ყირგიზეთში, სოციალურ ქსელებში ქალის წამების შოკისმომგვრელი ვიდეო გავრცელდა. ვიდეოზე ასახულია, თუ როგორ ურტყამს ქმარი ცოლს სახეში და წყალს ასხავს თავზე. ვიდეოში ჩანს, რომ ქალს ხელები აქვს შეკრული, ხოლო კისერზე აგურით სავსე საბურავები აკიდია.
ამ ამბავმა განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია და საზოგადოების ფართო განხილვის საგანი გახდა. ყირგიზეთში ოჯახში ძალადობა ახალი მოვლენა არ არის, თუმცა მსგავსი ვიდეოები, როგორც წესი, იშვიათად ჩნდება სოციალურ ქსელებში.
მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი დააკავეს, ქალთა უფლებადამცველებმა მოითხოვეს ოჯახში ძალადობის კანონის რეფორმირება და ოჯახში ძალადობის დანაშაულისთვის სასჯელის გამკაცრება.
როგორც უფლებადამცველები აღნიშნავენ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მოძალადეთა მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა გატარდეს, ხოლო დაზარალებულებმა მიიღონ შესაბამისი სამედიცინო, ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარება.
Human Rights Watch– ის მიხედვით, ყირგიზეთში ოჯახში ძალადობის მრავალი ფაქტი არსებობს, რომლის შედეგად მსხვერპლი ვერ იღებს სათანადო დახმარებას, მათ ასევე შეზღუდული აქვთ სასასმართლოზე ხელმისაწვდომობა.
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ყირგიზეთში ოჯახური დანაშაულის და ოჯახში ძალადობისთვის სისხლის სამართლის კოდექსით განისაზღვრა პასუხისმგებლობა, თუმცა ის არ ითვალისწინებს პატიმრობას და მხოლოდ ჯარიმებით შემოიფარგლება, რაც ხშირად მოძალადის დაუსჯელობის სინდრომს ახალისებს.
აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთში კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის საპასუხოდ დაწესდა საკარანტინო ღონისძიებები და ამ პერიოდში ოჯახში ძალადობის შემთხვევების რიცხვი 65%-ით გაიზარდა.