გენდერული სიახლეები
საქართველოში არსებული გენდერული სტერეოტიპების შესახებ ახალი კვლევა გამოქვეყნდა
2020-06-16 17:19:00

საქართველოში არსებული გენდერული სტერეოტიპების შესახებ ახალი კვლევა გამოქვეყნდა. კვლევა – „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) წარმოადგინეს.

კვლევა, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით 2019 წელს ჩატარდა, აჩვენებს ქართულ საზოგადოებაში არსებულ გენდერულ უთანასწორობას და 7 წლის განმავლობაში სფეროში მიღწეულ ცვლილებებს. კვლევის მიგნებები  2013 წელს ჩატარებული მსგავსი გამოკითხვის შედეგებთანაა შედარებული.

კვლევაში ნათქვამია, რომ 2013 წლიდან დღემდე გენდერული თანასწორობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ცნობიერება საკმაოდ ამაღლებულია, რაც ნიშნავს, რომ ამჟამად გენდერული თანასწორობის იდეას საქართველოს გაცილებით მეტი მოქალაქე უჭერს მხარს, ვიდრე 6 წლის წინ.

კვლევის მიხედვით, 2019 წელს გამოკითხული კაცების 68% ეთანხმება აზრს, რომ ოჯახში საბოლოო სიტყვა მას უნდა ეკუთვნოდეს. ამ მოსაზრებას ქალების მხოლოდ 34% იზიარებს. 2013 წელს კი კაცების 88% ფიქრობდა ამგავარად და ქალების 71%.

კვლევამ აჩვენა, რომ საოჯახო საქმეებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები, გენდერული ნიშნით, საკმაოდ მკაცრად არის სეგრეგირებული, რაც გულისხმობს, რომ, მაგალითად, დალაგება და საჭმლის მომზადება, თითქმის მთლიანად ქალის მოვალეობაა.

ქალების, დაახლოებით, 94% ამბობს, რომ, ჩვეულებრივ ან ყოველთვის, სწორედ ის რეცხავს. ამასვე ადასტურებს კაცების 89%, ანუ ამბობს, რომ ამ საქმეს, ჩვეულებრივ ან ყოველთვის, მისი პარტნიორი აკეთებს. საპირისპიროდ, კაცების, დაახლოებით, 85% ამბობს, რომ, ყოველთვის ან ჩვეულებრივ, ოჯახში ტრადიციულ მამაკაცურ მოვალეობებს ასრულებს, რაც, მაგალითად, სახლში რაღაცების შეკეთებას გულისხმობს. საჭმლის მომზადებასა და სახლის დალაგებასთან დაკავშირებულ საქმეს, ძირითადად, ქალები აკეთებენ. როგორც ქალებისა და კაცების თითქმის ნახევარი ამბობს, თანაბრად განაწილებული მხოლოდ საკვები პროდუქტის შეძენაა.

კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ქალების პოლიტიკაში ჩართვის მიმართ ზოგადი მხარდაჭერა არსებობს, რესპონდენტების ნახევარს სჯერა, რომ კაცები უკეთესი პოლიტიკური ლიდერები ხდებიან.

ათიდან, დაახლოებით, ექვსმა რესპონდენტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერდა ქალების ჩართულობას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. 2013 წელს რესპონდენტების 50% (ქალების 56 და კაცების 43%) დაეთანხმა აზრს, რომ ქალების პოლიტიკაში მონაწილეობა ქვეყანას სარგებელს მოუტანდა. 2019 წელს ეს წილი რესპონდენტების 60%-მდე გაიზარდა (ქალების – 72% და კაცების – 45%).

გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ მეტი ქალის ჩართულობა პოლიტიკაში მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას, მათ შორის, ქალების 72% ფიქრობს ასე.

კვლევის მიხედვით, რესპონდენტების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქალებს კაცების თანაბრად შესწევთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უნარი, თუმცა ასე უფრო მეტი ქალი ფიქრობს, ვიდრე კაცი.

ქალების 76 და კაცების 59 % მიიჩნევს, რომ ქალი კაცივით კვალიფიციურია და რომ ერთი და იმავე სამუშაოს შესრულება თანაბრად შეუძლიათ. კაცების, დაახლოებით, 40% არ ეთანხმება ამ დებულებას.

„თანასწორობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მიუხედავად, კვლავ რჩება განსხვავებული დამოკიდებულება ქალისა და კაცის თანასწორი შესაძლებლობების მიმღებლობის კუთხით, გარკვეული სამუშაოების შესრულებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის თვალსაზრისით“, – ნათქვამია კვლევაში.

2019 წელს გამოკითხულთა 39% ფიქრობს, რომ კაცები უკეთესი ბიზნესლიდერები არიან ვიდრე ქალები. 2013 წელს ამ აზრს გამოკითხულთა 58% იზიარებდა.

კვლევის მიხედვით, ინტიმური პარტნიორის მხრიდან ეკონომიკური ძალადობა, საშუალოდ, ყოველ მეხუთე ქალს განუცდია, ხოლო, დაახლოებით, ყოველი მესამე კაცი აცხადებს, რომ ამგვარი ქმედება ჩაუდენია.

რესპონდენტების 96% თქმით, პარტნიორისგან არასოდეს განუცდიათ ან ჩაუდენიათ ფიზიკური ძალადობის რაიმე ფორმა.

კვლევის მიხედვით, ქალების 5% ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია სექსუალური ძალადობა ინტიმური პარტნიორის მხრიდან. როდესაც ქალებს ჰკითხეს სექსუალური ძალადობის გამოცდილების შესახებ, პარტნიორის ან იმის მხრიდან, ვინც იმხანად მათი პარტნიორი არ იყო, 5% უპასუხა, რომ ასეთი რამ მომხდარა. როდესაც კაცებს ჰკითხეს, ჩაუდენიათ თუ არა ძალადობა ინტიმური პარტნიორის ან იმ ქალის მიმართ, რომელიც იმ დროისთვის მათი პარტნიორი არ იყო, კაცების 3% უპასუხა, რომ ასეთი რამ გაუკეთებია.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა, ძირითადად, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგია. ჯგუფური დისკუსიის მონაწილე ქალებმა და კაცებმა განაცხადეს, რომ ოჯახში ძალადობა სრულიად მიუღებელია. ძალადობის პოტენციურ მიზეზებთან და კავშირებით მიიჩნევენ, რომ ინტიმური პარტნიორის მიმართ ძალადობას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხშირად განაპირობებს სიღარიბე, ეკონომიკური სირთულეები, სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთი ერების მოხმარება, ადრეული ქორწინება და უარყოფითი გენდერული ნორმები.


კვლევის შერჩევის მოცულობა: 2408 რესპონდენტი. შერჩევა მოიცავს დაახლოებით 1102 კაცს (46%) და 1296 ქალს (54%).

ბოლო ამბები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

სრულად 
ომბუდსმენი კვოტების გაუქმებაზე: უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის გზით გენდერული კვოტირების გაუქმებაა

სრულად