ბოლო ათწლეულის განმავლობაში ოჯახში ძალადობის თემაზე უამრავი პროგრამა თუ პროექტი განხორციელდა, ბევრი ითქვა, ბევრიც დაიწერა, მნიშვნელოვნად გამკაცრდა კანონმდებლობა, თუმცა გაუმჯობესებული სტატისტიკის მიუხედავად, ბოლო წლებში გამოვლენილი ოჯახში ძალადობის შემთხვევები უკეთესის მოლოდინს გვიტოვებს. განსაკუთრებით ეს ეხება სოციალურად შეჭირვებულ და ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ თემებს.
წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ძალადობა დამახინჯებული კულტურის ნაწილს წარმოადგენდა. ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების დიდ ნაწილს მიაჩნდა და ზოგიერთს დღესაც მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობა ეს ოჯახის პრობლემაა და მასში სხვა მოქალაქის ან ინსტიტუტის ჩარევა დაუშვებელია.
წლების წინ, ჩემს მეზობლად, ოჯახის სხვა წევრები სისტემატიურად ძალადობდნენ მათი ოჯახის წევრ ქალზე. იმის მიუხედავად, რომ ეს ამბავი ყველამ იცოდა, სამეზობლოს არც ამ ქალის ცემაზე ჰქონდა რეაქცია და არც მის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. მეტიც, ბევრისთვის ამ ქალის მორიგი ცემა ყავასთან სასაუბრო თემა ხდებოდა.
ამ ქეისმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩემს ცნობიერებაზე. წლები გადის და თავიდან არ მშორდება ქალის განწირული კივილი, რომელიც მეზობელი სახლიდან თითქმის ყოველ დღე ისმოდა. თითქოს თავად მსხვერპლსაც გაეთავისებინა ის მოცემულობა, რომ მის დასახმარებლად არავინ მოვიდოდა, ამიტომ დასახმარებლადაც არავის უხმობდა. ძალადობა წლები გრძელდებოდა, რა დროსაც არც პოლიცია მინახავს და არც მსხვერპლის საშველად ოჯახში შესული მეზობელი.
დღეს თითქოს ძალადობის ასეთი აშკარა გამოვლინებები შემცირდა, მოქალაქეები აღარ ვართ იმდენად ინდეფერენტულნი. ბოლო ათი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, უამრავი პროექტი განხორციელდა, რომელიც ხელს უწყობს ძალადობის პრევენციას, მსხვერპლის ფსიქო – სოციალურ რეაბილიტაციას. სახელმწიფომ უფრო მეტად იზრუნა მსხვერპლზე და გაცილებით გაამკაცრა მიდგომა მოძალადის მიმართ. შედეგად მივიღეთ ის, რომ ძალადობა ტეხავს და საზოგადოების დიდი ნაწილი მას აღიქვამს როგორც მანკიერ მოვლენას. გამკაცრებულმა სასჯელმა, აღსრულების მექანიზმის გაუმჯობესებამ, უამრავმა ტრენინგ-სემინარმა, მანკიერი პარადიგმა დიდწილად კი შეცვალა, მაგრამ ამავდროულად მაინც ძალიან ბევრი კერა დაგვიტოვა.
ბოლო ორი წელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ვმუშაობ. მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანულენოვანი თემი სრულიად მოწყვეტილია თანამედროვე რეალობას. აქაური ოჯახების დიდ ნაწილში ქალი მკვეთრად შეზღუდული უფლებებითაა წარმოდგენილი. მათი დიდი ნაწილი მოკლებულია განათლების, რეალიზების,თავისუფალი არჩევანის უფლებას.
იმის მიუხედავად, რომ ეს არის თემი სადაც ძალადობის გამო ძალიან ხშირად რეკავენ 112-ზე, (მკვეთრადაა გაზრდილი მიმართვიანობა) ძალადობის ფაქტები მხოლოდ პოლიციის ჩარევით არ გვარდება, საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომელიც პირველ რიგში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვით ჯერ კიდევ სკოლიდან უნდა დაიწყოს.
არზუ ჯალალოვა, სოფელ კაბალში ცხოვრობს. ჩემს მიერ მუნიციპალიტეტში განხორციელებულ აქტივობებში ის აქტიურად მონაწილეობს. არზუ სკოლის მოსწავლეა და მთელი სიმძაფრით აღიქვამს იმ რეალობას, რომელსაც თემში მცხოვრები მისი თანატოლები იზიარებენ. არზუ ხშირად მოუწოდებს მათ ყურადღება სწავლას – განათლებას და განვითარებაზე ფიქრს დაუთმონ, მაგრამ დიდი ნაწილისთვის მისი ეს მოწოდებები გაუგებარია.
ვფიქრობ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ხაზი ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის არზუს და მისი მსგავსი ახალგაზრდა გოგონების და ქალების გაძლიერებაზე უნდა გადიოდეს, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე და შეცვალონ მათი დამოკიდებულება გარკვეული საკითხების მიმართ.
***
ბლოგი მომზადებულია პროექტის ფარგლებში – “ძალადობა დანაშაულია, დუმილი თანამონაწილეობა! თუ ხარ ძალადობის მსხვეპრლი, იმოქმედე! შენ გიცავს კანონი!”. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“. პროექტი ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერითა და ლაგოდეხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობით.