შვეიცარიაში ათასობით ქალმა მასშტაბური აქცია გამართა და მთავრობისგან გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ზომების დაჩქარება მოითხოვა. ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება.
29 წლის განმავლობაში ეს მეორე ასეთი მასშტაბის აქციაა ქვეყანაში. პირველი 1991 წელს ჩატარდა. მაშინ ქვეყნის მთავრობაში არც ერთი ქალი არ იყო წარმოდგენილი. მილიონიანი მარშის მონაწილეებმა შვეიცარიაში ქალების უფლებების დაცვა კანონის დონეზე მოითხოვეს.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს შვეიცარიაში ცხოვრების უმაღლესი დონეა, ქალები კაცებზე 20%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ.
The Guardian- ის ცნობით, აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად სამსახურში არ გავიდნენ.
აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ აპროტესტებენ ქალისა და კაცის საშუალო ანაზღაურებას შორის განსხვავებას, ქალთა მიმართ ძალადობას და იმას, რომ ქალები ნაკლებად არინ წარმოდგენილი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე.
შეკრებილი აქციის მონაწილეები "მეტი დრო, მეტი ანაზღაურება, მეტი პატივისცემა" ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების მონაწილეობის რეიტინგში, შვეიცარია 149 ქვეყანას შორის 34 ადგილს იკავებს, ხოლო შრომის თანაბარი ანაზღაურების რეიტინგში 44-ე ადგილს.