, გადიოდა პროფესიონალ ფსიქოლოგთან კონსულტაციებს, რამაც დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა მისცა. ცხოვრების ნორმალურ რიტმთან დასაბრუნებლად მას წლები დაჭირდა. ფიქრობს, რომ დიდი ხნის მანძილზე ოჯახში ძალადობის პირობებში ცხოვრება ყველაზე მძიმედ მის შვილზე აისახა, რომელმაც მოძალადე მამის ქცევის კოპირება სცადა მაშინ, როცა დედამ ხელმეორედ ქორწინება გადაწყვიტა.

“მამამისი აღმიქვამდა ნივთად, რომელიც თავისით არ უნდა გადაადგილდეს ოთახის ერთი წერტილიდან მეორეშიც კი, მისი კარნახის გარეშე. ჩემმა შვილმა თქვა, როდესაც გათხოვება გადავწყვიტე, რომ დედაჩემმა მიმატოვაო. ეს მიტოვებად აღიქვა, მას ეგონა, რომ მე მისთვის დავიბადე და მას უნდა შევეწირო ბოლომდე, ისევე როგორც მამამისი აღმიქვამდა”.

ელენე რუსეცკაია, “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელი ამბობს, რომ პანდემიამ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, რაც უკავშირდება იზოლაციისა და კარანტინის წესების დაცვას: 

“თუ ადრე ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს შეეძლოთ უფრო მეტი სოციალიზაცია, გარეთ გასვლა, გულის გადაყოლება, თავიანთ პრობლემებზე საუბარი, პანდემიის პირობებში, ისინი სახლში ჩაკეტილები ითმენენ ძალადობას”.

სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად, მარტში 112-ის აპლიკაციის სასარგებლო რჩევების განყოფილებას ოჯახში ძალადობის განყოფილება დაემატა. 

მოგვიანებით, კერძოდ კი, 15 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქალთა საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ოჯახში ძალადობისას პოლიციისათვის შეტყობინების მექანიზმებსა და ფორმებზე საქართველოს მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა.

შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმით, ამ ტექსტური შეტყობინებების დაგზავნის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა 112-ის აპლიკაციის ჩუმი განგაშის სიგნალით გამოძახების სტატისტიკა: თუკი მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში მხოლოდ 8 შემთხვევაში გამოიყენეს ეს სიგნალი, 15 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით 11 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამასთან, “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” ცნობით, სმს შეტყობინებების დაგზავნის შემდეგ 17-ჯერ გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც 112-ის მობილური აპლიკაცია ჩამოტვირთა: კერძოდ, აპრილის პირველ 2 კვირაში 243 მომხარებელმა დააყენა 112-ის მობილური აპლიკაცია, ხოლო 15-დან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში - 4198-მა ადამიანმა. 

ოჯახში ძალადობა ორმაგი იზოლაციის პირობებში

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მდგომარეობა მნიშვნელოვნად გართულდა ისედაც იზოლაციაში მოქცეულ აფხაზეთში. საქართველოში 2006 წელს მიიღეს ოჯახში ძალადობის აღკვეთის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ კანონი, თუმცა აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ კანონის იურისდიქცია ვერ ვრცელდება. ამ კუთხით კანონის მიღებას არ ჩქარობს ოფიციალური სოხუმი იმის მიუხედავად, რომ ოჯახში ძალადობა იქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამ ნიადაგზე ფემიციდის არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული.

“ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევა იყო, როდესაც ქუჩაში მოკლა ქალი ყოფილმა პარტნიორმა, მისი შვილის მამამ, რომელმაც შვილის მეურვეობაზე სასამართლო დავა წააგო ამ ქალთან და ამის შემდეგ ის მოკლა. ეს კაცი ახლა კი ციხეშია და იხდის სასჯელს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ცოტა ხანში შეუმსუბუქდება სასჯელი, რადგან ცნობილი გვარის წარმომადგენელია და აქ ძალიან კლანური მმართველობა მოქმედებს”, - გვიამბობს მაია კვარაცხალია, გალში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის - “ქალთა განვითარების ფონდის” წარმომადგენელი.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს აფხაზეთში მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები უწევენ დახმარებას, ფუნქციონირებს 2 კრიზისული ცენტრი - ერთი - გალში და ერთიც - სოხუმში. არ არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი, ამიტომაც ქალებს, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ, ამჯობინებენ მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ ხმამაღლა არ ისაუბრონ.

2019 წელს აფხაზეთში პირველი მასშტაბური კვლევა ჩატარდა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. კვლევამ მოიცვა სოხუმი, გაგრა და გალი. კვლევა “გაეროს ქალთა ორგანიზაციამ” განახორციელა პარტნიორი ორგანიზაციების - “აფხაზეთის ქალთა ასოციაციისა” და “ქალთა განვითარების ფონდის” - საშუალებით.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული ქალების 15.1%-მა განაცხადა, რომ ის ერთხელ მაინც დაექვემდებარა ინტიმური პარტნიორის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას; 7.6%-მა სექსუალურ ძალადობაზე განაცხადა, ხოლო 16.6%-ის თქმით, ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. ამასთან, ქალების 10%-ის თქმით, პარტნიორების მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ რამდენჯერმე, 3%-ის თქმით - ბევრჯერ, ხოლო 8%-ის თქმით, მხოლოდ ერთხელ. ამასთან, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მაჩვენებლები უფრო მაღალია სოფლებში მცხოვრებ ქალებს შორის, ვიდრე ქალაქში. ინტიმური პარტნიორების მხრიდან ქალებზე ფიზიკური ძალადობის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებლი ფიქსირდება გალში (31.8%), მას მოსდევს სოხუმი (10.4%) და გაგრა (9.6%).

გამოკითხული ქალების 30%-ის თქმით, ისინი ერთხელ მაინც დაექვემდენარნენ ინტიმური პარტნიორების მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობას, ხოლო 14%-ის თქმით, ამ ტიპის ძალადობის მსხვერპლი გახდნენ ბოლო 12 თვის განმავლობაში.

გამოკითხული ქალების 15%-ის თქმით, ისინი დაექვემდებარნენ ეკონომიკური ძალადობის ამა თუ იმ ფორმას; 12%-ის განცხადებით, პარტნიორები მათ უკრძალავდნენ დასაქმებას.

“პანდემიის პირობებში, გალში, ჩვენს კრიზისულ ცენტრში იკლო ძალადობის მსხვერპლი ქალების მომართვიანობამ, რადგან შეზღუდული იყო გადაადგილება. ზოგადად, გალში ისედაც გართულებულია გადაადგილება, განსაკუთრებით სოფლებს შორის და ახლა მითუმეტეს”, - ამბობს მაია კვარაცხელია. 

მისი თქმით, ქალებზე ძალადობის პრობლემა დღემდე დიდ გამოწვევად რჩება რეგიონში. ამას მოწმობს ამ ბოლო დროს მომხდარი ფემიციდის ფაქტიც, როდესაც პანდემიის პირობებში, ბიძაშვილმა მოკლა ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმის გამო, რომ მას ქორწინების გარეშე ჰქონდა პარტნიორ მამაკაცთან სექსუალური ურთიერთობა.

“ამ შემთხვევაში მკვლელი ჩაბარდა პოლიციას, თუმცა, სამწუხაროდ, საზოგადოების მხრიდან მაინც ქალის დადანაშაულება მოხდა”, - ამბობს მაია კვარცხელია. 

რას აჩვენებს სტატისტიკა?

საქართველოს შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმით, თუკი პანდემიის დაწყების დროს ოჯახში ძალადობის საკითხზე 112-ში დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობის ზრდა არ შეინიშნებოდა, ვითარება შეიცვალა აპრილის მეორე ნახევარში, როდესაც 13%-ით გაიზარდა აპრილის პირველ ნახევართან შედარებით მიმართვიანობა.

შსს-ს მონაცემებით, აპრილში 786 შემაკავებელი ორდერი გამოიცა; დაფიქსირდა ფსიქოლოგიური ძალადობის 713 ფაქტი, ფიზიკურის - 191, ეკონომიკურის - 31, სექსუალურის  - 4. 

ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ცნობით, პანდემიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსხვერპლებისთვის ისეთი სერვისების არსებობა, რაც შეამცირებს იზოლაციის პირობებში მოძალადესთან ერთად ცხოვრების საფრთხეს ქალებისა და ბავშვებისთვის.

***

სტატია მომზადებულია პროექტის: “ძალადობა დანაშაულია, დუმილი თანამონაწილეობა! თუ ხარ ძალადობის მსხვეპრლი, იმოქმედე! შენ გიცავს კანონი!” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“, ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერითა და ლაგოდეხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობით.

მაია მეცხვარიშვილი
ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად