რა გავლენა იქონია COVID-19-მა საქართველოში ქალებისა და გოგოების მდგომარეობაზე და როგორ შეცვალა მათი ცხოვრება პანდემიამ – გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სიტუაციის სწრაფი გენდერული ანალიზი ჩაატარა.
UN Women-ის კვლევის მიხედვით, პანდემიის შედეგად საოჯახო საქმეებზე გაწეული აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი ქალებისთვის კიდევ უფრო გაიზარდა.
მაგალითად, ბავშვების მოვლაზე, დალაგებასა და საჭმლის მომზადებაზე მათ ახლა გაცილებით დიდი დროის დახარჯვა უწევთ. გამოკითხული ქალების 61% ამბობს, რომ ისინი ბავშვებზე ზრუნვას მეტ დროს უთმობენ, 41%-ს დალაგებაზე დახარჯული დრო გაეზარდა, 31%-ს კი – საჭმლის კეთებაზე.
საინტერესოა იმ ძირითადი საქმიანობების შედარებაც, რომლებსაც ქალები და კაცები COVID-19-ის გავრცელების შემდეგ ასრულებენ.
ქალების შემთხვევაში მთავარი საქმიანობების ხუთეული ასეთია:
- საჭმლის მომზადება;
- დალაგება;
- სახლის საქმეების მართვა;
- ბავშვებზე ზრუნვა;
- ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართულობა.
კაცების შემთხვევაში კი მთავარ საქმიანობები ასე გადანაწილდა:
- სახლის საქმეების მართვა;
- საყიდლებზე სიარული;
- დასვენება;
- შინაური ცხოველების მოვლა;
- ბავშვებთან თამაში.
ამავე კვლევის მიხედვით, პანდემიის შედეგად, დასაქმებული მოსახლეობის მესამედმა სამსახური დაკარგა. გამოკითხული ქალების 78% აცხადებს, რომ თუ ვირუსის გავრცელების შემზღუდავი ზომები გაგრძელდება, მათ ძირითადი ხარჯების დაფარვა გაუჭირდებათ.
კვლევა ასევე აჩვენებს, რომ პანდემიამ და კარანტინმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და გოგოების მდგომარეობა გაამწვავა. რადგან შეზღუდვები ინფრასტრუქტურის პრობლემებს ამძაფრებს, შშმ ქალები და გოგოები, განსაკუთრებით კი უსინათლოები, აკლდებიან მზრუნველობას, რომელიც მათ გადაადგილებისთვის ესაჭიროებათ.
2020 წლის მაისში UN Women Georgia-მ საქართველოს მასშტაბით 1069 ადამიანი სატელეფონო ინტერვიუს სახით გამოკითხა. მათ შორის, 572 ქალია და 497 — კაცი. ანგარიში სრულად ხელმისაწვდომი ივნისის ბოლოსთვის იქნება.
სწრაფი გენდერული ანალიზი მიზნად ისახავს სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თუ საერთაშორისო პარტნიორების მიერ პანდემიაზე რეაგირების პროცესში გენდერული საკითხების გათვალისწინებასა და პანდემიაზე რეაგირებისა და მზაობის გეგმის გენდერული მგრძნობელობის უზრუნველყოფას.
კვლევა ჩატარდა პროექტის ფარგლებში: „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“, რომელიც დაფინანსებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ერთობლივი პროგრამის მიერ –„სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საქართველოში“, რომელიც განხორციელდა მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის მხარდაჭერით.